"სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდა დირექტორი..." - როგორ ძალადობენ ბავშვებზე ახალგორი - კვირის პალიტრა

"სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდა დირექტორი..." - როგორ ძალადობენ ბავშვებზე ახალგორის ბავშვთა სახლში

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის გოგონას მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ოსურ ტელეგრამარხებზე დიდი გარჩევის საგანი გახდა. ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა. ატეხილი ხმაურის გამო მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბედით ახალგორის დე ფაქტო რაიონული პროკურატურაც დაინტერესდა, ბავშვთა სახლში მოკვლევა ჩაატარა და განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "დადასტურდა ლენინგორის (ახალგორის) ბავშვთა სახლის ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ აღზრდისთვის მიუღებელი მეთოდების გამოყენების ფაქტები დაწესებულების დირექტორის მიერ".

მთელი ეს ამბავი დაიწყო 25 ივნისს, როდესაც თამარ მეარაყიშვილმა 8 წლის გოგონას, სახელად ძერასას, მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ილაპარაკა. როგორც მეარაყიშვილი წერს, ბავშვთა სახლის დირექტორმა ილას ბეჟანოვმა რატომღაც გადაწყვიტა ძერასასთვის გამრავლების ტაბულა ესწავლებინა და გოგონა თავის კაბინეტში შეიყვანა. ბავშვმა მას დავალება­ ვერ ჩააბარა, ამის გამო დირექტორმა­ გადაწყვიტა ის დაესაჯა და აიძულა ბავშვთა­ სახლის ეზოში სარეველები ხელით­ ამოე­გლიჯა. გოგონა მცხუნვარე მზის ქვეშ ოთხზე დახოხავდა და ფილებს შორის ამოსულ ბალახს გლეჯდა, დირექტორი კი დაწესებულების კიბეზე იჯდა, ჩრდილში, და ძერასას უფრო სწრაფად მუშაობისკენ მოუწოდებდა. გოგონას დასჯას ბავშვთა სახლის თანამშრომლებიც ადევნებდნენ თვალყურს. მზარეულმა ქალმა ბავშვის დაცვა სცადა, მაგრამ დირექტორმა უყვირა, ნუ ერევი ჩემს საქმეშიო, და სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა.

"შემდეგ ბავშვი, სიცხეში მუშაობით დაღლილი, სასადილო ოთახში შეიყვანა, სადაც ილას ბეჟანოვმა მშიერი გოგონას თვალწინ ჭამა და ბავშვს უთხრა, რომ მას საჭმელი არ ეკუთვნოდა, რადგან გამრავლების ტაბულა არ ისწავლა. ამის შემდეგ დირექტორმა ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებს ნაყინი დაურიგა - ყველას, ძერასას გარდა. სანამ ბავშვები ნაყინს ჭამდნენ, დირექტორმა მათ აუხსნა, რატომ არ დაიმსახურა ძერასამ ნაყინი", - ამბობს მეარაყიშვილი და ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს სთხოვს­ დაიცვას მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და აღადგინოს წესრიგი ბავშვთა სახლში.

მეარაყიშვილის მონაყოლს დიდი გამოხმაურებები მოჰყვა "ფეისბუქის" ოსურ ჯგუფებსა და ოსურ ტელეგრამარხებზე. ნაწილი მეარაყიშვილს "საქართველოს უშიშ­როების სამსახურის აგენტს" უწოდებდა, რამდენიმე ანონიმურმა მომხმარე­ბელმა კი დაწერა, რომ ეს არ არის იმ დაწ­ესებულებაში სასტიკი მოპყრობის პირ­ველი შემთხვევა, ბავშვებს იქ ხშირად სცემენ, დასჯის მიზნით აშიმშილებენ, ამცირებენ და არასრულწლოვან გოგონებს სექსუალურადაც ავიწროებენ. დირექტორი ხშირად მოდის მთვრალი და შენობაში ეწევა მარიხუანას.

ანონიმური მომხმარებლების მძიმე ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა, ე.წ. პროკურატურამ მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო.

როგორც გამოცემა "ეხო კავკაზა" წერს, ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებუ­ლებაში მივიდნენ გამომძიებლები და თანამშრომლები დაკითხეს. ზოგს სამსახურში ესაუბრნენ, ნაწილს კი შინ მიაკითხეს. გამოცემის წყაროს ცნობით, ამბის ნამდვილობა ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე ნათია რუსიტაშვილმა და რამდენიმე აღმ­ზრდელმა დაადასტურეს. გოგონამაც დეტალურად უამბო ყველაფერი­ გამომძიებლებსა და ბავშვთა ომბუდსმენს.

ამის შემდეგ ე.წ. პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომ "აღზრდისთვის მიუღებელი მეთოდების გამოყენება" დადასტურდა და "განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს" მიმართავს დამნაშავე პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის დასმის მოთხოვნით. ამ განცხადებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა სადისტი დირექტორი ისევ თანამდებობაზეა. გაგრძელდება თუ არა გამოძიება, არაფერი თქმულა.

ასევე დაგაინტერესებთ: „პრეზიდენტ“ გაგლოევის ვენდეტა - რატომ დაიწყო დიდი საკადრო წმენდა ცხინვალში

კრიმინალური ცხინვალი - ე.წ. პრეზიდენტის ძმის დაჯგუფება, მუქარა მახრჩობელა გველებით და ტრაგიკომიკური "მილიცია"

როგორ დასცინიან რუსები აფხაზებს - „გსურთ ნახოთ საბჭოთა კავშირი? ეწვიეთ აფხაზეთს, კარგი ბუნება და ველური ადგილობრივები“

ახალი სკანდალი ცხინვალში - როგორ დასცინა პუტინის თანაშემწემ მთავარ მარიონეტს ანუ "მადონას სერვიზი" გაგლოევისთვის

პარალელურად დე ფაქტო სახელისუფლებო საინფორმაციო გამოცემა "რესმა"­ სკანდალზე რეაგირება დაიწყო დირექტორის რეპუტაციის გადასარჩენად და ჩაწერა თავად დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი. დირექტორიც და ორი მასწავლებელიც ამტკიცებენ, რომ გავრცელებულ ბრალდებაში ერთი სიტყვაც არ არის სიმართლე, ყველაფერი ცილისწამებაა.

"ფეისბუქზე" ვიდეო გაავრცელა მასწავლებელმა ელზა ჩარაევამ, რომელიც დირექტორის აქტიური მხარდამჭერია და ამბობს, რომ მეარაყიშვილი­ ქართული დაზვერვის დავალებას ასრულებს. "ყველაფერი ტყუილია და ბავშვებს­ ძალიან კარგად ექცევიან. ინციდენტის დროს მე ბავშვთა სახლში არ ვიყავი, მაგ­რამ კოლეგებმა ყველაფერი მითხრეს. სოციალურ ქსელში რა ბრალდებაც გავრცელდა, სრული სიცრუეა. ამ ბავშვებს­ სწავლა ეზარებათ. ბავშვები არიან და თამაში ურჩევნიათ და როგორც მით­ხრეს, კი, ბატონმა ილასმა ეს გოგონა მართლა შეიყვანა კაბინეტში, რომ გამრა­ვლების ტაბულა ესწავლებინა. როცა ნახა, რომ არაფერი გამოუვიდა, უთხრა, თუ არ ისწავლი, მთელი ცხოვრება მძიმე ფიზიკური მუშაობა მოგიწევს და ჩემსავით კაბინეტში ვერ დაჯდებიო. რაც შეეხება შიმშილობას, აქ არავის ვაშიმშილებთ, ბავშვებს გაძღომამდე ვაჭმევთ. ის რატომ არ ახსენეს, რომ იმ დღეს დირექტორმა ქალაქიდან ბავშვებს პიცები და კარტოფილი-ფრი მოუტანა?!" -წერს ჩარაევა.

დირექტორი ილას ბეჟანოვი აცხადებს,­ რომ მეარაყიშვილი მას ცილს სწამებს და "ეს არ არის პირველი ბრალდება მის წინააღმდეგ ამ მოქალაქისგან", რომ მეარაყიშვილმა პირველად მის შესახებ მაშინ დაწერა, როდესაც გასული წლის ივლისში ითქვა, რომ ის დირექტორად ინიშნებოდა.

როგორც "ეხო კავკაზა" იუწყება, ილას ბეჟანოვი დირექტორად გასულ წელს დაინიშნა და მაშინ ბავშვთა სახლის მასწავლებლები აღშფოთდნენ. ისინი ბეჟანოვს იმ დროიდან იცნობდნენ, როდესაც ის ახალგორის კა-გე-ბეს განყოფილებაში მუშაობდა. მასწავლებლებს არ მოსწონდათ, რომ ის დილამდე სამსა­ხურებრივი მანქანით ბავშვთა სახლის ბინადარ თხუთმეტი წლის გოგონას დაატარებდა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის ეშინოდათ, რადგან ბეჟანოვს, როგორც კა-გე-ბეს ოფიცერს, შეეძლო ნებისმიერი­ მათგანი დაეთხოვა. როდესაც ბეჟანოვი­ კა-გე-ბედან გაათავისუფლეს, ქალებმა შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ გასული წლის ივლისში კოშმარი დაბრუნდა და ახლა დირექტორად დანიშნეს. მასწავლებლები­ "დეპუტატ" ზაზა დრიაევთან მივიდნენ თხოვნით, რათა დაერწმუნებინათ ე.წ. განათლების მინისტრი, რომ ბეჟანოვი მათთან არ დაენიშნა. ამ პროტესტს მაშინ თამარ მეარაყიშვილმა მხარი დაუჭირა და "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა მასწავლებელთა მხარდამჭერი პოსტი.

გამოცემა წერს, რომ ბავშვთა სახლის ახალმა დირექტორმა მაშინვე დაიმკვიდრა თავი, როგორც ფიცხმა, უხეშმა და მსმელმა ადამიანმა. ძველით ახალი წლის ღამეს რესტორანში მთვრალმა რატომღაც გადაწყვიტა, თავზე გადაემსხვრია დეკანტერი, რომელშიც ღვინოს ასხამდნენ. დეკანტერი სქელკედლიანი აღმოჩნდა და თავგატეხილი ბეჟანოვი თანამესუფრეებმა ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავზე 8 ნაკერი დაადეს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ბეჟანოვმა ბავშვთა სახლის დაცვის თანამშრომელს სცემა და გაათავისუფლა. წყაროების ცნობით, დირექტორს ეჭვი ჰქონდა, რომ ის პოლიციას აცნობებდა, თითქოს ბეჟანოვი უკანონო ნივთიერებებს ეწეოდა. დირექტორი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ტესტირებისთვის, თუმცა მალევე გამოუშვეს.

"ეხო კავკაზა" ახალგორის ბავშვთა სახლში ბავშვზე ძალადობის სხვა ფაქტზეც წერს. გამოცემის ცნობით, ბავშვთა სახლი პატარა დაწესებულებაა, იქ მხოლოდ 10 ბავშვი და 40 თანამშრომელია და წლებია კორუფციულ და პედოფილურ სკანდალებში ეხვევა, წელს კი პედოფილიის პრობლემა ბავშვებზე ძალადობამ ჩაანაცვლა.

"დაახლოებით სამი კვირის წინ ძერასა ავად გახდა. ბავშვს ღამით სიცხემ აუწია. ბავშვთა სახლს ჰყავს მორიგე ექთანი, რომელმაც იმ საღამოს მოვალეობა მიატოვა და რესტორანში საქეიფოდ წავიდა.­ მასწავლებლებმა ექთანს დაურეკეს, რომ სამსახურში მისულიყო. მთვრალმა ქალმა, განრისხებულმა იმით, რომ მაგიდიდან წამოაგდეს, გოგონა კინაღამ მოკლა. როდესაც მომვლელები ძერასასთან შევიდნენ, დაინახეს, როგორ სცემდა მას ექთანი, თან სახეზე ბალიში ჰქონდა დაფარებული, რომ ბავშვის ყვირილის ხმა ჩაეხშო. ექთანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს - ერთ-ერთი სოფლის პირველადი დახმარების პუნქტში და ამბავი ასე მიჩქმალეს", - წერს "ეხო კავკაზა".

"ახალგორის ბავშვთა სახლში ადრე იყო ინტიმური სკანდალები, ახლა სადისტური მოქცევაც დაემატა"

თამარ მეარაყიშვილი: - ახალგორის ბავშვთა სახლში რაც ხდებოდა, სულ მესმოდა. ადრე იყო ინტიმური სკანდალები, ახლა კი ეს სადისტური მოქცევაც დაემატა. იმ ბავშვს ვიცნობ. მძიმე ისტორია აქვს, სადღაც ვაგონში იპოვეს, დედა ლოთი ჰყავს. ბავშვს კითხვა და თვლა უჭირს. რატომღაც დირექტორმა, რომელიც არც პედაგოგია და არც რაიმე განათლება აქვს, გადაწყვიტა ბავშვისთვის გამრავლების ტაბულა ესწავლებინა და მერე დაესაჯა. როგორც კი ეს ვიდეო ჩავწერე, ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა, ტელეგრამარხებსა და "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფში დადეს და დაიწყეს განხილვები. რამდენიმე საათში პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, ფაქტზე მოკვლევა დაიწყებაო. მეორე დილით პროკურატურიდან გამომძიებელი, ბავშვთა ომბუდსმენი და ახალგორის "დეპუტატი" წავიდნენ ბავშვთა სახლში, შეამოწმეს, გამოჰკითხეს ბავშვიც და თანამშრომლებიც. ბავშვმა მათ აჩვენა ადგილი, სადაც დააჩოქეს. "პროკურატურამ" ჩემი ნათქვამი დაადასტურა, თუმცა დირექტორი ისევ თანამდებობაზეა. ახლა დირექტორის მომხრეებმა ჩემი გაშავება დაიწყეს, რომ მე ქართველების აგენტი ვარ, ფულს მიხდიან, რომ ოსებზე ცუდი ვთქვა. თუ აქ არ მოსწონს, წავიდეს იქ, სადაც მისი მოსაწონი იქნებაო. საქართველოს აგენტი მე როგორ გამოვდივარ, როცა ბავშვებს სასტიკად დირექტორი ექცევა და მე მხოლოდ მის დანაშაულს ვამხელ?!

დირექტორმა ბეჟანოვმა "ფეისბუქზე" ოსურად გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს: პოლიტიკური დაკვეთაა, რომ ცილი დამწამონ. ჩემი თანამშრომლები, ვისაც სხვა დირექტორის დანიშვნა სურთ, ფულს უხდიან ბავშვებს, რომ ჩემთან ლაპარაკი მალულად ჩაწერონ და შემდეგ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონო. ამბობს, პედაგოგიური განათლება არა მაქვს, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ ბავშვების ცემა დაუშვებელია და საკუთარი შვილებივით ვზრუნავ აღსაზრდელებზე, ქვეყნის პატრიოტი ვარო.

- ვინ არის ილას ბეჟანოვი და საერთოდ, რა ხდება ახალგორის ბავშვთა სახლში, როგორ ექცევიან ბავშვებს?

- ეს კაცი ადრე ახალგორის კა-გე-ბეში მუშაობდა და იქიდან გააგდეს, იმიტომ, რომ ბავშვთა სახლის 15 წლის გოგოსთან ინტიმურ ურთიერთობაში იყო შემჩნეული. ღამით ბავშვთა სახლიდან გამოჰყავდა და დაატარებდა მანქანით. შემდეგ საავადმყოფოში მუშაობდა და იქიდანაც 2 თვეში გაუშვეს. გაუწონასწორებელი ადამიანია, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სხვათა შორის, კოლექტივი ბავშვთა სახლის დირექტორად მისი დანიშვნის წინააღმდეგი იყო. "დეპუტატს" დაუკავშირდნენ და სთხოვეს, არ არის შესაფერისი კანდიდატურა და გთხოვთ, არ დანიშნოთო. "მინისტრსაც" მიმართეს, მაგრამ მან თქვა, დროებით ინიშნებაო.

წინა დირექტორი იმის გამო გაუშვეს, რომ არასრულწლოვანი აღსაზრდელი დაფეხმძიმდა, იყო ფინანსური დარღვევებიც. არასრულწლოვან გოგოს მამის ტოლი კაცი აკითხავდა ცხინვალიდან, შემდეგ გოგო დაფეხმძიმდა და აბორტი გაუკეთეს. ამ სკანდალის შემდეგ დანიშნეს ბეჟანოვი, რომელიც ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული. დღეს ბავშვთა სახლში მხოლოდ 10 ბავშვია, გოგოების განყოფილება ცალკეა და დირექტორი იმ შენობაშივე ცხოვრობს, გოგონების განყოფილებაში წევს და არა ბიჭების. ამაზეც ხომ უნდა დაისვას შეკითხვა?

წაიკითხე ვრცლად