როგორ გააცოფა ალიევი პუტინმა - რაში გადაიზრდება რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება?!
აზერბაიჯანისა და რუსეთის დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება...
აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და პუტინის მოღიმარი სახეებით, ერთად გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ფონზე, ვინ იფიქრებდა, რომ ბოლო დღეებში ბაქოსა და მოსკოვს შორის ასე დაიძაბებოდა სიტუაცია...
ივნისის ბოლოს რუსეთის ეკატერინბურგში 50-ზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი დააკავეს, რომელთა ნაწილს ჯერ კიდევ 2001 წელს მომხდარ მკვლელობაში (ასევე - აზერბაიჯანელის) მონაწილეობას აბრალებენ. ასეთ დაკავებებს რუსეთის მთავარი საგამოძიებო კომიტეტი სისტემატურად ახორციელებს, მაგრამ ამჯერად ამ აზერბაიჯანლების დაკავება, რომელთა უმეტესი ნაწილი რუსეთის მოქალაქე გახლდათ, ისეთი სისასტიკით მოხდა, რომ ორი მათგანი - ძმები, უმოწყალო ცემისგან გარდაიცვალნენ, ბევრმა სხვამ კი მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო...
რით იყო გამოწვეული, რუსული „ომონისა“ და „ეფ-ეს-ბეს“ სპეცრაზმელების მხრიდან განხორციელებული ასეთი სისასტიკე, უცნობია, მაგრამ აზერბაიჯანში ამ ყველაფერს ერთი შეფასება მისცეს - რუსეთის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანლებზე მიზანმიმართულად განხორციელებული ტერორი...
საგულისხმოა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა არ წაუყრუა ეკატერინბურგში მომხდარს და აზერბაიჯანულ მასმედიას ნება დართო (ის, რომ აზერბაიჯანში მასმედია უკვე თითქმის მთლიანად სახელმწიფოს მიერ იმართება, ეჭვი აღარავის ეპარება) რუსეთის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ღია და მკაცრი კრიტიკის დასაწყებად, რასაც მალევე მოჰყვა ბაქოში რუსული „სპუტნიკის“ ორი წარმომადგენლის, რუსეთის მოქალაქეების საჩვენებელი დაპატიმრება ტელეკამერების წინაშე და მათთვის „ეფ-ეს-ბეს“ აგენტობის დაბრალება...
არ შეიძლება არ გავიხსენოთ მსგავსი ვიდეოკადრები, გადაღებული თბილისში, ორი ათეული წლის წინ, როდესაც ასევე ბორკილებდადებული გამოჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები, როგორც „გე-ერ-უს“ აგენტები, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს...
თუმცა შემდეგ რა მოჰყვა ამას და სხვა მსგავს ფაქტებს საქართველოსთვის, კარგადაა ცნობილი, აზერბაიჯანსაც ხომ იგივე არ ელოდება მეზობელი რუსეთისგან?! თუ ალიევი სააკაშვილი არ არის, ისევე, როგორც ყარაბაღის ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი არ არის აგვისტოს ომში დამარცხებული საქართველო და მას შეუძლია ყველანაირად აგრესორ რუსეთთან სიტუაციის უკიდურესად გამწვავებაზე წასვლა?
ის, რომ აზერბაიჯანლების დიდი ნაწილი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას მტრულად აღიქვამენ, არახალია და ამის სრული საფუძველი აქვთ...
თუკი ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც საბჭოთა სამხედრო მანქანამ კრემლის ბრძანებით მოგვიწყო, აზერბაიჯანლებსაც, სამწუხაროდ, ასევე აქვთ ბევრად უფრო დიდი ტრაგედიის გახსენების საჭიროება, „შავი იანვრის“ სახით - 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა არმიამ ბაქოში ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და 170-მდე ადგილობრივი მოსახლე მოკლა...
თუმცა მაშინვე გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანლები შეპუებას არ აპირებდნენ - ბაქოს ქუჩებში ორმხრივი სროლების შედეგად ასევე მოკლეს 29 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე, განსხვავებით 9 აპრილისა, როდესაც მაშინ თბილისში საბჭოთა არმიას იარაღით ხელში არ დაპირისპირებიან.
უფრო დიდი სიძულვილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ აზერბაიჯანელი პატრიოტების სულში მას შემდეგ განმტკიცდა, რაც რუსმა პოლიტიკოსებმა და გენერლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყარაბაღის პირველ ომში სწორედ სომხეთის მხარეს გაემარჯვა, 1994 წელს და გარდა ყარაბაღისა, აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონის ოკუპაცია განეხორციელებინა, შემდგომი 26 წლის განმავლობაში.
2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის 44-დღიანი ომის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა - აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომში სასტიკად დაამარცხა ოკუპირებული ყარაბაღის სომხური ხელისუფლება, ხოლო 2023 წელს მთლიანად აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
ამას პრეზიდენტი ალიევი ვერანაირად ვერ შეძლებდა, მანამდე რომ არ დაელაგებინა ურთიერთობები პუტინთან, რაც გამოიხატა რუსული შეიარაღების მსოფლიო ბაზრის ფასებით შეძენასა (რასაც თან სდევდა რუსი ჩინოვნიკების მოქრთამვა) და კრემლის საერთაშორისო პოლიტიკის წინააღმდეგ წაუსვლელობაში, რაც ბაქოს დიპლომატიის გამარჯვებად იქცა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ალიევი მუდამ გრძნობდა ძლიერ ზურგს პრეზიდენტ ერდოღანისგან...
ისტორიული პრობლემის - აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენის შემდეგ პრეზიდენტი ალიევი გადაიქცა ერთპიროვნულ ლიდერად და არა მარტო აზერბაიჯანში, ბაქომ იგრძნო ძალა და სამხრეთ კავკასიაშიც გალიდერების სურვილი გაუჩნდა, მათ შორის - ევროპაში ენერგომატარებელების ექსპორტის მხრივ, რაც სულაც არ აღაფრთოვანებდათ კრემლში, რადგან ეს კონკურენციას უზრდიდა რუსული ნავთობისა და ბუნებრივი გაზის გაყიდვებს, რაც რუსეთის ხაზინის ძირითადი შემავსებელი საშუალებაა.
აზერბაიჯანისა და რუსეთის ინტერესების მზარდი ფარული დაპირისპირების ფონზე, მოხდა დრამატული ტრაგედიაც - 2025 წლის 25 დეკემბერს გროზნოს თავზე რუსულმა საზენიტო რაკეტებმა დაზიანება მიაყენეს აზერბაიჯანული ავიაკომპანიის სამგზავრო ლაინერს, რის შედეგადაც მან ყაზახეთში ავარიული დაჯდომისას კატასტროფა განიცადა, რასაც 38 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
მას შემდეგ გასული ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ ეს ტრაგედია მისი სამხედროების მიერ გაშვებულმა რაკეტებმა გამოიწვიეს და არც აზერბაიჯანისთვის გადაუხდია კომპენსაცია, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ბაქო-მოსკოვის ურთიერთობები და გააღრმავა ისედაც არცთუ მცირე ანტირუსული განწყობები აზერბაიჯანის მოსახლეობაში.
საინტერესო გახლდათ 9 მაისს მოსკოვში გერმანიაზე გამარჯვების 80 წლის საზეიმო აღნიშვნა, რომელზეც ალიევი სპეციალურად არ ჩავიდა და არ დადგა პუტინის გვერდით, თუმცა გააგზავნა აზერბაინის არმიის სპეცდანიშნულების ასეული, რომლის სამწყობრო ნაბიჯით წითელ მოედანზე ჩავლით, ბაქომ ყარაბაღის ომში გამარჯვების დემონსტრაცია მოახდინა როგორც რუსეთის, ისე - მთელი მსოფლიოს წინაშე...
შეიძლება თუ არა, რომ აზერბაიჯან-რუსეთის მზარდი დაპირისპირება შეირაღებულ კონფლიქტშიც გადაიზარდოს?
სავარაუდოდ, ყველაფერი დიპლომატიურ დონზე დარეგულირდება, რადგან არც ალიევს სურს „აგვისტოს ომის“ გამეორება აზერბაიჯანისთვის და არც პუტინს სცალია სამხრეთ კავკასიაში ახალი ფართომასშაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად, მაშინ, როდესაც რუსეთი მეოთხე წელია, უკრაინის ომის ჭაობში იფლობა,თუმცა...
ასევე დაგაინტერესებთ: "მღვდლების რევოლუცია" სომხეთში, რომლის უკან პუტინი დგას?! - ვინ ცდილობს ფაშინიანის დამხობას
თუმცა, შეიარაღებული სახის ინციდენტებს ბოლო წლებში უკვე ჰქონდათ ადგილი აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებში...
2020 წლის 9 ნოემბერს, როდესაც ყარაბაღის მეორე ომში ცეცხლის შეწყვეტის სამხრივ ხელშეკრულებას ეწერებოდა ხელი, აზერბაიჯანელმა მეზენიტემ ნახიჩევანის რაიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე „იგლას“ რაკეტით ჩამოაგდო რუსული „მფრინავი ნიანგი“-Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი, რომელიც სომხების ეგონა, რასაც ეკიპაჟის ორი წევრის დაღუპვა და ერთის დაშავება მოჰყვა.
2023 წლის 20 სექტემბერს ყარაბაღში, გზაზე მიმავალ მანქანაში, ჩაცხრილეს რუსეთის „სამშვიდობო ძალების“ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის სპეცდანიშნულების ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა, რომლის დროსაც შეცდომა გამორიცხული გახლდათ, რადგან რუსი სამხედროების „უაზს“ გარკვევით, დიდად ეხატა რუსეთის „სამშვიდობო ძალების“ ემბლემები.
ამ ორივე შემთხვევაში, პრეზიდენტმა ალიევმა ბოდიში მოუხადა რუსულ მხარეს და კომპენსაციებიც გასცა დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახებისთვის და კრემლმაც არ გაამწვავა ეს შეიარაღებული ინციდენტები, თუმცა რუს „პატრიოტებს“ დღემდე არ დავიწყებიათ და ხშირად ახსენებენ ამას აზერბაიჯანლებს...
რუსეთში მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მუშაობს, მათ შორის ნაწილს უკვე მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, ამასთან, აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე - აზერბაიჯანული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთში ათწლეულებია, ხორციელდება - სწორედ ეს ორი მიმართულება შეიძლება გახდეს ის მთავარი ბერკეტები, რომელთა გამოყენებითაც -აზერბაიჯანის მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაციისა და აზერბაიჯანული პროდუქციის რუსეთში შეტანის დაბლოკვით, კრემლი შეეცდება აზერბაიჯანის „მორჯულებას“...