ირანის მიერ ისედაც გადაკეტილ ჰორმუზის სრუტეს ტრამპი სრულ საზღვაო ბლოკადას უცხადებს?! - კვირის პალიტრა

ირანის მიერ ისედაც გადაკეტილ ჰორმუზის სრუტეს ტრამპი სრულ საზღვაო ბლოკადას უცხადებს?!

13 აპრილს, თბილისის დროით 16:00 სთ-ზე აშშ-ი იწყებს სპარსეთის ყურის არაბეთის ზღვასთან დამაკავშირებელი ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ნედლი ნავთობისა და შესაბამისად, საავტომობილო და საავიაციო საწვავის მსოფლიო ფასებს, რომლებიც ისედაც გადაცდა ას დოლარს ერთ ბარელ ნედლ ნავთობზე, მას შემდეგ რაც თეირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების თავისუფალი ნაოსნობა ისრაელ-აშშ-ის მიერ 28 თებერვალს დაწყებული დაბომბვების საპასუხოდ...

მას შემდეგ, რაც 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადაში აშშ-სა და ირანს შორის მაღალ დონეზე გამართული 21 სთ-იანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, მსოფლიოში საუკეთესო, დაიწყებს ყველა გემის ბლოკირების პროცესს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მისგან გასვლას შეეცდებიან“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რაც აღქმული იქნა ჰორმუზის სრუტის სრულ საზღვაო ბლოკადად, რომელსაც ამერიკული სამხედრო ხომალდები განახორციელებენ იმის ფონზე, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ისედაც თვენახევარი აქვთ გადაკეტილი იგივე ჰორმუზის სრუტე...

ეს ყველაფერი ერთ დიდ,წარმოუდგენელ იდიოტობად გამოჩნდა თეთრი სახლის მთავარი ბინადარისგან - მაშინ, როდესაც ყველამ იმაზე უნდა იფიქროს, რომ რაც შეიძლება მეტმა ნავთობტანკერმა და აირმზიდმა გემმა შესძლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოპოვებული ნედლი ნავთობისა და დაჭირნული ბუნებრივი აირის გატანა სხვა ქვეყნებში და ამით რამენაირად დააგდოს ასე გაზრდილი მსოფლიო ფასები სხვადასხვა სახის საწვავზე, პრეზიდენტი ტრამპი, ისედაც ირანელებისგან გადაკეტილ ჰორმუზის სრუტეს დამატებით საზღვაო ბლოკადაში აქცევს...

საბედნიეროდ, დღეს დილიდან გარკვეული სიცხადე შევიდა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში - აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, „რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან“.

„CENTCOM-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების თავისუფალ ნავიგაციას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან არაირანული პორტების მიმართულებით ან მათი დატოვების მიზნით“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

ანუ ამერიკული მხარე არაფერს ერჩის ,იმ სავაჭრო გემებსა და ტანკერებს, რომლებიც ქუვეთის, ერაყის, ბაჰრეინის, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების პორტებიდან დაიძვრებიან და მხოლოდ ირანის პორტებიდან გამოტანილ ნავთობს დაბლოკავენ...

მაგრამ, ისმის მთავარი კითხვა - განა ირანი გაატარებს არაირანული პორტებიდან დაძრულ ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში, რომ მათ ამერიკულ საზღვაო ბლოკადის საზღვარს მიაღწიონ ომანის ყურეში?

ან კიდევ, თუკი არაირანულ პორტებში ნედლი ნავთობით გაწყობილი ჩინური სუპერტანკერების მფლობელები თეირანს 2 მლნ დოლარიან ხარკს გადაუხდიან ჰორმუზის სრუტის თავისუფლად გადასალახავად, მათ ომანის ყურეში მაინც დააკავებენ ამერიკული ფრეგატები?

ასევე დაგაინტერესებთ: ვერ მოილაპარაკეს - ირანი ტრამპს ჰორმუზის სრუტეს არ უხსნის...

ვინ და რატომ სთხოვს უკრაინას რუსულ ნავთობტერმინალებზე შეტევების შეჩერებას?!

ეცხლი ორი კვირით შეწყდა - მართლა აპირებდა ტრამპი ირანის "ბოლო ჟამის" იარაღით დაბომბვას?!

ირანის ცაში კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების ძებნა-გადარჩენას ქართველის მოიერიშე და ორი "ჰერკულესიც" შეეწირნენ ...

კითხვები ბევრია, პასუხებში სიცხადე კი ბევრად ნაკლები, მაგრამ ერთი რამ კარგად გამოიკვეთა- ირანი ძალიან ეფექტიანად იყენებს ჰორმუზის სრუტის პოლიტიკურ ბერკეტს,ხ ოლო აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლების საპასუხო მოქმედებები არადამაჯარებლად მოჩანს. პრეზიდენტ ტრამპს არ შეუძლია ჰორმუზის სრუტის სრული გახსნა თავისუფალი ნაოსნობის აღსადგენად,არც მშვიდობიანი მოლაპარაკებებით და არც სამხედრო ძალის გამოყენებით...

ამერიკული საზღვაო ბლოკადის დაწყების საპასუხოდ კი თეირანიდან შემდეგს აცხადებენ...

ირანული საინფორმაციო საშუალების „ფარსის“ ცნობით, აშშ-სთან და ისრაელთან დაკავშირებულ გემებს არ აქვთ და არც ექნებათ ჰორმუზის სრუტის ტრანზიტის უფლება.

„მტერთან დაკავშირებულ გემებს არ აქვთ უფლება, გაიარონ ჰორმუზის სრუტე და არც ექნებათ ამის უფლება. სხვა გემებს სრუტეში გადაადგილების უფლება მიეცემათ, როგორც ადრე, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ დადგენილი წესების დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დასძენენ, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი, ირანი დანერგავს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის მუდმივ მექანიზმს.

„თუ ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტების უსაფრთხოება დაირღვება, სპარსეთის ყურის ან ომანის ზღვის არც ერთი პორტი არ იქნება უსაფრთხო“, - ნათქვამია გაფრთხილებაში.