"პუტინი აქ არ დამანახოთ!.." - რატომ "მოტეხეს" რუსეთის პრეზიდენტი ეგვიპტის ისტორიული სამიტიდან?! - კვირის პალიტრა

"პუტინი აქ არ დამანახოთ!.." - რატომ "მოტეხეს" რუსეთის პრეზიდენტი ეგვიპტის ისტორიული სამიტიდან?!

„ეგვიპტეში ღაზას საკითხზე გამართული საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ, რუსეთის პრეზიდენტის გარეშე ჩატარდა“, - წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით:„ისტორიული სამიტი ღაზას საკითხზე ეგვიპტეში - რატომ არ მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინი შეხვედრაში?“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). „საქმე ის კი არ არის, რომ თითქოსდა, ახლოაღმოსავლელ არაბებს რუსეთის პრეზიდენტის ხილვა არ სურდათ წითელი ზღვის ნაპირზე, არამედ საქმე ის არის, რომ ვლადიმერ პუტინის არყოფნის პირველი მიზეზი მოსკოვ-ვაშინგტონის პოლიტიკურ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთს ახლოაღმოსავლეთში გარკვეული გავლენა აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამიტში მოსკოვი არ მონაწილეობდა. მართლაცდა, უცნაურია: იმ დროს, როცა დასავლელი და არაბული ქვეყნების ლიდერები, მინისტრები და დიპლომატები ეგვიპტის სამოთხისებურ კურორტზე (სხვათა შორის, იქ ტურისტების უმრავლესობა რუსები არიან) ღაზას სექტორში ზავისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ მსჯელობდნენ, კრემლის მეთაური გვერდზე დარჩა. რატომ არ მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინი ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამიტში?

დონალდ ტრამპს არ სურდაო, ამბობენ...

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი არ ცდილობდა სხვებისთვის თავს მოეხვია აზრი, რომ სამიტზე მოსკოვი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიწვეული. „ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ ამას სხვა მონაწილეებიც მოისურვებენ“, - თქვა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მოსკოვში არაბ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი კითხვის პასუხად.

თუმცა სერგეი ლავროვის დიპლომატიურად ჩამოყალიბებული პასუხის უკან რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იმალება. როგორც რუსი მინისტრის ნათქვამიდან ჩანს, სამიტზე კრემლი, უბრალოდ, არავის მიუწვევია: „მიწვევებს ავრცელებდა ეგვიპტის მთავრობა, რომელიც მოქმედებდა სხვა ინიციატორ ქვეყნებთან კოორდინირებულად, უპირველეს ყოვლისა კი - აშშ-ისთან“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რას ნიშნავს რუსი მინისტრის ხაზგასმა აშშ-ზე - ვაშინგტონის კრიტიკას და დონალდ ტრამპისადმი უსიტყვო საყვედურის გამოხატვას? აშკარაა, თეთრ სახლს და, პირადად, დონალდ ტრამპს არ სურდათ, რომ რუსეთის ყოფნას რაიმე გავლენა მოეხდინა ღაზასთან დაკავშირებულ სამიტზე.

ასევე დაგაინტერესებთ: გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი

"მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!

ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times

"ევროპას თანამედროვე ჩერჩილი სჭირდება... ევროპის ლიდერებმა პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანელი ლიდერის სულს უნდა მოუხმონ" (The Daily Telegraph)

რუსეთი და პალესტინა, ისრაელთან ერთად

საერთოდ, ობიექტურად რომ ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის როლისა და გავლენის შეუფასებლობა მართებული არ იქნებოდა. რუსეთს ათწლეულების განმავლობაში აქვს მჭიდრო ურთიერთობა არაბულ სახელმწიფოებთან. პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ბოლო წლებში არა ერთხელ იყო მოსკოვში. ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არა ერთხელ გამოუხატავს თავისი სოლიდარობა პალესტინასთან.

კრემლს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს ისრაელთან, მაგრამ, იმავდროულად, კონტაქტებს არ წყვეტს „ჰამასთანაც“. რუსეთმა პალესტინის სახელმწიფო დასავლეთზე ადრე აღიარა. მიუხედავად გარკვეული უთანხმოებისა, ზოგიერთ გეოპოლიტიკურ საკითხში, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის, როგორც ამბობენ, პირადული ახლო და მჭიდრო დამოკიდებულება არსებობს. გარდა ამისა, კრემლმა თუ მთავარი არა, მნიშვნელოვანი როლი მაინც შეასრულა „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაში, რომელიც ისრაელსაც ემუქრებოდა.

და მაინც, რუსეთი სახელგატეხილია...

ალბათ, ამ დამსახურებების საფუძველზე შეიძლებოდა რუსეთი სამიტის მონაწილე გამხდარიყო, მაგრამ კრემლმა, მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაციაში, უპირველესად კი - უკრაინის ომის გამო, დასავლეთის თვალში სახელი გაიტეხა - ნატო რუსეთს და რუსებს არ ენდობა, ცდილობს მოსკოვის იზოლირებას საერთაშორისო არენაზე. ამიტომაც ამერიკელები და ევროპელები კრემლს განიხილავენ, როგორც დესტაბილიზაციისა და გაურკვევლობების ფაქტორად და არა - პარტნიორად, კონფლიქტების სამშვიდობო დარეგულირებაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო