"საქართველოში მოვლენები შესაძლოა, ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს" - დავით ზურაბიშვილის პროგნოზი: შეუძლია თუ არა ოპოზიციას თბილისისთვის ბრძოლა?! - კვირის პალიტრა

"საქართველოში მოვლენები შესაძლოა, ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს" - დავით ზურაბიშვილის პროგნოზი: შეუძლია თუ არა ოპოზიციას თბილისისთვის ბრძოლა?!

გთავაზობთ ეპიზოდს სტატიიდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 23 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტები საქართველოში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე საიბრობენ.

დავით ზურაბიშვილი:

- ძალიან ხელოვნურია ის ანალოგი, რომ რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ მივდივართ. აქ ყველაფერს რუსულს ეძახიან და ამ თვალით თუ შევხედავთ, კი, რუსეთში სულ ცუდი ხდება, მაგრამ რუსეთი ცოტა სხვა ტიპის სახელმწიფოა... ჩვენთან ნამდვილად მიდის საქმე დიქტატურისა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ, უკვე ძალიან ღრმად შეტოპა ხელისუფლებამ, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება ჩვენთან სტაბილური დიქტატურა დამყარდეს. ეს წარმოუდგენელი მგონია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთია თვითონ­ საზოგადოება. არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიასა და ტოლერანტობაზეა გადამკვდარი, მაგრამ განსაკუთრებით ახალი თაობისა და პრინციპში, საშუალო თაობის დიდი ნაწილისთვისაც, იმასთან, რასაც ამკვიდრებს "ქართული ოცნება", შეგუება შეუძლებელია. შეუძლებელია მოერგო ინტელექტისგან სრულიად დაცლილ შეთქმულების თეორიებს. წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ რაღაც დიფ სთეითი გვებრძვის და რომ არ მოგვერიოს, მაინცდამაინც "ქოცები" უნდა იყვნენ ხელისუფლებაში.

- მაგრამ "ოცნების" მხარდამჭერთა დიდ კატეგორიას ამის სჯერა...

- მათ მხარდამჭერებშიც არიან ადამიანები, ვინც რაღაც კონფორმიზმზე მიდიან, მაგრამ "ოცნება" უკვე ისეთ დონეზეა, ვერ მოერგება ეს ხალხი, აღარ იქნება მათთვის მისაღები. მეორე მხრივ, რაც ავტორიტარიზმისა და დიქტატურისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი კეთდება - აშთობენ არასამთავრობო სექტორს, დამოუკიდებელ მედიას, პოლიტიკურ ოპოზიციას. ხელისუფლება ცდილობს ისინი განდევნოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, ქვეყანაში არ არსებობდეს არც ოპოზიცია, არც დამოუკიდებელი მედია, არც არასამთა­ვრობო სექტორი.­ თუ ვინმეზე იტყვი "მონას",­ ან გაჯარი­მებენ, ან გიჭერენ - მეტი დიქტატურა­ რაღა უნდა იყოს?! ასე საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა. მაშინ გაცილებით სტაბილური სისტემა იყო, ფუნქციები დანაწილებული, იცოდი, რა შეიძლებოდა და რა არა. ეს მოქალაქეების დიდ ნაწილს გაცნობიერებული ჰქონდა იმ საყოველთაო სიყალბის და კორუფციის ფონზე. ასეთი სისტემა შეუძლებელია პატარა სახელმწიფოში ააშენო.

რა შორსაც არ უნდა წავიდეს რუსული მიმართულებით ხელისუფლება, არა მგონია, რომ ჩვენ რუკაზე ფერი დავკარგოთ, გავხდეთ რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც მაგალითად, დონბასი. კი, მარიონეტობა გვემუქრება, თუმცა ამის შემაკავებელი საერთაშორისო კონიუნქტურაა.

ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, ევროპისა და ამერიკისთვისაც, ოღონდ ახლა უფრო მეტად ირან-ისრაელის კონფლიქტის და არა იმდენად ევროპის კონტექსტში. ჩვენ ევროპად არ აღგვი­ქვამენ. ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად გვიყურებს როგორც ევროპას, უფრო ახლო აღმოსავლეთად განგვიხილავენ, მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთი მათთვის მნიშვნელოვა­ნია.

ამიტომ აქ რომ ყველაფერი რუსეთს აჩუქონ, გამორიცხულია, მაგრამ მაქვს არცთუ მთლად ოპტიმისტური განწყობა, რომ რაღაცები ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეჯახებით დამთავრდება. ეჭვი მაქვს, შეიძლება უფრო სასტიკი შეტაკებები მოხდეს, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ, რომ ხელისუფლების ქმედებები ნორმალურ ლოგიკაში არ ჯდება.

- რა შეიძლება გახდეს ამ შეჯახების კატალიზატორი?

- კობახიძის პრემიერობამდე ხელისუფლება ორთქლის გამოშვებაზე მეტ-ნაკლებად არ ამბობდა უარს, რომ ხალხის აღშფოთებული ტალღა ჩაექრო. რაც კობახიძე გახდა პრემიერი, "ოცნება" აბსოლუტურად­ გადასულია "ნაცმოძრაობის" ტალღაზე, არაფერს თმობს და ყოველ წინააღმდეგობას მეტი რეპრესიული ზომით პასუხობს, იგონებს რაღაც კანონებს, მექანიზ­მებს, როგორმე გაგვაჩეროს, ჩაგვაგდებინოს ენა. მთლად არ გამოსდის, მაგრამ არ ჩერდება...

ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "ძალიან მსხვილ მაღალჩინოსანს დაიჭერენ!" - ოპოზიციის ციხის პოლიტიკა და უნდა დაბრუნდეს თუ არა გახარია საქართველოში?!

"ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში­ ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი

"მამუკა ხაზარაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე" - თეა წულუკიან

- რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

- მოჰყვება ის, რაც მოჰყვა "ნაცების" დროს. "ნაცებს" ასეთი პოლიტიკა რომ არ ჰქონოდათ, არაფერში დათმობა და არც ერთი ნაბიჯი უკან და ყველაფერზე რეპრესიით პასუხი, 2007 წლის ნოემბრის აფეთქება არ მოხდებოდა.

როცა ხედავ უკმაყოფილების ზრდას­ და გამოსავალს არ აძლევ, ის გროვდება და მერე ე.წ. მოთმინების ფიალის ეფექტი დგება­ - როცა აივსება მოთმინების ფიალა, მერე ფეთქდება. ამის საბაბი შეიძლება ისეთი რაღაც გახდეს, რაზეც ახლა არავინ ფიქრობს.

ამის გამო შეიძლება ქუჩაში ორასი ათასი კაცი გამოვარდეს. დღეს რუსთაველი ყოველდღე რომ იკეტება, ამის წინააღმდეგ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. იქ ახლა იმდენი ხალხი იკრიბება, გზის გადაკეტვას რომ სჭირდება. ხელისუფლება ერიდება ფიზიკურად შეხებას იმიტომ, რომ ერთი-ორჯერ ასეთი რამ რომ მოხდა, უცბად მოაწყდა ათჯერ მეტი ხალხი - ანუ არ უნდათ დიდი აფეთქების გამოწვევა, მაგრამ, ამ სასამართლო პროცესებით, დაპატიმრებებით, დაჯარიმებებით აუცილებლად აავსებენ მოთმინების ფიალას.

ადრეც ვამბობდი, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის მნიშვნელოვანი­ ნიშნულია. იმედი აქვთ, რომ არჩევნების მერე აღდგება მათი იმიჯი და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციის აღდგენა ისე ესმით, რომ მწვანე გზას მიიღებენ, რაც უნდათ, ის აკეთონ. ეს კი ვერ მოხდება, მაგრამ ის, რომ მათ არასოდეს არავინ დაელაპარაკება, ასეთი რამ არ იქნება.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის არჩევნები როგორ ჩატარდება და რას იზამენ ოპოზიციური ძალები. თუმცა ხელისუფლება თუ ამ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, იმი მიუხედავად, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, სულ რომ დახოცოს ოპოზიციამ ერთმანეთი, ასეთი რეპრესიული­ მიდგომით, როდესაც უკმაყოფილება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, აფეთქება გარდაუვალია.

- "ოცნებას" თუ უნდა ამ არჩევნებში არ დაფიქსირდეს გაყალბება, მაშინ ისიც უნდა უნდოდეს, რომ ვიღაცამ ეს დააფიქსიროს და ამ დროს ეუთო/ოდირის მოწვევაზე უარის თქმა რას ნიშნავს?

- საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს ნაკლებად იწვევენ, არც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს მოუწვევიათ. რაც მთავარია, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეუძლია არჩევნებზე დაკვირვება. შეუძლია,­ უბრალოდ, არ იწვევენ. სხვა რაღაცაა, როდესაც შენ იწვევ, და სხვა, როდესაც თვითონ გამოთქვამს სურვილს და შენ ეუბნები უარს. ესენი ამბობენ, ჩვენ არ მოვიწვევთო. ამიტომ ეს საკითხი, ჩემი აზრით, ზედმეტად გაიბერა და ბოიკოტის მომხრეებმაც ჩათვალეს, რომ ეს მათთვის კიდევ ერთი არგუმენტია.

- ბოლო დროს ხაზარაძე-გახარიას მიმართ განსაკუთრებით აგრესიულია ხელისუფლება.

- ხელისუფლებისთვის უკეთესია, თუ დომინაცია იქნება "ნაცური" ეგიდით, თუმცა "ნაცური" დომინაცია ამ შემთხვევაში კონკრეტულად "ნაცმოძრაობითაც" არ გამოიხატება, გამოიხატება ქმედებებით და იმ პოლიტიკური დღის წესრიგით, რაც აქვთ. "ნაცური" პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც ბევრი უერთდება,­ და არა მხოლოდ "ნაცმოძრაობიდან" წამოსული პარტიები, ის არის, რომ ივანიშვილი 2012 წლიდან რუსული პროექტია და უნდა გავაგდოთ რევოლუციით. პრინციპში, "ლელოც" ამ ხაზზე იდგა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი რომ გამოთქვა, ხელისუფლებას ეს მაინცდამაინც არ ესიამოვნა. არც ის, რომ გახარია აპირებს მონაწილეობას. მათ არ უნდათ არჩევნებში ბრძოლა, მათ თვითმმართველობის არჩევნებში ტრიუმფი უნდათ. იციან, რომ თბილისში ცუდად აქვთ საქმე. ის ლეგენდა, რომ ხელისუფლება რასაც უნდა, იმას დაიწერს, რაც ბოიკოტის მომხრეების მთავარი არგუმენტია, ჩვენი საარჩევნო სისტემის უცოდინარობაა. თუ ქართულ საარჩევნო სისტემას იცნობ, შეუძლებელია ასეთი აზრი გაგიჩნდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ საარჩევნო სისტემაში ეს არ გამოჩნდეს. ჯერ უბნის ოქმი უნდა აიღო, რომლის ასლი ყველას მიაქვს, მერე საოლქოში შეჯამდება და მიდის ცესკოში, რომელიც საბოლოოდ აჯამებს, და შენ თუ ეს ოქმები გაქვს და მერე ხელისუფლებამ დაიწერა ის, რაც უნდა, მის გაყალბებას დოკუმენტურად დაასაბუთებ. თუ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ლეგიტიმაცია, მაშინ ცხადია, გაყალბება არ აწყობს. თუ პირდაპირ დაიწერა, რა შედეგიც უნდა, ოპოზიცია იყვირებს და გაყალბებული არჩევნების გამო მას ლეგიტიმაცია არ მიეცემა. ამიტომ ეს არგუმენტი ძალიან არასერიოზულია. მეორე მხრივ, თუ მოწადინებული არიან, რომ თბილისში იყოს არაპარტიული­ კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ რეიტინგები 66X25-ზეა. ასეთი დაბალი რეიტინგი ხელისუფლებას არასდროს ჰქონია, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა, სააკაშვილის დროსაც კი. "ოცნება" კი მიმართავს მანიპულაციასაც და გაყალბებასაც, მაგრამ

თუ ოპოზიციას ძლიერი კანდიდატი ეყოლება, არაპარტიული და საზოგადოებისთვის მისაღები, თუ ოპოზიციისა და ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჩაერთვება, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ძალიან რთულად ექნებათ საქმე, და ამისთვის აშკარად მზად არ არის.

ამიტომაც, ხაზარაძესა და გახარიაზე ზეწოლა ტყუილად არ გაძლიერებულა. ამას სწორედაც არჩევნებში მათ სავარაუდო მონაწილეობას ვუკავშირებ.

- მოცემული რეალობის გათვალისწინებით, "ოცნებისთვის" თბილისის წართმევა რამდენად არის შესაძლებელი?

- ბოიკოტის მომხრეები ძალიან აგრესიულად ლაპარაკობენ, თითქოს არჩევნებში მონაწილეობით რაღაც აპოკალიფსური ხდება. დავუშვათ, გავიმარჯვეთ და გვყავს ოპოზიციონერი მერი, ეს ნიშნავს,­ რომ ვეღარ­ გაიძახი, არიქა, ლაშქარი შევ­კრიბოთო.­ შენ უკვე გიწევს კონკრეტული მაგალითით დაარწმუნო თბილისის ამომრჩეველი და მერე ეს სხვებისთვისაც მაგალითი გახდება, რომ აჩვენო თბილისის უკეთესი მართვა. თბილისის უკეთეს მართვას თუ აჩვენებ, უფრო რეალური გახდება მთელი ქვეყნის საზოგადოებისგან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე მუშაობისთვის ეს ხალხი მზად არ არის, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ დაუმტვრიონ თავ-ყბა ხელისუფლებას და დასხდნენ ისევ ხელისუფლებაში. მუშაობას ეს ხალხი მიჩვეული არ არის, წარმატება კი ნიშნავს იმას, რომ სამუშაო გექნება. ზოგჯერ შეიძლება თანამშრომლობამაც მოგიწიოს. აბა, სხვანაირად როგორ? ბიუჯეტია დასამტკიცებელი და ეს დაპირისპირებას არ გულისხმობს. ოპოზიციონერი მერი და საკრებულოში ოპოზიცია ნიშნავს, რომ მუშაობა შეუძლებელი იქნება, თუ რაღაცებზე შეთანხმება არ მოხდა. ამას გულისხმობს ოპოზიციის გამარჯვება და ამისთვის, მგონი არავინ არ არის მზად.

ოპოზიციის გამარჯვება შეცვლიდა პოლიტიკურ კლიმატს. ოპოზიციამ ეს იცის, მაგრამ­ რაღაც ნაწილი იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ არ სურს რადიკალური დაპირისპირების რეჟიმიდან გამოსვლა.

ფაქტია, ხელისუფლებას ვერ მოუგებ, თუ მოსახლეობის 80% არ იქნება შენს მხარეს და ხელისუფლება შიგნიდან არ დაინგრევა. ამ კონდიციამდე ეს ხალხი ჯერ არ არის მისული. თუ ხელისუფლებას რეპრესიებით უნდა პროტესტის ჩახშობა, ეს ყველა ვარიანტში რევოლუციას გამოიწვევს. შენ იმ რადიკალური დაპირისპირების რეჟიმს არ უნდა ებღაუჭებოდე, რომელიც დღეს არანაირ ხელშესახებ წარმატებას არ გაძლევს, და არათუ არ გაძლევს, პირიქით, ხელისუფლებას სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

წაიკითხე ვრცლად