"შოკის ეფექტი" და სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები - რატომ წააგო სინამდვილეში ვიქტორ ორბანმა?!
ვიქტორ ორბანის თექვსმეტწლიანი მმართველობის ერა დასრულდა, საკითხავია - დროებით, მხოლოდ ერთი საპარლამენტო ვადით თუ უფრო დიდი ხნით? ახლა კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მტერ-მოყვარე, „ფიდესის“ ძალზე მტკივნეული მარცხის მიზეზებს სწავლობს: რატომ და როგორ მოხდა, რომ ორი უდიდესი სახელმწიფოს მეთაურის (ტრამპი და პუტინი) ღია და აშკარა დახმარების, ასევე ერთი, ძალზე ამბიციური სახელმწიფოს ლიდერის (ნეთანიაჰუ) ფარული თანადგომის მიუხედავად, ორბანი მაინც დამარცხდა.
მათი დახმარება და თანადგომა გულისხმობდა უნგრეთის (უფრო სწორად - ვიქტორ ორბანის პოლიტიკური პარტიის) მხარდაჭერას პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსებით, ასევე, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების მაქსიმალურ ჩართულობას „ფიდესის“ სასარგებლოდ და მისი კონკურენტების საზიანოდ. და მიუხედავად ამისა, ორბანი მაინც დამარცხდა. რატომ?
დღეს ამ საკითხის ჩემეულ ხედვას გაგაცნობთ და თავად განსაჯეთ.

ფოტო: ასეთი ვიქტორი ალბათ არ გინახავთ
ჯერ ის გავიხსენოთ, თუ როგორ მოვიდა ვიქტორ ორბანი პოლიტიკაში. ის სტუდენტობის წლებიდანვე აქტიურად ჩაება უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიქტორ ორბანი და მისი მეგობრები, როგორც პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები, უნგრული წარმოშობის მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ. ამის შემდეგ, 1988 წლის 30 მარტს, ვიქტორ ორბანმა და მისმა თანამოაზრეებმა დააარსეს „ახალგაზრდა დემოკრატთა ალიანსი“ (უნგრულად - Fiatal Demokraták Szövetsége, შემოკლებით - Fidesz). კურიოზია: ჯორჯ სოროსი აფინანსებდა იმ ახალგაზრდას, რომელიც შემდგომ მისი დაუძინებელი მტერი გახდა.
ვიქტორ ორბანი დიდ პოლიტიკაში პირველად 1989 წლის 16 ივნისს გამოჩნდა, როდესაც ბუდაპეშტში გაიმართა ყოფილი „კონტრრევოლუციონერების“, შემდეგ კი - ეროვნული გმირების: იმრე ნადის, გეზა ლოშონცის, ფერენც დონატის და სხვა სასტიკად ნაწამებ-მოკლული უნგრელი პატრიოტების ნეშტების გადასვენების ცერემონიალი. მრავალ გამომსვლელს და ემოციურ სიტყვას შორის ყველას დაამახსოვრდა საშუალო ტანის ახალგაზრდის რადიკალური მოწოდებები. ეს ვიქტორ ორბანი გახლდათ. მაშინ უნგრეთში საბჭოთა არმიის 60-ათასიანი კონტინგენტი იყო განლაგებული და კა-გე-ბე და გე-ერ-უ, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ ადგილობრივ უშიშროებასთან, ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობდნენ უნგრეთში. ამიტომ ყველას უკვირდა ამ ახალგაზრდის გამბედაობა, რომელიც საბჭოთა კავშირს, სრულიად სამართლიანად, - „რუსულ იმპერიად“ მოიხსენიებდა; მრავალპარტიულ და თავისუფალ არჩევნებს მოითხოვდა; უშიშროების სისტემის რადიკალური რეფორმირებისა და ლუსტრაციის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. მოკლედ: დემოკრატიის „ტრუბადური“ იყო. 1989 წლის 16 ივნისს ვიქტორ ორბანმა თავისი გამოსვლა ემოციური მოწოდებით დაასრულა: „რუსებო, წაეთრიეთ სახლში!“ (უნგრულად – „Ruszkik haza“, რაც 1956 წლის აჯანყების მთავარი ლოზუნგი იყო). ვინ წარმოიდგენდა, რომ ათწლეულების შემდეგ ეს პატრიოტული მოთხოვნა თავად ორბანის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში უკვე მისი მოწინააღმდეგეების მთავარი ლოზუნგი გახდებოდა.

ფოტო: ვიქტორ ორბანი: „რუსებო, წაეთრიეთ სახლში!“, 1989 წლის 16 ივნისი
მანამდე კი ვიქტორ ორბანს მართლაც, რომ ზღაპრული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა და 35 წლის ასაკში ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, რომელიც თანამოაზრეების გუნდთან ერთად მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები დაიწყო, საგარეო ვექტორად კი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მაქსიმალური დაახლოება აირჩია. უკვე 1999 წელს უნგრეთი ნატოს წევრი გახდა. იმ პერიოდში ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, განსაკუთრებით - ვლადიმერ პუტინის „პრეზიდენტად დანიშვნის“ შემდეგ. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა და ოპოზიაციაში გადაბარგდა. იმ პერიოდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ხოლო შემდეგ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მკაცრად აკრიტიკებდა მთავრობას, რუსეთის სულ უფრო მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევის გამო. 2007 წელს მან ერთ-ერთ გამოსვლაში ბრალი დასდო რუსეთს, ენერგეტიკული გიგანტების („გაზპრომი“, რაო ეესი“ „როსნეფტი“ და „როსატომი“) მეშვეობით მის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში, - ახალგაზრდა თაობამ, რომელიც მხარს გვიჭერს, არ უნდა დაუშვას, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპაში „გაზპრომის“ „ყველაზე მხიარული ყაზარმა“ გახდესო", – განაცხადა მაშინ ორბანმა. 2008 წელს მან ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებს, რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე სულ უფრო მზარდი დამოკიდებულების გამო, "პუტინის მარიონეტები" უწოდა. ხოლო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების - „სამხრეთის ნაკადის“ პროექტში ჩართვისთვის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება ეროვნულ ღალატში დაადანაშაულა.
2009 წლის ნოემბერში ვიქტორ ორბანი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე მიიწვიეს. ყურადსაღები და წინასწარ გათვლილი ოპერაციაა: იწვევენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და არა - ხელისუფლების წარმომადგენელს. ამ ვიზიტის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა ორბანის რიტორიკა: მან არა მარტო შეწყვიტა პუტინისა და რუსეთის კრიტიკა, არამედ - ევროპაში პუტინის მთავარი აპოლოგეტი, „ევროპელი პუტინისტი“ და ევროკავშირში რუსეთის „თვალი და ყური“ გახდა.
ამ პერიოდიდან იწყება რუსეთის იმპერიისა და პირადად პუტინის ქება/განდიდების წლები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გარემოებაც დაეხმარა ორბანს, როდესაც 2010 წლის აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა და ის კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა. ამის შემდეგ 16 წელი უნგრეთში ვიქტორ ორბანის ბატონობის ერა დამყარდა და 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ, სულ ცოტა, ოთხი წელი გაგრძელდებოდა, რომ არა მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, რომელთაც ორბანის და „ფიდესის“ მარცხი განაპირობეს.

ფოტო: სიარტო და ლავროვი - საერთო ძალზე ბევრი აქვთ
ვიქტორ ორბანის მემარჯვენე პოპულიზმი და აგრესიული ევროსკეპტიციზმი უნგრეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უკვე „გუშინდელი სიმღერა“ იყო. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, კორუფცია, უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, მუდმივად „მტრის“ ძიება და მათთვის (ევროკავშირი, უკრაინა, მიგრანტები, სოროსი და ა.შ.) ყველა წარუმატებლობის გადაბრალება, უნგრელებს, უპირველესად, დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს, ყელში ამოუვიდათ. მათთვის უკვე აუტანელი გახდა ორბანის ქადილი, რომ კიდევ ოთხი წელი მიეცათ და ის საბოლოოდ დაამარცხებდა მთავარ მტერს – „ბრიუსელის ბიუროკრატიას“ და უნგრეთში თვალით უნახავი და გაუგონარი კეთილდღეობა და ჰარმონია დამყარდებოდა. უნგრელებმა ამ ტყუილებს უარი უთხრეს და არჩევნებზე წავიდნენ.
2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი უნგრეთის ისტორიაში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა: ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა 77.8%-მა, ანუ 5.8 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. წინა რეკორდი 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამყარდა, როდესაც პირველ ტურში აქტივობამ 70.53%, ხოლო მეორე ტურში 73.51% შეადგინა. სწორედ მაშინ დათმო ვიქტორ ორბანმა პირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. აპრილის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოპულიზმის (არ აქვს მნიშვნელობა, მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე) დამარცხება მხოლოდ ელექტორატის მაქსიმალური მობილიზაციით არის შესაძლებელი.
ასე რომ, ვიქტორ ორბანის დამარცხების მთავარი ობიექტური ფაქტორი, ჩემი აზრით, ცვლილებების მომხრე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა გახლდათ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ობიექტური სოციოლოგიური კვლევები და ელექტორალური გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ოპოზიციონერი პეტერ მადიარის „ტისა“ (46%) მცირედით უსწრებდა ვიქტორ ორბანის „ფიდესს“ (41%). ორბანი ფიქრობდა, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, „ფიდესი“ დაეწეოდა „ტისას“ და ისინი ამომრჩეველთა ხმების, დაახლოებით, თანაბარ რაოდენობას მოაგროვებდნენ. ამავე დროს ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლო“ გადალახავდა 5 % ბარიერს და “ფიდესთან“ ერთად კოალიციურ მთავრობას შექმნიდა. პრემიერ-მინისტრად კი, რა თქმა უნდა, კვლავ ვიქტორ ორბანი დარჩებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საპარლამენტო არჩევნების წინ ორბანმა და მისმა მხარდამჭერებმა (ტრამპ-პუტინიანად) იცოდნენ, რომ ხმების ორი მესამედის და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ძალზე გაუჭირდებოდათ და ჩვეულებრივ უმრავლესობაზეც ყაბულს იყვნენ. 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ფიდესის“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ვიქტორ ორბანს გზა გაეხსნა ლიბერალური დემოკრატიის სისტემის გასანადგურებლად და საკუთარი ავტოკრატული პოლიტიკური რეჟიმის დასამყარებლად. ასე რომ, უნგრეთის კონსტიტუცია ორბანმა უკვე კარგა ხანია, თავის თავზე მოირგო და ახალი შესწორება/ცვლილებები აღარც სჭირდებოდა.

ფოტო: ორი . . . . .
ეს პოლიტიკური გათვლები ცნობილი იყო ვიქტორ ორბანის მტერ-მოყვარისთვისაც და როგორც არჩევნების წინაპერიოდში ხდება ხოლმე, ორივე მხარის სპეცსამსახურები გააქტიურდნენ. რუსეთი, რომელიც დაინტერესებული იყო ორბანის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შენარჩუნებით, აქტიურად ერეოდა არჩევნებში და სოციალურ მედიაში ორბანის მხარდამჭერ და მისი მთავარი კონკურენტის, პეტერ მადიარის შეურაცხმყოფელ კამპანიას აწარმოებდა.სრულიად დასაშვებია, რომ რუსეთისა და უნგრეთის სპეცსამსახურები 12 აპრილის არჩევნების წინაპერიოდში კოორდინირებულად მოქმედებდნენ. 2026 წლის 12 თებერვალს უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის, ფარული კამერით გადაღებული ვიდეოკადრების გამოყენებით, „კლასიკური რუსული სტილის კომპრომეტირების“ მსხვერპლი გახდა. კერძოდ მას 2024 წლის 2 აგვისტოს მეგობარ გოგონასთან შეხვედრის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეოკადრებით აშანტაჟებდნენ. ამის გარდა, ოპოზიციის ლიდერზე არა ერთი დეზინფორმაცია და ფეიკი გაავრცელეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სრულიად უშედეგოდ. ამ დროს ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგეებმა მიზანს მიაღწიეს: მათ შეძლეს ვიქტორ ორბანისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიარტოს სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით მათი კომპრომეტირება.
ყველაფერი კი 2026 წლის 21 მარტს დაიწყო, როდესაც ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეტერ სიარტო რეგულარულად აწვდიდა მოსკოვს ინფორმაციას ევროკავშირში გამართული შეხვედრებისა და იქ განხილული კონფიდენციალური საკითხების შესახებ.
23 მარტს უნგრელმა ჟურნალისტმა საბოლჩ პანიმ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ 2020 წელს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის, რომელსაც მაშინ პეტერ პელეგრინი ხელმძღვანელობდა, გამარჯვებაში დახმარება სთხოვა. რუსეთმა თხოვნა „გადაჭარბებით შეასრულა და ოთხი წლის შემდეგ პეტერ პელეგრინი უკვე სლოვაკეთის პრეზიდენტად მოგვევლინა. საინტერესო „დამთხვევაა“.
31 მარტს, VSquare-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სიარტოსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი, საიდანაც გაირკვა, რომ 2024 წლის 30 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში ჩასვლიდან სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ, სიარტოს ლავროვმა დაურეკა და შეახსენა, რომ რუსი ოლიგარქის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების საკითხი მოეგვარებინა.
„The Washington Post-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროკავშირში შეხვედრების დროს, შესვენებებზე პეტერ სიარტო რეგულარულად ურეკავდა სერგეი ლავროვს რათა მიეწოდებინა განხილული საკითხების შესახებ ახალი ინფორმაცია და ეცნობებინა ევროპელი ლიდერების შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ. ფაქტია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის - უნგრეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო და ამ სტრუქტურების მტერი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, მუდმივ არაფორმალურ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ და სიარტოს მეშვეობით, პუტინს სრული ინფორმაცია ჰქონდა ევროკავშირისა და ნატოს დღის წესრიგზე: განსახილველ საკითხებზე, ქვეყნებს შორის არსებულ უთანხმოებაზე, უკრაინაზე და ა.შ.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის შოკი და ტრამპის მარცხი - უნგრული სენსაციის ეფექტი
საქართველო უნდა იცნობდეს 9 აპრილის ჯალათებს - 5 მაღალჩინოსანი, რომელიც სასჯელს გადაურჩა
სიარტო-ლავროვის საუბრების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ:
- უნგრელი დიპლომატი სისტემატურად აწვდიდა კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას;
- უნგრელი დიპლომატი ლავროვთან კოორდინაციაში იყო და მასთან ათანხმებდა საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს.
სპეცსამსახურების პრაქტიკაში ეს გავლენის აგენტის ძალზე წარმატებულ მუშაობად შეფასდებოდა და ის საიდუმლო „მე-9 მუხლიდან“ მატერიალურ წახალისებასაც მიიღებდა. თუმცა შეიძლება ეს დიპლომატი უკვე დასაჩუქრებულია და - არა ერთხელ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკულმა საინფორმაციო პორტალმა „ბლუმბერგმა“ სკანდალური ინფორმაციის ახალი „პორცია“ გამოაქვეყნა. ეს იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 2025 წლის ოქტომბერში გამართული სატელეფონო საუბრის სტენოგრამა, სადაც ორბანი ცდილობს, ყოველნაირად ასიამოვნოს პუტინს და თავის თავს იმ წრუწუნას ადარებს, რომელიც შეიძლება, გასაჭირში ჩავარდნილ ლომს დაეხმაროს. ვიქტორ ორბანისგან, ამ მართლაც რომ ნიჭიერი და მოხერხებული „პოლიტიკური ეკვილიბრისტისგან“, მსგავსი მლიქვნელობა გასაკვირი სულაც არ არის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებამ ორბანს ამომრჩეველთა ხმები დააკარგვინა: არ ვიცი ვის მოეწონებოდა თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ამგვარი თავის დამცირება.

ფოტო: chatgpt.com-ის მიერ გენერირებული „წრუწუნა და ლომი“
მკითხველს ვთხოვ, ყურადღებით დააკვირდეს „სიარტო-ლავროვის“ და „ორბან-პუტინის“ სატელეფონო საუბრების ჯერ თარიღს, შემდეგ კი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების პერიოდს. მარტივი დასადგენია, რომ უნგრეთისა და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა წლების მანძილზე ხორციელდებოდა და მხოლოდ საჭირო დროს გამოქვეყნდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე მხარემ ფაქტობრივად, დაადასტურა საუბრების შინაარსი და მათი ავთენტურობა. 2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი-სამი კვირით ადრე გამოქვეყნდა და ეს კოორდინირებული მოქმედებები ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ იყო მიმართული.
11 აპრილს თავად ლავროვმა განაცხადა: სხვისი სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა „დიდი ცოდვააო“. ამ მხრივ კი თავად რუსეთის ხელისუფლებაა ყველაზე ცოდვიანი.

ფოტო: ასე ზეიმობს უნგრეთი, 2026 წლის 12 აპრილი.
ჩემი აზრით, სწორედ ამ სუბიექტურმა ფაქტორმა - სკანდალური ჩანაწერებისგან მიღებულმა „შოკურმა ეფექტმა“ მოუტანა პეტერ მადიარს დამატებითი ხმები და საპარლამენტო უმრავლესობა. გავიხსენოთ: პოლიტტექნოლოგიაში „შოკის ეფექტი“ ნიშნავს ამომრჩევლის ემოციური მდგომარეობის მკვეთრ შეცვლას ისეთი ინფორმაციის, მოვლენის ან ნარატივის მეშვეობით, რომელიც მოულოდნელია, ძლიერია და სწრაფად ვრცელდება. განსაკუთრებით ეფექტიანია არჩევნების წინადღეებში პოლიტიკურ ოპონენტზე კომპრომატების ან სკანდალური ინფორმაციის გავრცელება. ყურადღება მიაქციეთ: ამ შემთხვევაში, ადამიანის ძლიერ ემოციურ სიგნალებზე დიდი ზემოქმედება აქვს ინფორმაციას და არა - დეზინფორმაციას.
ფარული სატელეფონო მოსმენების სტენოგრამების გამოქვეყნების შემდეგ დღეებში ელექტორატის ხმების დინამიკა დაახლოებით ამგვარი იყო: „ტისა“ + 8 %, „ფიდესი“ - 3 %. დღეის მდგომარეობით არჩევნების შედეგები ამგვარია: „ტისა“ - 53,1 %; „ფიდესი“ - 38,4 %; „ჩვენი სამშობლო“ - 5,8% და დანარჩენი პარტიები - 2,7%.
ახლა კი ყველაზე „უმნიშვნელო“ საკითხი დაგვრჩა: ვინ უსმენდა? გამორიცხვის მეთოდი, რომ გამოვიყენოთ ეჭვს ვერ მივიტანთ ვიქტორ ორბანის მხარდამჭერი ქვეყნების: აშშ-ის, რუსეთის, ისრაელის და თავად უნგრეთის სპეცსამსახურებზე. ფარული მოსმენების კვალი ორბანის დამარცხების მსურველი ქვეყნებში უნდა ვეძიოთ, რომელთა შორისაც დღეს ამის რესურსები უპირველესად დიდი ბრიტანეთის „სამთავრობო კავშირების ცენტრსა“ (GCHQ) და გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკის „ფედერალური სადაზვერვო სამსახურს“ (BND) გააჩნიათ.
12 აპრილის ღამეს, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბუდაპეშტისა და უნგრეთის სხვა ქალაქების მაცხოვრებლები ქუჩებში გამოვიდნენ ოპოზიციის გამარჯვების აღსანიშნავად. ხალხი მღეროდა, ცეკვავდა და სკანდირებდა „რუსებო, წაეთრიეთ სახლში!“. ვიქტორ ორბანის პოლიტიკური კარიერის ეს ეტაპი იმავე ლოზუნგით დასრულდა, როგორც 1989 წლის 16 ივნისს დაიწყო: „Ruszkik haza“!
(დასასრული)