"ათი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ყველას მირჩევნია... ალბათ, ამიტომაც არ მიყვარდება არავინ..." - კვირის პალიტრა

"ათი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ყველას მირჩევნია... ალბათ, ამიტომაც არ მიყვარდება არავინ..."

"იჭორაონ და იყვნენ, რა ვქნა..."

ამბობს, ძლიერი ქალი არა ვარო. თამაში და თვალთმაქცობა არ შეუძლია. ალბათ, სწორედ გულწრფელობის გამოა საინტერესო ეკა ჩხეიძის ინტერვიუები. საუბარი მისი ცხოვრების შემოქმედებითი ნაწილით დავიწყეთ.

ფოტოგალერეა

- რამდენიმე სფეროში მუშაობთ - თეატრი, კინო, გახმოვანება, რომელი უფრო ახლოა თქვენს პიროვნებასთან?

- თითოეული საინტერესოა. წინათ ვამბობდი, თეატრი მაინც სხვაა, ცოცხალი კონტაქტი გაქვს მაყურებელთან-მეთქი. კინოგადაღებას განსხვავებული ხიბლი აქვს. პროფესია კი იგივეა, მაგრამ ხელწერაა სხვა. ორივე მომწონს, მთავარია, საინტერესო როლი და კარგი ატმოსფერო იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიაში კოლექტივს.

გახმოვანებაში იმდენი წელია ვარ, რომ მართლა ჩემს ნაწილად იქცა, უმისოდ ვეღარ წარმომიდგენია ყოფა.

- მსახიობის ამოცანაა, პერსონაჟის ტყავი ზუსტად მოირგოს, რათა კარგად ითამაშოს. რეალურ ცხოვრებაში თუ გიწევთ თამაში? - ცხოვრებაში თამაში არ მიყვარს, არც მოთამაშე ადამიანები. ზოგჯერ რაღაც სიტუაციებს კი ვერგებით, მაგრამ ცხოვრებაში თამაში ტყუილთან ასოცირდება და ამას ვერიდები. თუ არ მიყვარს ადამიანი, ვერაფრით ვეტყვი, მიყვარხარ-მეთქი. ხშირად წამიგია ამის გამო, მაგრამ მაინც გულწრფელობა ჯობია. ხანდახან ამის გამო მიწევს "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს", იმიტომ, რომ რასაც ვფიქრობ, ის რომ ვთქვა, კონფლიქტი მოხდება.

სცენაზე პერსონაჟს ვითავისებ. ჩვენი პროფესიაც რა არის - დამაჯერებლად თქვა ტყუილი, მაგრამ ბავშვები, მაგალითად, სახლობანას რომ თამაშობენ, ისინი ხომ არ ტყუიან, ძალიან გულწრფელები არიან. იმდენად იჯერებენ, რომ ვიღაც დედაა, ვიღაც შვილი, მათი ყურება ერთი სიამოვნებაა. ამიტომაც არის მათი თამაში დამაჯერებელი, იმიტომ, რომ თვითონ სჯერათ. მეც ვცდილობ, რომ ის 2 საათი, ვისაც ვასახიერებ, მის ტყავში ვიგრძნო თავი, დავიჯერო, რომ მე ის ვარ.

- ადამიანს ასაკსა და გამოცდილებასთან ერთად შეხედულებები ეცვლებაო. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

- ცოტა ეჭვიანი ვარ, მარტივად არაფერს ვიჯერებ. ადრე უფრო მიმნდობი ვიყავი. ახლა რაღაცას განა იმიტომ არ ვიმჩნევ, რომ ყურსა და თვალს მიღმა გავატარებ, არამედ იმიტომ, რომ ვცდილობ გული არ მეტკინოს. ახალგაზრდობაში ბევრი მეგობარი მყავდა, ახლა გაიცხრილა, ვიღაცას შეეშალა, ვიღაცამ გული გატკინა... ამის გამო დისტანციური გავხდი ადამიანებთან. ძალიან მინდა ცოტა უფრო გულგრილი ვიყო რაღაცების მიმართ, მაგრამ არ გამომდის, ძალიან ემოციური ვარ.

- ჭორებზე როგორ რეაგირებთ? - იჭორაონ და იყვნენ, რა ვქნა...

- ბევრჯერ გყვარებით? - ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში სამჯერ თუ ვიყავი შეყვარებული. სულ მყავს ობიექტი, რომლისთვისაც ვიპრანჭები. ქალს სჭირდება ადამიანი, რომლისთვისაც ღირს, რომ თვალები უბრწყინავდეს.

- ძლიერი ქალი ხართ? - არა. ეკა ჩხეიძე ქალიშვილთან ერთად

- მოგწონთ ძლიერი ქალები?

- არ მომწონს. არც მინდა ვიყო ძლიერი ქალი, მირჩევნია, გვერდით ძლიერი მამაკაცი მეგულებოდეს. როცა ასე არ ხდება, მაშინ თვითონ ხდები კაცივით ძლიერი. ზოგი ხასიათით არის ძლიერი. ჩემი შვილი, ინანო, ასეთია - ლიდერია, გამტანი. მე სადაც არ მელოდებიან, იქ კარზე არ დავაკაკუნებ, ეს კი წიხლით შეანგრევს და ბევრად მეტსაც აღწევს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ასეთი ხასიათის გამო ბევრს ჩამოვრჩი, თუნდაც თეატრში როლები რომ ავიღოთ, ვერც ერთ რეჟისორს ვერ ვეტყვი, მათამაშე ესა და ეს როლი-მეთქი.

- ამბობთ, რომ საუკეთესო ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან, თუმცა წლებია ერთად არ ცხოვრობთ. - ათი წელია, რაც ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ყველას მირჩევნია ქვეყანაზე. მე ეგეთ ადამიანს არ შევხვედრივარ. ალბათ, ამიტომაც არ მიყვარდება არავინ... უკეთესი ვერც იმან ნახა და ვერც მე. ჩვენ შორის არც კატას გაურბენია, არც მესამე პირს, ისე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ოცი წლის თანაცხოვრების შემდეგ. თავისუფლება მივანიჭეთ ერთმანეთს და მეტი არაფერი. აბსოლუტურად თავის თავზე აქვს აღებული ის პასუხისმგებლობა, რაც უნდა ჰქონდეს მეუღლეს და მამას. მოკლედ, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც გვქონდა ერთად ცხოვრების პერიოდში, ოღონდ... უკეთესი.

- თქვენი დიდი ოჯახი ტრადიციულად ერთ საქმეს ემსახურებოდა თაობების განმავლობაში.

- ურთიერთობებში ტრადიციული არასოდეს ყოფილა ჩვენი ოჯახი. ახალი წელი გვაქვს ისეთი სასაცილო, - ვინ ვისი შვილი, ცოლი და ქმარია, ვერ გაიგებ, ჩვენ რომ ვიკრიბებით, მაგრამ ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს. საქმის ერთგულება კი ნამდვილად მოგვდევს ტრადიციულად.

- თქვენც ტრადიციულობის გამოძახილით აირჩიეთ პროფესია? - მედიკო ჩახავას ძალიან უნდოდა, რომ მსახიობი ვყოფილიყავი. შენ ძალიან მგავხარო. სკოლის მოსწავლეს სულ თან დამატარებდა, რომ შემყვარებოდა მსახიობობა. ერთხელ ინტერვიუში თქვა კიდეც, ეკა, რა თქმა უნდა, ჩემი საქმის გამგრძელებელი იქნებაო და მე გადავირიე, ასე რატომ თქვი-მეთქი. ნახავ ასე თუ არ იქნებაო, მითხრა. პროტესტის ნიშნად ხან ხატვა დავიწყე, ხან ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლა, ხან ექიმობა მინდოდა... თეატრალურის გამოცდებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, დედაჩემმა მითხრა, სინჯე, მიშა თუმანიშვილს აჰყავს ჯგუფი, თუ არ მოგეწონება, წამოსვლას ვინ დაგიშლისო. მეც ვსინჯე და დღესაც ამ გზას მივუყვები.

- ქალიშვილს რატომ არ ურჩიეთ მსახიობობა? - ჩემს შვილს რაც უნდოდა, ის გააკეთა, დიზაინი, ხატვა აინტერესებდა. ახლა მილანში ცხოვრობს, ინტერიერის დიზაინს აკეთებს, მეოთხე სამსახურს იცვლის, ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესია. ახლახან ლონდონში "ბარბერის" მაღაზიის ინტერიერის მოწყობა დაუკვეთეს.

- ინანოსგან განსხვავებით, მგონი, ბიჭი უფრო გგავთ? - თვალ-წარბით მე მგავს, მაგრამ აღნაგობით იმდენად მამამისია, ხანდახან მერევიან ერთმანეთში. ფიზიკა, მათემატიკა და ასტრონომია აინტერესებს.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- ჯანმრთელობა და სიყვარული. თუ არა გაქვს ხალისი, სტიმული, არაფერი გამოგივა, რაღაცის სიყვარული უნდა გაკეთებინებდეს ყველაფერს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის"