"ტავარიშჩი არტისტი, ვი პრიგლაშენი ნა ზვანნი უჟინო" და ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ამოვყავით თავი, ყველაფერი თეთრი იყო" - რას იხსენებს კონცერტმაისტერი
გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში პიანისტი, რუსთაველის თეატრის ყოფილი კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი სტალინის შთამომავლებზე, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და მათი გაცნობის ეპიზოდებს იხსენებს. როგორც აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში, მისსავე თეთრ სასახლეში გაიცნო, სადაც საგასტროლო სპექტაკლის შემდეგ მიიპატიჟეს დასი, სააკაშვილების ოჯახში კი პედაგოგად იყო მიწვეული და სანდრა რულოვსს პიანინოზე დაკვრასა და ქართულ სიმღერებს ასწავლიდა.
გასტროლი მოსკოვში და ბიძინა ივანიშვილის "თეთრი სასახლე"
- ბიძინა ივანიშვილი 1997 წელს მოსკოვში გავიცანი. "კავკასიურ ცარცის წრეს" ვთამაშობდით და თურმე ის დარბაზში იჯდა. სპექტაკლი რომ დასრულდა, ჩვენი ადმინისტრატორი შემოვიდა და გვეუბნება, "ტავარიშჩი არტისტი, ვი პრიგლაშენი ნა ზვანნი უჟინ გრუზინსკამუ მეცენატუ". ჩაგვსხეს ავტობუსში და წაგვიყვანეს, იმდენი მილიციელი მოგვყვებოდა, მეგონა, პუტინთან მივდიოდით. ქალაქგარეთ, შუშის სასახლეში აღმოვჩნდით, "გაგვშმონეს" და შეგვიყვანეს. ყველაფერი თეთრი იყო - ფარდები, ჭერი, იატაკი, როიალი... მაგარი პურმარილი იყო გაშლილი. თეთრი როიალის დანახვაზე, მე მეტი რა მინდოდა, დავჯექი და თავზე დავიმხეთ იქაურობა მე, კახიმ და ჯემალ ღაღანიძემ. კახი ეუბნება ივანიშვილს ჩემზე, ნახე, რა მაგრად უკრავსო. იმ საღამოს მე და კახი ვიყავით "მთავარ როლში", სადაც კახი იყო, იქ ხმას ვინ ამოიღებდა?! დილის 4 საათამდე იქ ვიყავით.
მე რომ ივანიშვილის პენსიას ვიღებ, კახი კავსაძის დამსახურებაა, მან დამინიშნა, კომისიის თავმჯდომარეები იყვნენ ეგ და გია ჭირაქაძე. მე მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი და არც ვიცოდი, თუ ივანიშვილი პენსიებს ურიგებდა ხელოვნების მუშაკებს. კახიმ დამირეკა, მაყვალ (ასე მეძახდა), საბუთები შეაგროვე და გამოგზავნეო. ქეთი ჩხეიძე მაშინ მოსკოვში იყო, თბილისში მივდივარ და გამატანეო. ჩამოუტანა და მეორე დღესვე დამინიშნეს. მას მერე ამით ვიხდი ბინის ქირას.
იხილეთ სტატია სრულად: რას ჰყვება უბინაოდ დარჩენილი ცნობილი კონცერტმაისტერი სტალინის შთამომავლებზე, სააკაშვილსა და ივანიშვილზე