სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ: „ირანელებს უფრო ნაკლები ყოყმანი დაჭირდებათ ომის განახლებისათვის, ვიდრე ამერიკელებს" - განახლდ - კვირის პალიტრა

სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ: „ირანელებს უფრო ნაკლები ყოყმანი დასჭირდებათ ომის განახლებისათვის, ვიდრე - ამერიკელებს" - განახლდება თუ არა ესკალაცია?!

აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება დაიწყო - ამ საზღვაო დერეფანში ირანის გემები ვერ გაივლიან და ნავთობს ვერ გაიტანენ. რამდენად შეუძლია ვაშინგტონის გადაწყვეტილებას თეირანზე გავლენის მოხდენა - დაიხევს თუ არა უკან ისლამური რესპუბლიკა? ისრაელის სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დენი ციტრინოვიჩი გერმანული ჟურნალის - „შპიგელის“ (Der Spiegel) კითხვებს პასუხობს ინტერვიუში, სათაურით: „ირანელებს უფრო ნაკლები ყოყმანი დასჭირდებათ ომის განახლებისათვის, ვიდრე - ამერიკელებს. დონალდ ტრამპს სულ უფრო ნაკლები არჩევანი რჩება, თანაც - ცუდი ვარიანტებიდან“ (ესაუბრება ფრიც შააპი).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდებმა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება დაიწყეს - ირანის მიერ ნავთობის ექსპორტის აღსაკვეთად. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება სრუტის სრული ბლოკირება პრაქტიკულად?

- ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირება ძნელი საქმეა. მართალია, ოთხშაბათს აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით ანუ პირველი 36 საათის განმავლობაში ვერც ერთმა გემმა ვერ გაბედა სრუტის გავლაო, მაგრამ ცნობილია, რომ რეალურად 15-მა გემმა გაიარა და მათგან 9 - ირანული ნავთობით იყო დატვირთული. მაგრამ თუნდაც ბლოკადა რეალურად განხორციელდეს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ის ვერაფერს შეცვლის. ამჟამად ჩვენ ამტანობის შეჯიბრის მოწმენი ვართ: ვინ უფრო მიაყენებს მოწინააღმდეგეს მეტ ზარალს - ამერიკა ირანს თუ ირანი - ამერიკას და საერთაშორისო საზოგადოებას? თეირანში ფიქრობენ, რომ ირანი უფრო მეტად დააზარალებს აშშ-ს, ვიდრე აშშ - ირანს. არის იმის საკმაო ნიშნები, რომ ირანელების პოზიცია გამართლდება. ბლოკადის მოწყობა უსარგებლო ნაბიჯია - ის ვერაფერს გადაწყვეტს, ესკალაციის რისკი კი მატულობს.

- რით შეიძლება ირანმა ამერიკას უპასუხოს?

- ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა უკან დაიხიოს და დათმობებზე დათანხმდეს. თეირანს შეუძლია აშშ-ისა და მის რეგიონულ მოკავშირეებზე ზემოქმედების სხვა ფაქტორები აამოქმედოს. მაგალითად, დრონებით და რაკეტებით შეუტიოს საუდის არაბეთის მილსადენებს სატრანსპორტო დერეფანში - „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, რომელიც ნახევარკუნძულზე, უდაბნოშია აგებული, სპარსეთის ყურიდან წითელი ზღვის ნაპირამდე. გარდა ამისა, იემენელ ჰუსიტებს შეუძლიათ წითელი ზღვის შესასვლელი - ბაბ-ელ-მანდების სრუტე გადაკეტონ და სუეცის არხისაკენ გემები არ გაუშვან. აღნიშნული სრუტე მსოფლიო საზღვაო სავაჭრო გზის კიდევ ერთ ე.წ. ბოთლის ვიწრო ყელს წარმოადგენს. ირანი უკვე დაიმუქრა, რომ ომანის ყურესა და წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტებს დაბლოკავს.

- თქვენი აზრით, რა ბერკეტები აქვს დონალდ ტრამპს - მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი საბოლოოდ ირანის დამორჩილებას, გაამართლებს ბლოკადა?

- გასაგებია, რომ თვითონ დონალდ ტრამპს ღია კონფლიქტის განახლება არ სურს, იგი დარწმუნებულია, რომ ბლოკადით ირანს ამერიკულ პირობებზე დაითანხმებს, მაგრამ - პრეზიდენტი ცდება. ომის დაწყებიდან ხუთ კვირაზე მეტი გავიდა და დონალდ ტრამპი ძველებურად ვერ აცნობიერებს ერთ საბაზო ჭეშმარიტებას: ირანი ვენესუელა არ არის. ირანი, ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის გამო, კაპიტულაციას არ გამოაცხადებს. აშშ-მა და ისრაელმა მიზანს ხუთკვირიანი ყოველდღიური დაბომბვებით ვერ მიაღწიეს და ახლა სრუტის ჩაკეტვით მიაღწევენ? ვერანაირი მუქარა ვერ აიძულებს ირანს აშშ-ის მიერ ნაკარნახევ პირობებს დათანხმდეს. თუ დონალდ ტრამპს შეთანხმების დადება სურს, მას თვითონ მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და ირანის პოზიციებთან მიახლოება.

- როგორ შეიძლება მოვლენების სამომავლოდ განვითარება?

- როგორც ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, ისლამაბადში შეწყვეტილი წინამოლაპარაკება ისევ განახლდება. და თუ ისინიც ჩაიშლება, მაშინ ყოველი მხარე ჩათვლის, რომ შეუძლია მოწინააღმდეგეს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე მისგან თვითონ მიადგება. სიტუაცია ისეთია, რომ ირანელებისთვის უფრო ადვილია ომის ინტენსიურ რეჟიმში დაბრუნება, ვიდრე - ამერიკელებისთვის. ის ფაქტი, რომ აშშ ამჟამად ფსონს სრუტის ბლოკადაზე დებს და არა - ირანის ტერიტორიის დაბომბვაზე, მიუთითებს, რომ თეთრ სახლს ბრძოლის განახლება არ სურს და უპირატესობას მოლაპარაკებას აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ: "მე ის ჯორჯა აღარ ვარ..." - რატომ გადარია ტრამპი იტალიის პრემიერმა და რა შუაშია რომის პაპი?!

"მასში ანტიქრისტეს სული მოჩანს..." - ვის ედრება ტრამპი ანუ "დიდი დონალდის" ახალი სკანდალი

ფაშინიანის დილემა და "თბილი" შეხვედრა პუტინთან - რა მოხდება სომხეთში 7 ივნისს?!

იდუმალი ძალები, რომელთა დასახელება არ შეიძლება ანუ რატომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები დახურული, ექვსი წლის განმავლობაში?!

- როგორც ირანის ელჩმა პაკისტანში აღნიშნა, „მოლაპარაკება მოვლენა კი არ არის, არამედ - პროცესი“. როგორ ფიქრობთ, არის შეთანხმების დადების შანსი?

- შანსები, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ თუ ორივე მხარე ჩათვლის, რომ „მე ვარ გამარჯვებული“, მაშინ მოლაპარაკება გართულდება. მით უმეტეს, რომ აშშ-ის დელეგაცია ბევრ ნიუანსს ყურადღებას არ აქცევს, მაგალითად, ირანის ბირთვული პროგრამის მიზეზებს და, საერთოდ, აგდებულად უდგება სპარსული ცივილიზაციის საკითხებს, ირანის კულტურას. ვფიქრობ, რომ თუ აშშ პირველ ეტაპზე დაეთანხმება ირანის უფლებას, ურანის გამდიდრებაზე, უფრო დაბალი დონით (ანუ ისეთით, რომელიც ბირთვული ბომბის დასამზადებლად უსარგებლო იქნება), მაშინ ეს ხელს შეუწყობს დაძაბულობის განეიტრალებას, დროებით მაინც.

გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწევს, უარი თქვას პოზიციაზე, რომლის თანახმად, იძულებისა და ძალის გამოყენება მისი საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის მთავარი ინსტრუმენტია. ირანთან აუცილებელია ფაქიზი მიდგომები, ბევრი დეტალის გათვალისწინება, სტრატეგიული მოქმედებისა და ხისტი ნაბიჯების ურთიერთშეთავსება. ვაშინგტონი დიდი ხნის განმავლობაში ირანის ბირთვულ პროგრამის შეწყვეტას კატეგორიულად, უალტერნატივოდ ითხოვდა: ან სრული დემონტაჟი, ან სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა. ყველა სახელმწიფოს აქვს თავის ტერიტორიაზე არსებული ურანის საბადოებიდან მოპოვებული მადნის დაბალი დონით გამდიდრების უფლება - [თუნდაც მშვიდობიანი მიზნებისათვის, ვთქვათ, ატომური ენერგეტიკისა და ბირთვული მეცნიერების განვითარებისათვის], მკაცრი საერთაშორისო კონტროლით. არ არის გამორიცხული, რომ თუ აშშ ირანის ამ უფლებას აღიარებს, დიდი ალბათობით, თეირანი ამით „სახეს შეინარჩუნებს“ და იმავდროულად, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპიც არ დაირღვევა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო