"საქართველოში ამერიკის ელჩად მარკო რუბიოს პროტეჟე დაინიშნება..." - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: რატომ გავიდა ნაადრევ პენსიაზე რობინ დანიგანი?! - კვირის პალიტრა

"საქართველოში ამერიკის ელჩად მარკო რუბიოს პროტეჟე დაინიშნება..." - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: რატომ გავიდა ნაადრევ პენსიაზე რობინ დანიგანი?!

„ელჩი დეგნანი ნამდვილად არ არის საპენსიო ასაკში. დიპლომატიურ სამსახურში კი ადამიანები ასაკის მიხედვით კი არა, პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე ინიშნებიან და იხსნებიან", - ასე გამოეხმაურა პოლიტიკის ანალიტიკოსი, მირიან მირიანაშვილი აშშ-ის ელჩის საქართველოში რობინ დანიგანის განცხადებას, 33 წლიანი დიპლომატიური კარიერის დასრულებასა და პენსიაზე გასვლის შესახებ. როგორც დანიგანმა განცხადებაში აღნიშნა, მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია, ეს იყო სრულიად მისი პირადი გადაწყვეტილება. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობის გუნდს ვაშინგტონში და საქართველოში, საქართველოს კი თავისი სტუმართმოყვარეობისთვის. დანიგანი აცხადებს, რომ საქართველოში ივლისამდე დარჩება საქართველოში და დაუღალავად გააგრძელებს ურთიერთობების გამყარებას. რა იყო სინამდვილეში დანიგანის გადადგომის მიზეზი და შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ახალი ელჩის პირობებში, ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ელჩად დაინიშნება რუბიოს პროტეჟე. ტრამპის მმართველობის დასაწყისში, როდესაც მსოფლიოში ელჩების როტაცია დაიწყო, რუბიომ ეს პროცესი საქართველოსა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს მიზანმიმართულად აარიდა. სავარაუდოდ, ეს თანამდებობა იმ მომენტისთვის შეინახა, როდესაც თავად ექნებოდა ელჩების დანიშვნის საშუალება.

- ხომ არ გაქვთ ვერსია, თუ ვინ შეიძლება გამოაგზავნოს რუბიომ საქართველოში ელჩად?

- ეს იქნება რესპუბლიკური პარტიის ელიტიდან რომელიმე ყოფილი პოლიტიკოსი ან კარიერული დიპლომატი. დანამდვილებით ამის თქმა ჯერ რთულია. ცოტა დრო უნდა გავიდეს და ცნობილი გახდება.

- რისი თქმა შეგიძლიათ, რამდენად ახლოსაა სიმართლესთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნახევრად ხუმრობით მინიშნებები , რომლის მიხედვითაც ელჩ დანიგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ საელჩომ არ გაასაჯაროვა დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი?

- განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს საგარეო უწყების მუშაობის პრაქტიკასთან შეუსაბამოა. ამერიკის საელჩოების საიტი ვაშინგტონიდან ცენტრალიზებულად იმართება, ასე რომ, დანიგანის ნება-სურვილზე არ იყო დამოკიდებული ტრამპის წერილის გამოქვეყნებოს ან არგამოქვეყნების საკითხი.

- ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდა იმედი, რომ ახალი ელჩის პირობებში შესაძლოა ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება მოხერხდეს.

- შესაძლოა, მათი იმედები ბოლომდე ვერ გამართლდეს. ელჩის ცვლილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში ახალი პოლიტიკა უკვე ჩამოყალიბებულია. ამერიკელებს სჭირდებათ პირი, რომელიც შეცვლილი პოლიტიკის რეალიზებას დაჩქარებული წესით მიჰყვება. ეს ადამიანი ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი რუბიოს გარემოცვისგან - დენიგანი კი ასეთი ნამდვილად არ იყო. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის სიძის გარემოცვა შეეცადოს ოპონენტობა გაუწიოს რუბიოს ელჩის კანდიდატის შერჩევისას. იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბული ურთიერთობაა მასკის ციფრულ ოლიგარქატს, რუბიო-გრემის ჯგუფსა და ტრამპის სიძის ოჯახს შორის. ტრამპის ხელისუფლება სწორედ ამ სამი კონგლომერატის კოალიციისგან შედგება. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ მასკმა ტრამპი ტყუილის თქმაში დაადანაშაულა.

- რას გულისხმობთ?

- მასკმა გააკრიტიკა ტრამპის მიერ წარდგენილი „One Big Beautiful Bill Act“, რომელიც ელექტრომობილების სუბსიდიების გაუქმებას ითვალისწინებდა - საკითხი, რომელიც უშუალოდ ეხება მასკის კომპანიებს, მათ შორის Tesla-ს. მასკმა კანონპროექტი „მძიმე და საზიზღარი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი გაზრდიდა ფედერალურ დეფიციტს. ტრამპმა მასკის კრიტიკა უპასუხა და განაცხადა, რომ მასკი „გიჟდება“ და ის მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასკი „მოსაწყენად იქცა“ და რომ მან თავად სთხოვა მასკს, დაეტოვებინა თეთრი სახლი. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მასკი იცნობდა კანონპროექტის შინაარსს და რომ მას არ ჰქონდა პრობლემა მასთან, სანამ ელექტრომობილების სუბსიდიები არ გაუქმდა. მასკმა ტრამპის განცხადებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ეს „მნიშვნელოვანი ტყუილია“ . მასკმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი მისი მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. აი, ასეთი დაძაბულობაა ტრამპის ადმინისტრაციის გარშემო და იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაჯგუფებები უკვე ღიად ებრძვიან ერთმანეთს თითქმის ყველა საკითხზე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი დაძაბულობის ეპიცენტრში საქართველოში ამერიკის საელჩოც რომ აღმოჩნდეს.

- თქვენთვის ხომ არ არის ცნობილი, ვინ არის რუბიოს კანდიდატი?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუბიოს ორი კანდიდატი ჰყავს. ჯერჯერობით მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ... ბოლო დროს ტრამპის გარშემო იმდენი აბსურდი ხდება, გასაკვირი აღარც არაფერია. კვირაში შვიდი პარასკევი აქვს....

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეა სენატორი რიშია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რიში რუბიოსა და გრემის გუნდის წარმომადგენელია და თანამდებობაც მათი მხარდაჭერით მიიღო, დიდი ალბათობით, სენატი სწორედ რიშის კანდიდატურას დაამტკიცებს. თუმცა ინტრიგა ბოლომდე ჯერ კიდევ ამოწურული არ არის. ტრამპის არაპროგნოზირებად ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, არც ის არის გამორიცხული, რომ ელჩის დანიშვნის პროცესი დროში გაწელოს და დეგნანას კიდევ დიდხანს მოუწიოს საქართველოში დარჩენა.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ სტატია: გაგიჟებულმა პუტინმა "დიდი შურისძიება" დაიწყო?! - უკრაინელებმა კი ენგელსის ბაზა ააგიზგიზეს

ტაბუდადებული თემა ანუ ქართული სპეცსამსახურების ისტორია - დავით აღმაშენებლიდან ერეკლე მეფემდე