"ობლად გაზარდა დედამ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა" - რას ჰყვება თბილისში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ობლად გაზარდა დედამ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა" - რას ჰყვება თბილისში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ახლობელი?

თბილისში, გუშინ მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრეს, სამწუხაროდ ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული 42 წლის რამაზ როგავაა. ის ზუგდიდელია, თუმცა წლებია თბილისში ცხოვრობს და აქ მუშაობდა. შემთხვევა მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. `შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1983 წელს დაბადებული რ.რ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

როგორც მოკლულის ახლობელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მოკლული კონფლიქტური ადამიანი არ იყო.

"რამაზი ერქვა, მაგრამ ყველა ალიკას ვეძახდით. 42 წლის იყო, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ინფორმაცია არ მაქვს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა. ობლად გაზრდილები არიან ის და მისი დედმამიშვილები და ძალიან სამწუხაროა, რომ ბედმა იგივე წრეზე იარა, მასაც დარჩა ქალიშვილი, რომელსაც ვერ ეუბნებიან საყვარელი მამის მკვლელობის ამბავს. უბრალოდ ვერ ამიხსნია რატომ უნდა მოეკლათ, ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩხუბს არ დაიწყება და მისი მიზეზით არანაირი კონფლიქტი არ მოხდებოდა. ყველაფერი ერთმანეთში მერევა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი ამ ამბავს. გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა, არავის მიაყენებდა შეურაცხყოფას, შელაპარაკების მიზეზი თვითონ არ იქნებოდა. არ ვიცი ასე რატომ გაიმეტეს და ვინ გაიმეტა. როგორც ვიცი, დამნაშავესაც არ იცნობდა. არც სხვა დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია. მამა პატარა ასაკში დაეღუპა. 4 დედმამიშვილი იყვნენ, ობლად გაზარდა დედამ. სამწუხაროდ დედმამიშვილებიდან ერთი გარდაცვლილი ჰყავს. დედამისმა უფროსი შვილის გარდაცვალებას ვეღარ გაუძლო, მისმა გულმა ვერ გადაიტანა ეს დიდი ტკივილი და მალევე დაიღუპა. როგორც მახსოვს, მაშინ ალიკა 18 წლის იყო. ახლა მისი ორი დედმამიშვილია უმძიმეს მდგომარეობაში და ამ მწარე რეალობის წინაშე. ძნელია მათ რაიმე სანუგეშო სიტყვა უთხრა. რატომ მოკლეს არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცით ალიკა ძალიან პატიოსანი, მშრომელი და კეთილშობილი ბიჭი იყო და ძალიან მტკივა გული. ამ მოგონებად დარჩება ის ჩვენს გულში. დარწმუნებული ვარ ყველა კარგს გეტყვით მასზე. დამნაშავეზეც და კონფლიქტის მიზეზზეც ვერაფერს გეტყვით, ერთი ვიცით, ნაცნობები არ იყვნენ ერთმანეთის. ზუგდიდში ჩამოასვენებენ ალბათ. ჯერ არ არის ჩამოსვენებული. დარჩა ერთი გოგონა, რომელიც სამწუხაროდ ვიღაცის ჩადენილი უსამართლო ქმედების გამო უმამოდ უნდა იყოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც განიცდის მომხდარს. ძალიან მენანება ალიკა. ვიღაც გარეწრის უსამართლობას შეეწირა ეს კეთილი ადამიანი",- ამბობს ჩვენთან საუბარში მისი ახლობელი.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ბრალდებული უკვე დაკავებულია და ჯერჯერობით უცნობია, რას ამბობს ის თავის ჩვენებაში. კლინიკაში რჩება დაჭრილი ორი ახალგაზრდა. ისინი მისცემენ ალბათ გამოძიებას მომხდარზე დეტალურ ჩვენებას. სავარაუდოდ დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს და პროცესზე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალი 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ: "ადრე პოლიციაში მუშაობდა. საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა მეგობარმა" - ცნობილია 41 წლის რეინჯერის ვინაობა

"ბავშვს გაუღვიძია, მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა" - სამტრედიაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს.. საკ­ვე­ბის სა­ხით მი­ღე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზეც არის ეჭვი" - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა