ვინ და რატომ სთხოვს უკრაინას რუსულ ნავთობტერმინალებზე შეტევების შეჩერებას?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ სთხოვს უკრაინას რუსულ ნავთობტერმინალებზე შეტევების შეჩერებას?!

ბოლო პერიოდის დრამატულმა მოვლენებმა მსოფლიოში, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ფართომასშტაბიანი ომი თუ ისრაელ-აშშ-ის მასობრივი საჰაერო შეტევები ირანზე და ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმები სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე, ნათლად აჩვენა, რომ, თურმე, არსებობს ბირთვულ იარაღზე უფრო ძლიერი ზემოქმედების ბერკეტიც და ეს არის ნედლ ნავთობზე ფასის კატასტროფულად ზრდა, რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს ეკონომიკის მოშლა...

ჰორმუზის სრუტის, საიდანაც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ნედლი ნავთობის მესამედი გადის, 40-დღიანმა ჩაკეტვამ ნავთობპროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად გააძვირა, რაც ნავთობის ყველა იმპორტიორი ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს ურტყამს ჯიბეზე, როდესაც საკუთარ ავტომობილს საწვავით აწყობს და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს ყიდულობს, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მტკივნეული ხდება აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომელიც რამდენიმე თვეში შუალედური არჩევნების შედეგებს ელის და ტრამპის მთავრობისთვის ნამდვილ პოლიტიკურ კატასტროფად იქცევა, თუკი ამ შუალედურ არჩევნებში მათი ოპონენტები - დემოკრატები გაიმარჯვებენ (არჩევნებში გამარჯვებულმა დემოკრატებმა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტიც კი შეიძლება დააჩქარონ). მათ ხმას სწორედ ის მილიონობით უკმაყოფილო ამერიკელი ამომრჩეველი მისცემს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს ადანაშაულებენ ისრაელის აყოლასა და ირანის წინააღმდეგ ამ ომის დაწყებას, რასაც მოჰყვა ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ტანკერებისთვის და შესაბამისად, ნავთობის მსოფლიო ფასების კრიტიკულად ზრდა.

შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა და ნავთობტანკერების ნავიგაციის აღდგენა, რათა როგორმე მოხერხდეს ერთ ბარელ ნედლ ნავთზე ფასის დაცემა დღევანდელი 96 დოლარიდან 80 დოლარამდე მაინც (არადა, ამ ომის დაწყებამდე მისი ფასი 60 დოლარსაც კი ქვემოთ სცდებოდა)...

ჰორმუზის სრუტის გახსნას ტრამპის ამერიკამ ომით ვერ მიაღწია და ალბათ, ვერც შეძლებს. რჩება მხოლოდ მოლაპარაკებების გზა, მაგრამ ირანი, რომელმაც გაუძლო ისრაელ-აშშ-ის ხუთკვირიან შეუჩერებელ მასობრივ საჰაერო დაბომბვებს, სერიოზულ ვაჭრობას აპირებს და შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე დიდი დრო დასჭირდება, თუკი საერთოდ მიღწეული იქნა ასეთი შეთანხმება.

ყოველივე ამის ფონზე, ამერიკული მხარე ცდილობს, გამონახოს ალტერნატიური გზები, რათა ნედლი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი დეფიციტი რამენაირად შეავსოს და ამისთვის თეთრმა სახლმა შემდეგ გამოსავალს მიაგნო - ის ოფიციალურ კიევს დაჟინებით ურჩევს, უფრო სწორედ კი - მისგან მოითხოვს კიდეც, რომ უკრაინამ შეწყვიტოს... რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობტერმინალებზე საჰაერო თავდასხმები, რათა რუსეთმა უფრო მეტი რაოდენობის ნავთობი გაყიდოს, რითაც შემცირდება ფასები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე...

ამასვე ემსახურებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილებაც, როდესაც მისი ბრძანებით სანქციები მოუხსნეს იმ ტანკერებს, რომლებიც რუსული და თვით ირანული ნედლი ნავთობით უკვე იყვნენ დატვირთულნი და ღია ზღვაში მიცურავდნენ.

ახლა კი ვაშინგტონი აპირებს, სხვა სანქციებით გააუქმოს რუსეთთან მიმართებაში, რათა მოსკოვმა შეძლოს უფრო მეტი რაოდენობის ნავთობის გაყიდვა...

ამ სანქციების მოხსნისა და ნავთობზე ფასების ავარდნის წყალობით, რუსეთი დღეში 150 მლნ დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს მისი რეალიზაციისგან მაშინ, როდესაც სანქციების დროს და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამდე, მოსკოვი ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რომ იქით ეხვეწებოდა ჩინეთსა და ირანს რუსული ნედლი ნავთობის ერთი ბარელის 40-იოდე დოლარად როგორმე ყიდვას და ესეც უჭირდა, რადგან ამერიკული სანქციების შიშით ჩინური და ინდური სახელმწიფო კომპანიები თავს არიდებდნენ რუსულ ნავთობთან გაკარებას...

ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიო ეკონომიკა ისევ ისრაელის ინტერესებს ეწირება?! - "ჰეზბოლას" დაბომბვის გამო ირანი ჰორმუზის სრუტეს არ ხსნის

ცეცხლი ორი კვირით შეწყდა - მართლა აპირებდა ტრამპი ირანის "ბოლო ჟამის" იარაღით დაბომბვას?!

ირანის ცაში კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების ძებნა-გადარჩენას ქართველის მოიერიშე და ორი "ჰერკულესიც" შეეწირნენ ...

რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა...

რუსეთს კიდევ უფრო გაეზრდებოდა დამატებითი ასეულობით ან მილიარდობით „ნავთობდოლარების“ შემოსავალი, რომ არა... უკრაინული კამიკაძე-დრონების რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საზღვაო პორტების ნავთობტერმინალებზე საჰაერო დარტყმების საბრძოლო ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა.

მარტო ბოლო ორი კვირის პერიოდში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქის პრიმორსკის საზღვაო ნავთობტერმინალზე სამჯერ მიიტანეს წარმატებული შეტევა, ხოლო უსტ-ლუგას ყველაზე დიდ საზღვაო ნავთობტერმინალზე კი - ექვსჯერ. " დაუსჯელი“ არც შავ ზღვაში რუსული ნოვოროსიისკის საზღვაო პორტი დარჩენილა, საიდანაც ნედლ ნავთობს ტანკერებში ქაჩავენ...

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ პარტნიორებმა მათ „სთხოვეს“, შეაჩერონ ასეთი საჰაერო შეტევები რუსულ ნავთობობიექტებზე და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მხარე არ აკონკრეტებს ამ დასავლეთელი „პარტნიორების“ სახელს, დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები არ იქნებიან და ასეთი თხოვნა-მოთხოვნა სწორედ ოკეანისგაღმიდან მოდის...

უკრაინელები, დიდი ალბათობით, არ შეასრულებენ თეთრი სახლის ამ „თხოვნა-მოთხოვნას“ და გააგრძელებენ რუსულ ნავთობთან „ბრძოლას“, იქნება ეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები თუ ის საზღვაო პორტები, სადაც რუსული ნედლი ნავთობი და დაჭირხნული ბუნებრივი აირი სპეციალურ გემებში იტვირთება, საზღვარგარეთ გასაყიდად, რადგან ამ ვაჭრობით მოგებულ მილიარდებს კრემლი ისევ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად იყენებს...