კატასტროფული სცენარი: პუტინი ოდესას უმიზნებს - რა მოხდება, თუ უკრაინა ამერიკული შეიარაღების გარეშე დარჩა?! - კვირის პალიტრა

კატასტროფული სცენარი: პუტინი ოდესას უმიზნებს - რა მოხდება, თუ უკრაინა ამერიკული შეიარაღების გარეშე დარჩა?!

ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) პირველი ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია პოლიტიკური მიმომხილველის - გიდეონ რეჩმენის სტატია სათაურით: „ნატოს სამიტმა უკრაინის მძიმე მდგომარეობის დამალვა ვერ შეძლო - დამატებითი სამხედრო დახმარების გარეშე კიევის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდება“, რომელშიც ავტორი აანალიზებს უკრაინის მდგომარეობას ნატოს ყოველწლიური უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ და ასკვნის, რომ კიევს წინ ფრიად უსიამოვნო დღეები ელოდება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„მამიკო სახლში დაბრუნდა“ - გამოაცხადა თეთრმა სახლმა, როცა გასულ კვირას დონალდ ტრამპი ნატოს სამიტიდან ვაშინგტონში დაბრუნდა. ეს პოსტი ერთდროულად საზეიმოც იყო და ღიმილისმომგვრელიც და მიანიშნებდა იმ ტიტულზე, რომლითაც აშშ-ის ასაკოვანი პრეზიდენტი ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ „დააჯილდოვა“. გენმდივანი, ალბათ, მიიჩნევს, რომ ასეთ სიტუაციაში თავის დამდაბლება ძალიან მცირე ფასის გადახდას წარმოადგენს იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობა შენარჩუნდეს. მართლაცდა, ევროპელი ლიდერები მთლიანობაში ნამდვილად გამოიყურებოდნენ კმაყოფილნი იმ სამიტის შემდეგ, რომელიც პირველად გაიმართა დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტს ნაადრევად დატოვებდა ან, ზოგადად, ნატოდან გასვლას განაცხადებდა, არ გამართლდა. ნატოს ყველა ევროპელმა წევრმა ივალდებულა, რომ მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 5%-ს სამხედრო ხარჯებს მოახმარდა, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით.

ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი სამიტის სამ ძირითად მიღწევას ასახელებს: პირველი - ნატო გადაერთო თავის საკვანძო მისიის შესრულებაზე - რუსეთის შეკავებაზე; მეორე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით, უბრუნდება ცივი ომისდროინდელ დონეს, რუსეთის სწრაფი მილიტარიზებისა და ძლიერების ზრდის პასუხად; მესამე - ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდის შედეგად ნატო ევროპასა და ამერიკას შორის ყველაზე დაბალანსებული ალიანსი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ: სასტიკი მოხუცები, რომლებიც მსოფლიოს ანგრევენ?! - რატომ უწოდა ნატოს გენმდივანმა ტრამპს "მამიკო"

ნატო-რუსეთის ომის წინასწარმეტყველება?! - რა წერია მაკრონისა და მერცის ერთობლივ სტატიაში: "ევროპა უნდა შეიარაღდეს!

საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?" - რას წერს The Guardian?

ტრამპის ფარული თამაში ანუ არ ვაწყენინოთ პუტინს - "თეთრი სახლის წარმომადგენლები ჩუმად რეკავდნენ კონგრესში და..."

ჰააგის სამიტის ატმოსფერო შეცვალა იმ ფაქტმაც, რომ შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ირანისადმი დარტყმების შემდეგ: დონალდ ტრამპი ნიდერლანდებში კარგი განწყობით ჩავიდა, ხოლო მისმა გადაწყვეტილებამ ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტის დაბომბვის თაობაზე, ევროპელებს გაუქრო ის შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საერთოდ თავს აარიდებდა ძალის გამოყენებას. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მეგობრულად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ამით ნაწილობრივ მაინც გამოსწორდა სიტუაცია თეთრ სახლში თებერვალში მომხდარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ.

მაგრამ იმ დროს, როცა უკრაინის დიპლომატიის საქმე კარგად მიდის, ამას ვერ ვიტყვით ომზე, სადაც სიტუაცია უარესია. ნატოს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტის ხაზზე მდგომარეობა შეიძლება სერიოზულად გართულდეს, ორიოდე თვის შემდეგ, შემოდგომის დასაწყისში. რეალურად ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ქაღალდზე დაწერილ რომელიმე ვალდებულებას და პირობას, რომლებიც ნატოს კომუნიკეშია ნახსენები. სამხედრო შეფასებები აჩვენებენ, რომ როგორც რუსეთის, ისე - უკრაინის ჯარები ახლოს არიან გამოფიტვის ზღვართან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება მინიმუმ კიდევ ერთი წელი მაინც შეუძლია, უკრაინა კრიტიკულ წერტილს უკვე ექვს თვეში მიაღწევს - თუ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას არ მიიღებს.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პოზიტიური შეხვედრის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ უკრაინა შეძლებს აშშ-დან როგორც „პეტრიოტის“ ჰაერსაწინააღმდეგი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, ასევე - „ჰაიმარსის“ ტიპის საარტილერიო რაკეტების მიღებას. რადგანაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ძალიან არის დასუსტებული, კიევისათვის ამერიკული „პეტრიოტები“ ჰაერივით აუცილებელია, მაგრამ როგორც ყოველთვის, დონალდ ტრამპმა თავისი პოზიცია საკმაოდ ბუნდოვნად გამოხატა და შეიძლება ადვილად დაავიწყდეს.

უკრაინის არმიას ისეთი პრობლემებიც საკმაოდ აქვს, რომელთა მოგვარება დასავლელ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ - მაგალითად, არმიის პირადი შემადგენლობის დეფიციტი. როგორც ითვლება, რუსეთმა ომის განმავლობაში მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგა, დაღუპულებისა და დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით, მაგრამ უკრაინის არმიის დანაკარგებიც არანაკლებია. ამ შემთხვევაში, უფრო მძიმე მდგომარეობა უკრაინას აქვს, რადგან რუსეთის მოსხლეობის რაოდენობა 4-ჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობის რაოდენობას ანუ კრემლს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ცოცხალი ძალის შევსების თვალსაზრისით.

ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა რუსეთის სარაკეტო თავდასხმები კიევზე და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე მსხვილ ქალაქებზე, რაც ასევე ძირს უთხრის უკრაინელთა მორალური სულის სიმტკიცეს. სართოდ, ომის დროს თუ მკაფიოდ არ არის წარმოდგენილი გამარჯვება ან უკიდურეს შემთხვევაში - ომის დასრულება მაინც, ეს ხელს უწყობს ხალხის უიმედობის გაღვივებას, რაც მთელი ქვეყნისთვის სავალალო შედეგების მომტანი იქნება.

განწყობა იცვლება უკრაინის მთავრობის შიგნითაც, რომელიც აისახება იმ დაბეჯითებით მოწოდებაში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელსაც კიევი ბოლო დროს მიმართავს. ასეთი მოწოდებები ერთი ან ორი წლის შეფასებული იქნებოდა როგორც „პორაჟენელობად“ - დამარცხებისადმი შემრიგებლობად ან სამშობლოს ღალატად. დღეს მსგავსი განცხადებები სულ უფრო დაჟინებით ისმის დახურულ კარს მიღმა, როგორც უკრაინელი, ასევე - დასავლელი ლიდერების მხრიდან.

მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსებიდან ცოტას თუ ვინმეს სჯერა იმისა, რომ რუსეთი განწყობილია ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებისთვის. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თვლის, რომ რუსეთის მთავარ მიზანს ამჟამად ოდესის ხელში ჩაგდება წარმოადგენს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ისტორიულ რუსულ ქალაქად მიიჩნევს. ოდესის - მთავარი ნავსადგურის გარეშე უკრაინა შავ ზღვაზე ვერაფერს გააკეთებს.

ყოფილი ევროპელი ლიდერების ჯგუფი, მათ შორის - კარლ ბილდტი შვედეთიდან და სანა მარინი ფინეთიდან, ამას წინათ უკრაინას ეწვივნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მოსახლეობის განწყობა გაუარესებულია. როგორც დელეგაციის წევრებმა ვიზიტის შემდეგ დაწერეს, მართალია, უკრაინელები ბრძოლას არ შეწყვეტენ, მაგრამ დამატებითი დახმარების გარეშე უკრაინას კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა ხელში მსხვილი ქალაქებიც ჩაიგდონ. არაოფიციალურად, ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირებიც ძალიან მძიმედ არიან განწყობილნი და გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ სიტუაციის „კატასტროფულად განვითარების“ თაობაზე, თუ უკრაინის არმია გაზრდილ სამხედრო დახმარებას არ მიიღებს.

რა თქმა უნდა, ომების მიმდინარეობას წინასწარ ზუსტად ვერ გათვლი, ყველაფერს ვერ იწინასწარმეტყველებ - განწყობები ხშირად შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთები დასავლეთში ამტკიცებენ, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეტევებს გაუძლოს, მომავალი წლის განმავლობაშიც კი. მათი თქმით, დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთმა გასულ წელს მხოლოდ ის შეძლო, რომ დამატებით უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0,25% დაიკავა. ოპტიმისტების მტკიცებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მაღლი დონის ოსტატობამ დრონების მართვის საქმეში შეუძლებელი გახადა რუსეთის არმიის მსხვილი დაჯგუფებების შეტევების განხორციელება. მათივე თქმით, თუნდაც რუსებმა უკრაინელების პოზიციები გაარღვიონ, კრემლს მაინც არ ეყოფა მექანიზებული ქვედანაყოფები, რომ ამ მიღწევით ისარგებლოს.

ომის მსვლელობაში უკვე მრავალჯერ დამტკიცდა, რომ ზოგიერთი საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნეც კი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მაგრამ თუ მზარდი პესიმიზმი მათ შორის, ვინ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის მოვლენებს, გამართლდება, მაშინ ნატოს სამიტით გამოწვეული ნებისმიერი პოზიტიური განწყობა შეიძლება, მალე გაქრეს. ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ცნობილია ხალისიანი განწყობით და მუდმივი ღიმილით. მაგრამ ვნახოთ, გაიცინებს თუ არა მარკ რიუტე წლის ბოლოს. სიცილის გაგრძელება, ალბათ, ძნელი იქნება.

წყარო

შენიშვნა: გიდეონ რიჩმანის სტატია Financial Times-ში უკვე გამოქვეყნებული იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მასალების მიწოდება შეუწყვიტა. ეს ეხება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის რაკეტებს, აგრეთვე Hellfire-სა და ზოგიერთი სხვა ტიპის რაკეტას, რომლითაც F-16 ავიაგამანადგურებლები და დრონები არიან შეირაღებულები. ასევე შეწყდა მაღალი სიზუსტის მქონე საარტილერიო ჭურვების მიწოდებაც.

ამერიკული გაზეთი Politico იუწყება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პენტაგონის მაღალჩინოსნის ელბრიჯ კოლბის მიერ. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, შემოწმების შემდეგ მას წარუდგინეს მოხსენება, რომლის თანახმად, აშშ-ის იარაღის მარაგები სწრაფად მცირდება, ხოლო მათი განახლება და შევსება დროულად ვერ ესწრება.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის მოადგილემ ანა კელიმ ასე განმარტა შექმნილი სიტუაცია: „გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ აშშ, როცა სხვა ქვეყნებს ეხმარება, ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს თავის ინტერესებს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძლიერება შენარჩუნებული უნდა იყოს და ეს ასეც არის. ვისაც ეჭვი ეპარება, ჰკითხოს ამის შესახებ ირანს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ