"ფლოსტებიანი" ჰუსიტების შიშით ირანისკენ გაგზავნილი 90-თვითმფრინავიანი "ბუში" მთელ აფრიკას შემოუვლის
ირანისკენ გაგზავნილი ატომური „ბუში“ ჰუსიტების შიშით მთელ აფრიკას შემოუვლის...
ირანთან საბრძოლო მოქმედების თეატრი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან 10 ათას კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული, რასაც სერიოზული კორექტივები შეაქვს, როდესაც პენტაგონი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და პირადი შემადგენლობის გადასროლას ახდენს ირანის მოსაზღვრე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
იგივე ეხება ამერიკული სამხედრო ხომალდების გაგზავნას ირანის სანაპიროს სიახლოვეს, არაბეთის ზღვაში, თუმცა ირანელების მიერ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტის გავლით, უშუალოდ სპარსეთის ყურეში შესვლას ამერიკელი სამხედრო მეზღვაურები ჯერჯერობით ვერ ბედავენ და ამ სრუტის გამოსასვლელში, აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებული აქვთ საზღვაო ბლოკადა.
სწორედ ამ საზღვაო ბლოკადის გასაგრძელებლად (და შეიძლება ირანზე ახალი საჰაერო დარტყმების განსახორციელებლადაც) ომანის ყურისკენ მიიჩქარის კიდევ ერთი ამერიკული ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, ატომური ავიამზიდის USS George HW Bush (CVN-77) მეთაურობით, მიუხედავად იმისა, რომ ომანის ყურეში თითქმის მეორე თვეა, მოქმედებს ამერიკული ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი USS Abraham Lincoln (CVN-72)-ის „თამადობით“.
ყველაფერ ამაში დიდი გასაკვირი არაფერი იქნებოდა, „პრეზიდენტი ბუში“ აძლიერებს ამერიკულ საგემბანო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მასიური საჰაერო დარტყმების გასაგრძელებლად, რომ არა ერთი ოპერატიულ-ტექნიკური ნიუანსი - ატომური „პრეზიდენტი ბუში“, რომლის ესკორტში არიან სარაკეტო საესკადრო ნაღმოსნები USS Donald Cook (DDG-75), USS Mason (DDG-87) და USS Ross (DDG-71), მოკლე საზღვაო მარშრუტის ნაცვლად მთელი აფრიკის კონტინეტს გვერდს უვლიან, ომანის ყურესთან მისაცურად...
ყველა მოკლე საზღვაო გზა, ატლანიკის ოკეანიდან რომ ირანის სანაპიროსთან აღმოჩნდე, 1869 წლიდან ანუ სუეცის არხის ამოქმედებიდანაა ცნობილი -ატლანტის ოკეანიდან გემები გიბრალტარის სრუტის გავლით ხვდებიან ხმელთაშუა ზღვაში, გადიან სუეცის არხით წითელ ზღვაში, შემდეგ გადალახავენ ბაბ-ელ-მანდების ვიწრო სრუტეს და ადენის ყურეში აღმოჩნდებიან, რომელიც არაბეთის ზღვაშია, ხოლო მის ჩრდილოეთ ნაწილში კი - ომანის ყურეა...
ატომურმა „ბუშმა“, თანხლებ ესკორტთან ერთად კი ყველაზე შორი მარშრუტი აირჩია - ატლანტის ოკეანეში აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილის სანაპიროს სიხლოვეს ცურვა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის „შემოვლა“, მადაგასკართან გაცურვა და ინდოეთის ოკეანიდან არაბეთის ზღვის გავლით, ომანის ყურემდე მიცურვა...
ამერიკელი სამხედრო მეზღვაურები, რა თქმა უნდა, ჩვენზე ბევრად უკეთესად ერკვევიან მსოფლიო ოკეანეებსა და ზღვებში ნაოსნობაში, მაგრამ ასეთი გრძელი საზღვაო მარშრუტის არჩევა და, შესაბამისად, ოპერატიულობის დაკარგვა ორი კვირით მაინც, გამოწვეულია ერთი პატარა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი დეტალით - წითელი ზღვიდან ადენის ყურეში გასასვლელი ბაბ-ელ-მანდების სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილის სიგანე მხოლოდ 26 კმ-ია და ამ სრუტის ჩრდილოეთით, იემენის სანაპიროზე...„ფლოსტებიანი“ ჰუსიტები ცხოვრობენ...
მაგრამ, „ფლოსტებიანი“ ეძახეთ და ამერიკული ატომური ავიამზიდი თანმხლებ სარაკეტო ხომალდებთან ერთად ვერ ბედავს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გაცურვას და იძულებულია, მთელ აფრიკის კონტინენტს შემოუაროს, როგორც ორი საუკუნის წინ დაცურავდნენ, სანამ სუეცის არხს გაჭრიდნენ...
თუმცა, ამ ყველაფერს აქვს თავის ობიექტური მიზეზები -რაც არ უნდა მრისხანე იყოს 333 მ სიგრძისა და 100 ათასი ტონა წყალწყვის ამერიკული ატომური ავიამზიდი, მის გემბანზე ასაფრენად გამზადებული 90-მდე საბრძოლო თვითმფრინავითა და შვეულმფრენით. ის მაინც ადვილად დასაზიანებელი სამიზნე ხდება, როდესაც მტრულად განწყობილი ქვეყნის სანაპიროდან ორ-სამ ათეულ კმ-ში აღმოჩნდება და ამხელა ზომის სამიზნისკენ იემენელ ჰუსიტებს მთელი თავისი საბრძოლო არსენალის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც არცთუ სახუმაროა - თუკი ჰუსიტები 1 700 კმ-ით დაშორებულ ისრაელამდე აღწევენ ბალისტიკურ რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს, 26 კმ-ში მცურავ ამერიკულ ატომურ ავიამზიდს დაინდობენ?
სხვათა შორის, ბოლო ამერიკულმა ატომურმა საავიამზიდო დამრტყმელმა ჯგუფმა, USS Dwight D. Eisenhower (CVN-69)-ის მეთაურობით, ბაბ-ელ-მანდების სრუტე მშვიდობიანად გადალახა 2023 წლის დეკემბერში და მას შემდეგ ის რამდენიმე ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა, რომლებმაც იგივე სცადეს, იემენელი ჰუსიტების თავდასხმების სამიზნე გახდნენ...
აშშ-ს 11 ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი ჰყავს, რომელთა ნაწილი საბრძოლო მორიგეობაზეა, ნაწილი საზღვაო ბაზებში, ნაწილიც კი კაპიტალურ რემონტზე.
ასევე დაგაინტერესებთ: ირანის მიერ ისედაც გადაკეტილ ჰორმუზის სრუტეს ტრამპი სრულ საზღვაო ბლოკადას უცხადებს?!
ვინ და რატომ სთხოვს უკრაინას რუსულ ნავთობტერმინალებზე შეტევების შეჩერებას?!
რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა...
როგორ აღვიძებენ ფრენისას ჩაძინებულ რუს სამხედრო პილოტებს?
ამ მომენტისთვის აშშ-ს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ხუთი ატომური ავიამზიდი ჰყავს, საბრძოლო მორიგეობაზე თანმხლები ხომალდებით - USS Nimitz (CVN-68)-ი სამხრეთ ამერიკასთან, ჩილეს სანაპიროსთან, USS George Washington (CVN-73)-ი იაპონიასთან, USS Gerald R. Ford (CVN-78)-ი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, USS Abraham Lincoln (CVN-72)-ი ომანის ყურეში, ირანის სიახლოვეს და USS George HW Bush (CVN-77)-ი, რომელიც ახლა ნამიბიის სანაპიროსთან მიცურავს, ირანისკენ.
ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფები ისტორიულად წარმოადგენენ აშშ-ის სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური მიზნების გამტარებელ მთავარ ბერკეტს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში - ასე იყო მეორე მსოფლიო ომის, კორეის, ვიეტნამის, ერაყის, ყოფილი იუგოსლავიის, ავღანეთის ომების დროს და ასეა დღესაც, როდესაც ამერიკული საგემბანო თვითმფრინავები ირანზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ...