ჩუმად დანთებული სანთლები და ქვის 360-გრადუსიანი პანორამა - კვირის პალიტრა

ჩუმად დანთებული სანთლები და ქვის 360-გრადუსიანი პანორამა

იხილეთ წინა ნაწილი

ავანოსის კერამიკის მუზეუმიდან გზას სამხრეთით გავუყევით და, დაახლოებით, 6 კილომეტრის გავლის შემდეგ მივადექით კლდოვან მასივში გაშენებულ ზელვეს მონასტერს - კაპადოკიის კიდევ ერთ ღია ცის ქვეშ მუზეუმს. აქ, თურმე, მოსახლეობა II-V საუკუნეებიდან დამკვიდრებულა, IX-XIII საუკუნეებში კი ამ კლდეებს ბერები აფარებდნენ თავს. სწორედ ამ საუკუნეებში მოსულ ქრისტიანებს უქცევიათ ზოგიერთი საცხოვრებელი გამოქვაბული ეკლესიად და კელიად და ასე გაშენებულა მონასტერი. მონასტრის რამდენიმე ეკლესია - "ვაზის" (Üzümlü), "თევზების" (Baliki) და "ირმების" (Geyikli) დღემდეა შემორჩენილი. ზელვე - კაპადოკიის კიდევ ერთი ღია ცის ქვეშ მუზეუმი

სოფელი ზელვე კი 1952 წლამდე იყო დასახლებული და მხოლოდ მაშინ დაიცალა, როდესაც კლდეების ჩამოშლის საფრთხე მეტისმეტად გაიზარდა. სწორედ ამ საფრთხის გამო ყველა ქვაბულში ვერც შევედით - აქ ჟანდარმები გულისყურით გადევნებენ თვალს, რომ შემოფარგლულ ადგილებში არ გადაძვრე. ზელვე - ბოლნურ ჯვარში ჩახატული თევზები

ერთგან ცნობისმოყვარეობამ წაგვძლია, ოდნავ გადავუხვიეთ მარშრუტს და ჟანდარმის სასტვენმაც არ დაახანა. სამაგიეროდ, ჩვენც ვიყოჩაღეთ: კაპადოკიის მუზეუმად ქცეულ ეკლესია-მონასტრებში, ტაო-კლარჯეთისგან განსხვავებით, სანთლის დანთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აბა, რისი სიმუსები ვიყავით, ამ დაბრკოლებას თუ ვერ დავძლევდით, ჰოდა, ჟანდარმის თვალს ოდნავ მივეფარეთ თუ არა, მიწისქვეშა გამოქვაბულის კოლონებიან ეკლესიასთან ლაზარე და გიო დარაჯად დავტოვეთ, ჩვენ კი შევვარდით, ანთებული სანთლები ჩამოვირიგეთ, მოკლე ლოცვები წავიკითხეთ და ჩანთებში ჩამალული თავმომწვარი სანთლებით, კმაყოფილები გამოვედით ეკლესიიდან. ზელვეს კოლონებიანი ეკლესია

ზელვედან ბერების ხეობისკენ - ე.წ. ფაშაბაღისკენ გავწიეთ, მაგრამ ბინდიც შემოგვეპარა და თავსხმა წვიმაც, ამიტომ სხვადასხვა იერსახის ქვის ბუნებრივი ქანდაკებების თვალის შევლებით მხოლოდ გაოგნება მოვასწარით, ხეირიანი დათვალიერება და ფოტოსესია კი სხვა დღისთვის გადავდეთ. ქალაქი უჩისარი

მომდევნო დღეც, ტრადიციულად, საკმაოდ გადატვირთული გვქონდა. დილის საუზმის შემდეგ კაპადოკიის უმაღლესი ადგილისკენ - უჩისარის ციხისკენ გავეშურეთ. წმ. გიორგის ქანდაკება ქალაქ უჩისარის მოსახლის ეზოში

ეს ციხე 60 მეტრის სიმაღლის კლდეზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა აგებული. ციხის ძირში ჩირების ნაირფეროვნებამ და სიუხვემ აგვიჭრელა თვალი, თან - მადაც აღგვიძრა და გვარიანად ვიმსუნაგეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევუყევით კიბეებს. უჩისარის ციხე

კარგა ხანი მოვანდომეთ კიბეებზე ასვლას და როდესაც ციხის მწვერვალზე აღმოვჩნდით, არც კი ვიცოდით, საით გაგვეხედა: თვალწინ 360-გრადუსიანი ულამაზესი თეთრი ქვის პანორამა გადაგვეშალა - ციხიდან მთელ კაპადოკიას ვხედავდით - გაფრენა მოგინდებოდა. ჩირები... ჩირები... ჩირები...

ცაზე ალაგ-ალაგ ღრუბელი ჩანდა და თამთა ჭანტურიამ დანანებით გვითხრა, კარგ ამინდში აქედან ანატოლიის ვულკანურ მწვერვალებს - ერჯიესსა და ჰასანდაღსაც დავინახავდითო. ხედი უჩისარის ციხიდან ხედი უჩისარის ციხიდან რამდენიმესართულიანი ქვის საცხოვრებელი

უჩისარმა და ფოტოსესიამ კარგა ხნით შეგვიტყუა, ძლივს შეველიეთ იქაურობას, თუმცა წინ სანატრელი ადგილები გველოდა - წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სოფლები! ძლივს შეველიეთ უჩისარს - (მარჯვნ.) თამარ ბარბლიშვილი, ლია მინაძე, მზევინარ მჟავანაძე და მე

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს