პუტინის დასასრულის დასაწყისი?! - რა ხდება სინამდვილეში რუსეთში და დგას თუ არა ამ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის პირას - კვირის პალიტრა

პუტინის დასასრულის დასაწყისი?! - რა ხდება სინამდვილეში რუსეთში და დგას თუ არა ამ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის პირას?

ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „ვლადიმერ პუტინის შენობაში ბზარები გაჩნდა“, რომელშიც, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის ფონზე, რუსეთის რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა განხილული: წარმოების ზრდა ნელდება, პრობლემები მრავლდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანობას კარგავს. კრემლს რეზერვები აქვს. ამასთან, პუბლიკაციაში გამოხატულია ოპტიმიზმი, რომ უკრაინა, ევროპელი მოკავშირეების დახმარებით, სიტუაციას გაიუმჯობესებს და ომში გარდატეხას მიაღწევს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, თავმჯდომარე სი ძინპინთან შესახვედრად, რომელთანაც რუს ლიდერს, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა აკავშირებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ჩინეთის თუნდაც უმცროს პარტნიორად დარჩება, ეს ვიზიტი რუსეთის ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია. ვიზიტი დემონსტრირებს ვლადიმერ პუტინის გავლენას და მნიშვნელობას: იგი დგას ძლიერი ადამიანის გვერდით, რომელიც, თავის მხრივ, მას ანგარიშს უწევს. ბუნებრივია, ვლადიმერ პუტინი პეკინში ყოფნით და სი ძინპინთან შეხვედრებით შეეცდება, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს იმ ბზარებიდან, რომლებიც უკრაინასთან ომის გამო მისი ხელისუფლების შენობაშია გაჩენილი.

აშშ-ისრაელის ირანზე თავდასხმამ რუსეთს ამოსუნთქვის ერთგვარი დროებითი შესაძლებლობა მისცა: გარდა იმისა, რომ მოსკოვისათვის ნავთობით მიღებული შემოსავლები გაიზარდა, აშშ-მა უკრაინას იარაღის მიწოდებაც შეუმცირა. მაგრამ ბოლო კვირებში რუსეთს სისუსტის ნიშნები გამოუვლინდა: რეპორტაჟებში რუსი ლიდერი წარმოჩენილია იზოლირებულ ადამიანად, რომელზეც უკრაინის ომი სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენს. რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის ზომები, მასზე თავდასხმის დიდი შიშით, ძალიან გამკაცრებულია. იმასაც ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტ დროს ატარებს მიწისქვეშა ბუნკერებში, ასევე, შემცირებულია მისი შეხვედრები და გამოსვლების რაოდენობა.

ბოლო დროს კრემლის ბინადარი რამდენჯერმე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, რაც შეიძლება იმის მცდელობა იყოს, რომ სიტუაცია ნორმალურია და მას არაფრის შიში არ აქვს. და მაინც, მოსკოვის შეშფოთება უკრაინული დრონების კრემლზე სავარაუდო შეტევის მიმართ ცხადი გახდა გამარჯვების დღესასწაულის დღეებში, როცა მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სამხედრო აღლუმზე ტექნიკა არ გამოეყვანათ. თვითონ მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაც უპრეცედენტოდ იქნა გაძლიერებული.

კრემლის შიში კიევის მზარდი უნარის მიმართ, რომ მოწინააღმდეგეს შეუძლია მეტი დამანგრეველი დარტყმები მიაყენოს რუსეთის ზურგში მდებარე ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს, სრულიად საფუძვლიანია. უკრაინა ბომბავს და ანადგურებს ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით არსებულ ფაბრიკა-ქარხნებს, რაც ადრე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო და რუსული გენერალიტეტისათვის ერთობ მტკივნეული მომენტია. თავის მხრივ, გენშტაბი პრეზიდენტს არწმუნებს, რომ რუსეთის არმიას დონბასის დაკავება მიმდინარე წლის შემოდგომამდე შეუძლია - მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარი უდიდეს დანაკარგს განიცდის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსები ყოველთვიურად, მოკლულების სახით, 15-20 ათას ჯარისკაცს კარგავენ.

ბევრი რუსი ახალგაზრდა თავს არიდებს ჯარში გაწვევას და საზღვარგარეთ გარბის. ღრმავდება და მრავლდება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. გასულ კვირას რუსეთმა შეამცირა 2026 წლის ზრდის ეკონომიკური პროგნოზი - 1,3%-დან 0,4%-მდე. ვიცეპრემიერმა სამთავრობო სტრუქტურებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა და მკაცრი ეკონომიისაკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მწვავდება სამუშაო ძალის დეფიციტი.

დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფლაცია რუსეთში ბევრად მაღალია, ვიდრე ამას ხელისუფლება აცხადებს: მთავრობის მონაცემებით, 5,6%, რეალურად კი - 14,5%. საბანკო სექტორში იზრდება პრობლემური კრედიტების რაოდენობა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ომის მსვლელობა ანაზდად უკრაინის სასარგებლოდ შეტრიალდა. ჯერჯერობით არავითარი ნიშნები არ არის იმისა, რომ რუსეთი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისში იმყოფება. მოსკოვს ჯერ კიდევ დიდი უპირატესობა აქვს, უკრაინის ტერიტორიაზე შორი დარტყმების მისაყენებლად, რასაც ამასწინანდელი მასირებული საჰაერო შეტევაც მოწმობს, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენებით და ადამიანთა მსხვერპლით. უკრაინას სერიოზული სამხედრო პრობლემები აქვს, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვენ. ვლადიმერ პუტინი მეტწილად იზოლირებულია დასავლეთისაგან (განსაკუთრებით ევროპისაგან), რაც მასში სიძულვილს იწვევს და ამიტომ იგი ცდილობს, რომ დასავლეთის დასანახად რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს უკრაინას და მეტი ტერიტორია დაიპყროს, ნებისმიერ ფასად.

მაგრამ ბოლო სიმპტომები აჩვენებს, რომ უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების სტრატეგია, ომის შეწყვეტის მიზნით ისეთნაირად, რომ რუსეთმა მეტად იგრძნოს დანაკარგების ფასი და იძულებული გახდეს კომპრომისზე წავიდეს, გარკვეულ ნაყოფს იძლევა (აშშ-ის დახმარების შემცირების მიუხედავად).

ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: "ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაშენებით?" - Le Figaro

რატომ სჯერა ფანატიკურად პუტინს, რომ უკრაინის თავდაცვა მალე გაირღვევა და რას გეგმავს ზელენსკი?!

სასოწარკვეთილი პუტინი ანუ რა აჩვენა 9 მაისის აღლუმმა?!

დედამიწა განადგურებას 8 წლის წინ გადაურჩა?! - "თუ კიმ ჩენ ინს უნდა ჰქონდეს "ბოლო ჟამის იარაღი", რატომ არ უნდა ჰქონდეს ირანს?"(The Hill)

ვლადიმერ პუტინის რწმენა, რომ მას შეუძლია დასავლეთის სანქციებს გაუძლოს და რთული სიტუაცია გადაიტანოს, მკაცრი გამოცდის წინაშე დგას. უკრაინამ, როგორც იქნა, ევროკავშირისაგან დიდი ხნის ნანატრი 90-მილიარდიანი კრედიტი მიიღო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხების შემდეგ. ფინანსებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ, რაც კიევს ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვების შანსებს უზრდის.

უკრაინის ევროპელი პარტნიორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამგვარი სტრატეგიის რეალიზება - თუნდაც მას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდეს - უკრაინას მეტ ძალას მიანიჭებს, გაიზრდება ძალისხმევა იარაღით, სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველსაყოფად, რასაც ფრონტზე სიტუაციის გაუმჯობესება მოჰყვება, კიევის სასარგებლოდ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო