"საქართველო შესაძლოა, მძიმე კონფლიქტში აღმოჩნდეს მეზობლებთან" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: მიდის თუ არა პუტინი კავკასიიდან და ვინ მართავს რეალურად - კვირის პალიტრა

"საქართველო შესაძლოა, მძიმე კონფლიქტში აღმოჩნდეს მეზობლებთან" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: მიდის თუ არა პუტინი კავკასიიდან და ვინ მართავს რეალურად კადიროვს?!

"პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური ლანდშაფტი რადიკალურად იცვლება - "რუსული კავკასია" ანტირუსულ კავკასიად ტრანსფორმირდება", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი. რუსეთი ვეღარ ინარჩუნებს გავლენას იმ სივრცეებზე, სადაც წარსულში მისი პოზიცია შეურყეველი იყო - მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც. აზერბაიჯანი მტკივნეულად რეაგირებს რუსეთის მედიისა და დიპლომატიურ ნაბიჯებზე, ხოლო სომხეთი აცხადებს, რომ კრემლის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. რუსეთის გავლენა აღარ განიხილება როგორც სტაბილურობის გარანტი. რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, თუ კავკასია ანტირუსულ პლაცდარმად ჩამოყალიბდება და რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ქართველები, ამის შესახებ მირიან მირინაშვილი გვესაუბრება.

- ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ იმ სიმპტომების ფორმირება დაჩქარებული ტემპით დაიწყო, რომლებიც მიანიშნებდა, რომ რუსული გავლენა ჯერ წინა აზიაში, შემდეგ კი ამიერკავკასიაშიც თანამიმდევრულად შესუსტდებოდა. ამ პროცესს მრავალი მარკერი ადასტურებს და ისინი მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებით არ შემოიფარგლება. ბიზნესის ინტენსივობის შემცირება, საინვესტიციო ნაკადების მოწყვლადობა, ეკონომიკური ინდექსების ვარდნა მხოლოდ ნაწილია იმ რთული კომპოზიტური სურათისა, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ რეგიონი ტრანსფორმაციის ეტაპზეა.­ ასეთი ტრანსფორმაციები სამყაროს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონებში პერიოდულად ყოველთვის მიმდინარეობდა. უბრალოდ, ჩვენი პოლიტელიტა ამ პროცე­სების ანალიზსა და აღქმას ვერ ახერხებს - ნაწილობრივ არა აქვს წვდომა ინფორმაციაზე, ნაწილობრივ კი ანალიზის უნარი არ ჰყოფნის. შედეგად, ჩამოვრჩით იმ ტრენდს, რომელსაც უკვე ფეხი აუწყვეს მეზობელმა სახელმწიფოებმა.

- ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რეგიონში ტურბულენტობის ფონზე, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, სიმშვიდის შენარჩუნებაა.

- როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინ, როცა ვცხოვრობთ სწრაფად ტრანსფორმირებულ რეგიონში და ჩვენი სტრატეგიული პოზიციონირება ამ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. უკვე დასრულდა ტრანსფორმაციის პირველი ეტაპი, რომლის დროსაც შეიძლებოდა რეგიონს რქმეოდა "რუსული კავკასია" ან "რუსული წინა აზია". ახლა ვდგავართ მეორე ეტაპის ზღვარზე - ეს არის ანტირუსული კავკასიის ფორმირების ეტაპი.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არა აქვს გააზრებული, რომ უახლოეს მომავალში რეგიონში დომინანტურად ანტირუსული განწყობები ჩამოყალიბდება, ამ დროს საქართველო არსებული შიდაპოლიტიკური რეალობითა და საგარეო ორიენტაციით შესაძლოა აღმოჩნდეს არა მშვიდობის ზონაში, არამედ დისბალანსში როგორც შიდა, ისე გარე კონტურებზე.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის "ქართული მანევრები": "თბილისში გამოგზავნილ წერილში მან სინამდვილეში რუსეთს მიანიშნა, რომ..." - მირიან მირიანაშვილის ვერსია

"აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და თანადგომა უფრო გაძლიერდება"

უკრაინაში „სოკარის“ ორ სადგურზე ერთდროული აფეთქება, არის თუ არა რუსეთის აზერბაიჯანზე არაპირდაპირი შეტევის ფაქტი?

ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირები ობიექტურად თუ მიადევნებენ თვალს პროცესებს, მიხვდებიან, რომ საქართველოში რუსული გავლენის დომინანტურ რეჟიმში შენარჩუნება ფიზიკურად შეუძლებელია. რუსეთს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს გავლენის შენარჩუნებაში არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, საკუთარ ტერიტორიაზეც. საუბარია მის შიდა პერიფერიაზე - შორეულ აღმოსავლეთზე, ცენტრალური აზიის მოსაზღვრე რეგიონებზე, ციმბირის თურქულ რესპუბლიკებზე, როგორიცაა ტუვა, იაკუტია. აღარაფერს ვამბობ ვოლგისპირეთის თათრულ რესპუბლიკებზე. ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია კიდევ უფრო კომპლექსურია: ნახევრად დამოუკიდებელ ფეოდალური ტიპის რეჟიმებში - ჩეჩნეთსა და დაღესტანში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენა მკვეთრად შესუსტდა. როდესაც ქვეყანა კარგავს გავლენას საკუთარ შიდასტრატეგიულ რეგიონებზე, მას აღარ ძალუძს დომინანტობა გარე ფრონტზე.

საქართველოში რუსული გავლენის შენარჩუნება მხოლოდ სურვილზე, განცხადებებსა თუ რბილ ფორმულირებებზე ვეღარ დაფუძნდება, ამას სჭირდება რეალური ძალა, რაც რუსეთს აღარ აქვს.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტანში რუსეთის გავლენა მკვეთრად შესუსტდა?

- ჩეჩნეთში მკვეთრად გაიზარდა თურქეთისა და საუდის არაბეთის გავლენა. დღეს არარუსულ რესპუბლიკებში რელიგიური პროცესების მართვის ფორმა საგრძნობლად განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რაც 5-6 წლის წინ იყო. მაშინ მთელ კავკასიაში რელიგიური გავლენის ცენტრს რუსეთი აკონტროლებდა ყაზანის ისლამური ცენტრის საშუალებით. დღეს ეს სისტემა ჩამოშლილია. რელიგიური პროცესები ახლა უკვე მექიდან, მედინიდან, კაიროდან და ანკარიდან იმართება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ აკონტროლებს ქვეყანაში რელიგიურ დინამიკას. რუსული გავლენა ამ რესპუბლიკებში მცირდება არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოსკოვს პერიფერიულ რეგიონებზე სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისთვის მინიმუმ 350-400-მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი სჭირდება. დაპყრობილი ტერიტორიების კონტროლი და მათზე დომინირება უზარმაზარ რესურსს მოითხოვს, რუსეთს კი ასეთი რესურსი აღარ აქვს. ამ ვითარებაში თუ საქართველო დროულად არ მოერგება რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას, შესაძლოა მძიმე კონფლიქტში აღმოჩნდეს როგორც გლობალურ და რეგიონულ მოთამაშეებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან. პრორუსული ნარატივები ავტომატურად ნიშნავს დაპირისპირებას აზერბაიჯანულ-თურქულ ტანდემთან, რომელიც დღეს რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ცენტრს წარმოადგენს. ამასთან, კონფლიქტი შეიძლება გაღრმავდეს სომხეთთანაც.

ჩეჩნეთისა და დაღესტნის ახალ კურატორებად უკვე ჩამოყალიბდნენ საუდის არაბეთი და სხვა მუსლიმანური სახელმწი­ფოები. თუ ეს ტენდენცია გამყარდა, არ არის გამორიცხული, საქართველოს ამ ახალ მოთამა­შეებთანაც გაურთულდეს ურთი­ერთობა.

საფრთხე მხოლოდ გეოპოლიტიკური იზოლაცია არ არის - შეიძლება მივიღოთ ისეთი მასშტაბის ზეწოლა დასავლეთისა და მისი რეგიონული პარტნიორებისგან, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. ერთ დროს რუსეთი გვსჯიდა დასავლეთთან დაახლოების მცდელობისთვის, ახლა კი არსებობს რისკი, რომ დასავლეთმა იმისთვის დაგვსაჯოს, რომ რუსეთისგან თავის დაღწევა არ მოვინდომეთ.

ხათუნა ბახტურიძე