"ვიქტორ ორბანი საოცარი კაცია" ანუ ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში ევროკავშირს დაამცირებენ?! - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"ვიქტორ ორბანი საოცარი კაცია" ანუ ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში ევროკავშირს დაამცირებენ?! - The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის” (The Daily Telegraph) 17 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ტრამპისა და პუტინის სამომავლო შეხვედრა ბუდაპეშტში ევროპის მიმართ დარტყმას ნიშნავს: ზესახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა ვიქტორ ორბანს უპირატესობას აძლევს, ევროკავშირისათვის კი სერიოზული დამცირებაა“ (ავტორი - ჯეიმს კრისპი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იგი ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის განსახილველად, ალბათ, ევროპაში მტკივნეულ დარტყმად იქნება აღქმული. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სავარაუდოდ, თავს იმ „კატასავით გრძნობს, რომელსაც საჭმელად ნაღები მისცეს“.

ვიქტორ ორბანს, რომელსაც ხშირად დასცინიან და ირონიულად მოიხსენიებენ ვლადიმერ პუტინის ახლომოკავშირედ ევროკავშირში, რეგულარულად აქვს კონფლიქტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გამოდის დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების მიმართ.

ვიქტორ ორბანმა არა ერთხელ დაარღვია შეთანხმებების პირობები თავის ნატოელ და ევროკავშირელ პარტნიორებთან. თითქმის ყველა სამიტზე უნგრეთი უკრაინის მიმართ თავის ნეგატიურ პოზიციას ავლენს, რაც ევროპულ კონვენციებს ეწინააღმდეგება.

ვიქტორ ორბანის ურთიერთობა ვოლოდიმირ ზელენსკისთან უმდაბლეს დონეზეა. უნგრეთის პრემიერს წინასწარ უკვე ნათქვამი აქვს, რომ დაბლოკავს უკრაინის მიღებას ევროკავშირში. მან კიევი უნგრული ეთნიკური უმცირესობის დევნაში დაადანაშაულა.

აგვისტოში უკრაინამ ააფეთქა ძირითადი რუსული ნავთობსადენი, რომლის მეშვეობით, კრემლზე დამოკიდებული უნგრეთი რუსული ნავთობით მარაგდებოდა. ბუდაპეშტი ნეგატიურად უყურებს უკრაინის პოზიციას დაზავებაზე და თვლის, რომ უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს.

მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიქტორ ორბანი არასოდეს გამოსულა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და მხარს მაშინაც მტკიცედ უჭერდა, როცა ტრამპი „დევნილი“ იყო, პრეზიდენტობის პირველ და მეორე ვადებს შორის, ჯო ბაიდენის მმართველობის დროს.

ვიქტორ ორბანმა ამერიკელი კონსერვატორების სიყვარული დაიმსახურა, როცა იგი ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ფაქტია, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთ ლიდერს წარმოადგენს, რომელიც დონალდ ტრამპს სოლიდარობას უცხადებდა და მხარს უჭერდა მისი მეორე ვადით არჩევამდე.

ჯო ბაიდენი, როცა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიოდა, აცხადებდა, რომ ტრამპი აშშ-ის „ორბანიზებას“ მოახდენსო და უნგრეთის ლიდერს დიქტატორად ნათლავდა - „ლგბტ“ საზოგადოებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა და მასმედიის შეზღუდვის გამო.

როგორც კი თეთრ სახლში დაბრუნდა, დონალდ ტრამპმა თავისი ახალი პოლიტიკური იდეები განახორციელა, მათ შორის - მიიღო კანონი, რომლის თანახმად, აშშ-ში მხოლოდ ორი სქესის მქონე ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ - მამაკაცები და ქალები.

დონალდ ტრამპმა უკვე მხარი დაუჭირა ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც უნგრეთში 2026 წელს უნდა ჩატარდეს.

ვიქტორ ორბანი საკუთარ თავს მშვიდობის დამცველად წარმოაჩენს და აქედან გამომდინარე, ზესახელმწიფოების ლიდერების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის - სამიტი ბუდაპეშტში ძალიან დიდი იღბალია იმ ქვეყნის ლიდერისათვის, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 9,5 მილიონია.

ალბათ, ბუდაპეშტის სამიტი დიდი დარტყმა იქნება ევროკავშირის იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ვიქტორ ორბანს არჩევნების შედეგად მისი ოპონენტი - პეტერ მადიარი შეცვლის, რომელსაც პროევროპული პოზიცია აქვს. ზოგიერთი გამოკითხვით, მადიარს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე - ვიქტორ ორბანს, რომელიც პრემიერის პოსტზე რეკორდული ვადით იმყოფება.

ვიქტორ ორბანი ბრიუსელის თვალში „ძალიან ცუდი ბიჭია“, რომელმაც ევროსკეპტიკოსების ჯგუფი შექმნა და რომელიც ცდილობს, ევროკომისიის უფლებამოსილება შეიზღუდოს. იგი კონფლიქტობს ევროკავშირის სასამართლოსთან, თავისი ანტიმიგრაციული პოლიტიკით. გასულ წელს მან ძალზე გააბრაზა თავისი ევროკავშირელი კოლეგები, როცა კიევში ვიზიტის შემდეგ მოსკოვს და პეკინს ეწვია. მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრით ბრიუსელის მკაცრი ტაბუ დაარღვია. ევროპელი დიპლომატები მთელი ძალით ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სახელით არ მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ბლოკის თავმჯდომარე იყო.

გასული სექტემბრის ბოლოს ბრიუსელმა ჩათვალა, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიმართ შურისმაძიებლის როლში გამოდის, როცა იგი რუსული ნავთობის შესყიდვას აგრძელებს.

უნგრეთმა რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმება კრემლის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გააფორმა და თავის მართლების მიზნით აცხადებდა, რომ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ამიტომ იძულებულია, რუსული ნავთობი მილსადენით მიიღოს. ორბანი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დადებული სანქციების გაუქმებას ითხოვდა, მაგრამ მოგვიანებით მან პოზიცია შეარბილა და ამერიკელ მიმწოდებლებთან მოლაპარაკება დაიწყო, დონალდ ტრამპის რჩევით.

ასევე დაგაინტერესებთ: "პუტინი აქ არ დამანახოთ!.." - რატომ "მოტეხეს" რუსეთის პრეზიდენტი ეგვიპტის ისტორიული სამიტიდან?!

გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი

"მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!

ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times

ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის არჩევა ევროკავშირს გაანაწყენებს. ბრიუსელი ისედაც უკმაყოფილო იყო, რომ ვაშინგტონი მას უკრაინასთან მოლაპარაკებებში არ აღებინებდა მონაწილეობას და ძალიან განიცდიდა იმ მეორეხარისხოვან როლს, რომელიც მათ ტრამპმა არგუნა, ღაზის მშვიდობიან გეგმაში.

რასაკვირველია, უნგრეთს სამიტის ორგანიზებისთვის ძალიან ეხმარება ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაპატიმრებლად ორდერი გასცა, ვიქტორ ორბანმა სასამართლოს რომის სტატუტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და ხელშეკრულებიდან გამოვიდა. სხვათა შორის, სასამართლოს ასევე აქვს დაპატიმრების ორდერი გაცემული ვლადიმერ პუტინის მიმართაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნგრეთში რუსეთის ლიდერს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება.

წარმოიდგინეთ: უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის წევრების მიერ მკაცრი ოსტრაკიზმის ქვეშ იყო მოქცეული, ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, რომელიც, თავის მხრივ, თვლის, რომ ევროკავშირი ამერიკის ჯიბრზე შეიქმნა და მას შური ამოძრავებს.

ღაზის საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტზე, ეგვიპტეში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების წინაშე დონალდ ტრამპმა ასეთი რამ თქვა: „ჩვენ [ამერიკელებს] ვიქტორი გვიყვარს და პატივს ვცემთ. ვიქტორი საოცარი კაცია. ვიცი, რომ ბევრი აქ მყოფი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემს აზრს, ალბათ, აქვს მნიშვნელობა“.

დონალდ ტრამპს არ აქვს მიზეზი, რომ ვიქტორ ორბანის გაცხადებულ ანტიევროპულ ბრალდებებს არ დაუჯეროს. როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირი მის ქვეყანას თავს ახვევს ულტრალიბერალურ და გლობალისტურ ფასეულობებს.

ვიქტორ ორბანისათვის სამშვიდობო სამიტის მასპინძლობის ფაქტი არის არა მარტო ჯილდო ლოიალობისათვის, არამედ -თეთრი სახლის სწრაფვის გამოხატულება, რომ კიდევ ერთხელ გაიტანოს გლობალურ დონეზე MAGA-ს ინიციატივა („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“).

ვიქტორ ორბანს ეძლევა დამატებითი უპირატესობა - მას ექნება ლიბერალების [შეზღუდვის] შესაძლებლობა ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო