ჩაითრევს თუ არა პუტინი ლუკაშენკოს უკრაინასთან ომის „ჭაობში“ და რა რეაქცია ექნება ტრამპს?! - კვირის პალიტრა

ჩაითრევს თუ არა პუტინი ლუკაშენკოს უკრაინასთან ომის „ჭაობში“ და რა რეაქცია ექნება ტრამპს?!

რუსეთ-უკრაინის ომი მეხუთე წელში გადავიდა და მიუხედავად იმისა, ბოლო მესამე წელია რუსეთის საოკუპაციო ძალებს ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიციატივა აქვთ, კრემლი მაინც ვერ აღწევს სტრატეგიულ ჩანაფიქრს - უკრაინის სრულ ოკუპაციას. ეს კი არა, პუტინის არმიამ ჯერ ისიც ვერ მოახერხა, რომ დონეცკის ოლქი სრულად დაეპყრო, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის 24 თებერვალს შეტევები მანამდე უკვე ოკუპირებული ქალაქ დონეცკიდან დაიწყო და არა სახელმწიფო საზღვრიდან და ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებაზე მხოლოდ 50-60 კმ-ით თუ წაიწია წინ და ისიც უდიდესი საბრძოლო დანაკარგის ფასად.

ამ ომის მეხუთე გაზაფხულზე რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე იწყებენ ახალი შეტევების ტალღას უკრაინის დონეცკის ოლქის როგორმე ასაღებად. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, ამინდის ცვლილების შემდეგ რუსმა აგრესორებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები პრაქტიკულად მთელი 1 200-კილომეტრიანი შეხების ხაზის გასწვრივ.

თავის მხრივ, ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, რუსეთს სურს დაიკავოს ეგრეთ წოდებული ციხე-ქალაქების სარტყელი, რომელიც მოიცავს დონეცკის ოლქში მდებარე კონსტანტინოვკას, დრუჟკოვკას, სლოვიანსკსა და კრამატორსკს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ხაზი უკრაინის აღმოსავლეთით თავდაცვის კარგად გამაგრებული მთავარი პლაცდარმია და, დიდი ალბათობით, რუსეთი 2026 წელს მთელი დონეცკის ოლქის სამხედრო გზით დაკავებას ვერ შეძლებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ დონეცკის ოლქის ტერიტორიის 19%-ს ამჟამად უკრაინა აკონტროლებს. ბოლო 11 წლის განმავლობაში უზარმაზარი რესურსები დაიხარჯა ზემოხსენებულ ქალაქებსა და მათ გარშემო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე. სამხედრო თვალსაზრისით, ციხესიმაგრეების ეს სარტყელი ოპტიმალურია თავდაცვისთვის თითქმის ყველა გეოგრაფიული და ტოპოგრაფიული მახასიათებლით. ბოლო წლების ბრძოლების გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ურბანული ტერიტორიების ხელში ჩაგდების ცდები მტერს ძალიან ძვირად უჯდება.

ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ ციხესიმაგრე-ქალაქების სარტყელზე კონტროლის დაკარგვით უკრაინას ახალი გამაგრების ნაგებობების აშენება მოუწევდა ხარკოვის სამხრეთით და დნეპროპეტროვსკის ოლქის აღმოსავლეთით, თუმცა ამ ტერიტორიის სპეციფიკა თავდაცვითი მოქმედებებისთვის ნაკლებად შესაფერისია. თუ რუსეთი დონეცკის რეგიონის მთავარ ქალაქებზე კონტროლს მოიპოვებს, ის ამ სიტუაციით ისარგებლებს შემდგომი შეტევისთვის.Iშჭ-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მოითხოვს დაჟინებით რუსეთი მოლაპარაკებებში, რომ უკრაინამ ბრძოლის გარეშე დათმოს კრიტიკული ტერიტორია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში სამხედრო გზით შეძლებს მიზნის მიღწევას. ანალიტიკოსებმა დასძინეს, რომ 2025 წელს ოკუპანტებმა დღეში საშუალოდ 15 კვ.კმ დაიკავეს. 2026 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებლები შემცირდა - მტერი დღეში საშუალოდ 5.5 კვ,კმ-ით მიიწევდა წინ.

საგულისხმოა, რომ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) პროფესიონალი ანალიტიკოსების ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ასევე ძალიან აქტუალური იყო ერთი, ორი და სამი წლის წინაც, რაზეც პერიოდულად ვწერდით, რადგან პუტინისთვის ავადმყოფური იდე-ფიქსია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე დაპყრობა - მას ამის მისაღწევად ხელს უშლის ლუგანსკის ოლქში უკრაინელების ხელში არსებული ორიოდე სოფელი, ხოლო დონეცკის ოლქში საქმე ბევრად უარესადაა კრემლისთვის, რადგან კარგად გამაგრებული კრამატორსკისა და სლოვიანსკის აღება სახუმარო საქმე არ არის და რუსი ოკუპანტების ბევრ სისხლს დაღვრის.

სამიზნეში ამოღებული დონეცკის ოლქის ამ ოთხ მსხვილ დასახლებულ პუნქტზე: კონსტანტინოვკაზე, დრუჟკოვკაზე, სლოვიანსკსა და კრამატორსკზე სახმელეთო შეტევების პარალელურად რუსეთის ავიაცია მასირებულად ბომბავს ამ ქალაქებს პლანირებადი და მართვადი საავიაციო ბომბებით, მათ შორის 1 500 და 3 000 კგ კალიბრის ბომბებით, რასაც მოსდევს საცხოვრებელი კორპუსების დანგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქებში დარჩენილ მოსახლეობის ნაწილს თვეებია მოუწოდებს ევაკუირებისკენ, ბავშვების იძულებითი ევაკუაციაც კი დაიწყო, ხოლო მშობლების ნაწილი შეგნებულად არ ტოვებს ამ ქალაქებს, ზოგი ვერ ელევა მშობლიურ კერას, ზოგიც კი... ელოდება "რუს განმათავისუფლებლებს", მანამდე კი შეიძლება მტრის არტილერიისა და ავიაციის ცეცხლის კორექტირებასაც ახდენს.

წელს რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელი წერტილები ისევ კრამატორსკი-სლოვიანსკის მიმართულებაა, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალები 1 200 კმ-იანი ფრონტის სხვა ადგილებშიც ეცდებიან საბრძოლო წარმატების მიღწევას... და ეს სხვა ადგილი შეიძლება გახდეს ახალი ფრონტის გახსნა ბელარუსისა და უკრაინის სახმელეთო საზღვარზე, რომელიც 1 084 კმ-ზეა გადაჭიმული.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსეთმა ერთხელ უკვე გამოიყენა ბელარუსის ტერიტორია და საჰაერო სივრცე უკრაინაში შესაჭრელად და ახლაც დროდადრო რუსული კამიკაძე-დრონები ასევე ბელარუსის ციდან მიფრინავენ უკრაინული ქალაქების დასაბომბად. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აქამდე პუტინმა ვერ შეძლო ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს დათანხმება, რომ უკრაინასთან ომში ბელარუსის არმიაც ოფიციალურად ჩაერთო.

ახლა კი უკრაინის ხელისუფლება განგაშს ტეხს იმის თაობაზე, თითქოს ბელარუსის არმია ემზადება რუს ოკუპანტებთან მხარდამხარ უკრაინაზე შესატევად. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების გაყვანა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს. "დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზები გაჰყავთ და საარტილერიო პოზიციებს აწყობენ. მიგვაჩნია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას", - აღნიშნა ზელენსკიმ მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის მოხსენების მოსმენის შემდეგ. მისი თქმით, მან გასცა დავალება, რომ შესაბამისი არხებით "გააფრთხილონ ბელარუსის დე ფაქტო ხელმძღვანელობა", რომ უკრაინა მზადაა დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა.

"ვენესუელაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და შედეგებმა ბელარუსის ხელმძღვანელობა უნდა შეაკავოს, რომ შეცდომები არ დაუშვას", - აღნიშნავს ზელენსკი და ამით აფრთხილებს თუ აშინებს ლუკაშენკოს, რომ მან ვენესუელის მოტაცებული პრეზიდენტის, მადუროს ბედი არ გაიზიაროს.

თუმცა, სანამ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ტრამპია, საეჭვოა ზელენსკის ლუკაშენკოსთვის ეს გაფრთხილება თუ დაშინება ასრულდეს, რადგან ტრამპი ბელარუსის პრეზიდენტისადმი უფრო ლოიალურად არის განწყობილი, ვიდრე მისი უკრაინელი კოლეგისადმი, რაოდენ ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს ეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ღაზის "მშვიდობის საბჭოს" წევრად მიიწვია, ბელარუსს კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოუხსნა, გაუქმდა ბელარუსულ ავიაკომპანია "ბელავიას" წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც, სამაგიეროდ, ლუკაშენკომ თეთრი სახლის თხოვნით ასზე მეტი ის პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, ვინც წლებია ბელარუსის ციხეებში ისხდნენ. ცხადია აშშ-ისა და ბელარუსის, უფრო სწორად, პრეზიდენტ ტრამპისა და ლუკაშენკოს პირადი ურთიერთობის დათბობა მაშინ, როცა ტრამპი შეფარულად თუ აშკარა გაღიზიანებით მოიხსენიებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

მაგრამ როგორი რეაქცია ექნება აშშ-ის პრეზიდენტს, თუკი პუტინმა მაინც შეძლო ლუკაშენკოს ბელარუსის არმიის ჩათრევა უკრაინასთან ომის "ჭაობში"? ამაზე ევროპის კატეგორიულად უარყოფითი რეაქცია ადვილად პროგნოზირებადია, მაგრამ აშშ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის საპასუხო რეაქცია კი შეიძლება მართლაც სიურპრიზად იქცეს, იქიდან გამომდინარე, თუ რა სამხედრო-პოლიტიკურ მოქმედებებს მიმართავს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ისრაელის მხარდამხარ დაიწყო ირანში მთელი ეს "აურზაური", რამაც მსოფლიო ეკონომიკის გლობალური კრიზისი გამოიწვია და შეეხო ან მალე შეეხება ასეულობით მილიონი ადამიანის ჯიბეს.

უკრაინისთვის ბელარუსის საზღვარზე ახალი ფრონტის ხაზის გახსნა უდიდეს ზეწოლად გადაიქცევა, რადგან უკრაინის გენშტაბს მოუწევს საბრძოლო დანაყოფებისა და თვით შენაერთების მოხსნაც აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტის მონაკვეთებიდან და მათი სწრაფად გადასროლა ბელარუსის საზღვარზე, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის რუსეთის საოკუაციო ძალებს დონეცკის, დნეპროპეტროვკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შეტევების გასაძლიერებლად.

გასათვალისწინებელია, რომ უკრაინის დედაქალაქი პირდაპირი ხაზით მხოლოდ 80-90 კმ-ითაა დაშორებული ბელარუსის საზღვრიდან, რაც ძალზე ზრდის კიევზე რუსული ტანკების შეტევების გამეორებას, რაც პუტინის არმიამ სცადა ომის დაწყების პირველ დღეებშიც.

უკრაინის დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერებისა" და "კინჟალების" მოსაგერიებელი ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პეტრიოტების" ანტირაკეტების ძალზე მწვავე დეფიციტს განიცდის და მალე შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთოდ ანტირაკეტების გარეშე დარჩეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამერიკას "პეტრიოტის" ანტირაკეტები ახლა თავადვე ჰაერივით სჭირდება ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სამხედრო ბაზებისა და ისრაელის საჰაერო სივრცის დასაცავად, ირანის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების შეტევების მოსაგერიებლად, რაც კიდევ უფრო რთულია, ვიდრე რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური კლასის "ისკანდერების" გადაჭერა.

ისრაელის ცის დაცვას რომ უკრაინის ქალაქების უსაფრთხოებაზე ბევრად მეტად აფასებს ტრამპი, ამას არც მალავს და აპირებს "უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების ჩამონათვალის" პროგრამის (PUღL) ფარგლებში, ევროპიდან გადარიცხული მილიარდების მიუხედავად, უკრაინისთვის შეკვეთილი "პეტრიოტის" ანტირაკეტები ისრაელის ცის დასაცავად გაგზავნოს.

ასევე დაგაინტერესებთ: ჰორმუზის სრუტე სუეცის არხის ბედს გაიზიარებს?!

რა მოხდება, თუ ამერიკამ ნატო მიატოვა?!

რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ირანისა და უკრაინის ომები

კიდევ უფრო მეტი - უკრაინა შეიძლება სხვა, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკული შეიარაღების გარეშეც დარჩეს. კერძოდ, პენტაგონმა თვალი დაადგა უკრაინაში გასაგზავნ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდეგ ტიპებსაც: უკრაინული F-16-ებისთვის განკუთვნილ "ჰაერი-ჰაერის" კლასის AIM-9 შიდეწინდერ-ისა და AIM-120 AMRAAM-ის ტიპის მართვად რაკეტებს, რომლებითაც უკრაინის ცაში რუსულ ფრთოსან რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს ანადგურებენ. ეს რაკეტები ასევე გამოიყენება NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის. იგივე ბედი ელის APKWS-ის ტიპის ლაზერული დამიზნების მართვად რაკეტებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ როგორც თვითმფრინავებიდან, ისე Vამპირე-ის ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან ირანულ/რუსული "შაჰიდ/გერანების" მოგერიებისთვის.

ირანში ამ ომის დაწყებამ უკრაინას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დაუმატა: კერძოდ, ტრამპის ხელისუფლება პრიორიტეტად ისრაელის სამხედრო დახმარებას განიხილავს და საჭირო შეიარაღებას ახლო აღმოსავლეთში გზავნის, ასევე ნავთობზე ფასის გაზრდა - აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობტანკერებზე სანქციების დროებით მოხსნა რუსეთის ბიუჯეტს დამატებით ათეულობით მილიარდი დოლარის შემოსავალს მისცემს უკრაინის ოკუპაციის გასაგრძელებლად.