როგორ "ანგრევდა" სოციალიზმს "ნიკიტა დურაჩოკი" - "კა-გე-ბეს" აგენტ-პროვოკატორები დისიდენტებში და პირველი დარბეული მიტინგი საბჭითა კავშირში - კვირის პალიტრა

როგორ "ანგრევდა" სოციალიზმს "ნიკიტა დურაჩოკი" - "კა-გე-ბეს" აგენტ-პროვოკატორები დისიდენტებში და პირველი დარბეული მიტინგი საბჭოთა კავშირში

დიდი ილია ბრძანებდა: “აღდგენა ისტორიისა ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისგან”. ვფიქრობ, ჩვენი საერთო მიზანიც სწორედ ის უნდა იყოს, რომ არსებული ოფიციალური დოკუმენტებისა და ქართველი მეცნიერების, ასევე, 1970-იანი წლების მოვლენებში მონაწილეთა მოგონებების შესწავლისა და ობიექტური ანალიზის საშუალებით, ოდნავ მაინც მოეფინოს ნათელი იმ შორეულ ისტორიულ ფაქტებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად იმოქმედეს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. ამიტომ შევეცდები ობიექტური შეფასება/ანალიზის საფუძველზე, ერთად გავარკვიოთ ბევრი საბედისწერო მოვლენა და ფაქტი - ტრაგიკული შემთხვევითობა იყო თუ სპეცსამსახურების ფარული ოპერაციების შედეგი. ძალზე ხშირად დეტალებში ჩამალული ეშმაკის მოძებნაც მოგვიწევს.

ამავე დროს, არ უნდა გამოვეკიდოთ სენსაციებს და ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. საკმაოდ რთული ამოცანა დავისახეთ მიზნად: მწირი ისტორიული წყაროების, სამეცნიერო ნაშრომებისა და სხვადასხვა პუბლიკაციის, ასევე, მემუარული ლიტერატურის ობიექტური ანალიზის საფუძველზე, ქართული დისიდენტური მოძრაობის დაშლა/დაპირისპირებასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების კონსტრუირება მოვახდინოთ. მკითხველი ნათლად დაინახავს, რომ ისტორიული მოვლენების მხოლოდ საბოლოო შედეგია ზედაპირზე, იქით მიმავალი ყველა ბილიკი და "შარა-შუკა" ხშირად ბურუსითაა მოცული და ისტორიისთვის სამუდამოდ უცნობი რჩება. ამიტომ მთლიანი მოზაიკური პანოს დანახვა მხოლოდ მოზაიკის ნატეხების გაერთიანებითაა შესაძლებელი.

საბჭოთა სპეცსამსახურების ფარულ „ოპერატიულ კომბინაციებში“ ჩართულნი იყვნენ ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი: ზოგი საკუთარი ნება-სურვილით, ზოგიც - კომპრომატებით დაშინებული. უმცირესი ნაწილი კი, შესაძლებელია, ვერც კი ხვდებოდა, ისე იყენებდა მათ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. საბჭოთა პერიოდში საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლების (ხშირად ყველაზე გამორჩეული ნაწილის) სუკ-თან თანამშრომლობა მათი დანაშაული კი არა, არამედ - დიდი პირადი ტრაგედია იყო.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის იძულების მექანიზმი რადიკალურად შეიცვალა: სპეცსამსახურები მოქალაქეებს არა წამებით, არამედ - კომპრომატების გამოყენებითა და დაშინებით აიძულებდნენ თანამშრომლობას.

იმ პერიოდში გადაბირების მეთოდები „დაიხვეწა“: თანამშრომლობაზე უარის მთქმელს წამება და სიკვდილი არ ემუქრებოდა, თუმცა საბჭოთა რეპრესიული მანქანა მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ფარულად მუშაობდა და მათ მრავალ პრობლემას უქმნიდა. სპეცსამსახურებთან ლოიალური დამოკიდებულების (ამ დროს შესაძლებელია, ყოფილიყო ურთიერთობის ძალზე ფართო სპექტრი: აგენტობით დაწყებული და „სანდო პირის“ სტატუსით დამთავრებული) გარეშე თითქმის გამორიცხული იყო პიროვნების დაწინაურება, უცხოეთში გამგზავრება და ა.შ. ასე რომ, არჩევანი ამგვარი იყო: ერთი მხრივ ცხოვრების გამწარება, მეორე შემთხვევაში - კეთილდღეობის მოპოვება ან შენარჩუნება. ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა (მათ შორის ქართულ) ინტელიგენციას გულის სიღრმეში დიდად ეთაკილებოდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და ცდილობდა სიცოცხლის ბოლომდე დაემალა ეს ფაქტი. შემდეგ კი მათი შთამომავლები მალავდნენ და დღემდე მალავენ ამას. ამგვარი რეალობა საბჭოთა/რუსეთის ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესებშია. ისინი ყოფილი აგენტი-ინფორმატორების, აგენტი-პროვოკატორებისა და „სანდო პირების“ დაშანტაჟებას მათთან ადრინდელი თანამშრომლობის გამხელით ახდენდნენ და ამჟამადაც ახდენენ.

ჩვენს ქვეყანაში ასე ჰყავდათ და ჰყავთ ანკესზე წამოგებული რამდენიმე თაობა. სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ინტელიგენციაში მუდამ ამორალურად ითვლებოდა. თუმცა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეების სხვადასხვა "ოპერატიულ თამაშში“ ჩაბმა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც უხდებოდა საბჭოთა დაზვერვის ან კონტრდაზვერვის ერთჯერადი და ეპიზოდური დავალებების შესრულება, რის შემდეგაც მათ უფრო სერიოზული საიდუმლო ოპერაციებისთვის გადაიბირებდნენ ხოლმე. მკითხველი დარწმუნდება, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში დაგეგმილ/განხორციელებული ქართველი დისიდენტების კომპრომეტირების კონკრეტული ოპერაციების ანალიზი, გლობალურ პრობლემამდე: სუკ-ის არქივების გასაჯაროებისა და გონივრული ლუსტრაციის აუცილებლობამდე მიგვიყვანს. საბჭოთა სპეცსამსახურებთან რიგითი მოქალაქეების თანამშრომლობის აუცილებლობას კომუნისტური რეჟიმი 1920-1950-იან წლებში „ხალხის მტრებთან" ბრძოლის, ხოლო 1960-1990-იან წლებში „უცხოეთის მტრული იდეოლოგიური შეტევებისაგან“ ქვეყნის დაცვის აუცილებლობით ასაბუთებდა.

„შინაური მტრის“ და „კონტრევოლუციონერების“ გარეშე საბჭოთა იმპერია როგორ იარსებებდა? მათი განადგურების აუცილებლობა ჯერ კიდევ „პირველმა ილიჩმა“ დაიბარა ანდერძად, „ხალხთა მამამ“ კი უფრო განავითარა: ის ყველა ბუჩქის უკან ჩასაფრებულ მტერს ხედავდა და... “პოულობდა“ კიდეც. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ საბჭოთა კავშირში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები ექცეოდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირში საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ატაშედ კონტრადმირალი მარიუს ადოლფ პელტიე დაინიშნა და ის ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა, 22 წლის ელენ პელტიემ სწავლის გაგრძელება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოინდომა, თუმცა თავიდან უარი განუცხადეს და მხოლოდ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოლოტოვის ჩარევის შემდეგ დართეს ლექციებზე დასწრებისა და გამოცდების ჩაბარების ნება. ეს გადაწყვეტილება საბჭოთა სპეცსამსახურებს, რომელთა საბოლოო მიზანი სამხედრო-საზღვაო ატაშეს ოჯახში შეღწევა იყო, საშუალებას აძლევდა, ელენ პელტიეს გადაბირების ოპერაცია დაეწყოთ. ამ მიზნით, სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებმა ჯერ ფრანგი გოგონას საბჭოთა ნაცნობები, ასევე, სტუდენტები: ანდრეი სინაიავსკი (1925-1997) და სერგეი ხმელნიცკი (1925-2003) გადაიბირეს. ისინი უნდა დამეგობრებოდნენ ელენ პელტიეს, დაეფიქისირებინათ მისი კონტაქტები, ანდრეი სინიავსკის კი მისი გულიც უნდა „დაეპყრო“. უშიშროების ეს აგენტი-ინფორმატორები რეგულარულად წერდნენ „ცნობებს“ და კონსპირაციულ ბინაზე ხვდებოდნენ კურატორ ოფიცერს. სამი ათეული წლის შემდეგ დაწერილ მოგონებებში მწერალი ანდრეი სინიავსკი აღნიშნავს, რომ მან თავიდანვე გაუმხილა ელენ პელტიეს უშიშროების მიზნები და ამის

andrei-siniavski-1762236675.jpg

ანდრეი სინიავსკი

შემდეგ „ცნობების“ შინაარს ერთად ვადგენდითო. მეორე აგენტ-ინფორმატორს რაც შეეხება: ხელოვნებათმცოდნე სერგეი ხმელნიცკი წლების მანძილზე უშიშროებას აწვდიდა დაწვრილებით ინფორმაციას მოსკოვის სამეცნიერო და სტუდენტურ წრეებში მიმდინარე პროცესებისა და ყველაზე ანტისაბჭოთა სტუდენტებისა და მეცნიერების შესახებ. სწორედ ხმელნიცკის ინფორმაციის საფუძველზე, 1949 წელს „ანტისაბჭოთა ორგანიზაციის შექმნის“ ბრალდებით დააპატიმრეს და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ახალგაზრდა მეცნიერებს: ვლადიმე კაბოს (1925-2009) და იური ბრეგელს (1925-2016). უნდა აღინიშნოს, რომ სერგეი ხმელნიცკი იმდენად „გაიზარდა“, რომ შემდეგ, წლების მანძილზე აგენტი-პროვოკატორის გაცილებით რთულ ფუნქციებსაც ასრულებდა.

sergei-xmelnicki-1762236691.jpg

სერგეი ხმელნიცკი მარჯვნივ

„დიდი ბელადის“ გარდაცვალების შემდეგ „ნიკიტა დურაჩოკმა“ (ასე ეძახდა „მოფერებით“ სტალინი ნიკიტა ხრუშჩოვს) მიუშვა „ოჟები“ და „დემოკრატობანას“ თამაში მოინდომა. 1950-იანი წლების ბოლოს, „სტალინური მარწუხების“ ოდნავ შესუსტების შემდეგ, საბჭოელები “თავისუფლების ეიფორიაში” იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით მეცნიერებმა და ხელოვნების ხალხმა “გაილაღეს”: იქმნებოდა ავანგარდისტული ნახატები, იწერებოდა და იბეჭდებოდა (!) ისეთი შინაარსის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, რომელთა გამო “დიდი ბელადის” ეპოქაში დახვრეტა არავის აცდებოდა. მეცნიერები “პიროვნების კულტის” კრიტიკიდან თანდათან საბჭოთა სისტემის კრიტიკაზე გადავიდნენ... მოკლედ, “კომუნიზმის” აშენებას ვინ ჩიოდა, “სოციალიზმიც” თავზე ენგრეოდათ.

ასევე დაგაინტერესებთ: ეს არასოდეს წაგიკითხავთ: ქართული "პოლიტიკური ცირკი" 50 წლის წინ დაგეგმილი სპეცოპერაციის გაგრძელებაა?! - "მართვადი ქაოსის" რეჟიმი საქართველოში

დიდი სკანდალის "იურიდიული ექსკურსი" - როგორ ისჯება საქართველოში ფულის გათეთრება, უკანონო ქონებით სარგებლობა და ზეგავლენით ვაჭრობა

სტალინის საიდუმლო ცხოვრება: დიდი ბელადის აკრძალული წერილები - იყო თუ არა იოსებ ჯუღაშვილი საიდუმლო პოლიციის აგენტი?!

აგენტ-პროვოკატორები, საკრალური თარიღები ქართულ პოლიტიკაში და ისტორიის გაკვეთილები - როგორ ხდება პარტიებში ჯაშუშების შეგზავნა

თუმცა რეჟიმის ერთგული “ცერბერი” - კა-გე-ბე ფხიზლად იყო. მათი ინიციატივით, თავდაპირველად კანონმდებლობა გაამკაცრეს და სისხლის სამართლის კოდექსში “ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა” იმდენად ოდიოზური მუხლი გახდა, რომ სრულიად უწყინარი ანეკდოტისთვისაც კი ციხე და გადასახლება გარანტირებული იყო. 1961 წლის 31 მაისს დამტკიცებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი ამგვარად “იმუქრებოდა” - “ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა”:

“აგიტაცია ან პროპაგანდა" საბჭოთა ხელისუფლების ძირის გამოთხრის ან შესუსტების, ან ცალკეული, განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის მიზნით, გავრცელება იმავე მიზნით ცილისმწამებლური მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წესწყობილებას, აგრეთვე, იმავე მიზნით ასეთივე შინაარსის ლიტერატურის გავრცელება, დამზადება ან შენახვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსი თვიდან შვიდ წლამდე და გადასახლებით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე. იგივე ქმედება, რომელსაც ჩაიდენს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისთვის წინათ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე, რომელიც ჩადენილია ომიანობის დროს, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ათ წლამდე და გადასახლებით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე “.

ბუნებრივია, ანალოგიური სადამსჯელო სამართლებრივი ნორმები მოქმედებდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებშიც. ასე რომ, საკუთარი აზრის გამოხატვა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად დარჩა - ისევე, როგორც სტალინის დიქტატურის დროს.

1964 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად „ნიკიტა დურაჩოკი“ მისივე ხელქვეითებმა ჩამოაგდეს (ამ შეთქმულებაში საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარე ალექსი ინაურიც აქტიურად მონაწილეობდა), ყველაფერი თავიდან დაიწყო. ლეონიდ ილიჩს ახალი რეპრესიების დაწყება დიდად არ ეხატებოდა გულზე, ის სამი, ცხოვრებისეული სიამის ტრფიალი იყო: ღვინო, ქალები და... ავტომობილები. თუმცა „ავი ტურები“, მიხეილ სუსლოვის მეთაურობით, ყურადღებით აკვირდებოდნენ ახალ გენერალურ მდივანს და მცირე „იდეოლოგიური სისუსტის“ გამოჩენისთანავე ბრეჟნევსაც ნიკიტას გზას გაუყენებდნენ. ამიტომ, ზოგადად გულჩვილი „მეორე ილიჩიც“ იძულებული იყო, საბჭოთა იმპერიის „შინაური იდეოლოგიური მტრები“ ცეცხლითა და მახვილით გაენადგურებინა.

ამის შანსიც მალევე მიეცა. ზუსტად სამოცი წლის წინ, 1965 წლის შემოდგომაზე, კა-გე-ბემ დაადგინა, რომ საზღვარგარეთ „აბრამ ტერცისა“ და „ნიკოლაი არჟაკის“ ლიტერატურული ფსევდონიმებით გამოცემული წიგნების ავტორები მწერლები, შესაბამისად: ანდრეი სინიავსკი და იული დანიელი (1925–1988) იყვნენ. 1966 წლის თებერვალში მათ

a-1762236714. სინიავსკი.jpg

ა. სინიავსკი და ი. დანიელი სასამართლო პროცესზე

“ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდის” მუხლით, შესაბამისად, შვიდი და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის კოლონიაში მოხდით მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მთავარი მოწმე სინიავსკის „ძველი მეგობარი“, კა-გე-ბეს აგენტი-პროვოკატორი სერგეი ხმელნიცკი გახლდათ. 1960 იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში ჩატარებული “დისიდენტებისა” და “ნაციონალისტების” სასამართლო პროცესები მხოლოდ იმით განსხვავდებოდა 1937-1938 წლების ავადსახსენებელი სასამართლო პროცესებისგან, რომ ბრეჟნევის ეპოქაში განსხვავებული აზრისთვის სიკვდილით არ სჯიდნენ. სხვა დანარჩენი კი - უცვლელი იყო: წინასწარ დაწერილი სცენარი; აღირებითი ჩვენება და არანაირი სხვა მტკიცებულება; “ჯიბის მოწმეები”, “კარგად დამუშავებული” ბრალდებული, რომელიც სხვებსაც “წაიყოლებდა” და ა.შ.

საზღვარგარეთ ”სინიავსკი-დანიელის სასამართლო პროცესს” დიდი გამოხმაურება მოჰყვა: საბჭოთა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებდნენ, როგორც გამოჩენილი უცხოელი მწერლები (ალბერტო მორავია, არტურ მილერი, გრემ გრინი, ფრანსუა მორიაკი და სხვ.), ასევე, საფრანგეთის, იტალის, ესპანეთის და სხვ. კომუნისტური პარტიების ლიდერებიც. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი საბჭოთა მწერლების, მხატვრების, მეცნიერების, რეჟისორ-მსახიობების საჯარო პროტესტი გახლდათ.

1965 წლის 5 დეკემბერს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, დაახლოებით 200 ადამიანი გამოვიდა, ავტორიტარული რეჟიმის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. რამდენიმე წუთში მიტინგი ე.წ. მე-8 პოლკისა და კა-გე-ბეს თანამშრომლებმა დაარბიეს. 20 ადამიანი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ მათი გათავისუფლება მოუწიათ, რადგანაც მაშინ სისხლის სამართლის კოდექსში არ იყო გათვალისწინებული მომიტინგეთა დასასჯელი მუხლი. ეს „შეცდომა“ დაჩქარებული წესით გამოასწორეს: 1966 წლის სექტემბერში რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 190-3 მუხლი - ”ჯგუფური ქმედებების ორგანიზება, რომლებიც არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს“: „ჯგუფური ქმედებების ორგანიზება ან აქტიური მონაწილეობა, რომლებიც უხეშად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს ან თან ახლავს ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა, ან რამაც ტრანსპორტის, სახელმწიფო საჯარო დაწესებულებების ან საწარმოების მუშაობის შეფერხება გამოიწვია“. ეს, ადამიანის უფლებების შემზღუდავი მუხლი სასჯელის სახით სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. საბჭოთა იმპერია გადარჩენისთვის იბრძოდა და სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა რეპრესიებს, თუმცა საპირისპირო შედეგს იღებდა: 1965 წლის 5 დეკემბერი საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის დაბადების და ადამიანის უფლებების დაცვის თარიღად იქცა.

(მეორე ნაწილის დასასრული)