დამდნარი ქალაქი: დღე, რომელმაც მსოფლიო შეძრა - ჰიროსიმას ბედი შესაძლოა, თბილისსაც გაეზიარებინა
ადამიანის ცხოვრებაში 80 წელი დიდი პერიოდია, თუმცა ერის ისტორიაში შეიძლება მხოლოდ ერთი გაელვება იყოს - იაპონიაში ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის თვითმხილველები, რომლებიც 1945 წლის 6 აგვისტოს მოესწრნენ, დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშინელი და გამანადგურებელი იარაღის -ატომური ბომბის პირველ საბრძოლო გამოყენებას მათ მშობლიურ ქალაქზე -ჰიროსიმაზე...
იაპონური ჰიროსიმის თავზე ამერიკული ატომური ბომბის „ბიჭუნას“ აფეთქებას მომენტალურად შეეწირა 70-დან 80 ათასამდე ადამიანი და შემდგომ თვეებში სხივური დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1945 წლის ბოლოს კიდევ ერთი ამდენი შეადგინა ანუ, საერთო ჯამში, ერთი ამერიკული ატომური ბომბის საბრძოლო ნათლობამ 160 ათასამდე ადამიანი შეიწირა, რომელთა შორის უმეტესობა ჰიროსიმას მშვიდობიანი მოსახლეობა გახლდათ...
რაში დასჭირდა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, როდესაც იაპონიის დამარცხება გარდაუვალი გახლდათ, ასეთი საშინელი იარაღის გამოყენება და თანაც - სწორედ იაპონური ქალაქის და არა - რომელიმე იაპონური სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ?
პირველი - წმინდა ტექნიკური მიზეზის გამო, ამერიკელი გენერლები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი „მფრინავი სუპერციხესიმაგრიდან“ ჩამოგდებული პირველი საბრძოლო ატომური ბომბი (მანამდე,1945 წლის 16 ივლისს ნევადის პოლიგონზე განხორციელდა პირველი საცდელი ატომური აფეთქება) შედარებით მცირე ზომის რომელიმე იაპონური სამხედრო ობიექტის თავზე ზუსტად აფეთქდებოდა და ამიტომაც აირჩიეს ბევრად უფრო დიდი ფართობის მქონე ქალაქი ჰიროსიმა.
მეორე - ჰიროსიმაში იმ დროს განთავსებული იყო იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და მეორე არმიის შტაბები, სამხედრო-საზღვაო პორტი და არმიის ცენტრალური საწყობი, რაც ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ერთგვარი გამართლების საშუალებას აძლევდა - ატომური ბომბი ჩამოვაგდეთ იმ იაპონურ ქალაქზე, სადაც ჩვენთან მებრძოლი იაპონიის სამხედრო ფლოტისა და არმიის ობიექტები იყო განთავსებულიო...
მესამე - ატომური დაბომბვის მომენტისთვის ჰიროსიმას მოსახლეობა 245 ათასამდე იყო და მათგან ორი მესამედის დაღუპვამ უშუალოდ ატომური აფეთქებისა და შემდგომში - სხივური დაავადებების შედეგად, გამოიწვია კატასტროფული ფსიქოლოგიური ეფექტი იაპონიის მთავრობასა და მოსახლეობაზე, რამაც დააჩქარა იაპონიის კაპიტულაცია მეორე მსოფლიო ომში, რაც გახლდათ კიდეც თეთრი სახლის მთავარი მიზანი იაპონიის წინააღმდეგ, ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების მიღებისას.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი ნატაშას წინააღმდეგ ანუ რამდენად დააზარალა ირანის ბირთვული ობიექტები ამერიკულმა დაბომბვამ
მეოთხე - იაპონიის წინააღმდეგ ატომური ბომბის პირველად გამოყენებისა და მისი საშინელი შედეგების ჩვენებით, აშშ-ის მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, მკაფიო სიგნალი გაუგზავნა საბჭოთა კავშირსა და მის ლიდერ სტალინს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მოკავშირეებად ითვლებოდნენ, ერთად დაამარცხეს ჰიტლერის გერმანია და მოსკოვი დღედღეზე იაპონიისთვის ომის გამოცხადებას აპირებდა, უკვე ჩანდა პირველი „ცივი ომის“ დაწყებითი ნიშნები, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ერთად გამარჯვებული აშშ და საბჭოთა კავშირი მალე ერთმანეთის მთავარ მოწინააღმდეგედ გადაიქცეოდნენ. ამიტომაც, იაპონიის ატომური დაბომბვით ვაშინგტონი „ატომურ გაფრთხილებას“ უგზავნიდა მოსკოვს, რომ ამერიკა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახლდათ, რომელიც დაეუფლა მანამდე არნახული დამანგრეველი ძალის ახალ იარაღს - „საბრძოლო ატომს“...
მეხუთე - ამერიკის ხელში ახალი „ატომური ხელკეტის“ გამოჩენა უფრო შთამბეჭდავი რომ გამხდარიყო, ჰიროსიმის ატომური „ბიჭუნით“ დაბომბვიდან სამი დღის შემდეგ მეორე ამერიკული ატომური ბომბი - „მსუქანა“ ჩამოგდებული იქნა იაპონური ქალაქის - ნაგასაკის თავზე, რამაც 60-დან 80 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამით თეთრ სახლს კრემლისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ თითქოს ამერიკელებმა ატომური ბომბების სერიული წარმოება დაიწყეს და ისინი საბჭოთა ქალაქებისთვისაც ეყოფოდათ, თუმცა სინამდვილეში იაპონური ქალაქების თავზე აფეთქებული ეს ორივე ატომური ბომბი უფრო ექსპერიმენტული გახლდათ (ამერიკელები მესამე ატომური ბომბის ჩაგდებასაც აპირებდნენ იაპონიაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს, საბედნიეროდ, ვეღარ განახორციელეს), თუმცა პირველი შვიდი საბჭოთა ქალაქის - დედაქალაქ მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და მათ შორის - თბილისის ატომური დაბომვის გეგმა პენტაგონმა 1947 წლისთვის გაამზადა...
იაპონური ქალაქების ამერიკული ატომური ბომბებით დაბომბვების ტექნიკური ნიუანსები:
ჰიროსიმასა და ნაგასაკის დასაბომბად ორივე შემთხვევაში გამოყენებული იქნა B-29 Superfortress-ის ტიპის შორი მოქმედების მძიმე, ოთხძრავიანი ბომბდამშენები, რომლებიც წყნარი ოკეანის კუნძულ ტინიანიდან აფრინდნენ და, დაახლოებით, 2 500 კმ-ის გაფრენის შემდეგ მიაღწიეს იაპონიას.
ჰიროსიმას თავზე ამერიკულმა მფრინავმა „სუპერციხესიმაგრემ“ 9 კმ-ის სიმაღლიდან ჩამოაგდო Little Boy -„ბიჭუნას“ სახელის მქონე 3 მ სიგრძის, 70 სმ დიამეტრისა და 4,4 ტ მასის პირველი საბრძოლო ატომური ბომბი, რომელიც საზღვაო ქვემეხის გადაჭრილი ლულის გამოყენებთ იყო დამზადებული და გამოირჩეოდა სიმარტივით (როგორც ამბობენ მისი სქემა დღემდე იმიტომაა განსაკუთრებულად გასაიდუმლოებული, რომ მისი დამზადება შედარებით ადვილია და ამით არ ისარგებლონ ტერორისტებმაო) - ლულაში გასროლა ხდებოდა ვოლფრამის მონოკარბიდისგან დამზადებული ჭურვის, რომელიც ლულის ბოლოში ეჯახებოდა 64 კგ-იან 90%-მდე გამდიდრებული ურანი-235-ის ცილინდრს, ხდებოდა მისი ზეკრიტიკულ მდგომარეობაში გადასვლა, ნეიტრონების გამოტყორცნა და ჯაჭვური ბირთვული რეაქციის დაწყება...
თუმცა, „ბიჭუნას“ ატომური ბომბის ეს კონსტრუქცია ძალიან არაეფექტიანი გახლდათ, რადგან 64 კგ მაღალგამდიდრებული ურან-235-დან უშუალოდ ჯაჭვურ ბირთვულ რეაქციაში მხოლოდ 700 გრამი ურანი მონაწილეობდა, რის გამოც ატომური აფეთქების ძალამ მხოლოდ 13-დან 18 ათას ტონამდე ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.
თუმცა ესეც გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ჰიროსიმას თავზე 576 მ სიმაღლეზე აფეთქებულმა ამერიკულმა ატომურმა „ბიჭუნამ“ ამხელა ტრაგედია დაატრიალა...
რაც შეეხება მეორე ამერიკული ატომური ბომბის ჩამოგდებას, ნაგასაკელებს, უბრალოდ, არ გაუმართლათ, რადგან მეორე ბომბი, სახელად „მსუქანა“, სხვა იაპონური ქალაქისთვის -კოკურასთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ღრუბლიანი ამინდის გამო ამერიკული ბომბდამშენის ეკიპაჟმა ვეღარ შეძლო კოკურას ვიზუალურად სამიზნეში ამოღება და სათადარიგო სამიზნისკენ -ნაგასაკისკენ გაფრინდა.
ნაგასაკის თავზე, 500 მ-ის სიმაღლეზე აფეთქებული ამერიკული ატომური ბომბი Fat Man - „მსუქანა“ 4,6 ტ-ას იწონიდა, მისი სიგრძე 3,2 მ-ს შეადგენდა, ხოლო დიამეტრი კი - 152 სმ-ს ანუ ის „ბიჭუნაზე“ ორჯერ მსხვილი გახლდათ და ამიტომაც კოდური სახელწოდება - „მსუქანა“ მიანიჭეს.
„მსუქანა“ სულ სხვა პრინციპით, იმპლოზიური სქემით იყო დამზადებული, როდესაც სფერული ფორმის ბირთვულ მასალის ზედაპირზე ერთდროულად ხდება ფოკუსირებული აფეთქებები, რასაც ის ზეკრიტიკულ მდგომარეობაში გადაჰყავს და იწყება ჯაჭვური ბირთვული რეაქცია.
„მსუქანაში“, „ბიჭუნასგან“ განსხვავებით, გამოყენებული იქნა 6 კგ-იანი პლუტონიუმ-239-ის ბირთვი, რომელსაც გარედან შემორტყმული ჰქონდა გაღარიბებული ურანი-238-ის სარტყელი.
შესაბამისად, „მსუქანას“ აფეთქების ძალამ 21 ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა,თუმცა შედარებით ნაკლები მსხვერპლი გამოიწვია ნაგასაკში, რადგან ეს ქალაქი ბორცვებზეა გაშენებული და მათ შეანელეს ატომური აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დარტყმითი ძალის, გამოსხივებისა და რადიაციის ზემოქმედების დონე.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა -თუკი „ბიჭუნაში" 64 კგ, ხოლო „მსუქანაში“ კი - მხოლოდ 6 კგ რადიოაქტიური მასალა გამოიყენებოდა, რატომ იწონიდნენ ეს ბომბები 4 ტონაზე მეტს?
იმიტომ, რომ „ბიჭუნაც“ და „მსუქანაც“... კარგად იყვნენ შეჯავშნულები!
ბომბის შეჯავნა ვის გაუგია, საავიაციო ბომბი იმისთვისაა, რომ აფეთქების შედეგად, რაც შეიძლება მეტი ნამსხვრევი გასტყორცნოს, მაგრამ პირველი ატომური ბომბების საბრძოლო ნათლობის წინ ამერიკელი გენერლები ძალზე უფრთხოდნენ, რომ იაპონური ქალაქების თავზე გამოჩენილ მათ მფრინავ „სუპერციხესიმაგრეებს“ იაპონელი მეზენიტეები ძლიერ ცეცხლს გაუხსნიდნენ და თუკი საზენიტო ჭურვის ნამსხვრევები შემთხვევით მოხვდებოდნენ ბომბდამშენის ლუკში მოთავსებულ შეუჯავშნავ ატომურ ბომბს, შეიძლება მისი მოულოდნელი დეტონაცია და ისეთი ატომური აფეთქება მომხდარიყო, რომელიც მხოლოდ 9 კმ-ზე მფრენ ამერიკულ ბომბდამშენს იმსხვერპლებდა, იაპონურ ქალაქს კი უკვე ვეღარაფერს დააკლებდა...
თანამედროვე ბირთვულ ქობინებს, რომლებიც სწორედ „მსუქანას“ იმპლოზიური სქემით არიან დამზადებულნი, აღარ ჯავშნიან, რადგან უსაფრთხოების რამდენიმე დონე გააჩნიათ, რომ არ მოხდეს მათი არასანქცირებული დეტონაცია.
იაპონური ქალაქების ამერიკული ატომური დაბომბვებიდან 80 წლის შემდეგაც აშშ და იაპონია სტრატეგიული პარტნიორები რჩებიან და დღეს ტოკიოს სწორედ ვაშინგტონის სამხედრო დახმარების იმედი აქვს (შეიძლება, ბირთვული იარაღითაც კი), მოსკოვთან ან პეკინთან შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში...