"მე და ბუბას უსიამოვნება არასდროს გვქონია, ბუბულიკოს ვეძახი. რომ დავურეკავ, ისე გაიხარებს, "ვაი, შენ გენაცვალე, ნანუო"..."
"როდესაც სიცხე მაქვს და ვწევარ, სულ ვმღერი - ასეთი ჩვევა მაქვს. ამას წინათ სიმღერა წამოვიწყე და უნდა გენახათ, როგორ შემოვარდა ეკა ოთახში - ნანი, სიცხე ხომ არ გაქვსო? გამეცინა, ესე იგი, ვეღარ მიმღერია-მეთქი"
არსებობენ ვარსკვლავები და არსებობენ ლეგენდები. ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე 84 წლის გახდა. დაბადების დღეს მომღერალი ზღვაზე შეხვდა ოჯახის წევრებთან ერთად. "კვირის პალიტრა" ულოცავს ქალბატონ ნანის დაბადების დღეს. ინტერვიუში მის განვლილ დღეებზე, შეხედულებებზე, ძვირფას ადამიანებსა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ.
ფოტოგალერეა - როგორ ატარებთ პანდემიურ ზაფხულს?
- ვცდილობთ ყველა რეკომენდაციის დაცვას, მაგრამ ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, გავთამამდით... ახლა გონიოში ვართ, ზედ ზღვის სანაპიროზე. პირამიდას ეძახიან ამ სახლს, რომელიც თავის დროზე მე, ბუბამ და სოფიკო ჭიაურელმა ავაშენეთ. ბუბამ დიდხანს იცოცხლოს, სოფიკო კი ძალიან მენატრება... ვინღა დავრჩით... შაბათობით მიცვალებულებს რომ ვიხსენიებ, უნდა ნახოთ, რამხელა სიას ვწერ...
შესანიშნავი გარემოა, ზღვით ასეთი კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. აქაურობას ვეღარ ვშორდები, უკვე თვეა, აქ ვარ. ნატალიაც აქ არის, ეკაც. მოწყენის დრო - არა, მაგრამ ფიქრის დრო ბევრი მაქვს...
- ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრებათ? - შვილებსა და ქვეყანაზე ვფიქრობ და ვლოცულობ. პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას თავისი კვალი დაატყო, თუმცა თანდათან სიტუაცია იცვლება... ვცდილობ სასურველი გარემო შევიქმნა, კარგზე ვიფიქრო. არ გვინდა ქიშპობა, ქილიკი. სიკეთე უნდა აკეთო და კარგად იქნები - ეს ფორმულა, საუკუნეებია, უცვლელია.
- ცურვა გიყვართ?
- ძალიან დიდი ხნის წინ ვიხრჩობოდი, მაგრამ მას შემდეგ შიში დავძლიე. არ ვარ მშიშარა ადამიანი, მაგრამ ბოლო ხანებში შორს ვეღარ გავდივარ. მთავარია, წყალში ვიდგე და იქვე ვვარჯიშობ. დილას ადრე ვიღვიძებ და იოგას სუნთქვით ვარჯიშებსაც ვაკეთებ.
- იოგამ როდის დაგაინტერესათ? - დიდი ხნის წინ. დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი, თავზეც ვდგებოდი, მერე კი დამეზარა. ახლა თავზე რომ დავდგე, ვეღარავინ ამაყენებს, მაგრამ რამდენიმე მარტივ ვარჯიშს ყოველთვის ვაკეთებ.
თავის დროზე ჩემმა მეუღლემ მომხიბლა იოგათი. მხოლოდ მე კი არა, მთელი "ორერა" აიყოლია. ის ხშირად გვაკითხავდა გასტროლებზე და ბიჭებსაც ავარჯიშებდა. ვფიქრობ, იოგას დამსახურებაა, ყელის იოგები რომ გამიმაგრდა, თუმცა, ალბათ, ეს გენეტიკის "ბრალიცაა".
- გარდა იმისა, რომ უზადო შემსრულებელი ბრძანდებით, ბევრისთვის ყველაზე გემოვნებიანი და მისაბაძი ქალბატონიც ხართ. - დიდი მადლობა. ჩემზე უკეთესი და გემოვნებიანი ახალგაზრდები მოდიან, თუმცა ჩემს დროსაც ბევრი იყო ასეთი. მარტო ჩაცმით ხომ არ გამოიხატება გემოვნება! გემოვნება ჩანს საქციელში, მანერებში... ყველას საკუთარი თავი ჰგონია გემოვნებიანი და თავისი შეხედულებისამებრ მსჯელობს.
- თქვენთვის ვინ იყო ან არის მისაბაძი? - ასეთი ბევრი ადამიანია. მაგალითად, ჩემი დეიდები. ერთ-ერთს არისტოკრატული, დიდებული სილამაზე ჰქონდა. ისე მომწონდა, ვგიჟდებოდი! ბავშვობაში მამსგავსებდნენ. ეუბნებოდნენ, გოგოლა, შენ გგავს ეს ბავშვიო. ამაზე ხუმრობით პასუხობდა, თავი მოვიკლა, თუ რა ვქნაო? მსახიობი გოგოლა კალანდაძე დეიდაჩემის შვილიშვილია.
ჩემთვის მისაბაძი იყო ნინო რამიშვილი. ჩვენი და მათი ოჯახები ახლობლობდნენ. თენგიზ სუხიშვილი იყო უსაყვარლესი ადამიანი, არაჩვეულებრივი პიროვნება. ნინასთან თითქმის ყოველდღე დავდიოდი. ან რა შესახედავი იყო, ან როგორი ჭკვიანი, როგორი დიდებული, როგორ ეცვა სახლშიც კი!.. "სადმე მიდიხართ, დეიდა ნინა?" - ვკითხავდი ხოლმე. ადამიანო, გაიგე, რომ არსად დავდივარ, მაგრამ ასე უნდა ვიყო გამოწყობილი, იმიტომ, რომ ჩემთან სულ ვიღაც მოდისო.
ჩემთვის განუმეორებელი იყო ეს ორი ქალბატონი - დეიდაჩემი და ნინა რამიშვილი. ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა დედაჩემმაც - სულ კარგად ჩაცმული დავყავდი, არაჩვეულებრივად კერავდა. მერე მამა ირანში მუშაობდა და იქიდან გვიგზავნიდა ლამაზ ფეხსაცმელს, საკაბეებს.
1964 წელს პირველად მოვხვდი პარიზში. მაშინ ძალიან მოდური იყო ფილმი "შერბურის ქოლგები". მასში კატრინ დენევის გმირს შესანიშნავი ვარდისფერი პალტო აცვია. ვგიჟდებოდი ამ პალტოზე და პარიზში ზუსტად ასეთი, ოღონდ ბორდოსფერი შევიძინე. ძვირი იყო, მაგრამ მოვაგროვე ფული... სხვათა შორის, ეს პალტო ნიცაში, სასტუმროში დამრჩა. მერე კანადაში მომიწია წასვლამ. იქ თითქმის ყველა სასტუმროში ფეხსაცმელს საწოლის ქვეშ ვდებდი და მერე მავიწყდებოდა... ბევრი რამ მეკარგებოდა, მაგრამ მაინცდამაინც არ ვდარდობდი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ჰონორარი არ გვქონდა - დღეში 5 დოლარს ვიღებდით.
- თქვენ და ბუბა კიკაბიძე საუკეთესო მეგობრები ხართ და დაბადების დღეც ერთიმეორის მიყოლებით გაქვთ...
- დაბადების დღე ერთად არასდროს გადაგვიხდია... დიდი ხანია, ერთად მოვდივართ, ბევრი მოსაგონარიც გვაქვს...
უსიამოვნება არასდროს გვქონია. ერთნაირად გვიხარია და გვწყინს. სულ ვკითხულობთ ერთმანეთს. ბუბულიკოს ვეძახი. რომ დავურეკავ, ისე გაიხარებს, "ვაი, შენ გენაცვალე, ნანუო"...
- ეკა ძალიან დაგემსგავსათ, ბოლო წლებში - განსაკუთრებით... - ხანდახან ტელევიზორში კადრს ვაკვირდები, მე ვარ თუ ეკა-მეთქი. მართლაც ძალიან დამემსგავსა, თუმცა ხასიათით არ ვგავართ. საერთოდ, მე უფრო რბილი ხასიათი მაქვს, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობისას ეკაა ძალიან რბილი, მე - არა. არაჩვეულებრივი შვილია. ისეთია, თამამად შემიძლია ვაქო. როდესაც სიცხე მაქვს და ვწევარ, სულ ვმღერი - ასეთი ჩვევა მაქვს. ამას წინათ სიმღერა წამოვიწყე და უნდა გენახათ, როგორ შემოვარდა ეკა ოთახში - ნანი, სიცხე ხომ არ გაქვსო? გამეცინა, ესე იგი, ვეღარ მიმღერია-მეთქი. ნატალიკო ბავშვობაში ძალიან მგავდა, მაგრამ ვფიქრობ, ის გაცილებით კარგი შესახედავია.
- გიყვართ ძველი ჩანაწერების მოსმენა? - არა, არ მომწონს. იმ დროისთვის, ალბათ, კარგად ჟღერდა, მაგრამ მერე ხომ ყველაფერი იცვლება. მეც ვიზრდები... წკრიალა ხმა მქონდა. ახლა ისეთი ხმა აღარ მაქვს, მაგრამ მეტი სიღრმე გაჩნდა, რაც აუცილებელია. ტექსტი საუკეთესო უნდა იყოს, უნდა გრძნობდე, რას მღერი და ამასთან ერთად მელოდიაც თუ კარგია, ამას რა სჯობია. ნამდვილი ის სიმღერაა, რომელიც იმაზეც კი მოქმედებს, ვისაც მუსიკა არ ესმის, თორემ პროფესიონალი ჩემს ნამღერს ისედაც შეიგრძნობს.