ზესტაფონში 2 მამაკაცის გარდაცვალებას კრაზანის ნაკბენს აბრალებენ - დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს
ზესტაფონის რაიონიდან დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს, ადგილობრივების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.
ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა, მათი თქმით, კრაზანების ასეთი შემოტევა არ ახსოვთ და დღე არ გავა რომ მწერმა ვინმე არ დაკბინოს.
ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია. ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.
ლია ჭუმბურიძე, გარდაცვლილი გაიოზ ჭუმბურიძის და:
- 16 ივლისს ჩემ ძმას სოკოს კრეფის დროს დაესხნენ კრაზანები, საწყალი გამოიქცა, მაგრამ რას გაექცევი კრაზანას. ერთდროულად სამმა უკბინა, ნაკბენი ჰქონდა კისერზე, ხელზე და ბეჭზე. გაუკეთეს დექსამეტაზონი, დაალევინეს კიდეც სხვა ანტიალერგული საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წუთებში შეშუპდა, მეუღლის და მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა რამდენიმე წუთში. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო.
- თქვენი ძმა ალერგიული იყო? - არ ყოფილა, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. 45 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი იყო. მთელი სოფელი შეშინებულია, ჯიბეში ყველას დექსამეტაზონის ამპულები უდევს.
იქნებ გვიშველოს ვინმემ, ყურადღება მოგვაქციონ, გარეთ მშვიდად ვეღარ გავსულვართ. ოთახშიც არ ვართ უსაფრთხოდ, 30 ცალი მოვკალით ერთ საღამოს. საშინლად არიან გამრავლებულები. ჩვენი სახლის კედელზე ორი ბუდე აქვთ, ბუდობენ ხეებზეც. ჩემს ძმას ვერაფრით დავეხმარეთ და იქნებ სხვების დახმარება და გაფრთხილება მაინც შევძლოთ. კარგი იქნება მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს, როგორ უნდა მოიქცნენ დაკბენის შემთხვევაში, რომ ასეთი მძიმე შედეგი არ დადგეს.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, კიდევ ერთი გარდაცვლილის 65 წლის ავთანდილ კვარაცხელიას მეუღლეს:
"16 ივლისს დილის 8 საათზე გავიდა შინიდან, თხილის ბაღში წავიდა, ბალახის გასაგლეჯად, მაგრამ მალევე, წუთებში დაბრუნდა, მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა კრაზანებმა დამკბინესო - პერანგის ქვეშ შეუძვრნენ და რამდენიმე ადგილას უკბინეს. მაშინვე მივეცი დექსამეტაზონი, მაგრამ მომენტალურად გაუშავდა სხეული და ვეღარაფერი ვუშველეთ. წელს ძალიან ბევრი კრაზანაა. ჩვენ ახლა შევწამლეთ ეზო, ძალიან გვეშინია".
ზესტაფონელები ამბობენ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვეღარ უშვებენ, შიშით კრეფენ ხილს, შემთხვევით ხეზე ბუდე რომ არ დააზიანონ.
ზესტაფონში, კლინიკა "ფერომედში" იმკურნალა კრაზანის ნაკბენით კიდევ ერთმა დაზარალებულმა. ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, ადვილად გადარჩა. სოფელ კვალითის მკვიდრს კრაზანამ ხელზე უკბინა, მაშინვე მიიღო დექსამეტაზონი, ანტიალერგიული პრეპარატი და დახმარებისთვის კლინიკასაც მიმართა.
"ჩემს სოფელში დღე არ გავა ვინმე რომ არ დაკბინოს კრაზანამ, დექსამეტაზონსაც კი ვერ ვშოულობთ, დეფიციტშია"."
როგორც აღმოჩნდა, ზესტაფონში მდებარე აფთიაქებში გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მართლაც იყო დექსამეტაზონის დეფიციტი, ეს ინფორმაცია ადგილობრივი აფთიაქების ფარმაცევტების ნაწილმაც დაგვიდასტურა.
kvirispalitra.ge კლინიკა "ფერომედის" დირექტორს კოტე ქავთარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვთხრა, რომ გასულ თვეში კრაზანის მიერ დაკბენილი 16 ადამიანმა მიაკითხა კლინიკას.
- და ეს რიცხვი შარშანდელ მონაცემთან შედარებით მომატებულია?
- ბევრია. აქამდე ასეთი რაოდენობა არ მახსოვს. ჩვენს კლინიკაში მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტი არ გვყოლია, არც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულა ჩვენთან. ჩემი ინფორაციით, ერთი ადამიანი შინ გარდაიცვალა.
ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ სამუშაოებს ატარებს. სააგენტოში გვითხრეს, რომ რაიმე სპეციალური პროექტი და სამუშაოები კრაზანების წინააღმდეგ არ ჩაუტარებიათ.
"სურსათის ეროვნული სააგენტო ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად - სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ და კრაზანების საწინააღმდეგო წამლობა სცდება ჩვენს კომპეტენციას", - გვითხრეს სააგენტოში.
დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროსაც, საიდანაც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართეს. აი, რა გვითხრა უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ:
- კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება.
- ანუ პანიკის საფუძველი არ არსებობს? - კრაზანა შეიძლება წელს ზესტაფონში იკბინებოდეს, მომავალ წელს სხვაგან... აი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იყო სამეგრელოში გარდაცვალების შემთხვევა, იმის წინ იყო გურიაში.
თუ ვინმეს ჰქონდა მწერის წინა ნაკბენზე (არ არის აუცილებელი კრაზანის ნაკბენი ყოფილიყო) მძიმე ალერგიული რეაქცია, მომდევნო ნაკბენმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს ანტიალერგიული წამლები.
- ამის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები არ გაქვთ მოსახლეობასთან?
- ჩვენ ვებგვერდზე ყველაფერი დევს.
როგორც ირკვევა, სტატისტიკურად მწერების ნაკბენზე განვითარებული ანაფილაქსიური შოკით ორასიდან ერთ ადამიანი იღუპება
როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება დაზარალებულსყურადღებით დაათვალიერეთ ნაკბენი უბანი. აუცილებლად ამოიღეთ ჩარჩენილი ნესტარი. ეს ფრთხილად გააკეთეთ, ზედმეტი ზეწოლის გარეშე, ისე, რომ არ მოხდეს მისი ნაწილის ჩარჩენა ან შხამის დამატებით გავრცელება ჭრილობაში. ნაკბენ უბანზე ცივი დაადეთ. შეშუპებისა და ადგილობრივი ანთების შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიდროკორტიზონის ან პრედნიზოლონის მალამო. ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილ პირებს სასურველია უმალ მიაღებინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი. ალერგიული რეაქციის მძიმედ მიმდინარეობისას (გავრცობილი ჭინჭრის ციება ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით, ტკივილებით მუცლის არეში, სწრაფად გავრცელებადი კვინკეს შეშუპებით) აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპარატის (სუპრასტინი, ტავეგილი) ინტრამუსკულარულად (კუნთში) შეყვანა. ხორხის ალერგიული შეშუპების დროს კი, როდესაც ვლინდება სუნთქვის დარღვევა - ინტრავენურად შეჰყავთ პრედნიზოლონი (ნელ-ნელა 2-3 წუთის განმავლობაში); თუ ვერ ხერხდება ვენაში შეყვანა, მაშინ კუნთში ხდება მედიკამენტის ინექცია. ანაფილაქსიური შოკის დროს დაზარალებული ზურგზე უნდა დააწვინოთ ისე, რომ ქვედა კიდურები წამოწეული ჰქონდეს. თუ ღებინება აღენიშნება ან გონება დაკარგული აქვს, მას გვერდზე აწვენენ. აუცილებელია დაზარალებულის გათბობა და სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, მწერის ნაკბენის ზემოთ ზონარის გადაჭერა, ხოლო ნაკბენ უბანზე ყინულის დადება. პირველი დახმარების პარალელურად ნუ დაგავიწყდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც. წყარო
სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია მეთოდები თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი კრაზანისგან, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გთავაზობთ:
როგორ მოვიქცეთ, როდესაც სახლში ან მიწის ნაკვეთში კრაზანები დასახლდნენ?
აუცილებელია მათი განადგურება კრაზანას პირველსავე ბუდის აღმოჩენისას!
ბრძოლის ღონისძიებები:
1) უნდა მოიძებნოს მავნებლის ბუდე. კრაზანას უყვარს დაბუდება სახლის სხვენზე განსაკუთრებით ე.წ. ძველი სახურავების "შიფერის" ქვეშ. უპირატესობას ანიჭებენ მშრალ და თბილ ადგილებს. მაგარამ პირველ რიგში დააკვირდით; კრაზანა თუ ეზოდან შემოდის სახლში, მაშინ აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ საკარმიდამო ნაკვეთი. განსაკუთრებით უყვარს მშრალი და ფხვიერი ნიადაგი, ნიადაგის დამუშავების დროს თუ უცებ გადააწყდით კრაზანების ბუდეს სასწრაფოდ გაეცალეთ!
2) ღონისძიების დაწყების დროს ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი გრძელი სახელოებით, სახე დაიფარეთ მჭიდროდ დოლბანდით, აუცილებელია ხელთათმანები, სათვალე, რომელიც მჭიდროდ ეკვრის თვალებს, რადგან კრაზანა ჩვეულებრივ სათვალეში ადვილად ძვრება. იდეალურია თუ გამოიყენებთ მეფუტკრის სპეციალურ დამცავ ტანსაცმელს!
3) სპეციალისტები მეფუტკრეებს ბრძოლის ეფექტურ და მარტივ მეთოდს ურჩევენ, რომელიც ყველა მეფუტკრეს შეუძლია გამოიყენოს: ბოთლის სახურავი იხვრიტება 2,5-3 მმ-ზე, ვასხამთ 20-30 გრამ ოდნავ ამჟავებულ ტკბილ სიროფს (ამჟავებულ სიროფს ფუტკარი არ ეტანება) და ვდებთ სკების სიახლოვეს, კრაზანა ძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის. ასევე კრაზანას მისატყუებლად, იგივე პრინციპით შესაძლოა გამოვიყენოთ 0,5 ლიტრ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი.
4) გამოიყენეთ სპეციალური სპრეი, მხოლოდ კრაზანებისთვის განკუთვნილი, რადგან კოღოს და ბუზის სპრეი შედეგს არ იძლევა, ისინი კიდევ უფრო მეტად აგრესიულებს ხდიან. ტრადიციული ღონისძიება დამუშავება კვამლით კი საჭიროა მთელი უსაფრთხოების დაცვით!
5) თუ კრაზანას ბუდე სიმაღლეზეა, დაამუშავეთ მის ირგვლივ ზედაპირიც სპრეით და მაშინვე მოსცილდით იმ ადგილს!
6) რამდენიმე საათის მერე კვლავ გაიმეორეთ წამლობა!
7) შემდეგ ფრთხილად ჩამოაგდეთ ბუდე და დაწვით!!!
8) პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია კიდევ გაიმეოროთ პროცედურა!
9) გამოყენებული პრეპარატის წესები უნდა იყოს დაცული მთელი სიზუსტით, რომელიც მითითებულია პრეპარატის ეტიკეტზე!!!
10) კრაზანას ბუდე უნდა განადგურდეს მხოლოდ გვიან საღამოს ან ღამის საათებში!!!!
რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ კრაზანების ბუდე ნიადაგშია:
1) ამ შემთხვევაშიც სპეციალური ტანსაცმლით ვიმოსებით, ვასხამთ პრეპარატს ნიადაგში არსებულ ბუდეში და მჭიდროდ ვახურავთ თავს. ქვით ან რაიმე მსგავსი საგნით (ღამის საათებში!!!)
2) თუ კრაზანას ბუდის დამუშავებისას, ირგვლივ ორმოებია ნიადაგში ამ ადგილებსაც უნდა დაეფაროს, რათა ყველა გამოსასვლელი ჩაიკეტოს მჭიდროდ, რადგან კრაზანა ხშირად იყენებს ასეთ" სათადარიგო" გასასვლელებს.
ლამუნა ირემაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)