"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს არხის ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს არხის ჟურნალისტი

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ავრცელებს.

"რა უსამართლოა ცხოვრება. "ტვ პირველის" ოპერატორი, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილი იპოვეს", - წერს ჟურნალისტი. - კომენტარებში კი აღნიშნავს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. - არაფერი ვიცით, ექსპერტიზა უტარდება ახლა".

5 ივლისს რუსთაველზე "თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მედიის ათობით წარმომადგენელს - ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს - ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მათგანს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ოპერაციაც ჩაუტარდა. დაშავებულთა შორის იყო "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავაც. არხის საინფორმაციოს უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე, გამოძახების შემდეგ, საათზე მეტი ხნის დაგვიანებით მივიდა. ოპერატორს "ნიუ-ჰოსპიტალსის" კლინიკაში თვალზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას სახეზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა.

"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან.

როცა მე მცემდნენ, ჩემი ჟურნალისტი კედელზე ააყუდეს. მერე შეამჩნია, რომ ჩალურჯებები ჰქონდა. ტელეფონები წაართვეს, დალეწეს. დაუნახეს თუ არა ტელეფონი, ეგრევე დაუმტვრიეს.

ერთი პოლიციელი იყო საწყლად, არ ვიცი, ერთი რატომ იყო, ქვევით ბევრი იყო. პოლიცია იყო თვითონ დასახმარებელი, პოლიციის ფუნქცია ვერ გავიგეთ. ადამიანები უმისამართოდ ამოდიოდნენ და ვისაც ფერადი ტანსაცმელი ეცვა, ვინც იმათ ნორმებში არ ჯდებოდა, ყველას სცემდნენ.

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო. პოლიციელები იყვნენ იქ, თვითონ შეუძლიათ, თვითონ იციან.

სახის ძვლის მოტეხილობა მაქვს თვალის გარშემო, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, ოპერაცია გამიკეთდა ერთი, ახლა ვიმყოფები დაკვირვების ქვეშ", - ყვებოდა ალექსანდრე ლაშქარავა ჟურნალისტებთან.

ambebi.ge