პუტინი ნიკოლოზ მეორესავით დაასრულებს?! - შემოიღებენ თუ არა რუსეთში იძულებით სამხედრო ბეგარას - კვირის პალიტრა

პუტინი ნიკოლოზ მეორესავით დაასრულებს?! - შემოიღებენ თუ არა რუსეთში იძულებით სამხედრო ბეგარას?

„პუტინი, როგორც ზღვარზე მყოფი ადამიანი: რაში გამოიხატება მისი მდგომარეობის აშკარა სიმპტომები“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 მაისის ნომერში სტატია, რომელშიც პოლიტიკური მიმომხილველი რობერტ სერვისი აანალიზებს რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას, მის წარსულ და ამჟამინდელ იმიჯს, რეპუტაციას და მმართველობის პერსპექტივას. ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა შედარებულია რუსეთის ბოლო იმპერატორის - ნიკოლოზ II-ის მდგომარეობასთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსების აღზრდა ისე ხდება, რომ მათ წარსულში მიღწეული სამხედრო ტრიუმფებით იამაყონ. მწერალ ლევ ტოლსტოის კალამს ეკუთვნის რომანი „ომი და მშვიდობა“, რომელშიც განდიდებულია საფრანგეთზე, ნაპოლეონ ბონაპარტის არმიაზე რუსეთის მიერ ძალღონის დიდი დაძაბვით მოპოვებული რთული გამარჯვება [1812-1815 წლების „სამამულო ომში“, რომელიც, როგორც ცნობილია, პარიზში რუსეთისა და მისი მოკავშირე ქვეყნების არმიების სამხედრო აღლუმის გამართვით დასრულდა]. ასევე, რუსებისათვის განსაკუთრებით საამაყოა მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის მიერ გერმანიის (მესამე რეიხის) დედაქალაქის - ბერლინის აღება, 1945 წელს.

ვაი იმ რუს ლიდერს, რომელსაც ომში დამარცხებულად ჩათვლიან... იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ვერანაირად ვერ მოახერხა პოლიტიკური რეაბილიტაცია იმ მარცხისაგან, რომელიც მან იაპონიასთან ომში იწვნია, 1905 წელს - ომში, რომელიც მან გამარჯვების იმედით დაიწყო და რომელშიც სასტიკად დამარცხდა. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შედეგად, ნიკოლოზი იძულებული გახდა, ტახტიდან გადამდგარიყო, როცა იგი - რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი - პირველ მსოფლიო ომში, გერმანიასთან ბრძოლის დროს განცდილ წარუმატებლობაში დაადანაშაულეს. თუმცა სინამდვილეში იმ მომენტისათვის აღმოსავლეთის ფრონტზე ანტანტის წევრმა რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიის სამხედრო მანქანის ძლიერების დასუსტებაში. რუსეთის არმიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევა განახორციელა... მაგრამ ასეა თუ ისე, ნიკოლოზ მეორე საბოლოოდ მაინც წაგებულად ჩაითვალა და მას უბრძანეს, გადამდგარიყო.

ითვლება, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რომლებიც, პრინციპში, იოლად მისაღწევი იყო. 2014 წელს მან მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო სირიის ქალაქებს ჰაერიდან ბომბავდა - 2015 წლიდან, სახმელეთო ქვედანაყოფების თანდათანობითი ჩარევით. მაგრამ უკრაინა, რომლის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვლის ბოლოს ომი დაიწყო, მისთვის კერკეტი კაკალი და მტკიცე მოწინააღმდეგე აღმოჩნდა (...). მიმდინარე წელს, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული სამხედრო აღლუმის დროს რუსეთმა პირველად ვერ გაბედა წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანა, უკრაინული დრონების თავდასხმის შიშით. რუსეთის ქალაქები - საოლქო ცენტრები, რომლებიც ქვეყნის შუაგულში და ფრონტიდან შორს მდებარეობენ, რეგულარულად ხდებიან უკრაინული დრონების დაბომბვის სამიზნედ.

ვლადიმერ პუტინი გეგმავდა, რომ უკრაინასთან დაწყებულ ომს რამდენიმე დღეში დაამთავრებდა. იმ ხანებში ბევრმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ თან სადღესასწაულო სამხედრო ფორმაც წაიღო, კიევის მთავარ ქუჩაზე [კრეშჩატიკზე] დაგეგმილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მიზნით. მაგრამ პრეზიდენტს იმედგაცრუება ელოდა: საომარი მოქმედებები უკვე მეხუთე წელია, გრძელდება და დღეს არც ერთი საღად მოაზროვნე რუსი არ ფიქრობს, რომ რუსეთისათვის საქმე კარგად მიდის.

ამჟამად რუსეთის ეკონომიკა, რომელშიც პრიორიტეტი სამხედრო შეკვეთების შესრულებას ეთმობა, ნელ-ნელა სუსტდება, შესაბამისად, ცხოვრება ძვირდება. ვლადიმერ პუტინისათვის მოსახლეობის სოციალური დაცვა სულ უფრო რთულდება. არმიის ცოცხალი ძალით უზრუნველყოფაშიც პრობლემები გაჩნდა: ყოველთვიურად ფრონტზე, სულ მცირე, 30 ათასი ჯარისკაცი იღუპება. 2025 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა ჯარში გაწვევა შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში განახორციელოს და არა ისე, როგორც ადრე იყო - სეზონურად. როცა 2022 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტი ნაწილობრივი მობილიზაციის განხორციელებას შეეცადა, რუსეთის საზოგადოებამ უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატა.

ვლადიმერ პუტინი აგრძელებს განცხადებებს, რომ „რუსეთი უძლეველია და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებაო“. კაცმა რომ თქვას, პრეზიდენტს ხელში რამდენიმე კოზირი მართლაც აქვს: ერთ-ერთი კოზირია დონალდ ტრამპის ფაქტორი, რომელიც კოლეგას წყალობის თვალით უყურებს და მის მიმართ მეტ-ნაკლებად კეთილი დამოკიდებულება აქვს. ის, რომ დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომი რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად წამოიწყო, ვლადიმერ პუტინისათვის ნამდვილი საჩუქარი იყო. ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, ნავთობისა და გაზის გაძვირებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების დეფიციტის გამო, ამერიკელებმა რუსეთს სანქციები მოუხსნეს და ნავთობის გაყიდვის ნება მისცეს [დროებით, მაგრამ მაინც]. ინდოეთი რუსეთისაგან დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობს. ვლადიმერ პუტინის შემოსავლები ყოველდღიურად, სულ მცირე, 100 მილიონ დოლარს აღწევს, რომელსაც კრემლი სამხედრო ხარჯების დასაფარად და ჩინეთისგან აუცილებელი პროდუქციის შესაძენად იყენებს... გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინმა თავის ჩინელ კოლეგასთან - სი ძინპინთან წარმატებული შეხვედრა-მოლაპარაკება გამართა.

კრემლში კი მაინც დაძაბული ატმოსფერო სუფევს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მან მკაცრი კონტროლი შემოიღო ტელევიზიისა და ზოგადად მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე. ხელისუფლებამ მასმედია მონოპოლიზებული გახადა. იგივე ხდება სოციალური ქსელების მიმართაც: მიმდინარე წელს რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდა Telegram-არხი, რომლის საქმიანობა მნიშვნელოვანი კონფიდენციალურობით გამოირჩეოდა და მის ნაცვლად მხარი დაუჭირა Max-არხს, რომელიც არანაირ პრობლემებს და დაბრკოლებებს არ უქმნის რუსეთის სპეცსამსახურებს, შიდა საქმეებში ჩარევისათვის.

ცხადია, მასმედიისა და სოცქსელების შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვლადიმერ პუტინისათვის მხარდამჭერები არ გაუმრავლებია, განსაკუთრებით - რუსეთის ახალგაზრდობაში. არმიაში ახალგაზრდების მასობრივი გაწვევით პრეზიდენტის პოპულარობა ეცემა. ახალგაზრდები თავს არიდებენ ჯარში სამსახურს და საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობენ. 2026 წლის გაზაფხულამდე არმიის ცოცხალი ძალით დაკომპლექტება, ძირითადად, ნებაყოფლობითი საკონტრაქტო სისტემით ხდებოდა, რომელიც ამჟამად თითქმის აღარ მუშაობს.

ახალგაზრდების არმიაში მიზიდვას აქვს როგორც ფინანსური, ასევე, პატრიოტული ხასიათიც. რუსეთის კვალობაზე, ჯარისკაცებს, კონტრაქტების მიხედვით, საკმაოდ კარგ ანაზღაურებას უხდიან. ბოლო დრომდე მათი „დაქირავება“, ძირითადად, რუსეთის ღარიბ სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში ხდებოდა, სადაც ოჯახები კონტრაქტით მიღებული თანხით სოციალურ პირობებს იუმჯობესებდნენ. სამხედრო იძულებით ბეგარაზე გადასვლა, ალბათ, ამიერიდან საზოგადოების ყველა ფენას შეეხება, ახალგაზრდებს კი ომში დაღუპვა არ სურთ. ზოგადად, რუსული გენერალიტეტი უპირატესობას ჯარში სავალდებულო გაწვევის სისტემას უფრო ანიჭებს, რის საფუძველზეც „საზარბაზნე ხორცის“ (ახლებურად - „სადრონე ხორცის“) მიღება უფრო იოლია.

გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ვლადიმერ პუტინი რუსეთის ჰორიზონტზე წამოშლილი ჭექა-ქუხილის შავი ღრუბლების გაფანტვას?! მან სასკოლო განათლებისა და მასმედიის მილიტარიზება მოახდინა, ბევრად უფრო სისტემატურად, ვიდრე ამას კრემლის ნებისმიერი ბინადარი განახორციელებდა, იოსებ სტალინის მმართველობის შემდეგ. კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინიც იოსებ სტალინივით ულმობელია და მკაცრად სჯის სხვაგვარად მოაზროვნეებს. პოლიტიკოსები, რომლებიც მას აღიზიანებენ, დამცირებას და შეურაცხყოფას განიცდიან - მაგალითად, მიხეილ კასიანოვი, რომელსაც საყვარელთან მიუსწრეს და საძინებელ ოთახში ვიდეო გადაუღეს. რამდენიმე წლის წინ ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი კრემლთან ახლოს მოკლეს. სავარაუდოდ, ალექსი ნავალნის მოწამვლა ჯერ „ნოვიჩოკით“ სცადეს, მაგრამ იგი გადარჩა, თუმცა შემდეგ იგი დააპატიმრეს და გაურკვეველი მიზეზებით ციმბირში მდებარე შრომით გამომასწორებელ კოლონიაში გარდაიცვალა.

ვლადიმერ პუტინი ცდილობს, თავი მეგობრულ და გულწრფელ ადამიანად წარმოადგინოს. იგი ჟურნალისტებთან თბილ დამოკიდებულებას იჩენს, მაგალითად, BBC-ის კორესპონდენტს ძმაკაცურად მიმართავს - „სტივ, დავიწყოთ?“. იგი რაციონალურ ადამიანად და რუსეთის მიმართ ეროვნული ვალის შემსრულებლად წარმოჩინდება. მისივე აღიარებით, იგი ანტიუკრაინულად კი არაა განწყობილი, არამედ - ანტინაცისტურად. იგი აგრძელებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ სიძულვილის გამოხატვას, გმობს მის მოქმედებას და აქცენტს აკეთებს მის ებრაულ წარმოშობასა და ნეონაცისტობაზე.

მაგრამ ბოლო დროს ვლადიმერ პუტინის იმიჯი გაიბზარა. იგი უკვე 72 წლისაა, მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტი უფროსი ასაკის მქონე პიროვნებად გამოიყურება. უკრაინასთან ომი მისი არჩევანია. მმართველმა, რომელმაც რუსეთს სტაბილურობა, სიამაყე და გარკვეული კმაყოფილება მოუტანა შავ-ბნელი 1990-იანი წლების შემდეგ, ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. რუსეთში ცვლილებები აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჯერ არავის ძალუძს იმის თქმა, თუ როდის დადგება ტრანსფორმაციის პერიოდი.

ვლადიმერ პუტინი ცდილობს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, რომ იგი სწორად მოიქცა, როცა უკრაინაში არმიის შეჭრის ბრძანება გასცა - იმის ნაცვლად, რომ მეზობელთან მეგობრობა და მოგებიანი ვაჭრობა გაეგრძელებინა. რუსეთის პრეზიდენტი მუდმივად აკრიტიკებს დასავლეთს, იმის ნაცვლად, რომ მას შეეძლო ევროკავშირთან და აშშ-ისთან ურთიერთობა რუსეთის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა კრემლისთვის მისაღები პირობებით რომც დამყარდეს, ის ზიანი, რომელიც რუსეთის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას მიადგა, ქვეყნის ავტორიტეტზე უარყოფით გავლენას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოახდენს. შეიძლება მტკიცედ ითქვას, რომ უკრაინასთან ომი რუსეთის მიერ დაშვებულ გიგანტურ გეოპოლიტიკურ შეცდომას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ: დაჯგუფება "იარაღით ძმები" ანუ ვინ მართავს სინამდვილეში დღეს ირანს?!

"ირიბი იძულება": რა მეთოდი გამოიყენა ირანმა, რომ აშშ-ისრაელის შეტევებისთვის გაეძლო?! - The New York Times

უტინის დასასრულის დასაწყისი?! - რა ხდება სინამდვილეში რუსეთში და დგას თუ არა ამ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის პირას?

სკანდალური სტატია: "ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაშენებით?" - Le Figaro

განზრახული აქვს თუ არა ვინმეს, რომ ვლადიმერ პუტინს პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდოს? არავითარი ნიშნები არ არის იმისა, რომ მმართველი ელიტა მის წინააღმდეგ გამოვა. ქუჩის პროტესტები დაუნდობლად იქნა ჩახშობილი წინა წლებში და ახლა დიდი საპროტესტო აქციების მოწყობას ვერავინ ვეღარ ბედავს. მაგრამ გავიხსენოთ: სანამ ნიკოლოზ მეორეს მშვიდად ეძინა რუსეთ-გერმანიის ომის ფრონტზე, თავისი მატარებლის ვაგონში, მას ეგონა, რომ არაფერი ემუქრებოდა... 1917 წლის თებერვალში კი იმპერატორმა შეიტყო მისთვის მოულოდნელი ამბავი: სატახტო ქალაქ სანქტ-პეტერბურგში პოლიტიკოსებმა და ხალხმა, თურმე, ქვეყნის მმართველს ზურგი შეაქციეს. მეფეს სხვა არაფერი აღარ დარჩენოდა, რომ ტახტი და გვირგვინი დაეთმო: რომანოვების დინასტიის მმართველობა კრახით დასრულდა.

საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინი კრემლიდან არეულობისა და რყევების გარეშე წავიდეს. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ მისი მემკვიდრე მასზე ცოტათი უკეთესი მაინც აღმოჩნდება... მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, არის მაინც შანსი, რომ ვლადიმერ პუტინის შემდეგ შესაძლებელი იქნება რუსეთის ახალი ლიდერი შედარებით რბილ პოლიტიკას დაუბრუნდეს - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო არენაზე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო