აიათოლა შურისძიებისთვის ემზადება ანუ რა ძალა აქვს ირანს?! - მოვლენების განვითარების 3 სცენარი - კვირის პალიტრა

აიათოლა შურისძიებისთვის ემზადება ანუ რა ძალა აქვს ირანს?! - მოვლენების განვითარების 3 სცენარი

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „უპასუხოს ახლავე, გვიან თუ არასოდეს: როგორი შეიძლება იყოს ირანის შემდეგი ნაბიჯი“ (ავტორი - ფრენკ გარდნერი). „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები თვლიან, რომ აშშ-ის ბომბდამშენი ავიაციის შეტევა ირანის ბირთვულ ობიექტებზე წარმატებული იყო, მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზიანებები კრიტიკული არ არის და მათი აღდგენა მოკლე ხანში მოხდება. სამაგიეროდ, თეირანმა ვაშინგტონს „წარუშლელი პასუხის“ გაცემა აღუთქვა, რომელსაც ამერიკა ვერასოდეს დაივიწყებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

ირანის დაზვერვა, სამხედროები და... ზოგადად, ხელისუფლებაში მიმდინარეობს დისკუსია, თუ როგორი უნდა იყოს საპასუხო დარტყმა აშშ-ის მიმართ და როგორი შედეგები უნდა ჰქონდეს შეტევას. ირანის მხარეს მოუწევს, აირჩიოს - მზად არის თუ არა ის აშშ-ის მხრიდან ახალი დაბომბვისათვის, საერთოდაც აქვს თუ არა აზრი აშშ-სთან და დასავლეთთან ურთიერთობის გამწვავებას, რამდენად შესაძლებელია აშშ-სთან მოლაპარაკებისკენ დაბრუნება და რას ნიშნავს პრაქტიკაში ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა.

მთლიანობაში, ირანისათვის ამჟამად სამი სამოქმედო სტრატეგიული კურსის გატარებაა შესაძლებელი. თითოეული მათგანი გარკვეულ რისკს შეიცავს, თუმცა იმ ადამიანების გონებაში, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ახლა მთავარია ისლამური რეჟიმის გადარჩენა.

პირველი - მკვეთრი და სწრაფი შურისძიება:

ასეთ ვარიანტს მხარს დაუჭერენ ისინი, ვინც ყველაზე მეტად განიცდის ქვეყნის დამცირებას ჯერ ისრაელის, შემდეგ კი - აშშ-ის შეტევებით.

ირანელ სამხედროებს, ალბათ, „მაგიდაზე უდევთ“ აშშ-ის სამხედრო ბაზების სია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც, დაახლოებით, 20 ობიექტს ითვლის. არსებობს ვარაუდი, რომ ირანს მათ დასაბომბად ჯერ კიდევ აქვს შენახული სხვადასხვა სიშორის მქონე ბალისტიკური რაკეტების რეზერვი (დაახლოებით, 3 ათასამდე), დანარჩენი ისრაელზე დახარჯა.

ძირითადი ამერიკული ბაზა - აშშ-ის მე-5 ფლოტის შტაბ-ბინა - მდებარეობს ქალაქ მინა-სალმანის ახლოს, ბაჰრეინში. იქვეა განლაგებული ქვეყნის მთავარი სავაჭრო ნავსადგურიც. თუმცა ირანმა შეიძლება არ მოისურვოს სპარსეთის ყურეში მდებარე მოსაზღვრე ქვეყანაზე შეტევა, ამ შემთხვევაში, დარტყმის ობიექტი აღმოჩნდებიან ამერიკული ბაზები სირიაში (ალ-ტანფში და აინ-ალ-ასადში) და ერაყში (ერბილში).

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპმა „დედა- ბომბებით“ მაინც დაარტყა ირანს, სად დაბომბავს საპასუხოდ აითოლა ამერიკელებს?

ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ როგორც სადამ ჰუსეინს არ ჰქონია ქიმიური იარაღი, არც აიათოლა აპირებდა ბირთვული ბომბის შექმნასო...

დაუჯერებელი ისტორია: აიათოლას სადამ ჰუსეინის ცოდვებმა უწია?! - გვემუქრება თუ არა ირანული "ჩერნობილი"

აიათოლას "საიდუმლო" იარაღი?! - რას წარმოადგენს რაკეტა Sejil, რომელსაც ისრაელისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია

ერაყში არსებულ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანმა ჯერ კიდევ 2020 წელს განახორციელა, როცა ვაშინგტონმა ბაღდადში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფის - „ალ-ყუდსის“ მეთაურის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია მოახდინა, მაგრამ იმ დროს ირანმა აშშ წინასწარ გააფრთხილა, რომ ბაზებს დაარტყამდა - „ზედმეტი მსხვერპლისა და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“. ამჯერად, როგორც ჩანს, შეტევა გაუფრთხილებლად მოხდება.

მკაცრი პასუხის მეორე ვარიანტი: შეტევა რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე, დრონებისა და სწრაფმავალი კატერების მეშვეობით. ასეთი დარტყმების სასწავლო-საწვრთნელი სერიები ირანმა უკვე განახორციელა და კარგად აქვს ათვისებული. გარდა ამისა, ირანს შეუძლია, დახმარება სთხოვოს თავის ერთგულ მოკავშირეებს - იემენელ ჰუსიტებს, რათა მათაც შეუტიონ ამერიკულ ხომალდებს.

და ბოლოს, პასუხის მესამე ვარიანტი: შეტევა შეიძლება იყოს არა სამხედრო, არამედ - ეკონომიკური, რომელიც ჰორმუზის სრუტის გადაკეტვასა და მის დანაღმვას გულისხმობს. ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება მსოფლიო ნავთობის ტრანსპორტირების 20% და თუ მართლაც ტრანზიტი დაიბლოკება, ირანის ეს ნაბიჯი სხვა სახელმწიფოების ინტერესებზეც მოახდენს გავლენას. სწრაფად გაიზრდება ნავთობის ფასი, რომლითაც ზოგიერთი სახელმწიფო [ვთქვათ, რუსეთი] ისარგებლებს. ირანს, ასევე, შეუძლია შეუერთდეს ჩინეთს, რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას, სერიოზული კიბერთავდასხმის ორგანიზების საქმეში. თეირანს ამის საკმაო გამოცდილება აქვს - მას შეუძლია მავნე პროგრამის ჩანერგვა აშშ-ის კომპანიების ქსელში. ასეთი ვარიანტიც, უეჭველია, ირანის სამხედრო წრეებში განიხილება.

მეორე - ასიმეტრიული შურისძიება მოგვიანებით

ირანს შეუძლია, ამერიკას სწრაფად არ შეუტიოს და პაუზა აიღოს, უფრო მოგებიანი სიტუაციის დადგომამდე - ვთქვათ, მანამ, ვიდრე ამერიკულ ბაზებზე საბრძოლო მზადყოფნის დონე არ შემცირდება - მაქსიმალურიდან მინიმალურამდე. ასეთ ვარიანტში ნავარაუდევია ფართო სამოქმედო სივრცე - ირანს შეუძლია, მოემზადოს და შემდეგ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (საელჩოებს) ან სავაჭრო მისიებს შეუტიოს, ან ფიზიკურად გაანადგუროს ისინი, ვინც იქ მუშაობენ.

ამ ვარიანტის ნაკლი ისაა, რომ აშშ, ალბათ, სწრაფად უპასუხებს ირანს და ეს მოხდება, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ირანელები ჩვეულებრივი ცხოვრებისადმი დაბრუნებას დაიწყებენ.

მესამე - არავითარი შურისძიება, დარჩეს უპასუხოდ

ცხადია, ასეთი ვარიანტი ირანისაგან უდიდეს თავშეკავებას გულისხმობს, თუმცა თეირანი ამით თავიდან აიცილებდა აშშ-ის შემდგომ შეტევებს და ქვეყანა მოლაპარაკებას დაუბრუნდებოდა, „მშვიდობიანი ატომური პროგრამის“ ფარგლებში.

ამ ვარიანტის ნაკლი იმით გამოიხატება, რომ ირანს კიდევ ბევრ დათმობა-კომპრომისზე წასვლა მოუწევს: ამერიკაც და ისრაელიც მასზე ზეწოლას მოახდენენ და მოსთხოვენ, რომ ირანს საერთოდ არ ჰქონდეს ურანი ან ჰქონდეს, მაგრამ თვითონ კი არ გაამდიდროს, არამედ - სხვა ქვეყანამ. ეს იქნებოდა იმის გარანტია, რომ თეირანი ატომურ ენერგიას სამხედრო მიზნებით არ გამოიყენებს.

ასეთი ნაბიჯი გახდება, აგრეთვე, ირანის ხელისუფლების სისუსტის დემონსტრაცია, მათ შორის - საკუთარი მოქალაქეების თვალშიც. მოსახლეობაზე კონტროლის შესუსტების რისკი, რაც რეჟიმის ცვლილების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს, უეჭველია, ამერიკული შეტევების მნიშვნელობას ბევრად აღემატება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო