"შავი ქორის" დესანტი პოკროვსკში: პიარი ნგრევის ეპიცენტრში?! - შეუძლიათ თუ არა უკრაინელებს ქალაქის შენარჩუნება - კვირის პალიტრა

"შავი ქორის" დესანტი პოკროვსკში: პიარი ნგრევის ეპიცენტრში?! - შეუძლიათ თუ არა უკრაინელებს ქალაქის შენარჩუნება

პოკროვსკის ნახევრად ალყიდან თავდაღწევა და ბუდანოვის „პიარ-დესანტი“...

აგრესორ რუსეთთან ფართომასშტაბიან და უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად პოკროვსკი სტკივა...

უკრაინის დონბასის ერთი პატარა ქალაქი, რომლის დაპყრობა მიწასთან გასწორებით, პუტინის განსაკუთრებული ბრძანებაა მისივე საოკუპაციო ძალების სარდლობისთვის, რათა ამით მან მსოფლიოს და პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს აჩვენოს, რომ რუსეთი „ქარღალდის ვეფხვი“ არ არის და კვლავ შეუძლია უკრაინის ქალაქების დაპყრობის გაგრძელება...

პოკროვსკში კი უკრაინის დამცველებისთვის სიტუაცია ყოველდღიურად უფრო და უფრო კრიტიკული ხდება და მართლაც ჩნდება მათი ალყაში მოქცევის საშიშროება.

დღეისათვის, პოკროვსკსა და კრასნაია ლიმანს შორის ექვს კმ-მდეა დარჩენილი, რომ ალყის ხაზი შეიკრას და თითქოს რატომ უნდა იყოს ეს საგანგაშო, როდესაც ექვსკილომეტრიანი სიგანის დერეფნით შეიძლება პოკროვსკის დამცველებისთვის დახმარების შეტანა...

1-pok-1762245837.png
ნახევრადდანგრეული პოკროვსკის შენარჩუნება შეუძლებელი ხდება და უმთავრესია მისი დამცველი უკრაინელი სამხედროების დროული და ორგანიზებული უკანდახევა, რომ სრულ ალყაში არ აღმოჩნდნენ...

მაგრამ, იმის გამო, რომ პავლოგრადიდან მომავალ ერთადერთ საავტომობილო გზას, ისევე როგორც სხვა საველე გზებს 20 კმ-ის სიღრმეში თავს დასტრიალებენ რუსული FPV-დრონები (მათ შორის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელებით მართვადი, რომლებზეც არანაირად არ მოქმედებს რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებები), რომელთა ოპერატორები დისტანციურად ნადირობენ ყველა იმ მანქანაზე, რომლებითაც უკრაინის გენშტაბი ცდილობს პოკროვსკის დამცველებისთვის დახმარების შეგზავნას.

შესაბამისად მოშლილია ლოგისტიკური უზრუნველყოფა და პოკროვსკის ქუჩებში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ვაზნების მარაგს სატვირთო დრონებიდან უყრიან, მაგრამ ამ ხერხით ბევრს ვერ მიაწოდებ.

და ამ ყველაფრის ფონზე, თავად უკრაინის მხარემ გაავრცელა ვიდეოკადრები ,თუ ორი, ამერიკული წარმოების „ბლექ ჰოუკის“ ტიპის შვეულმფრენი როგორ ჯდება პოკროვსკის დასავლეთ ნაწილში, შვეულმფრენებიდან ორ ათეულამდე მებრძოლი სწრაფად ჩამოდის, ხოლო შვეულმფრენები სასწრაფოდ ჰაერში იწევიან და უკან მიფრინავენ...

იქიდან გამომდინარე, რომ UH-60 „ბლექ ჰოუკები“ შეიარაღებაში მხოლოდ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვას ჰყავს, ნათელი ხდება, რომ ეს გენერალ ბუდანოვის სპეცრაზმელები ერთვებიან პოკროვსკის შესანარჩუნებელ ბროლებში, რასაც ადასტურებს თავად უკრაინის გენშტაბიც, იმის მითითებით,რომ თავად გენერალი ბუდანოვიც თურმე პირადად იღებს მონაწილებს ამ ოპერაციაშიო...

ამ ვიდეოეკადრების გავრცელების შემდეგ რიგ უკრაინულ ბლოგებში(და ქართულშიც) გამოითქვა აზრი, რომ ბუდანოვის სპეცრაზმელების უშუალო ჩართვა პოკროვსკისთვის ბრძოლაში, თითქოს გარდატეხას შეიტანდა და რუს ოკუპანტებს მალევე გაყრიდნენ ამ უკრაინული ქალაქიდან...

2-bud-1762245838.png
4 ნოემბრისთვის შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა პოკროვსკისა და კრასნაია ლიმანის ნახევრად ალყის რაიონში...

თუმცა, ასე ვერანაირად ვერ მოხდებოდა და ვერც მოხდა, რადგან სპეცრაზმელთა ოცეულს, რაგინდ „რემბოებიც“ არ უნდა იყვნენ ისინი, არ შეუძლია შეცვალოს საბრძოლო სიტუაცია ასეთ დროს და ბუდანოვის ეს „საშვეულმფრენო დესანტი“ უფრო „პიარ-დესანტის“ ფუნქციას ასრულებდა, იმის დასანახად,რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს პოკროვსკის შესანარჩუნებლად,რისთვისაც ყველაზე „მაგრად“ მომზადებული სპეცრაზმელებიც კი ჩართო ქალაქისთვის ბრძოლაშიაო...

რუსულმა პროპაგანდისტმა ბლოგერებმა მაშინვე განაცხადეს, რომ რუსულმა კამიკაძე-დრონებმა თითქოს მაშინვე გაანადგურეს ბუდანოვის სპეცრაზმელები ,რაც უკრაინულმა მხარემ კატეგორიულად უარყო, თუმცა რუსული FPV-დრონებით უკრაინული „ბლექ ჰოუკების“ ჩამოგდების საფრთხე კი მართლაც ძალიან დიდი გახლდათ და ღირდა კი ასეთი გარისკვა?

3-bud-1762245837.png
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმელების დესანტირება „ბლექ ჰოუკიდან“ პოკროვსკის გარეუბანში,სავარაუდოდ თავად გენერალ ბუდანოვის მეთაურობით...

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი რამდენიმე დღეა ჯიუტად იმეორებს, რომ პოკროვსკს ძირითადად თითქოს ისევ უკრაინული მხარე აკონტროლებს და ქალაქის ქუჩებში მხოლოდ 250-300-მდე რუსი დივერსანტი თუა შეპარული, რომლებსაც მალე აღმოაჩენენ და სრულად გაანადგურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: რუსეთის განსაკუთრებული საჰაერო ოპერაცია: რატომ ესროლეს პატარა აეროდრომს ხუთი "კინჟალი" - უკრაინელებს "პეტრიოტები" გაუნადგურეს?!

პუტინის „ორეშნიკი“ უკრაინელ დივერსანტებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ აუფეთქებიათ?

პოკროვსკის ტრაგედია: რამდენიმე დღე ქალაქის დაცემამდე - როგორ იყენებენ რუსები "სოხუმზე ბოლო შეტევის" ტაქტიკას

ფაშინიანისა და ალიევის სამშვიდობო ხელისჩამორთმევის მიუხედავად,სომხეთიც და აზერბაიჯანიც აგრძელებს გამალებულ შეიარაღებას...

თუკი ზელენსკი მართალია და პოკროვსკის აღებას მართლაც მხოლოდ რამდენიმე ასეულ რუსი ოკუპანტი ცდილობს,მაშინ ეს უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე უფრო უარყოფითად მეტყველებს, მაგრამ რეალობაში პოკროვსკის ქუჩებში ათასობით რუსი სამხედრო უტევს, რომლებსაც დიდ დახმარებას უწევენ რუსული FPV-დრონების ოპერატორები პოკროვსკის გარეუბნებიდან, მაშინ, როდესაც ანალოგიური უკრაინული დრონების ოპერატორები ჩარჩენილნი არიან უშუალოდ ქალაქში და მათ უკვე ფიქრი არა FPV-დრონების მართვაზე, არამედ მათივე ადგილსამყოფელის ავტომატებით ხელში დაცვაზე უწევთ შეტევაზე გადასული რუსი მოიერიშეების მოსაგერიებლად...

პოკროვსკის გადარჩენა, სამწუხაროდ უკვე შეუძლებელია, ახლა მთავარია, რომ მისი დამცველები ალყაში მასობრივად არ აღმოჩნდნენ, როგორც ეს ომის საწყის ეტაპზე მარიუპოლში მოხდა-უკრაინის მომავლისთვის უმთავრესია მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნება და მათი შემდგომ ბრძოლებში მონაწილეობა და არა ნახევრადდანგრეული ქალაქისთვის თავის ბოლომდე გაწირვა.