სამშვიდობო გეგმის კრახი?! - დაიწყო თუ არა ახალი ესკალაცია ისრაელსა და ირანს შორის - კვირის პალიტრა

სამშვიდობო გეგმის კრახი?! - დაიწყო თუ არა ახალი ესკალაცია ისრაელსა და ირანს შორის

„მინდა, მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, გამძლეობის, გამბედაობისა და ინტელექტის გამო, რათა დაესრულებინათ ის, რასაც „12-დღიანი ომი“ უნდა ვუწოდოთ. ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლოაღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, რამდენიმე საათის წინ...

ომი დამთავრდა, თანაც რა ომი, რომელსაც შეიძლება ძალზე საშიში ბირთვული ინცინდენტები გამოეწვია და, საერთოდ, დასაბამი მიეცა მესამე მსოფლიო ომისთვის, რომელიც პრინციპში, მგონი, ისედაც დაწყებულია...

გუშინდელი დღის, 23 ივნისის მიწურულს, ამავე ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში: "პრესტიჟის სარაკეტო შურისძიება"- ირანმა კატარი წინასწარ გააფრთხილა, რომ ამერიკული ავიაბაზისკენ ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდა...“ , ვწერდით, რომ „წინასწარი მონაცემების თანახმად, ირანული რაკეტების თავდასხმა კატარის ალ-უდედის საჰაერო ბაზაზე წარმატებით იქნა მოგერიებული, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ირანი სწორედ მისი მიმართულებით განახორციელებდა საჰაერო იერიშს...

ახლა მთავარი ის არის, პრეზიდენტი ტრამპი „პასუხის პასუხს“ ხომ არ მოინდომებს და გააგრძელებს ამერიკული ავიაციით ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტების დაბომბვას.

გასაგებია, რომ ისრაელის ხელისუფლებას ეს ძალიან სურს, მაგრამ რამდენად აწყობს ეს ყველაფერი თავად აშშ-ს?

მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი თავს შეიკავებს ირანის შემდგომი დაბომბვისგან და, შესაბამისად, აღარც თეირანი ეცდება ახლოაღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ რაკეტების გაშვებას...“

ჩვენი ეს ვარაუდი, პრინციპში, გამართლდა -კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე „პრესტიჟის სარაკეტო შურისძიებით“ თეირანმა პასუხი გასცა ამერიკულ დაბომბვებს და, ამასთან, ისე გამოვიდა ომიდან, რომ მძიმე დანაკარგების მიუხედავად, კაპიტულაციამდე არ მისულა საქმე...

რაც შეეხება ისრაელს, რომელმაც წამოიწყო ეს 12-დღიანი ომი, მან ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზნებს და მძიმე დარტყმები მიაყენა ირანის ბირთვულ პროგრამას, თუმცა ის მთლიანად, ბუნებრივია, ვერ გაანადგურა...

ასევე დაგაინტერესებთ: დაუჯერებელი ისტორია: აიათოლას სადამ ჰუსეინის ცოდვებმა უწია?! - გვემუქრება თუ არა ირანული "ჩერნობილი"

აიათოლას "საიდუმლო" იარაღი?! - რას წარმოადგენს რაკეტა Sejil, რომელსაც ისრაელისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია

მაგრამ რაც მთავარია, ისრაელმა ვერ აღასრულა თავისი უმთავრესი და სანუკვარი მიზანი - ირანში აიათოლების ხელისუფლების დამხობა!

დრო გავა, ირანი ამ 12-დღიანი ომის ჭრილობებს მოიშუშებს, თავის სახელმწიფო რიტორიკასაც კორექტირებას გაუკეთებს, „მშვიდობიანი ატომის“ პროგრამასაც გააგრძელებს და, სავარაუდოდ, არც „საიარაღო ატომზე“ იტყვის საბოლოოდ უარს, ოღონდ - ბევრად უფრო ფარულად გააკეთებს ამას...

სამაგიეროდ, დარჩება ირანისა და ისრაელის ათწლეულებიანი მტრობა, გაძლიერებული ამ 12-დღიანი ომით, რაც უახლოეს მომავალში მათი მორიგი შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს...

P.S. სანამ ეს სტატია იწერებოდა, ირანმა ისრაელისკენ კიდევ გაუშვა ბალისტიკური რაკეტები, მანამდე კი ისრაელის ავიაციამაც მიიტანა იერიშები ირანის ტერიტორიაზე - რა გამოდის? პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა მთელი მსოფლიოს გასაგონად, ისრაელ-ირანის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით ნაადრევი აღმოჩნდა და სამშვიდობო პაუზამ მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანა?

მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა იმედია, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა მაინც მოხდება, უახლოეს საათებში, რაზეც მიუთითებს აშშ-ის პრეზიდნტის ტრამპის ეს განცხადებაც - „ისრაელი და ირანი სრულად შეთანხმდნენ, რომ იქნება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა (აქედან, დაახლოებით, ექვს საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ და დაასრულებენ საბოლოო მისიებს). 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ირანი ოფიციალურად დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგი 12 საათის განმავლობაში ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24-ე საათზე მსოფლიო 12-დღიანი ომის დასასრულს მიესალმება“.