"ბავშვი 5 საათი ძეძვზე იყო ჩამოკიდებული, იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის. უფროსების გაუფრთხილებლად წასულან" - რას ჰყვებიან ცხენისწყალ - კვირის პალიტრა

"ბავშვი 5 საათი ძეძვზე იყო ჩამოკიდებული, იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის. უფროსების გაუფრთხილებლად წასულან" - რას ჰყვებიან ცხენისწყალში გადარჩენილ ბავშვზე?

შესაძლოა თუ არა ყველაზე ტრაგიკული ამბავი ყველაზე დიდი ბედნიერებით დამთავრდეს? - დიახ, შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად ნეგატივების მოწმეა, ვიდრე - პოზიტივების, მარტვილში 6 წლის დანი თოფურიას გადარჩენის სასწაული სწორედ ასეთია. წუხელ, საღამოს, ბავშვი სოფელ ხუნწიდან ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა წაიღო. მის გადარჩენას არავინ ელოდა. მით უფრო, რომ ბავშვს სრული 5 საათის განმავლობაში, ღამის 12 საათამდე ეძებდნენ სიბნელესა და ცხენისწყლის ღმუილში.

თუმცა სასწაული, რომელიც ამ პატარა ბიჭზე სამყარომ დაუშვა, მაინც მოხდა, რის შესახებაც სოფელ ხუნწის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.

- რა მოხდა წუხელ სოფელ ხუნწში? ძალიან გვიანი ღამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ამბავს მთელი საზოგადოება უმძაფრესი ემოციით განიცდიდა.

- ბავშვზე და მის ოჯახზე თავს დამტყდარი ტრაგედია იმდენად სულის შემძვრელია, როგორ შეიძლება არ განიცადო. ჩვენც, მთელი სოფელი და ჩვენთან ერთად - 50 მაშველი გულგაპობილი ეძებდა ბავშვს, სრული ხუთი საათის განმავლობაში. მით უფრო, რომ მდინარე ახლა ადიდებულია, განსაკუთრებით იმ ადგილას ტრიალებს წყალი, სადაც ბავშვი წაიღო. სრულიად წარმოუდგენლად აღსაწერია ის სიხარული, რაც ხალხმა მაშინ განიცადა, როცა ბავშვი ცოცხალი ნახა. ბევრმა თქვა, ემოციებისგან კინაღამ ჩავიკეცე, როცა ბავშვი დავინახეო.

- თუმცა ბავშვის დედა, ალბათ, მაინც ფიქრობდა, რომ შვილი ცოცხალი ჰყავდა. დედის ინტუიციას ვერავინ დააჯერებდა, რომ პირიქით იყო.

- ცხადია, ასეა. როგორც მითხრეს, დანი და მეზობლის ბავშვი, ასევე მცირეწლოვანი, საღამოს უფროსების გაუფრთხილებლად გასულან სახლიდან, მდინარეზე. ლამის წუთებში მოხდა ყველაფერი, თორემ, როგორც ვიცი, ბავშვები მაშინვე მოიკითხეს და დაუძახეს, მაგრამ ხელში მარტო დანის მეგობარი შერჩათ, რომელიც იმდენად შეშინებული და შეძრწუნებული იყო, წესიერად ვერც ათქმევინეს, რა მოხდა და როგორ მოხდა. ბოლოს მამამ ბავშვი მდინარეზე გაიყვანა, მოფერებით და დაყვავებით აჩვენებინა ის ადგილი, საიდანაც ბავშვი წყალმა წაიღო. ალბათ, ფეხი დაუცდა მდინარის ნაპირას.

- იქნებ ბავშვი ყვიროდა, როცა წყალს მიჰქონდა, ამიტომ იყო მისი მეგობარი ასე დათრგუნვილი?

- არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, ბავშვი იმდენად შეშინებული და დადუმებული იყო, ვერაფერს ამბობდა. მდინარეზე რომ გაიყვანეს, მაშინ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც დანი წყალმა წაიღო. ეს იყო, დაახლოებით, საღამოს 7 საათი. ამის შემდეგ ბავშვის ოჯახმა, სოფელმა და მთელი რეგიონის მაშველებმა დაიწყეს ძებნა. რამდენიმე ათეული მაშველი ეძებდა. სოფელი, თავისთავად ეძებდა, თითქმის ყველა მცხოვრები, ვისაც კი სიარული შეეძლო.

სიბნელეში ჩანდა, რომ მაშველები მდინარის ორივე ნაპირზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და ასე ეძებდნენ.

ბოლოს ისევ ხუნწის მცხოვრებმა იპოვა, წყალში ჩავარდნის ადგილიდან, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრის დაშორებით - სოფელ ხუნწიდან სამი სოფლის იქით, სოფელ ლეხაინდრაოსთან. იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის და იქ იყო... ძეძვზე ჩამოკიდებული.

- წარმომიდგენია, ბავშვის პოვნა რამხელა შოკი იქნებოდა მპოვნელისთვისაც, ოჯახისთვისაც, მთელი სოფლისთვის და მაშველებისთვისაც.

- აბა, რა. ეს იყო სიხარულის შოკი, რომელიც თავიდან ვერც ცნობიერდება. ბევრმა თქვა, როდესაც დანი ცოცხალი დავინახეთ, მუხლები მოგვეკვეთაო - ხალხი ტიროდა სიხარულით.

- თავად ბავშვი როგორ გრძნობდა თავს? როგორ შეძლო, 5 საათის განმავლობაში რაღაც ძეძვნარს მოსჭიდებოდა და წყლისთვის ამხელა წინააღმდეგობა გაეწია, თანაც - სიბნელეში, ამ დროს ხომ ყველა ბავშვს ეშინია! დანი კი მდინარეში, ძეძვზე ჩამოკიდებული, წყალს ებრძოდა.

- მიწიერი ძალების გარდა, ხომ არის ზეციური ძალა, რომელიც ყველაფერს მართავს. მგონია, ბავშვის გადარჩენაში ამ ძალამ ითამაშა მთავარი როლი, ამის გარდა - გადარჩენის ინსტინქტმა და თავად დანიმაც.

საბედნიეროდ, ჯანმრთელი, ფიზიკურად ძლიერი ბავშვია, რასაც ყველას ვუსურვებდი, სუფთა ჰაერზე დარბის და თამაშობს. მადლობა განგებას, რომ მისი გადარჩენის წყალობა მოგვცა. პირველ რიგში, მის მშობლებს შეუცვალა განსაცდელი სიხარულად, მერე კი ჩვენ, ყველას. თავად ჩვენმა ბიჭმა, დაე, მრავალი წელი იცხოვროს და იხაროს ასე იღბლიანად.

(სპეციალურად საიტისათვის)