კრემლის კედელთან საზენიტო ტყვიამფრქვევებით - ანუ ის, რაც მიიღო პუტინმა თავისი 25-წლიანი აგრესიული პოლიტიკით
ზოგჯერ მხოლოდ ერთ ფოტოში შეიძლება იყოს გამოხატული რეალობის მთელი არსი და ეს სურათიც, რომელზეც გამოსახულია რუსეთის დედაქალაქის - მოსკოვის კრემლის კედელთან მდგარი პიკაპი, რომლის ძარაზეც დამონტაჟებული ტყვიამფრქვევის ლულა მაღლაა მიშვერილი, ორი რუსი სამხედრო კი ცას გაფაციცებით აკვირდება, ყველაფერს ამბობს - პუტინმა თავისი 25-წლიანი აგრესიული პოლიტიკით იმას მიაღწია, რომ თვით კრემლშიც კი უფრთხის საპასუხო შურისმაძიებელ საჰაერო დარტყმებს...
შეშინების საბაბი კი პუტინს და მის რეჟიმს ნამდვილად აქვს, რადგან მეოთხე წელია, უკრაინული ქალაქების დაუნდობელი, ყოველღამისეული დაბომბვების საპასუხოდ უკრაინული კამიკაძე-დრონების შურისმაძიებელი საჰაერო შეტევების რიცხვი რუსეთის სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მნიშვნელოვნად იზრდება და გამონაკლისი არც გუშინდელი ღამე ყოფილა...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამეს მათ 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ეს ასეც რომ იყოს, უკვე იმას მეტყველებს, რომ უკრაინელების შურისმაძიებელ საჰაერო შეტევებში ერთდროულად მონაწილე კამიკაძე-დრონების რიცხვი უკვე რამდენიმე ასეულს ასცდა, რაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას სერიოზულ პრობლემებს უზრდის.
გუშინდელ ღამეს მოსკოვის გარეუბნებსა და უშუალოდ მოსკოვის ცენტრს არანაკლებ 40-მა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა შეუტია სხვადასხვა მიმართულებიდან, მათი ნაწილი ჩამოაგდეს, ნაწილმაც მოძებნა სამიზნე, რისი შედეგებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ თავად ის ფაქტი,რომ უკრაინული დრონები მაინც ახერხებენ მოსკოვის ცენტრთან უფრო და უფრო ახლოს შეჭრას, ბევრ რამეზე მეტყველებს...
საქმე ის არის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალზე დაჩქარებული ტემპებით მოსკოვის ცენტრიდან 50 კმ-იან რადიუსში 21 ახალი საზენიტო პოზიცია მოეწყო, განსაკუთრებით კი სამხრეთ მიმართულებაზე, ძირითადად საიდანაც ელოდებიან უკრაინული დრონების შეტევებს.
დასავლეთელი დამოუკიდებელი ანალიტიკოსების მონაცემებით ამ საზენიტო პოზიციებზე განთავსებულია, როგორც ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო-საქვემეხო „პანცირები“, ისე უფრო მძლავრი С-300 და С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და საჰაერო სამიზნეების აღმოჩენისა და დამიზნების რადიოლოკაციური სადგურები.
ასევე დაგაინტერესებთ: "მფრინავი ჩერნობილი“ რუსეთს მართლაც გამოუცდია - პუტინი „ბირთვულ ხელკეტს“ ისევ სახიფათოდ „ათამაშებს“...
პუტინ, დონ კიხოტი ხარ? ქარის გენერატორებს რაღას ერჩი?
„ურანზე მონადირე“ ჩინელებს საქართველოდან მისი გატანა სურდათ, მაგრამ რისთვის?
„პანცირების“ ნაწილი დაყენებულია სპეციალური კოშკების პლატფორმებზე, რათა გაუადვილდეთ დაბალ სიმაღლეზე მფრენი უკრაინული დრონების ადრეული აღმოჩენა.
ასევე,რამდენიმე „პანცირი“ განათავსეს მოსკოვის ცენტრალურ ნაწილშიც, შენობების სახურავებზე, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური ადმინისტრაციული შენობის თავზეც კი.
მაგრამ, რუსული „პანცირების“ საშუალებით უკრაინული დრონების მოგერიების პროცესი ერთი დიდ საფრთხესაც აჩენს მოსკოვისა და მოსკოვის გარეუბნების მაცხოვრებლებისთვის - „პანცირის“ საზენიტო რაკეტა ორსაფეხურიანია და მისი სტარტის შემდეგ პირველი საფეხური რამდენიმე წამში შორდება რაკეტას და ძირს ეცემა საცხოვრებელ სახლებს და იწვევს დაზიანებებს - ბოლო შემთხვევის დროს „პანცირის“ რაკეტის პირველმა საფეხურმა დაცემისას მოძრავი ავტობუსის სახურავიც კი გაარღვია...