"ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის"
"ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის. პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები არ ნიშნავს აუცილებლად ლამაზს"
"თავისუფალი ჩაცმულობა მიყვარს. აი, ისეთი, რომ არ გეტყობა, საათნახევარი სარკესთან რომ იდექი და აღარ იცოდი, რა ჩაგეცვა. როცა რამეს ვერ ვირგებ და "სხვის ტანზე გადაცმულივით" მაქვს, ასეთი სამოსის ტარება არ შემიძლია. აუცილებლად "ჩემი" უნდა იყოს! შეიძლება ცალკე დაკიდებული გადასარევი იყოს, ძალიან კარგი დიზაინერის მიერ შექმნილი, მაგრამ მასში თავი კომფორტულად ვერ ვიგრძნო", - ამჯერად გემოვნებაზე უმშვენიერესი ქართველი მსახიობი, ეკა ჩხეიძე გვესაუბრა...
- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რა ახდენს გავლენას ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
- ზომიერება! გადაჭარბებული არაფერი ვარგა!.. არ უნდა იყოს ზედმეტი სიბრჭყვიალე მაკიაჟში, ჩაცმულობაში და ასე შემდეგ... მინიმალიზმი საუკეთესო რამაა! ბინაც თითქმის ორ, მაქსიმუმ სამ ფერში მაქვს გადაწყვეტილი...
- თეატრი, კინო, მუსიკა, წიგნი - ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვანია გემოვნების დახვეწაში? - რა თქმა უნდა, ეხმარება, მაგრამ ხარისხიანი უნდა იყოს! ცუდი სპექტაკლის ნახვა გემოვნებას პირიქით, აფუჭებს! ჩემს შვილებს პატარა ასაკიდან მოყოლებული, სულ ვურჩევ, რა ფილმი ნახონ, რომელ მუსიკას მოუსმინონ... მშობელი აძლევ მაგალითს, თუ რა არის კარგი: პატარა დოზით კლასიკას მოასმენინებ, ხარისხიან ფილმებს უჩვენებ და შემდეგ თვითონ განსაზღვრავს, რა ურჩევნია...
- ბავშვობიდან რომელი მწერლები, ნაწარმოებები გიყვარდათ? - ჩვენს თაობაში წიგნების კითხვას ყველა ასტრიდ ლინდგრენით ვიწყებდით... არასოდეს მაკითხებდნენ ძმებ გრიმებს, რადგან მძიმე ზღაპრებია, სადაც ბევრი აგრესიაა... შემდეგ ასაკში იყო ჰემინგუეი, ბალზაკი... ძალიან განვიცდიდი, რასაც ვკითხულობდი და მახსოვს, ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" რომ წავიკითხე, ომის თემებს ვტოვებდი და მარტო მშვიდობაზე ვკითხულობდი... არსებობს კლასიკა, რომელიც ვფიქრობ, ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს! ძალიან მიყვარდა რუსი კლასიკოსები! რუსულს დღეს თუ რამეს ახსენებ, მტერი ხარ, მაგრამ რუსულზე უარის თქმა არაფრით შეიძლება, კლასიკური მუსიკა იქნება ეს, თუ საუკეთესო ლიტერატურა... დოსტოევსკის მსგავსი ღრმა მწერალი არ ვიცი, კიდევ ვინმე თუ არსებობს!
- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნები გირჩევნიათ: თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე? - რა თქმა უნდა, ისტორიული წარსულის... ისტორიულ ქალაქებში როცა ვხვდები, სულ ძველ უბნებსა და ქუჩებს ვათვალიერებ. ჩემთვის ამ მხრივ განსაკუთრებული ქვეყანა - იტალიაა. რომი და ვატიკანი სრული შედევრია! ნიუ-იორკშიც ვარ ნაყოფი და იქ აბსოლუტურად სხვა სამყაროა (მხოლოდ სტილს არ ვგულისხმობ)! ალბათ არც ღირს ერთმანეთთან შედარება, რადგან ორი სხვადასხვა განზომილებაა. სხვადასხვა გულისცემა აქვთ და საერთოდ, სხვადასხვა დანიშნულება... აუცილებლად ორივე უნდა ნახო და გაეცნო, ორივე გადასარევია, ძალიან საინტერესო!
- კიდევ ბევრ ქვეყანასა და ქალაქში ყოფილხართ?.. - დიახ, პარიზი მომწონს და ვფიქრობ, ეს ქალაქი ყოველთვის საუკეთესოა სამოგზაუროდ... ირანი და მსგავსი ქვეყნებიც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ნამყოფი არ ვარ... მინდოდა ავსტრალიის ნახვა, მაგრამ არა მგონია, იქ ოდესმე მოვხვდე. ბრაზილიაშიც ძალიან მინდა წასვლა... ევროპა ადვილად ხელმისაწვდომია, თან ჩემი შვილი ახლა იტალიაში სწავლობს და ხშირად მიწევს იქ ჩასვლა. მდიდარი კულტურის ქვეყანაა, ამოუწურავი.
- ბრაზილია და ავსტრალია რით გიზიდავთ? - მგონია, რომ ავსტრალია სხვა სამყაროა, სხვა ხელწერა აქვს, იქ სხვანაირი ცაა... მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც რუსთაველის თეატრი გასტროლებით ავსტრალიაში იმყოფებოდა. ბებიაჩემი - მედიკო ჩახავა გასტროლებიდან რომ ჩამოვიდა, თქვა, - იქ მთვარე სხვანაირად ანათებსო... პატარა ვიყავი, მაგრამ იმის შემდეგ სულ მაინტერესებს, როგორ ანათებს ამ ქვეყანაში მთვარე...
ახლის შეცნობა ყოველთვის გაინტერესებს ადამიანს. გბეზრდება ერთი და იგივე სიტუაცია, ატმოსფერო... თუ გაქვს ფუფუნება იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანას, ქალაქს ესტუმრო, ამაზე კარგი არაფერია! ჩემს შვილებს რომ მოგზაურობის საშუალება მიეცათ, მე დღეს ამით ძალიან ბედნიერი ვარ!
- რომელ ცნობილ ქალბატონს გამოარჩევდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს? - ძალიან მომწონდა ლიანა ასათიანი. ნამდვილი არისტოკრატი იყო, ძალიან ძლიერი, განათლებული და კულტურული... იმდენად დახვეწილი მანერები ჰქონდა, რაც უნდა ჩაეცვა, ყველაფერი უხდებოდა. ყოველთვის განსხვავებულად, გემოვნებით და საინტერესოდ ეცვა. ისეთი საუბრის მანერა ჰქონდა, მართლაც მისაბაძი იყო...
ლიანა ასათიანს კარგად ვიცნობდი, ბევრს ვსაუბრობდით და ერთ ამბავს მოგიყვებით: თეატრის დარბაზში გვერდიგვერდ ვისხედით, ბრიტანელების მონოსპექტაკლი გადიოდა... მსახიობი იდგა სცენაზე, საკმაოდ მოვლილი და კარგი ქალბატონი. ლიანას ვკითხე, ნეტავ ეს ქალი რამდენი წლის არის, კარგად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ალბათ დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნება-მეთქი... ლიანამ მითხრა, - ორმოცდაათი წლის კი არა, სამოც წელზე მეტის იქნებაო... საოცარი თვალი ჰქონდა და გამანდო, თუ რით მიხვდა ამ ქალის ასაკს: ხელები ყიდის და ხელებს ყოველთვის ძალიან მიხედე, ძნელი მოსავლელია და ქალის ასაკს გასცემსო... ეს ფრაზა იმდენად ჩამრჩა, რამდენჯერაც ხელის კრემს წავისვამ, სულ ლიანა ასათიანის ნათქვამი მახსენდება.
განსაკუთრებულად გემოვნებიან ქალბატონებზე ლიანა ასათიანი და ნანი ბრეგვაძე გამახსენდა, რადგან მათში სხვანაირ არისტოკრატულ შარმს ვხედავ...
- ამბობენ, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა... ეთანხმებით?
- მოდა ტრიალებს! იმდენი სიახლეა, მეტი რაღა უნდა მოიგონონ, არ ვიცი... მუდმივად ვითარდება - დეტალები, ნიუანსები ემატება, რაღაცები იცვლება... შარშან რომ პლატფორმები იყო მოდაში, იგივე დედაჩემის დროსაც აქტუალური გახლდათ... ცოტა სახეცვლილად, მაგრამ მოდა მაინც ბრუნდება.
- ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა?
- თბილისური მოდა რას ნიშნავს? თბილისი კი არა, ყოველთვის პარიზი, მილანი და ნიუ-იორკი იყო მოდის ცენტრი! თბილისი მუდამ ვიღაცას ჰბაძავდა... ახლა რომ ვიღაც ჩოხით და ჩიხტიკოპით ქუჩაში დავინახო, ვიფიქრებ, რომ გაგიჟდა. სუვენირად თუ გამოგვადგება, სადმე რომ წავიღოთ... თბილისი იცვამს ევროპულად, უცხოურ ბრენდებს. ბევრია ქართველი დიზაინერი, მაგრამ მათ ნამუშევრებში დიდია ევროპელი დიზაინერების გავლენა! მოდის სამყარო ქართული აკვნით არ დარწეულა...
- პირადად თქვენ, როგორი ჩაცმულობა გიყვართ?
- ყოველდღიურად ჯინსის შარვალი მიყვარს... ჯინსს პიჯაკიც უხდება, ქუსლებიც... ლამაზი ფესაცმლით, ჩანთითა და მოსაცმლით ჯინსი შეგიძლია გამოსასვლელ სამოსად აქციო. თავისუფალი ჩაცმულობა მიყვარს. შენ თვითონ უნდა გრძნობდე სამოსში კარგად თავს, მთავარი ესაა!
- როგორი ფერები და აქსესუარები გიყვართ?
- ძალიან მიყვარს თეთრი, შავი... წითელზე ვგიჟდები. როცა თავიდან ბოლომდე ყველაფერი შავი მაცვია, ვთქვათ, წითელ ჩანთას ვუხამებ. როცა ყველაფერი ისედაც ჭრელია, ვერიდები ფერად ჩანთას. ერთ ფერზე უნდა იყოს აქცენტი... აქსესუარებიდან ძალიან მიყვარს ბეჭედი და საყურე - ამათ გარეშე არც დავდივარ. მზის სათვალეც მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მუდმივად ვატარებ. ოღონდ, სათვალიდან თვალები უნდა ჩანდეს... ადამიანს რომ ველაპარაკები, მირჩევნია, შავი სათვალე არ ეკეთოს, რადგან თვალი ყველაზე მეტყველია.
- მუდმივად ფორმაში ხართ. გარეგნობაზე როგორ ზრუნავთ?
- ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ არ ვსუქდები... არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ივარჯიშებს ქანცის გაწყვეტამდე. ზაფხულშიც აუზზე იმიტომ დავდივარ, რომ გარუჯვა მიყვარს. დიეტაც არასოდეს დამიცავს. გენეტიკურად მერგო ჯილდოდ სიგამხდრე...
- პლასტიკური ოპერაციების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ჯერჯერობით არ მიმიმართავს, მაგრამ ზოგადად, ვემხრობი. თუ სტიმული და ფული აქვს, ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს. უბრალოდ, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, ყველაფერი ბუნებრივს უნდა ჰგავდეს. ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის. პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები არ ნიშნავს აუცილებლად ლამაზს. ზოგს კეხიანი ცხვირიც ძალიან უხდება... ერთხელ ლენა ყიფშიძემ მითხრა, - სანამ კეხიანი და გრძელი ცხვირი მქონდა, ყველა რეჟისორი მეძახდა, გავიკეთე პატარა, ლამაზი ცხვირი და როლი აღარ მაქვსო... რასაკვირველია, ლენა ყიფშიძე ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო, პატარა ცხვირიც საოცრად მოუხდა, მაგრამ ინდივიდუალურობა აღარ ჰქონდა. ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს და ბუნებრივი რაც გიხდება, უნდა შეირგო. მთავარია, თვითშეფასება ყოველთვის სათანადო გქონდეს!
- საუბრის დასასრულს, რას ურჩევთ ქალბატონებს?
- რჩევის რა გითხრათ, მაგრამ ქალებს კარგ განწყობასა და სიყვარულს ვუსურვებ! როდესაც ირგვლივ სიყვარულს გრძნობ, მაშინ ბედნიერი ხარ და ეს გარეგნობაზეც კარგად მოქმედებს! როცა საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ხარ, მაშინ ასხივებ! ბედნიერების შეგრძნება, შინაგანი სიმშვიდე და სიხალისე ყველაზე დიდი სილამაზეა! ვერანაირი პლასტიკური ოპერაცია ვერ გიშველის, თუ თვალი არ ბრწყინავს, თვალი კი მაშინ ბრწყინავს, როდესაც სულია კარგად!
იხილეთ ასევე: "ვპატიობ, მაგრამ არ მავიწყდება"
მანანა გაბრიჭიძე ჟურნალი "გზა"