საშემოდგომო სცენარი საქართველოსთვის: ოპოზიციის დილემა და რას გეგმავენ ამერიკელები?! - მირიან მირიანაშვილის ანალიზი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება — რვა პარტია, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „ევროპული საქართველო“, ბოიკოტს უცხადებს საარჩევნო პროცესს. საერთო განცხადება პარლამენტთან გააჟღერა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ამავე მოთხოვნით დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა. პარტიები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობა არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ მმართველ გუნდს აძლევს ლეგიტიმაციის ილუზიას. მათი თქმით, პოლიტიკური ბრძოლა უნდა გაგრძელდეს საპარლამენტო ფორმატს მიღმა - საერთო ეროვნული წინააღმდეგობის გზით. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და "ლელოს" ლიდერების პოზიცია კი კვლავ უცვლელია - ისინი კვლავ განიხილავენ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა შედეგი მოიტანა ელენე ხოშტარიას შიმშილობამ და რამდენად იყო ეს ნაბიჯი თანხვედრაში იმ რეალობასთან, რომელსაც თავად ბოიკოტის ინიციატორები აღიარებენ? შიმშილობის, ბოიკოტის, არჩევნებში მონაწილეობის თემებსა და ქართული ოპოზიციის სტრატეგიულ სირთულეებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი, მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება:
- მე, როგორც ალბათ ბევრს, გამიჭირდა შიმშილობის იმ მოტივის მიღება, რომელიც ხოშტარიამ შიმშილობის მეორე თუ მესამე დღეს წამოაყენა. საყოველთაო ბოიკოტის ორგანიზების მიზნით, შიმშილობა ცოტა არ იყოს, უცნაური იყო. მანამდე არც გამიგია ასეთი რამ, შესაბამისად, რთულად დასაჯერებელიც იყო, რომ შიმშილობის ამგვარი მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება ის ხანგრძლივი ყოფილიყო.
შიმშილობის დასრულება, ჩემი აზრით, იმით აიხსნება, რომ თავად ორგანიზატორმა ბოლოს გააცნობიერა ამ მოთხოვნების აბსურდულობა და მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ემოციური რეაქცია იყო.
- შიმშილობის დაწყება, გარკვეულწილად, სასოწარკვეთილი ნაბიჯიც ხომ არ იყო, ხომ არ რჩება იმის განცდა, რომ ოპოზიციური ლიდერები დაბნეულები არიან და უჭირთ სწორი სტრატეგიის შემუშავება?!
- ხოშტარიას აშკარად აღელვებდა გახარიასა და ხაზარაძის პარტიების გადაწყვეტილებები - მიიღებდნენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ე.ი. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტი ვერ იქნება თანმდევი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის პროცესისა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს არჩევნების გზით ვერ ჩამოაშორებენ ხელისუფლებას. პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ორივე გზა არასწორია, არამედ იმაში, რომ ოპოზიციაა სუსტი. დღევანდელ ოპოზიციურ სტრუქტურებს უბრალოდ არ შესწევთ უნარი წარმატებული სტრატეგიის ორგანიზებისა, რაც უნდა სცენარი განიხილებოდეს. ხოშტარიას სასოწარკვეთილი ნაბიჯიც სწორედ რესურსებისა და ენერგიის დეფიციტის მანიშნებელია. რაც შეეხება, ხაზარაძესა და გახარიას, მათი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების სვლასა და მიმართულებას. ოპოზიცია დღეს დაბნეულია იმიტომ, რომ დასავლეთისგან სერიოზულ მხარდაჭერას ვერ გრძნობს. ლიდერები იმ მოლოდინით მოქმედებენ, რომ თუ დასავლეთი არ „მიაწვება“ ივანიშვილს, თავად ვერ შექმნიან მისთვის ეგზისტენციურ პრობლემას ე.ი. ხვდებიან, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს დასავლეთზე დამოკიდებული, განსაკუთრებით - აშშ-ზე, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების აქტიური მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებენ. კომუნიკაციის სერიოზული დეფიციტი აქვთ. დასავლეთის რეგიონალური გეგმების მონაწილე ოპოზიცია დღეს არ არსებობს.
ასევე დაგაინტერესებთ: "ეს არის რუსულ სპეცსამსახურებში კარგად დამუშავებული ტექნოლოგია, როდესაც..." - გია ხუხაშვილის ექსპერტული ანალიზი
- თქვენი შეფასებით, სუსტი ოპოზიციის პირობებში, რომელი გზა შეიძლება იყოს გამოსავალი - ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა?
- ვერც ბოიკოტი იქნება წარმატებული სტრატეგია და ვერც არჩევნებში მონაწილეობა, თუ მათ უკან დასავლეთის, განსაკუთრებით - აშშ-ის პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერა არ იდგება.
სცენარი, სადაც მონაწილეობას იღებ არჩევნებში, შემდეგ აჩვენებ გაყალბების ფაქტებს და ელოდები დასავლეთის რეაქციას - აუწყობელი სცენარია. იმიტომ, რომ ამ სცენარში არ ჩანს ის საკვანძო ელემენტები, რომლებიც წარმატების წინაპირობაა. პირველ რიგში, დასავლეთს არ სწამს დღევანდელი ოპოზიციის შესაძლებლობების.
- თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ გიორგი გახარია ახლა დასავლეთშია და მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, ბოლო ცნობებით, გერმანიის იუსტიციის მინისტრს, შტეფან ჰუბიგს შეხვდა. არა ერთი საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, დასავლელ პარტნიორებთან, დაპატიმრებამდე.
- პრობლემა ისაა, რომ ვინც დასავლეთში გადაწყვეტილებებს იღებს, სწორედ იმ პოლიტიკურ სტრუქტურებთან არ აქვთ უშუალო კომუნიკაცია. თუ ქართულმა ოპოზიციამ პირდაპირი და საქმიანი კომუნიკაცია არ ჩამოაყალიბა იმ პოლიტიკოსებთან, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგალითად, რუბიო-გრემის დაჯგუფებასთან აშშ-ის ადმინისტრაციაში, მაშინ ეს შეხვედრები არაფრის მომცემია. ევროპარლამენტარები და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები ივანიშვილისთვის ფაქტორს არ წარმოადგენენ, მას კარგად ესმის, რომ ევროკავშირს არანაირი რეალური ბერკეტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ გააჩნია. ბერკეტი მხოლოდ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას აქვს და მათთან მყარი კომუნიკაცია არის მთავარი.
- როგორ წარმოგიდგენიათ პროცესის დასასრული, რა იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე ან შემდეგ?
- ინტრიგა მხოლოდ ერთია: თუ ოპოზიცია ვერ ახერხებს რეალურ კომუნიკაციას გადაწყვეტილების მიმღებებთან, მაშინ სიტუაცია შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ. აშშ-ის სტრატეგია დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთია - ჯერ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, უნდა დამყარდეს ახალი ზავი რუსეთთან და შემდეგ მიხედონ რუსულ გავლენებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ რეალურად მათი ყურადღება ჯერ რუსეთისკენაა. სამაგიეროდ, შესაძლოა, ახლო მომავალში სენატში ისევ გააქტიურდეს გრემის კანონპროექტი, რომელიც რუსულ ეკონომიკას მკვეთრად აზიანებს. ასეთი სანქციების განახლება საქართველოშიც ავტომატურად შექმნის პრობლემას პრორუსულ ძალებისთვის. ანუ ივანიშვილზე ზემოქმედების უფრო ეფექტიანი გზა იქნება სწორედ ასეთი გარე ზეწოლა და არა შიდადისკუსია ბოიკოტზე ან არჩევნებში მონაწილეობაზე.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)