მაკრონის ხელისუფლების კრიზისი: „ექსტრაორდინარული ტრაგიკომედია“ - "ანუ როცა მთავრობა ფარსად გადაიქცა“
ბრიტანულ პრესაში აქტიურად კომენტირდება ლა-მანშის მეორე მხარეს მდებარე მეზობელ საფრანგეთში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები, კერძოდ, ამ დღეებში ქვეყნის ხელისუფლებაში გაღრმავებული კრიზისი, რაც საკმაოდ უჩვეულო ფორმით გამოიხატა - პრემიერ-მინისტრის გადადგომით, პრეზიდენტის მიერ ახალი პრემიერის წარუმატებელი ძიებით და გადამდგარი პრემიერის მოულოდნელი უკან დაბრუნებით. ამასთან დაკავშირებით, გაზეთ „ინდეფენდენტის“ (The Independent) 12 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „მაკრონის ხელისუფლების კრიზისი: „ექსტრაორდინარული ტრაგიკომედია“ ანუ როცა მთავრობა ფარსად გადაიქცა“ (ავტორი - ჯეიმს რაინოლდსი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ფარსად გადაიქცა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ მოულოდნელად პოსტიდან გადადგომა გამოაცხადა, პარასკევს კი, ასევე მოულოდნელად, თანამდებობაზე უკან დაბრუნება გადაწყვიტა. დამკვირვებლებმა ფრანგულ პოლიტიკაში მომხდარი ეს საკმაოდ უჩვეულო ფაქტი „ტრაგიკომედიად“ მონათლეს.
ლეკორნუს თავდაპირველმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ფრანგულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქაოსი გააძლიერა: მან ვერ შეძლო ეკონომიკაში და საზოგადოებაში შექმნილი მძიმე პრობლემების გამკლავება და თანამდებობაზე დანიშვნიდან ოთხ კვირაში კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ... უკვე ოთხ დღეში სენსაციური ახალი ამბავი გავრცელდა: სებასტიან ლეკორნუმ გადაწყვეტილება შეცვალა და უკან დაბრუნდაო - ანუ „გადამდგარი გადმოდგა“ - იგი პრეზიდენტმა ისევ პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მას მთავრობის შექმნა და ქვეყნის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება დაავალა.
სებასტიან ლეკორნუს 27-დღიანი პრემიერ-მინისტრობა უფრო ხანმოკლე გამოდგა, ვიდრე ჩვენი ლიზ ტრასის კატასტროფული წასვლა პოსტიდან, 2022 წელს, როცა იგი პრემიერად 6 სექტემბერს დაინიშნა, 25 ოქტომბერს კი - გადადგა. მოკლედ, ფრანგებმა ამ საკითხში გვაჯობეს: სებასტიან ლეკორნუს პრემიერობა ყველაზე ხანმოკლე გამოდგა, საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში. როგორ მივიდა საფრანგეთი იქამდე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება?
ყველაფრის თავი და თავი - ეკონომიკური პრობლემები
პოლიტიკური ჩიხი წარმოიქმნა ემანუელ მაკრონის მიერ მიღებული არასწორი და მოულოდნელი გადაწყვეტილებით, როცა მან პარლამენტი - ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ახალი, ვადამდელი არჩევნები დანიშნა. თავის მხრივ, ვადამდელმა არჩევნებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ პარლამენტი „ჰაერში დაკიდულ“ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ვერც ერთმა ბლოკმა ვერ შეძლო 577-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება, რის შედეგადაც პარლამენტი ფაქტობრივად პარალიზებული იქნა. შექმნილი სიტუაცია ინვესტორებს ანერვიულებთ, საპროტესტო აქციებისაკენ უბიძგებს ამომრჩევლებს და ამუხრუჭებს ძალისხმევას, ბიუჯეტის მზარდი დეფიციტისა და, შესაბამისად, საფრანგეთის სახელმწიფო ვალის შემცირების საკითხში.
ემანუელ მაკრონის მთავრობები ერთი კრიზისიდან მეორეში გადადიან და კრახს განიცდიან - ეს გასაგებიცაა, რადგან ისინი ვერ პოულობენ მხარდაჭერას ხარჯების არაპოპულარული მეთოდებით შემცირებისათვის. 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 3,346 ტრილიონ ევროს შეადგენდა, ანუ მთლიანი შიდაპროდუქტის 114%-ს. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, საფრანგეთში სიღარიბის დონე 15,4%-ს შეადგენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1996 წლიდან, როცა მისი დაფიქსირება დაიწყო.
ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის 2023 წელს საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომელიც მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარულია და ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მასობრივი პროტესტების მიუხედავად, პრეზიდენტმა მოახერხა კანონპროექტის პარლამენტში გატანა - იმ დროიდან საპენსიო ასაკი 62 წლიდან 64 წლამდე გაიზარდა.
რატომ გადადგა სებასტიან ლეკორნუ?
სულ უფრო მეტად პარალიზებულ პარლამენტში მთავრობის ჩამოყალიბება სულ უფრო ძნელი ხდება. ლეკორნუ, რომელიც მაკრონის ახლო მოკავშირეა, ცდილობდა, უთანხმოება დიპლომატიური ხერხებით გაენეიტრალებინა - ელაპარაკებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ჰპირდებოდა მათ, რომ „ძველი წესები წარსულს ჩაბარდებოდა“. მაგრამ დაპირებით სიტუაცია საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა - მთავრობის მუშაობას სიმტკიცე და დამაჯერებლობა აკლდა: ლეკორნუს მინისტრთა კაბინეტი ძალიან ჰგავდა ძველს და ამიტომ, როგორც მემარცხენე, ასევე - მემარჯვენე ძალები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, განსაკუთრებით, მთავრობაში ბრუნო ლე მერის დატოვებით (თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე), რომელიც ადრე ეკონომიკის მინისტრი იყო.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ოპოზიციური პარტიები სებასტიან ლეკორნუს უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებით ემუქრებოდნენ და კუთხეში მიმწყვდეულმა პრემიერმა წინმსწრები ნაბიჯი გადადგა - პრემიერის პოსტი დატოვა.
ასევე დაგაინტერესებთ: გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი
ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times
რეაქცია ლეკორნუს უკან დაბრუნებაზე
ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ, პრემიერად ისევ სებასტიან ლეკორნუს დანიშვნაზე, ზოგიერთი მისი ყველაზე შეურიგებელი ოპონენტი ძალიან გააბრაზა. მათი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი კრიზისებიდან ყველაზე უარესს ამჟამინდელი კრიზისი წარმოადგენს და ამიტომ ყველაზე უკეთესი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ან პრეზიდენტის გადადგომაა.
ემანუელ მაკრონს მოკავშირეებიმაც კი ზურგი შეაქციეს: თვით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა, რომელიც პრეზიდენტის პარტიას - „აღორძინებას“ ხელმძღვანელობს, გასულ ორშაბათს განაცხადა, რომ იგი არ იწონებს მაკრონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთმა ექსპრემიერმა, ედუარდ ფილიპმა - მაკრონის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოკავშირემ, პრეზიდენტს მოუწოდა, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა და პოსტიდან გადამდგარიყო.
სამთავრობო კრიზისმა ბაზრებსა და ბირჟებზე პანიკა გამოიწვია. პარიზის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი 2%-ით დაეცა, ევროს კურსი კი - 0,6%-ით შემცირდა, დოლართან მიმართებით.
ელისეის სასახლემ უარყო მოარული ხმები, რომ საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ახალ პრემიერს 48 საათში დანიშნავსო. პარასკევს კი ქვეყანამ პრემიერად ისევ სებასტიან ლეკორნუ იხილა.
მაკრონის ყოფნა-არყოფნა - საკითხავი აი, ეს არის...
დღეს ფრანგი საზოგადოებისათვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა - დარჩება თუ არა ემანუელ მაკრონი ახლო მომავალშიც ქვეყნის მეთაურად?
გასულ კვირაში ფრანგმა პრეზიდენტმა „ბეწვის ხიდზე“ სიარული დაიწყო - მას ან პრემიერი უნდა დაენიშნა, ან პრეზიდენტობიდან უნდა გადამდგარიყო, მანამდე კი - პარლამენტის ვადამდელი არჩევნების თარიღი უნდა გამოეცხადებინა.
როგორც ემილ შაბალმა - თანამედროვე ფრანგული პოლიტიკის სპეციალისტმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან - გაზეთ „ინდეფენდენტს“ განუმარტა, გადადგომა უკიდურესი გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა და ქვეყანაში ძალზე არასტაბილურ სიტუაციას გამოიწვევდა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მწვავე დაპირისპირების გამო.
თავის მხრივ, არჩევნებიც არ წარმოადგენს საიმედო საფუძველს სტაბილიზაციისათვის. არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ახალი პარლამენტი უფრო მტკიცე იქნება, წინასთან შედარებით, რადგან მასში უმრავლესობის სახით შეიძლება უკიდურესად მემარჯვენეები მოვიდნენ.
გასული წლის ზაფხულში, როცა ევროპარლამენტის არჩევნებში პრეზიდენტის კოალიციამ მწარე მარცხი განიცადა, ემანუელ მაკრონიმ პარლამენტის დათხოვნის შესახებ ანაზდეული გადაწყვეტილებით თავისი მოკავშირეები შოკში ჩააგდო. ახალ პარლამენტში მემარცხენებმა პირველი ადგილი დაიკავეს, მეორე ადგილი - მაკრონისტებმა, ხოლო მესამე - მარინ ლე პენის მემარჯვენე „ეროვნულმა მოძრაობამ“. არც ერთ პარტიას უმრავლესობა არ მიუღია. როგორც მემარცხენე, ასევე - მემარჯვენე პარტიებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალ არჩევნებში მდგომარეობას გაიუმჯობესებდნენ, ამიტომ სებასტიან ლეკორნუს გადადგომის შემდეგ დაბეჯითებით მოითხოვდნენ პარლამენტის არჩევნების ხელახლა დანიშვნას.
„ექსტრაორდინარული ტრაგიკომედია“ ფრანგულად
დოქტორი პიერ პერსიგლი - თანამედროვე ევროპული ისტორიის ლექტორი უორიკის უნივერსიტეტიდან - საფრანგეთში შექმნილ სიტუაციას აფასებს როგორც „ექსტრაორდინარულ ტრაგიკომედიად“, რასაც ფრანგული პოლიტიკა წარმოადგენს, ბოლო 1,5 წლის განმავლობაში.
რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო მეტ ხანს იქნება საფრანგეთი „დაკიდულ მდგომარეობაში“ და ვერ შეძლებს მზარდი ფინანსური კრიზისის პრობლემის გადაწყვეტას. ასეთი მდგომარეობა ემანუელ მაკრონის რეპუტაციას შელახავს, თუმცა ამომრჩევლები ისედაც დიდი ხანია, მისდამი აპათიას ამჟღავნებენ. „ელექტორატის დიდ ნაწილს ძველებურად სურს ემანუელ მაკრონის გადადგომა და არა მარტო მისი, არამედ - მის მიერ შექმნილი ნებისმიერი მთავრობის, გუნდის და ყველა მოკავშირის ხელისუფლებიდან წასვლა“, - აღნიშნა დოქტორმა პიერ პერსიგლმა.
მაგრამ მაკრონის წასვლა სიტუაციის გამოსწორების უებარ საშუალებას არ წარმოადგენს. ვადამდელი არჩევნების შედეგად შეიძლება საფრანგეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაიძიროს იმ ჭაობში, რომელშიც ქვეყანა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება. „შესაბამისად, ვერც ერთი სერიოზული ეკონომიკური, სოციალური და საგარეოპოლიტიკური პრობლემა ვერ მოგვარდება, რომლებიც ქვეყანას აწუხებს“, - ასკვნის ექსპერტი.