ლელი ჯაფარიძე: დარდიმანდი, რომელიც სიცოცხლეს სწირავდა სამშობლოსთვის
ვიდრე ლელი ჯაფარიძის საიდუმლო წერილის ანალიზს გავაგრძელებთ, მინდა მკითხველმა კარგად წარმოიდგინოს, თუ რა მძიმე და რისკიან საქმეს იყვნენ ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველი პატრიოტები შეჭიდებული. მათ გამჟღავნების საფრთხე ემუქრებოდათ, როგორც ბოლშევიკურ საქართველოში - ო-გე-პეუსგან , ასევე ემიგრაციაში მოქმედი საბჭოთა დაზვერვის აგენტურისგან.
1922 წლიდან მოყოლებული ო-გე-პეუს მთავარი ამოცანა საზღვარგარეთ გახიზნული ემიგრანტების პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და წრეებში შეღწევა, იქ აგენტურული ქსელის შექმნა, მათი შიგნიდან დაშლა-დაქუცმაცება და ცნობილ ქართველ ემიგრანტების მოტაცება ან ლიკვიდაცია იყო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის ბოლომდე იოსებ სტალინმა ქართული ემიგრაციის ყველა გეგმა და გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იცოდა. მათ წინააღმდეგ დაგეგმილ სპეცოპერაციებს კი თავად აკონტროლებდა.
1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხება, რომელმაც ქართველი პატრიოტების დიდი მსხვერპლი და იმედგაცრუება გამოიწვია, მართლაც უდიდესი უარყოფითი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. ამის შემდეგ ეროვნული მოძრაობა (უპირველესად „სამხედრო დარაზმულობის“ მხრივ), ფაქტობრივად, ჩაკვდა, ხოლო საქართველოში დარჩენილ სოციალ-დემოკრატიული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების წევრები საქართველოს ჩეკა-ოგეპეუს „მარწუხებში“ იყვნენ .
ქართული ემიგრაციის დაქსაქსვა, პატრიოტი და მოუსყიდავი ემიგრანტების ფიზიკური ლიკვიდაცია საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. ემიგრაციის პოლიტიკური ლიდერების გადაბირება თუ არ ხერხდებოდა, მაშინ სახელის შებღალვას ცდილობდნენ. თუ ესეც ვერ გამოიღებდა ნაყოფს, მაშინ მოტაცების ან ადგილზე ფიზიკური ლიკვიდაციის ოპერაციები იგეგმებოდა. საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ემიგრაციაში მყოფი მენშევიკებსა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შორის ადრევე არსებული პიროვნულ-იდეოლოგიური და ხშირად კუთხური ხასიათის დაპირისპირების გაღვივება იყო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ემიგრაციაში მყოფი ედპ და „მენშევიკები“ ერთმანეთის წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებსაც კი ატარებდნენ. 1932 წლის 17 დეკემბერს ედპ-ის წევრი ტიტე მარგველაშვილი სპირიდონ კედიას ამგვარი შინაარსის წერილს უგზავნის (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.):
„ძვირფასო ძმაო სპირიდონ!
მენშევიკებს უთუოდ აქვთ რუსებთან კავშირი და შეიძლება ასეთი შეთანხმებაც, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკურ ხაზზე ერთმეორეს ამაგრებენ; ხარლამოვისა (ხარლამოვი რუსი კადეტი, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, ძალზე აქტიურობდა ემიგრაციაში - ბ.ა.) და სხვ. კეთილგანწყობილი სიტყვები ჟორდანიას მთავრობისადმი მეტად სიპტომატიურია. საჭიროა რაიმე გავიგოთ თუნდაც „ღრმა დივერსიით“.
ჩემი აზრით „ღრმა დივერსიაზე“ მინიშნება იმის დადასტურებაა, რომ ეროვნულ-დემოკრატებს აგენტურა ჰყავდათ ქართველი „მენშევიკების“ რიგებში და უშუალოდ ნოე ჟორდანიას გარემოცვაში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ედ-ეპ-ეშიც იქნებოდნენ სოციალ-დემოკრატების აგენტები. ასე ერთმანეთის თვალთვალსა და ძიძგილაობაში გადიოდა წლები. ემიგრაციაში პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება საქართველოშიც მომენტალურად აისახებოდა.
აი რას წერს 1926 წლის 16 ივნისს თბილისიდან ლელი ჯაფარიძე სპირიდონ კედიას პარიზში (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.):
„თუ ეს გაგრძელდა, ჩვენ მალე ვნახავთ, რომ მენშევიკური პარტია პირდაპირ სულ ახლა აღსდგება სრულებით სხვა სახით, კომუნისტების სამოსელში ჩაცმული და უფრო საშიში, ვიდრე თვით კომუნისტები არიან. თუ აქამდე კომუნისტებს დასაყრდნობი ძალა არ ჰქონდათ და მასას მოკლებულნი იყვნენ, დღეს ეს მასა ამ მენშევიკებში ჰპოვეს და საკმაოდ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ამავე დროს სწარმოებს მეორე საბედნიერო პროცესი ხალხის გასაოცარი გამოფხიზლების და ამ მარქსიზმის ორივე ფრთის წარმოუდგენელის შეძულების. ამისთვის, დღეს განსაკუთრებით არის საჭირო თავის დაკავება მენშევიკებთან ურთიერთობისაგან და ამ გამოფხიზლებული ხალხის ეროვნული დროშის ქვეშ მოქცევა”.
ლელი ჯაფარიძე ძალზე მკაცრად და ემოციურად აფასებს საქართველოში დარჩენილი , თუ ემიგრაციიდან დაბრუნებული ყოფილი სოციალ-დემოკრატების მოქმედებებს, ის ს. კედიას აცნობებს (სტილი უცვლელია -ბ.ა.):
"ჩვენი წრეები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან რაიმე თანამშრომლობაზედ მენშევიკებთან - აქაური პრაქტიკა ამის საუკეთესო დამამტკიცებელია: საბუთები: 1) მენშევიზმი, როგორც ორგანიზაციული ძალა არ არსებობს - მთელი მათი მოქმედება არასოდეს არ გასცილებია პროკლამაციას. 2) 75% მათი წევრებისა უკვე ბოლშევიკებთან მუშაობენ და უფრო აქტიურობენ, ვიდრე თვით ბოლშევიკები. 3) არც ერთი მენშევიკი სანდო აღარ არის. რასაც დღეს სულაქველიძე (კონსტანტინე სულაქველიძე - დაბრუნდა ემიგრაციიდან და ბოლშევიკებს „შეეკრა“ -ბ.ა.) და მისი ამხანაგები სჩადიან პირდაპირ წარმოუდგენელია, გასცეს რისი გაცემაც კი შეეძლოთ, თვით ის პირებიც კი, ვინც მათ მალავდენ და მფარველობდენ (რამოდენიმე კომუნისტი დახვრიტეს მენშევიკებისთვის დახმარების აღმოჩენის გამო). . “
პირველ რიგში: ნიკოლო მიწიშვილი, თამარ ოქრომჭედლიშვილი-იაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, მარო კასრაძე-შანშიაშვილი.
მეორე რიგში: ვალერიან გაფრინდაშვილი, ეფემია გედევანიშვილი-ლეონიძე, გერონტი ქიქოძე, პაოლო იაშვილი, ნინო მაყაშვილი-ტაბიძე, ალი არსენიშვილი მესამე რიგში: რაჟდენ გვეტაძე, შალვა აფხაიძე, ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, გიორგი ლეონიძე. თბილისი. 1926.
ამჟამად ძალზე ძნელია თითქმის ასი წლის წინანდელ დაპირისპირებაში მტყუან-მართალის გარჩევა. ეს ისტორიული პერიოდი მიზეზთა გამო ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შესწავლილი და ფაქტების მოპოვება უღრან ტყეში სიარულს ჰგავს. თუმცა, ამის მიუხედავად, სიმართლის დადგენა მაინც აუცილებელია, რადგანაც საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ხშირად გასულ საუკუნეში მომხდარი მოვლენების პირდაპირი გამოძახილია. სხვადასხვა საარქივო დოკუმენტების შესწავლასთან ერთად ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მოგონებებისა და მემუარული ლიტერატურის ანალიზმაც უნდა მოგვცეს ობიექტური სურათი.
თუმცა ამ ამოცანას ართულებს ის გარემოება, რომ ჯერჯერობით ქართული ემიგრაციის მხოლოდ ცალკეული წარმომადგენლების არქივებია შესწავლილი და ხელმისაწვდომი, ხოლო უდიდესი ნაწილი კი კვლავ უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებშია მიმოფანტული ან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების “ცხრაკლიტულებშია” ჩაკეტილი.
ქართველი ემიგრანტების პირად არქივებში შემორჩენილია რამდენიმე ძალზე საინტერესო ისტორიული დოკუმენტი, რომლებიც ნათელს ჰფენს ქართულ ემიგრაციაში არსებულ წვრილმან კინკლაობას თუ იდეოლოგიურ დაპირისპირებას. ემიგრაციის პოლიტიკური ლიდერების მიმოწერიდან ირკვევა, რომ ქართული ემიგრაციის უდიდესი ნაწილი უცხოეთშიც კვლავ ძველი, „ქართული ფსიქოლოგიით“ აგრძელებდა მოღვაწეობას: გაერთიანების ნაცვლად ურთიერთმტრობასა და ინტრიგებში ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ამ „ნოყიერ ნიადაგზე“ საბჭოთა დაზვერვას არ უჭირდა ბოროტი საქმეების კეთება.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, სპირიდონ კედიას მეუღლემ, სოფიო ჩიჯავაძე-კედიამ (1885-1993) სიცოცხლის ბოლოს ძალზე საინტერესო მოგონებები, სათაურით „ნასმენ-ნახული“ დაგვიტოვა.
სოფიო ჩიჯავაძე-კედია. 1939 წელი.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა მოგონებას, მასაც სუბიექტივიზმის კვალი ეტყობა (სხვანაირად, ალბათ, არც შეიძლება), ეს წიგნი მართლაც რომ უძვირფასესი განძია ქართული ემიგრაციის ისტორიის შესასწავლად.
„ ეხლა, რომ წარსულს გადავხედავ, აშკარად სჩანს ემიგრაცია მოსკოვის კლანჭებში იყო, რაც არ აადვილებდა ქართველების გაერთიანებას, პირიქით ყველაფერი იყო ხელის შემწყობი, რაც შეიძლება დაქსაქსულები ყოფილიყვნენ. ამისთვის ყოველ პარტიაში მას (იგულისხმება მოსკოვი - ბ.ა.) თავისი კაცი ჰყავდა, რომელიც შიგნით შხამს ატრიალებდა... ზოგიერთი კი პირდაპირ მტრის სამოსელში მუშაობდნენ მოსკოვის კარნახით“ - წერდა მხცოვანი ქალბატონი.
ამიტომაც იყო, რომ საქართველოში დაბრუნებულ და ბოლშევიკების წინააღმდეგ ფარულად მებრძოლ პატრიოტებს გამჟღავნებისა და ჩავარდნის სერიოზული საფრთხე ქართულ ემიგრაციაში მოქმედი საბჭოთა აგენტურისგანაც ელოდათ. ლელი ჯაფარიძემაც არ იცოდა, რომ საბჭოთა დაზვერვის აგენტი პარიზში, მისი მშობლიური პარტიის შუაგულში იმყოფებოდა და ფაქტიურად ყველა საიდუმლოზე მიუწვდებოდა ხელი.
(მესამე ნაწილის დასასრული)