„ქრისტიანობა დედამიწაზე ყველაზე დევნილი რელიგიაა... ევროპელებო, იღუპებით და ჯოჯოხეთისაკენ მიექანებით“: ტრამპის შოუ გაეროში - რატომ აღარ დასცინიან "დიდ დონალდს"?!
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 24 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ახლა დონალდ ტრამპს არავინ აღარ დასცინის - აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გაეროში მკვეთრად განსხვავდება მისი 2018 წლის გამოსვლისაგან“ (ავტორი - რობ კრილი, სპეცკორესპონდენტი ნიუ-იორკში). პუბლიკაციაში განხილულია ამერიკის მეთაურის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
იყო დრო, როცა დონალდ ტრამპზე იცინოდნენ, როცა იგი ქვეყნის შიგნით მიღწეული წარმატებებით ტრაბახობდა.
სამშაბათს კი გაეროს სხდომათა დარბაზში, სადაც მსოფლიოს ქვეყნების დელეგატები იყვნენ შეკრებილნი, საოცარი სიჩუმე იდგა, როცა მათ მისტერ დონალდ ტრამპი ლანძღავდა და აკრიტიკებდა იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ქვეყნებს კატასტროფისაკენ მიაქანებდნენ; როცა იგი დასცინოდა გაეროს (მასპინძელს) გაფუჭებული ესკალატორისა და ტელესუფლიორის გამო, როცა იგი უდიერად მოიხსენიებდა სამართალზე დაფუძნებულ თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს და ყურადღებას არ აქცევდა გამოსვლის დროის 15-წუთიანი ლიმიტის ამოწურვას.
„და მაინც, მოხარული ვარ, რომ ამ დარბაზში თქვენთან ერთად ვარ“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლისას და განმარტა, თუ რატომ კითხულობს ტექსტს, ქაღალდზე დაბეჭდილს და ზოგჯერ მის გარეშეც: „ასე უფრო გულწრფელად ვამბობ ხოლმე. საერთოდ კი ვატყობ, რომ ამ ტელესუფლიორის მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს წინ დიდი უსიამოვნება ელოდება“. როგორც იქნა, აუდიოტორიამ გაიღიმა.
აშშ-ის პრეზიდენტის 2025 წლის გამოსვლა გაეროში ძალიან განსხვავდებოდა 2018 წლის გამოსვლისაგან, როცა იგი თავს იწონებდა თავისი ადმინისტრაციის მიერ მიღწეული ისეთი დიდი წარმატებებით, „როგორიც აშშ-ის ისტორიაში არასოდეს არ მომხდარა“. შვიდი წლის წინ გაეროს იმავე დარბაზში დონალდ ტრამპი სიცილით და ირონიული შეძახილებით გააცილეს. იმდროინდელმა ესოდენ საჯარო დამცირებამ ტრამპი გაამწარა, გაეროს ზურგი შეაქცია და შექმნა მოძრაობა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ // „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“.
მაგრამ ბოლო 7 წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტიც შეიცვალა და მსოფლიოც.
მისტერ დონალდ ტრამპმა ჯერ 2020 წლის არჩევნები წააგო, შემდეგ საარჩევნო კამპანიის დროს, 2024 წელს, მკვლელობის მცდელობა გადაიტანა და ბოლოს, ხელისუფლებაში ერთგული ლოიალისტების ისეთი გუნდით დაბრუნდა, რომლის წევრებს, პრეზიდენტის მეთაურობით, აშშ-ის ინსტიტუტების და მსოფლიო წესრიგის მიმართ დარტყმის მიყენება ჰქონდათ განზრახული.
ასევე დაგაინტერესებთ: "თუ ჩვენ მას "კუდის ქიცინს" გავუგრძელებთ, შეიძლება უარესი მოხდეს. პუტინი, სტალინის მსგავსად, მხოლოდ სამხედრო ძლიერებას სცემს პატივს. ჩვენც კრემლს სწორედ სამხედრო ძალა უნდა ვაჩვენოთ"
ტრამპის მთავარი "კოზირები" ანუ როგორ მოარჯულებს პუტინს "დიდი დონალდი" ?!
გაეროს დარბაზში მყოფი დელეგატები მიხვდნენ, რომ 2025 წლისთვის დონალდ ტრამპს, რომელსაც 2018 წელს აშშ-ის ხელისუფლებაში ნორმიდან მოკლევადიან გადახრად თვლიდნენ, უკვე ისეთად აღარ ჩაითვლება: იგი წარმოადგენს იმ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდა ახალი საერთაშორისო პოპულარული მოძრაობის ფონზე. გაეროს დარბაზში მყოფმა მსოფლიო ლიდერები ახლა უკვე მიხვდნენ, რომ მისტერ ტრამპთან მუშაობა და თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერია, ვიდრე - მასთან უთანხმოება და წინააღმდეგობა. შესაბამისად, თავისი გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა თავისი მტრები საჯაროდ გააკრიტიკა და თავის წარმატებებზე ისე ილაპარაკა, რომ აუდიტორიაში მისი დაცინვა გულშიც არავის გაუვლია.
„დღეს, ხელისუფლებაში ჩემი ადმინისტრაციის მოსვლიდან სულ რაღაც რვა თვის შემდეგ, ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე ცხელი და გამოწრთობილი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომლის მსგავსი ახლომახლო არც ერთი არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ისე, თითქოს იგი გამოფენაზე იყო და დამთვალიერებლებს იწვევდა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობდა ლონდონს, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ბრიტანეთის მეფე-დედოფალს და აქებდა მასპინძლებს, გაეროში კი მისი გამოსვლა სრულიად განსხვავებული იყო. „ოჰო, ერთი ამას უყურეთ!“, - ასე დაწერა დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ყოფილმა მრჩეველმა სოციალურ ქსელში.
მისტერ პრეზიდენტი ისეთი ტონით ლაპარაკობდა გაეროს შენობის მდგომარეობაზე და ისე ემოციურად აღწერდა ესკალატორის და ტელესუფლიორის გაფუჭებას (მოძრავი კიბე უეცრად იმ დროს გაჩერდა, როცა დელეგატები დარბაზში იკრიბებოდნენ), რომ თითქოსდა სიამოვნებდა კიდეც. მან ეს ფაქტები მეტაფორულად გამოიყენა - წესრიგი არც გაეროში არის და არც მსოფლიოში, ამიტომ პირადად მას უწევს რიგი საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარება.
„აი, რაც მე ვნახე გაეროში - მოშლილი ესკალატორი და გაფუჭებული ტელესუფლიორი... და განა რას ელოდებით იმ ორგანიზაციისაგან, რომელიც ვერანაირად ვერ იყენებს თავის პოტენციალს? დღეს აქ ერთი შეხედვით კატეგორიულ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ არაფრის მთქმელ წერილებს თხზავენ და განცხადებებს იღებენ“.
როგორც ყოველთვის მისტერ ტრამპის შემთხვევაში, მისი მსოფლმხედველობა დაკავშირებულია მის პირად გამოცდილებასთან დეველოპერულ საქმიანობაში.
2000-იანი წლების დასაწყისში დონალდ ტრამპის პროექტი (ხარჯები მან თავისი ჯიბიდან გადაიხადა) მანჰეტენზე მდებარე გაეროს შტაბ-ბინის რეკონსტრუქციის თაობაზე, უარყოფილი იქნა, ანუ მისი გრანდიოზული გეგმა გაეროს დარბაზების იატაკის მარმარილოს ფილებით მოპირკეთების შესახებ ვერ განხორციელდა.
„შეატყვეთ, რომ თქვენ უბრალო ქვის იატაკზე დააბიჯებთ?“, - მიმართა მან აუდიტორიას, სადაც მსოფლიოს ლიდერები და დიპლომატები ისხდნენ, - „ხომ შენიშნეთ?“.
გამოსვლის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დონალდ ტრამპი უკვე ირანისადმი დარტყმების მიყენებაზე საუბრობდა: „ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იარაღი გვაქვს“. ტრიბუნაზე უკვე წითელი ნათურა აინთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტრამპმა გამოსვლის დროის ლიმიტს გადააჭარბა, თუმცა მისთვის ამ გაფრთხილებას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ისევე, როგორც ნატოს სამიტის ორგანიზატორებმა, რომლებმაც ერთმანეთთან თავიანთი შეხვედრების დრო შეამცირეს იმისთვის, რომ დონალდ ტრამპთან საუბრისათვის უფრო მეტი დრო ჰქონოდათ, ალბათ, გაეროს ოფიციალურმა პირებმაც გადაწყვიტეს, რომ მისტერ ტრამპისთვის ნება მიეცათ, „ტრიბუნაზე თავისი საქმე ეკეთებინა“ და მისთვის გამოსვლა არ შეეწყვეტინებინათ.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 57 წუთს ილაპარაკა, რომლის დროსაც იგი დამცინავად აკრიტიკებდა „მძინარე ჯოს“ (ჯო ბაიდენს) და „მწვანე ენერგეტიკასთან დაკავშირებულ მსოფლიო აფიორას“; აცხადებდა, რომ „ქრისტიანობა დედამიწაზე ყველაზე დევნილ რელიგიას წარმოადგენს“ და დასავლეთ ევროპელებს აფრთხილებდა, რომ მიგრაციისგან „იღუპებით და ჯოჯოხეთისაკენ მიექანებითო“.
„ძროხებზე აღარ ილაპარაკოთ, გეყოფათ“, - თქვა დონალდ ტრამპმა და ეკოლოგებს ნახშირორჟანგა გაზის დაგროვების გამო წუხილის გამოხატვისათვის დასცინა, - თქვენ ფიქრობთ, რომ ძროხები გადაშენდებიან?“
ძაფი, რომელიც მის ნათქვამ ყველაფერს აკავშირებდა, იყო ის, რომ დღევანდელი მსოფლიო წესრიგი ზოგადად და კერძოდ - გაერო, არასწორად წყვეტს თანამედროვე უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და ამ ფონზე რაოდენ სწორი და უკეთესია დონალდ ტრამპის მიდგომები.
ყველაფერი - დაწყებული ირანიდან, ღაზას სექტორიდან, ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკიდან და დამთავრებული - სიტყვის თავისუფლებით და ემიგრაციის პრობლემით, ტრამპის გამოსვლაში მხოლოდ ერთ საკითხს უკავშირდებოდა: იმას, რომ მას უარი უთხრეს გაეროს შენობის რეკონსტრუქციაზე. „და მე მივხვდი, რომ მათ არ იცოდნენ, რასაც სჩადიოდნენ, როცა საქმე ჩემს მიერ შენობის რემონტზე უარის თქმამდე მივიდა... ვფიქრობდი: მოიცათ, ნახავთ რა ძვირი დაგიჯდებათ და ხარჯებს რამდენად გადააჭარბებთ...“.
„დიახ, მე მართალი აღმოვჩნდი“, - დაასკვნა პრეზიდენტმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ