კაპადოკიის ფერიების საკვამურები - კვირის პალიტრა

კაპადოკიის ფერიების საკვამურები

იხილეთ წინა ნაწილი

ხათუსადან გეზი კაპადოკიისკენ ავიღეთ. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ჩვ. წ-მდე 2000 წლიდან იყო დასახლებული და ხეთური სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. სწორედ ხეთებმა დაიწყეს აქ მშენებლობა პირველი მიწისქვეშა ქალაქების, რომელიც დღესაც ატყვევებს მნახველს. შემდეგ ხეთებს ნელ-ნელა ფრიგიელები ჩაენაცვლნენ და ა.შ.

რაც უფრო ვუახლოვდებოდით კაპადოკიის გულს - გორემეს, მით უფრო გვეტყობოდა მოუსვენრობა. ლამის მანქანის მინაზე აკრულები, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდით, ისეთ საოცრებას ვხედავდით - უცნაური კლდეები, ქვები, ფიგურები, რომელიც ხან რომელ ცხოველს გვაგონებდა, ხან რომელ ფრინველს... იფიქრებდი, ირეალურ სამყაროში მოვხვდიო, სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად მიღებული ისეთი ზღაპრული პეიზაჟები იშლებოდა.

მილიონობით წლის წინათ აქ ვულკანებიდან ამოფრქვეული ფერფლი და ლავა ფენებად დალექილა და ფერფლი ტუფად ქცეულა, ლავა - ბაზალტად. ამან ის მიდამო 200 მეტრით აამაღლა. შემდეგ ქარის, წვიმის, მიწისქვეშა წყლებისა და ტემპერატურის ცვალებადობის გამო, ქანებს ეროზია დაეწყო და რბილი ტუფი ჩაირეცხა, მყარი ბაზალტი კი დარჩა და ასე ჩამოყალიბდა "ფერიების საკვამურებად" ცნობილი სახელგანთქმული და თვალწარმტაცი ქვის სვეტები, რომელიც დროთა განმავლობაში ფორმას იცვლიდა. ასე შეიქმნა ე. წ. ქვის სოკოები, აქლემები, ცხენები და ა.შ. ფერიების საკვამურებად ცნობილი ქვის სოკოები, აქლემები, ცხენები

ღამდებოდა, გადაღლილებიც ვიყავით - თბილისიდან წამოსულებმა, 1500-მდე კილომეტრიც გავიარეთ და გზად რამდენი რამ ვნახეთ! ამიტომ გამოძინება და ძალების აღდგენა ვამჯობინეთ და ჩვენი სასტუმროსკენ - გორემეს "მაიტა ნასოსისკენ" გავწიეთ. სახელწოდებას ნუ შეიოცებთ, სვანებს არაფრით უკავშირდება. ასე ჩვენ ვეძახდით, თორემ სინამდვილეში "მატია ნასოსი" ერქვა. პრინციპში, მაინც თითქმის სვანურია - მხოლოდ ორი ასოა გადაადგილებული! ეს ისე, ხუმრობით... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე დილა მზიანი გაგვითენდა და დღის სინათლეზე მართლაც დიდებულად გამოჩნდა კაპადოკიის გული, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. გორემესეული 'მაიტა ნასოსი'

ზოგადად, გორემეს ველი მრავალი სალოცავი მღვიმითა და მთის მონასტრითაა ცნობილი. მრავალ ეკლესიაში ძველი და ახალი აღთქმის სხვადასხვა ეპიზოდის ამსახველი განსაცვიფრებელი ბიზანტიური ფრესკებია შემონახული. არა მარტო გორემეს, არამედ მთელი კაპადოკიის ბევრ ეკლესიაში ყოფილა ქვის სამტრედეები. წლების განმავლობაში ანთებდნენ იმ ადგილებში კოცონს, მტრედების სკინტლისა და ფრთებისგან რომ გაესუფთავებინათ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოაშორეს და ზოგან კვალი მაინც შემორჩა.

სწორედ აქ - გორემეშია თავმოყრილი საუკეთესო სასტუმროები და როცა კაპადოკიის ტურები იგეგმება, ტურისტები აქ ჩამოდიან და შემდეგ მიდიან ნებისმიერი მიმართულებით. გორემეშია კაპადოკიის საუკეთესო მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე - ყველაზე მეტი ტურისტული კომპანია საარენდო კვადროციკლებით თუ მოტოციკლებით, საჰაერო ბურთებით და... საერთოდაც, მთელ კაპადოკიაში აქაა ყველაზე მაღალი ფასებიც... გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი

საუზმის შემდეგ ჩვენც საჩქაროდ გავეშურეთ გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმისკენ, რომელიც 1 კილომეტრითაა დაშორებული დასახლებიდან. რა თქმა უნდა, ფეხით ავუყევით გზას, თან არემარეს ვათვალიერებდით და ფოტოებს ვიღებდით. გვაოცებდა ვულკანური კლდეები, შიგ საცხოვრებელი ბინებითა და სასტუმროებით; თვალს გვიჭრელებდა დახლების სიმრავლე ზედ გამოფენილი სუვენირებითა და ბუკლეტებით, ირგვლივ კი ათასი ჯურის ხალხი ირეოდა. ეკლესიების ქვის სამტრედეები

მუზეუმის ტერიტორიაზე თამთა ჭანტურიას წინამძღოლობის გარეშე აშკარად ავიბნეოდით. ყველა ეკლესიაში შესვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ბევრი რამ კი ვნახეთ. თითოეულში შიგნით ერთი ან ორი ჟანდარმი იდგა და გაფაციცებით აკვირდებოდა, ვინმეს ფოტო არ გადაეღო. შესასვლელ კართანვე ეკიდა გადახაზული ფოტოაპარატი და, ურჩობის შემთხვევაში, ჯარიმა ან ეკლესიიდან გამოძევება არ აგცდებოდა. გულმა მაინც არ მომითმინა და ძირს დაშვებული, მაგრამ "საბრძოლო მზადყოფნაში" მყოფი ფოტოაპარატით შევედი. ახლაც არ ვიცი, როგორ, მაგრამ ფრესკების გადაღება მაინც ყველგან მოვახერხე. მხოლოდ ერთხელ "დამიჭირა" ჟანდარმა, მაგრამ არა - ფაქტზე, გამოსვლისას გამოწეული ობიექტივი შენიშნა და გამომენთო. ძალიან მიამიტი სახით დავხედე ჩემს ხელსაწყოს, შუბლზე ხელი ვიტკიცე, - უი, თითი დამჭერია-მეთქი (ცხადია, ყველაფერს ჟესტიკულაციით ვუხსნიდი, თორემ იმან თურქულის მეტი არაფერი იცოდა), მოვუბოდიშე და გამოვედი. არც არავინ გამომკიდებია. ასე შემორჩა ჩემს არქივს ულამაზესი ფრესკები.

ახლა კი იმას გიამბობთ, რა ვნახეთ და რამ აღგვაფრთოვანა. რასაკვირველია, თითოეულ ეკლესიაზე თამთა მოგვითხრობდა. ჩვენმა გიდმა ისიც აგვიხსნა, რომ ეკლესიებს ისტორიულად ცნობილი სახელწოდებები კი არ ერქვა, არამედ - ამა თუ იმ მახასიათებლით აღმოჩენისას რაც უწოდეს. 6-სართულიანი ქალწულთა მონასტერი

პირველად ქალწულთა მონასტერს (KIZLAR MANASTIRI) მივადექით, რომელიც შესასვლელის მარცხნივ მდებარეობს. სამწუხაროდ, ის დაკეტილი დაგვხვდა, მაგრამ თამთამ აღგვიწერა, რომ XI საუკუნის ამ მონასტერში 6 სართული იყო და მასში უწინ 300 მონაზონი ცხოვრობდა. პირველ და მეორე სართულზე სამზარეულო ყოფილა, მესამეზე - სამრეკლო, მეოთხე-მეხუთე სართულზე კი - კელიები. აქ იყო მიწისქვეშა ქალაქებისთვის დამახასიათებელი კარი დოლაბით. ასეთ დოლაბიან კარს მოგვიანებით რამდენჯერმე ვნახავთ და ფოტოსაც გადავუღებთ, მანამდე კი კვლავ ღია ცის ქვეშ მუზეუმის ეკლესიებზე მოგიყვებით. წმინდა ბასილის სამრეკლო

შემდეგი იყო წმინდა ბასილის სამრეკლო (AZIZ BASILEOS ŞAPEL). ისიც XI საუკუნეშია აგებული. შიგნით საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ ფრესკები მაინც გავარჩიეთ: მაცხოვარი, ღვთისმშობელი ყრმით, წმინდა დემეტრე, წმინდა გიორგი, რომელიც გველს კლავს (შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ყველაფრის დანახვას, თუმცა ხარისხიანი ფოტოს გადაღება, თანაც - ჩუმად, გამიჭირდა); ვაშლის ეკლესია. მთავარანგელოზი მიქაელი ბურთით ხელში

მომდევნო "ვაშლის ეკლესია" (ELMALI KILISE) იყო. ასე იმიტომ უწოდეს, რომ იგი ვაშლის ხეხილის ბაღში მდებარეობდა. მისი სახელწოდების წარმომავლობის კიდევ ერთი ვერსია არსებობს: ძირითადი აფსიდის გუმბათზე მთავარანგელოზი მიქაელი ბურთით ხელშია გამოსახული. ეს ბურთი, თურმე, ვაშლს მიამსგავსეს და მისანიშნებლად ასე უწოდეს. ეკლესია XI-XII საუკუნეებშია აგებული. ძირითადი შესასვლელი დაზიანებულია და ამიტომ ვიწრო გვირაბივით შესასვლელით მოგვიხდა გავლა. გეგმით ეკლესიას ჯვრის ფორმა აქვს, თაღს იჭერს ოთხი კოლონა. კედლებზე გამოსახულია ფრესკები: ჯვარცმა, ლაზარეს აღდგინება, წმინდა თეოდორე ცხენზე, მოციქულები და ა.შ. ფრესკები კარგადაა შემონახული...

გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმში კიდევ ბევრი რამ ვნახეთ და რადგან ერთ წერილში ყველაფერს ვერ ჩავატევდი, თხრობას მომდევნო ბლოგში განვაგრძობ.

გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს