რატომ ეშინოდათ სტალინსა და ბერიას ქართველი ემიგრანტების?! - როგორ "ნერგავდნენ" ჩეკისტებს სამშობლოდან გადახვეწილ თანამემამულეებში - კვირის პალიტრა

რატომ ეშინოდათ სტალინსა და ბერიას ქართველი ემიგრანტების?! - როგორ "ნერგავდნენ" ჩეკისტებს სამშობლოდან გადახვეწილ თანამემამულეებში

ნებისმიერი ქვეყნის საგარეო დაზვერვის საქმიანობა შემდეგი თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ: ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელმძღვანელები, დაფინანსება, ძირითადი ამოცანები, მოქმედების მეთოდები და ხერხები, “საფარი” ორგანიზაციები, თანამშრომლები, აგენტურული აპარატი და განხორციელებული ოპერაციები.

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკების სპეცსამსახურები (აქ მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იგულისხმება, რადგანაც საბჭოთა იმპერიაში ოკუპაციის შედეგად „გაერთიანებულ“ რესპუბლიკებს არც თავდაცვის სამინისტრო და, აქედან გამომდინარე, არც სამხედრო დაზვერვის სტრუქტურა არ ჰქონდათ) დიდი და პატარა „ფილიალები“ იყვნენ. მაგალითად, უკრაინის სსრ სუკი საკავშირო კა-გე-ბეს გაცილებით „დიდი ფილიალი“ იყო, ვიდრე - საქართველოს სუკი. ეს ეხებოდა, როგორც რიცხოვნობას, ასევე - დაფინანსებას და „ცენტრიდან“ დასახული სადაზვერვო ამოცანების შინაარსსა და სირთულეს. „ცენტრი“ მკაცრად აკონტროლებდა „ტერიტორიული ორგანოების“ (ასე ეძახდნენ „მოფერებით“ რესპუბლიკურ სუკს) საქმიანობას: ორგანიზაციულ სტრუქტურას და დაფინანსებას თავად ამტკიცებდა, ქვეგანყოფილების უფროსიდან დაწყებული, ყველა დანიშვნა „ცენტრთან“ უნდა შეთანხმებულიყო (დაწინაურებისთვის არჩევდნენ მოსკოვის ყველაზე ერთგულ და ლოიალურ კადრებს, რომლებიც პატრიოტიზმში შემჩნეულნი არ იყვნენ). მათი შერჩევა-შემოწმება ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი იყო და შეიძლება ითქვას, საბავშვო ბაღის პერიოდიდან იწყებოდა. თუმცა მოსკოვი ბოლომდე მაინც არ ენდობოდა სუკის ადგილობრივ კადრებს და 1954 წლის აპრილიდან დაწყებული, თავმჯდომარის ერთი (როგორც წესი, პირველი) მოადგილე აუცილებლად რუსი ეროვნების უნდა ყოფილიყო. საქართველოში ასეთი „მოსკოვის მსტოვრები“ ქრონოლოგიურად იყვნენ: ზაპევალნი, შვირკოვი, პიაკიშევი, გაპონცევი, პილიუგინი, არხიპოვი, კაზმინი, ვოიციცკი და ნავოდნიჩი. ისინი არა მარტო ადგილობრივი სუკის საქმიანობას, არამედ -პარტიულ-სამეურნეო, სოციალურ-კულტურულ და ა.შ. პროცესებსაც ადევნებდნენ თვალს და ინფორმაციას პიდაპირ „ცენტრს“ აწვდიდნენ.

რესპუბლიკების კა-გე-ბეს ძირითად ამოცანებსა და საქმიანობის სფეროებს მოსკოვი ამტკიცებდა. ამგვარი ცენტრალიზებული სისტემა გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და საბჭოთა იმპერიის დასასრულამდე არსებობდა. საგარეო სადაზვერვო ოპერაციები, როგორც წესი, მოსკოვიდან იგეგმებოდა და იმართებოდა. “ვეჩეკა-ოგეპეუ-კაგებეს” ხელმძღვანელობა წყვეტდა საკადრო პოლიტიკასაც. მოკავშირე რესპუბლიკებში და მსხვილ რეგიონებში (მაგ. ამიერკავკასიის სფსრ) საგარეო დაზვერვის თანამშრომელთა უმრავლესობა, ძირითადად, “ცენტრიდან” იყო გაგზავნილი. ადგილობრივი კადრი იშვიათად ინიშნებოდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ისიც - მხოლოდ მოსკოვთან შეთანხმების შემდეგ. ამგვარი საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიზანი დაზვერვის მაქსიმალური ცენტრალიზაცია იყო, რასაც მოსკოვისთვის ორი დადებითი შედეგი ჰქონდა:

1. საიდუმლო ინფორმაციის მაქსიმალური დაცვა (რაც ნაკლებმა ადამიანმა იცის სპეცოპერაციის და აგენტურის შესახებ, მით უფრო ნაკლებია “ჩავარდნის” ალბათობა);

2. სადაზვერვო ოპერაციების მაღალი კოორდინაცია (რაც ორგანიზაციული, ოპერატიულ-ტექნიკური, საკადრო და საფინანსო უზრუნველყოფის მაქსიმალურ ეფექტიანობას განაპირობებდა).

ამავე დროს, საგარეო დაზვერვის მართვის ცენტრალიზებულ სისტემას (უპირველესად “ცენტრიდან” ხელმძღვანელი პირების მივლინებას) უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა. მოსკოვიდან მივლინებული თანამშრომლები, როგორც წესი, ნაკლებად იცნობდნენ ადგილობრივ რეალობას (ტრადიციებს, მოსახლეობის მენტალიტეტს და სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას), რაც ოპერატიულ-აგენტურული მუშაობისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც პროფესიონალიზმი. გარდა ამისა, ამგვარი უნდობლობა ადგილობრივი კადრებისათვის ხშირად ხდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი “ბოლშევიკური” ხელისუფლების ფარული დაპირისპირების მიზეზი.

ასევე დაგაინტერესებთ: სტალინის ქართული "დასვენება" ანუ ვინ გააგიჟა ბელადი?! - რა მოხდა ბორჯომში 1951 წლის ოქტომბერში?

რატომ ვერ შეიქმნა ქართული "მოსადი"? - ქართველების აგენტი რუსეთის საელჩოში, რომელმაც თბილისს აცნობა, რომ ომი იწყებოდა

"ვისაც ისინი არა აქვს, დაზვერვა ძვირადღირებულ და სახიფათო პოლიტიკურ "სათამაშოს" ან თავის მოტყუებას ემსგავსება"

სააკაშვილის პირადი "პატარა კა-გე-ბე" - როგორ გეგმავდა მიშა ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენას?!

1922 წლის 6 თებერვალს “ვეჩეკა” “მთავარ პოლიტიკურ სამმართველოდ” (გპუ) გადაკეთდა, ხოლო საგარეო დაზვერვას მისი ერთ-ერთი სტრუქტურა - ИНО ГПУ НКВД РСФСР ეწოდა. იმ პერიოდში იქ სულ 70 ადამიანი მუშაობდა. იმავე წლის 13 მარტს „ინოს“ უფროსად მეერ აბრამის ძე ტრილისერი (1883-1940 ) დაინიშნა. 1922 წლის 10 ნოემბერს მოსკოვში ბაზირებულ „კომუნისტური ინტერნაციონალის“ (კომინტერნის) სტრუქტურაში შეიქმნა “საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება”, რომლის ძირითადი ფუნქცია საზღვარგარეთ, ძირითადად, პოლიტიკური დაზვერვის წარმოება და უცხოეთის ქვეყნებში არალეგალური პარტიული აგენტურის შექმნა იყო. ამ სადაზვერვო სტრუქტურის ხელმძღვანელად ოსიპ არონის ძე პიატნიცკი (1882-1938 ) დანიშნეს. შემდგომში ტრილისერი და პიატნიცკი რეპრესირებულები იყვნენ. თითქმის ოცი წლის მანძილზე ეს ორი სადაზვერვო სტრუქტურა პარალელურად (თუმცა განსხვავებული წარმატებებით) მოქმედებდა.

picture3-1752565505.jpg

1922 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის, მათ შორის - საქართველოს, ჩეკას მთავარი ამოცანა საზღვარგარეთ გაქცეული ემიგრანტების ორგანიზაციებში და წრეებში შეღწევა და მათი შიგნიდან დაშლა იყო. ამასთან ერთად საბჭოთა კავშირში საიდუმლო დავალებით გამოგზავნილ ემიგრანტებს უცხოეთში არსებული ემიგრანტული წრეებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საზღვრის გადმოკვეთისთანავე აპატიმრებდნენ.

picture2-1752565505.jpg

ოსიპ პიატნიცკი

“ბოლშევიკების” პოლიტიკურ ხელმძღვანელობას (უპირველესად, იოსებ სტალინს და მის მომხრეებს) ყველაზე მეტად ქართული (ისევე, როგორც რუსული, უკრაინული და ა.შ.) პოლიტიკური ემიგრაციის გაერთიანება და ერთიანი “ანტიბოლშევიკური ფრონტის” შექმნის ეშინოდათ. ამიტომაც საბჭოთა საგარეო დაზვერვას მკაფიო ამოცანა ჰქონდა დასახული: მოეხდინა ემიგრირებული პოლიტიკური ძალების დაპირისპირების პროვოცირება, როგორც პარტიულ, ასევე - პიროვნულ საფუძველზე; მათ შორის ყველაზე სუსტი და ამბიციური პოლიტიკოსები გადაებირებინა, ხოლო ყველაზე აქტიურნი და შეურიგებელნი - ფიზიკურად გაენადგურებინა ან, კომპრომეტირების გზით, პოლიტიკური ასპარეზისთვის ჩამოეცილებინა.

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დანაწევრების პარალელურად, საბჭოთა საქართველოს საგარეო დაზვერვა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებში იდეოლოგიური, პიროვნული და კუთხური შუღლის გაღვივებისთვისაც “წარმატებით” მუშაობდა, რისთვისაც შემდეგ მეთოდებს იყენებდა:

1. ქართული ემიგრაციის რიგებში ძველი აგენტურის გააქტიურება.

ქართველი და რუსი “ბოლშევიკები” ჯერ კიდევ 1918 წლიდან ახორციელებდნენ “ლეგენდირების ოპერაციებს” და სოციალ-დემოკრატების (“მენშევიკების”), ეროვნულ-დემოკრატების (ედპ), სოციალისტ-რევოლუციონერების (“ესერები”) და სხვა პარტიებში მყოფი ქართველი ეროვნების აგენტურის “ღრმა დაშიფვრაში” გადაყვანას. 1921 წლის მარტიდან დაწყებული, ეს აგენტებიც თანდათან ემიგრაციაში გაჰყვნენ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და საზღვარგარეთ გააგრძელეს აგენტურული მუშაობა.

2. ქართული ემიგრაციის რიგებში ახალი აგენტურის შეგზავნა.

“წითელი არმიის” მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ბევრ პატრიოტ პიროვნებასთან ერთად საზღვარგარეთ ემიგრაციაში საკმაოდ ბევრი ჩეკას ახალი აგენტიც “გაექცა” ბოლშევიკებს. სხვადასხვა წლებში საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის აგენტები ქართული ემიგრაციის რიგებს “ორგანულად შეერწყნენ” და ოპერატიული დავალებების შესრულებას შეუდგნენ.

3. ქართული ემიგრაციის რიგებიდან აგენტურის გადაბირება.

ემიგრაციის რიგებში პიროვნულ-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ და სამშობლოს ნოსტალგიამ ბევრ ემიგრანტს თავის გადარჩენის და უკან დაბრუნების სურვილი გაუღვივა. ეს კი ბოლშევიკების წინაშე დამსახურებისა და ემიგრაციაში მათი დავალებების შესრულების გარეშე მიუღწეველი ოცნება იყო.

ქართველი ემიგრანტების გადაბირება უპირატესად შანტაჟის გზით ხორციელდებოდა. ბევრ მათგანს საქართველოში ჰყავდა ოჯახის წევრი და ახლო ნათესავები დატოვებული, რამაც ბოლშევიკებს საშუალება მისცა, მათზე ზემოქმედების გზით ემიგრაციაში მყოფი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეებიდან ბევრი ცნობილი პიროვნება გადაებირებინა. გასაბჭოების შემდეგ პირველი თაობის ქართველი მზვერავები, როგორც წესი, არალეგალური მუშაობის გამოცდილების მქონე ბოლშევიკები იყვნენ. სპეციალურ განათლებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, უპირველესად, ბოლშევიკური სტაჟი და ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობა განსაზღვრავდა მომავალი ბოლშევიკ-მზვერავის „პროფესიონალიზმს“.

იმ წლებში "ჩეკისტური" სამუშაო ძალზე საპატიოდ ითვლებოდა, მით უფრო ფასდებოდა საზღვარგარეთ მივლინება პარტიული დავალების შესასრულებლად. მიღებული იყო, რომ თუ სტაჟიანი ბოლშევიკი ერთი წელი ჩეკაში მუშაობდა, მეორე წელს პარტიას შეიძლება ვაჭრობის ან სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატში გაეგზავნა ან -პირიქით. სადაზვერვო ამოცანის შესასრულებლად კანდიდატის სანდოობის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძველ პარტიულ კავშირებს: უპირველესად, სტალინთან, ორჯონიკიძესთან, შემდგომში კი - ლავრენტი ბერიასთან. ქართულ ემიგრაციაში "ჩასანერგად" ქართველი ჩეკისტები იგზავნებოდნენ, რუსულ ემიგრაციაში - რუსები, სომხურში - სომხები და ა.შ. ქართველი “ჩეკისტ-მზვერავების” პირველი თაობა, ძირითადად, ძალზე ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო.

picture1-1752565505.jpg

ბერია ცდილობდა, ყოველთვის ბელადის გვერდით ყოფილიყო

საზღვარგარეთ სადაზვერვო მისიით მათი მივლინება, ბუნებრივია, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ხშირად გადამწყვეტი ახალგაზრდა “ჩეკისტების” ქართველ ემიგრანტებთან ნათესაური კავშირებიც გამხდარა.

1920-იანი წლების დასაწყისში “სისხლიანი ოპერაციების” (პოლიტიკური მკვლელობა, ტერაქტი, ოპერატიული დაინტერესების ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ.) ორგანიზებისთვის საბჭოთა დაზვერვაში ცალკე დანაყოფი არ არსებობდა. ამ “საპატიო” საქმეს ოპერატიული თანამშრომლები (ყოფილი “ბოლშევიკ-ტერორისტები“) ასრულებდნენ, რომლებიც, ძირითადად, საბჭოთა საელჩოებსა და სავაჭრო წარმომადგენლობებს (მაგალითად - “ამტორგი” აშშ-ში და „არკოსი“ – დიდ ბრიტანეთში) იყვნენ შეფარებულნი, რადგანაც სპეცოპერაციების მომზადება და ჩატარება მაქსიმალურად ფარულად უწევდათ. ამიერკავკასიაში რუსეთის სფსრ საგანგებო კომისიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და ამავე დროს - ამიერკავკასიის სფსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარე გრიგორი რუსანოვი საგარეო სადაზვერვო ოპერაციების პირველი ხელმძღვანელი იყო მთლიანად ამიერკავკასიაში. შემდგომი ათი წლის მანძილზე ეს უმნიშვნელოვანესი პოსტი ეკავათ: პანკრატოვს, მოგილევსკის, კანცელსონს, პავლუნოვსკის, კაულს და რედენსს. ისინი “ცენტრიდან” მოვლინებული “ჩეკისტები” იყვენენ და ნაკლებად იცნობდნენ ამიერკავკასიის სპეციფიკას.

ადგილობრივი კადრი ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1931 წლის აპრილში დაინიშნა. ეს იყო ლავრენტი ბერია, რომლისთვისაც ამიერკავკასიის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოების ხელმძღვანელობა იოსებ სტალინთან თავის გამოჩენის პირველი სერიოზული შანსი იყო. ხშირი პირადი ურთიერთობა ბელადთან (საქართველოში ჩამოსვლის დროს თუ მოსკოვში ხლებისას) ლავრენტი ბერიამ, როგორც ცნობილია, წარმატებით გამოიყენა და იგი სტალინისთვის ყველაზე ერთგული და შეუცვლელი კადრი გახლდათ.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)