გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი
ცნობილი უკრაინული გამოცემა „გორდონი“ (Гордон) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „გავიყინებით თუ არა ზამთარში?“ (ავტორი - სერგეი ფურსა, ფინანსისტი), რომელშიც გაკრიტიკებულია უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, ბუნებრივ გაზზე ფიქსირებული ფასის დაწესების თაობაზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გავიყინებით ზამთარში თუ არა? რუსები ჩვენს გაყინვას ძალიან ცდილობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ გვსურს და ამიტომ ლოგიკურია, ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომლებიც მსგავსი სცენარის რეალიზებისაგან რაც შეიძლება შორს წაგვიყვანს, მაგრამ... ისე ვიქცევით, რომ პირიქით - ვუახლოვდებით.
ერთი შეხედვით, ის რაც უკრაინის მთავრობამ გადაწყვიტა - გაზზე ფასების დაფიქსირება - სასიამოვნოა და სასურველი. ამაზე დიდი ხანია, დისკუსია მიდიოდა და საბოლოოდ - გაუმარჯოს გამარჯვებას! ქვეყანაში ბედნიერება გამეფდა. ხელისუფლების პოპულიზმი ზეიმობს.
მაინც რა მოხდა ისეთი, რითაც მთავრობა ავტორიტეტს იმყარებს?
რუსები მთელი წლის განმავლობაში ჩვენს გაზის ინფრასტრუქტურას აქტიურად ურტყამენ, განსაკუთრებით ძლიერად - ბოლო დროს, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, რასაც ნეგატიური შედეგები მოაქვს, კერძოდ ის, რომ ჩვენი წიაღიდან ამოღებული გაზი არ გვეყოფა, თანაც ისე, რომ დიდი დეფიციტი გვექნება. გაზსაცავებში გაზის რეზერვები ცოტაა, რომ მოხმარების დროს წარმოქმნილი დეფიციტის კომპენსაცია მოახდინოს.
სამწუხაროა, რომ ჩვენ შეცდომებს ვიმეორებთ. გავიხსენოთ 2022 წელი, როცა ომის გამო ბენზინის დეფიციტი შეიქმნა. იმ დროს ფასები ფიქსირებული იყო. როგორ მოგვარდა ბენზინის დეფიციტი? - ფასები საბაზრო გახდა, ადამიანებმა, რომლებმაც ფულის კეთება მოისურვეს, ქვეყანაში საკმაო რაოდენობის ბენზინი შემოიტანეს. დიახ, ფასები გაიზარდა, მაგრამ ვისაც სურდა, ის მაინც ყიდულობდა - „ე.წ. „გაღატაკების“ მიუხედავად.
ყურადღება, კითხვები: რატომ უნდა იყოს გაზზე სხვანაირად, ანუ რატომ უნდა დაწესებულიყო ფიქსირებული ფასი? თუ ბაზრის კანონები ყველგან ერთნაირია, რატომ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება? რატომ უნდა ვხარჯოთ ფული დოტაციაზე და საგაზო სუბსიდიებზე ყველასათვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ნამდვილად არ შეუძლია ფასის გადახდა?
როგორც ჩანს, ისევ იქნება უდიდესი განსხვავება გაზის ფასებში, მოსახლეობისთვის და მრეწველობისთვის. ისევ გავიხსენებთ „ფირტაშის საქმეს“, როცა გაზი იქით არ მიდიოდა, საითაც უნდა წასულიყო. წესით და რიგით, ასეთი სიტუაცია არანაირად არ შეუწყობს ხელს გაზის ეკონომიურ მოხმარებას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სათბობის დეფიციტი გაღრმავდება.
შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილება გამოიწვევს გაზის მწვავე უკმარისობას და კორუფციული რისკების ზრდას, უკრაინელი გადასახადების გადამხდელების დიდ ხარჯებს იმპორტულ გაზზე. გამოდის, რომ ჩვენ ისევ დაწყევლილ პოპულისტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, სწორის ნაცვლად - როგორც ადრე, ყოველი არჩევნების წინ ვიღებდით. ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ფულს ევროპა გადაგვიხდის, მაგრამ გადაგვიხდის სინამდვილეში? ეს ჯერ კიდევ ღია საკითხად რჩება...
გაზის დეფიციტი, ელექტროენერგიის დეფიციტთან ერთად - ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მთავრობას პოპულიზმი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება და თანაც - ძალიან არასასიამოვნოდ. ხომ გვიხარია რუსების დგომა კილომეტრიან რიგებში, ბენზინის დეფიციტის გამო? ალბათ, მალე ისინი ჩვენ დაგვცინებენ... როგორ გვინდა - გავიყინოთ იაფი გაზის დეფიციტით თუ თბილად ვიყოთ ძვირი გაზის პირობებში?
რატომ ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე?
მოამზადა სიმონ კილაძემ
ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times