როგორ აგიჟებს ილჰამ ალიევი პუტინს - აზერბაიჯანის მოწოდება უკრაინელებისთვის და... ქართველებისთვისაც
ოკუპაციას არ შეეგუოთ! - ალიევის მოწოდება უკრაინელებისთვის და... ქართველებისთვისაც...
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რომ ქვეყნის გამაერთიანებლის სტატუსით შევა აზერბაიჯანის ისტორიაში, ეს უკვე ფაქტია - 2003 წელს მან მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა ქვეყნა, რომლის ყარაბაღი და მისი მიმდებარე შვიდი რაიონი, 1994 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული გახლდათ მეზობელი სომხეთის მიერ, ასევე, მეზობელი რუსეთის ფედერაციის დახმარებით და ილჰამ ალიევმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის (რა თქმა უნდა, მეგობარი თურქეთის უდიდესი დახმარებით), რომ ოციოდე წლის შემდეგ აზერბაიჯანი ოკუპაციისგან სრულიად გაეთავისუფლებინა...
ორიდე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა შუშაში, ოკუპაციისგან გათავისუფლებული ყარაბაღის ისტორიულ ცენტრში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა - გირჩევთ, არასოდეს დანებდეთ და არ შეეგუოთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არ შეეგუოთ ოკუპაციას!
ასევე დაგაინტერესებთ: კავკასიური ვენდეტა პუტინისთვის?! - ძველი მტრების ახალი მეგობრობა ანუ აძევებენ თუ არა რეგიონიდან კრემლს
"აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და თანადგომა უფრო გაძლიერდება"
როგორ გააცოფა ალიევი პუტინმა - რაში გადაიზრდება რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება?!
პრეზიდენტმა ალიევმა გაიხსენა, რომ 2003 წლიდან მონაწილეობდა ყარაბაღის პრობლემის სამშვიდობო მოლაპარაკებებით მოგვარების პროცესებში.
"მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები მარწმუნებდნენ, რომ უნდა შევგუებოდით რეალობას, ოკუპაციას, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხი რეზოლუცია მიიღო სომხური ძალების ყარაბაღიდან გაყვანაზე, მაგრამ მის შესრულებას არავინ აპირებდა და ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ახალი რეალობა, რომელსაც ისინი იძულებულნი იქნებდნენ, შეგუებოდნენ და ასეც მოხდა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში, ჩვენი გამარჯვების შემდეგ...", - თქვა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მართალია, ღიად არ მიუთითა რუსეთის ფედერაციაზე, მაგრამ დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ მან ამ გამოსვლით, ფაქტობრივად, მოუწოდა უკრაინელებს, არ შეეგუონ პუტინის რუსეთის მხრიდან მიმდინარე უკრაინის ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას და მუდამ იბრძოლონ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე...

ეს კი მიუთითებს ბაქოსა და მოსკოვს შორის არსებულ ფარულ დაპირისპირებაზე, რაც ბოლო პერიოდში უკვე სააშკარაოზე გამოდის, რუსეთის ქალაქებში აზერბაიჯანულ დიასპორაზე დაწყებული „ნადირობით“ და საპასუხოდ, ბაქოში რუსეთის მოქალაქეების ცემით დაკავებებზე...
ყოველივე ამას კი წინ უძღოდა გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის გროზნოს თავზე ორი რუსული საზენიტო რაკეტით დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ თვითმფრინავის კატასტროფა ყაზახეთის ტერიტორიაზე და ეკიპაჟისა და მგზავრების დიდი ნაწილის დაღუპვა.
პრეზიდენტმა ალიევმა შუშაში მიმდინარე მედიაფორუმზე სპეციალურად გაიხსენა ეს საჰაერო ინციდენტიც და განაცხადა: "შვიდი თვე გავიდა და, სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია არავითარი ოფიციალური პასუხი რუსეთის ხელმძღვანელობისგან. ჩვენ ვიცით, რაც მოხდა, რუსეთის მხარემაც მშვენივრად იცის, რა მოხდა, მაგრამ ისინი არ მოქმედებენ ისე, როგორც ასეთ შემთხვევაში მოიქცეოდა ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა. ჩვენი მოთხოვნაა - აღიარონ თავისი დანაშაული, დასაჯონ ისინი, ვინც იმსხვერპლა სამგზავრო თვითმფრინავი, გადაუხადონ კომპენსაცია თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს და აუნაზღაურონ ზარალი აზერბაიჯანულ ავიაკომპანიას..."
ამის განცხადებით პრეზიდენტმა ალიევმა კიდევ ერთხელ წაჰკრა კბილი რუსეთს - 2014 წელს უკრაინის თავზე მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების გამოძიება ათ წელს გრძელდებოდა, მაგრამ სიმართლე გაირკვა. აზერბაიჯანიც მზადაა, დაელოდოს, რამდენიც საჭიროა და ამიტომაც აპირებს უჩივლოს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სასამართლოში, მისი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით...
სამხრეთ კავკასიაში ბოლო თვეებში შეიქმნა ძალიან საინტერესო სიტუაცია - სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ბოლო პერიოდამდე ერთმანეთის მოსისხლე მტრებად მიიჩნეოდნენ, „ერთიანდებიან“ ჩვენს რეგიონში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ, რაც უფრო გამოიკვეთება, თუკი ერევანმა და ბაქომ მალევე ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, ყოველგვარი შუამავლების, პირველ რიგში კი - მოსკოვის გარეშე...
საქართველო კი ამ რეალობაში ძალზე მყიფ მდგომარეობაში რჩება, როდესაც უფრო და უფრო მძიმდება ურთიერთობები ევროპასთან და ვერც ტრამპის ამერიკის საბოლოო დამოკიდებულება გარკვეულა, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში...
ისე კი, პრეზიდენტ ალიევის მიმართვა უკრაინელებისადმი, რომ ისინი არასდროს არ უნდა შეეგუონ ოკუპაციას, რამდენად გვეხება ჩვენ, ქართველებსაც?!