როგორ აღიდგინა ირანმა სამხედრო პოტენციალი, რამაც ისრაელელი სამხედროები შოკში ჩააგდო - The Jerusalem Post
„ისრაელის ოფიციალური პირები შოკირებულნი არიან ირანის სამხედრო პოტენციალის სწრაფი აღდგენით 2026 წლის ომის განმავლობაში“ - ასეთი სათაური აქვს ისრაელის გაზეთ „იერუსალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორის, მთავარი სამხედრო კორეპონდენტისა და ანალიტიკოსის იონა ჯერემი ბობის მიერ განხილულ-გაანალიზებულია აშშ-ისრაელის მიერ ირანისადმი მიყენებული დარტყმების შედეგები. „აშშ-სა და ისრაელის ოფიციალური განცხადებებით, ისლამური რეჟიმის სარაკეტო პოტენციალი განადგურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაა: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ასეთია მასალის დედააზრი.
გთავაზობთ პუბლიკაციას უმნიშვნელო შემოკლებით:
„ცახალი“ (ისრაელის თავდაცვის ძალები) და „მოსადი“ (ისრაელის საგარეო დაზვერვა) არ ელოდნენ, რომ ირანი მიყენებული ავია და სარაკეტო დარტყმებისაგან რეკორდულად მოკლე დროში „გამოკეთდებოდა“. თეირანისაგან საპასუხო სარაკეტო დარტყმის საფრთხე უჩვეულო სისწრაფით მატულობს.
როგორც The Jerusalem Post-ის რედაქციამ გაიგო, ისრაელელი ჩინოვნიკები გაოცებულები არიან ირანის სამხედრო პოტენციალის სწრაფი აღდგენის ტემპებით 2026 წლის თებერვალში დაწყებული საჰაერო ომის შემდეგ. გაკვირვებულნი არიან როგორც დაზვერვის თანამშრომლები, ასევე სამხედრო პირებიც - მით უმეტეს, რომ თავის დროზე სწორედ „ცახალი“ ირჩევდა სამიზნეებს და აფასებდა ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სფეროსადმი მიყენებულ ზარალს.
ბევრი უცხოური გამოცემა ჯერ კიდევ მარტის თვეში მიუთითებდა, რომ ისრაელის შეფასებები ირანის ზიანის თაობაზე - მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ისე დაზარალდა, რომ აღდგენას მრავალი წელი დაჭირდებაო - სინამდვილისაგან საკმაოდ შორს იდგა. მართლაცდა, თუ გავიხსენებთ, „ცახალის“ ოპერაციების შემფასებელი „დამოუკიდებელი“ ექსპერტები თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თუნდაც რაღაცაში ცდომილება იყოს დაშვებული, განადგურების საერთო სურათი ეჭვებს არ იწვევსო.
ჯერ კიდევ აპრილში, როგორც „ჯერუზალემ პოსტმა“ გაარკვია, „ცახალმა“ ყურადღება მიაქცია საოცრად სწრაფი აღდგენის პროცესს, რომელსაც არავინ არ ელოდა. საუბარია არამხოლოდ ერთ რომელიმე დარგზე - სწრაფი ნახტომი შესამჩნევია ბევრ სფეროში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში.
როგორ ხდებოდა ირანის სამხედრო ძალის აღდგენა
ამ ისტორიაში კიდევ ერთი საკვირველი მომენტი ისაა, რომ „ცახალი“ ადრეც სახტად რჩებოდა ირანელების სწრაფი აღდგენის უნარით - ეს ადრე ორჯერ მოხდა - მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში და 2025 წლის იანვარში. პირველ შემთხვევაში ქვეყნის 20 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაბომბვის შემდეგ, როცა „ცახალმა“ განაცხადა - ირანის სარაკეტო წარმოებას ისეთი ზიანი მივაყენეთ, რომ წლები დაჭირდება მის აღდგენასო.
მაგრამ უკვე 2025 წლის დასაწყისში „ცახალი“ დარწმუნდა, რომ ირანმა სრულიად აღადგინა მაღალსიჩქარიანი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ტემპი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისრაელელმა სამხედროებმა გადაწყვიტეს თეირანისთვის დაესწროთ და დარტყმა 2025 წლის შემოდგომიდან ივნისში გადმოიტანეს. 2025 წლის ივნისში ასზე მეტ სამიზნეზე შეტევის შემდეგ, „ცახალმა“ განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო ქარხნები ახლა კი ნამდვილად ისეა დანგრეული, რომ მორჩა, მათი რეაბილიტაცია რამდენიმე წელი ვეღარ მოხდებაო. დიახ, ამ განცხადებაში ეჭვის შეტანა ძნელი იყო: განადგურებული სამიზნეების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო დაბომბვების სიხშირეს თვლა არ აქვს.
და ირანმა ისევ, ყველანაირი ნეგატიური პროგნოზის საწინააღმდეგოდ, იპოვა რაკეტების წარმოების განახლების შესაძლებლობა, რითაც „ცახალი“ შოკში ჩავარდა. 2025 წლის ივნისში არსებული რაკეტების მარაგი სულ რაღაც 7 თვეში - 2026 წლის თებერვლისათვის - 2500-მდე გაიზარდა.
არადა, აშშ-მა და ისრაელმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ 2026 წლის 40-დღიან ომში დასახული ამოცანები მთლიანად შევასრულეთო: დარტყმა განხორციელდა 2600 სარაკეტო და სამხედრო-სამრეწველო ობიექტზე 30 ათასჯერ! ეს ციფრები 25-ჯერ აღემატება 2025 წლის მაჩვენებლებს და ასჯერ მეტად - 2024 წლის მაჩვენებლებს. სწორედ მაშინ, „ცახალის“ კომპეტენტური ოფიცრების განცხადებით, რომელიც მათ „ჯერუზალემ პოსტთან“ საუბრისას გააკეთეს, ირანის სამხედრო მრეწველობის ყველა ელემენტი - დიდებიც და პატარებიც - უკვე განადგურებულია.
და თუ ასეა, როგორ აღადგინა ირანმა რაკეტების არსენალი 2500 ერთეულამდე? 300 მილიარდი დოლარის ზარალი მივაყენეთო ირანს და თუ მართლაც მიაყენეს, საიდან ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლები?
მოკლედ, გამოდის, რომ „ცახალმა“ ასეთნაირად იმოქმედა: საქმე იმაში კი არაა, თუ როგორ და რა გზებით ახდენს ირანი თავისი პოტენციალის აღდგენას, არამედ იმაში, რომ სამიზნეების რაოდენობა კიდევ უნდა გაიზარდოს და ირანი კიდევ უფრო აქტიურად უნდა დაიბომბოს.
დრომ აჩვენა, რომ ასეთი მოქმედება მცდარი გამოდგა: ისრაელელი ჩინოვნიკები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ აუცილებელი ყოფილა იმ გზების პოვნა და მათი ლიკვიდირება, რომელთა მეშვეობით ირანი რაკეტების წარმოებას აგრძელებს.
აშკარაა, რომ იმ სიტუაციაში, როცა ირანის ეკონომიკა და ქარხნების აბსოლუტური რაოდენობა მართლაც დანგრეულ-დაზიანებულია, თეირანმა რაღაც არასტანდარტული საიდუმლო გზები მონახა.
რამდენიმე კვირის წინ ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ იტყობინებოდა, რომ ირანმა გასაოცარი სისწრაფით გაასუფთავა ბულდოზერებით მიწისქვეშა სამხედრო ქარხნების შესასვლელები და თავისი აქტიურობით ისრაელის გათვლებს გაუსწრო (თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ეხება იარაღის არა დაზიანებულ ქარხნებს, არამედ მხოლოდ იზოლირებულებს, ანუ მთებში, მიწის ქვეშ დამალულებს).
ახლა კი თვითონ „ჯერუზალემ პოსტი“ საკუთარი წყაროების საფუძველზე ადასტურებს ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ნათქვამს: ახალი რაკეტები უფრო სწრაფად მზადდება, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.
დღემდე არ ჩაწყნარებულა დავა იმის შესახებ, თუ რამდენი შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა დარჩა ირანს - 500-მდე თუ 1000-მდე ერთეული? ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ თეირანს ძველი მარაგები ჰქონდა შემორჩენილი, მაგრამ რაკეტების ნამსხვრევების ექსპერტიზა მოწმობს, რომ ისინი ახლები არიან.
თუ ირანი შეძლებს და თვეში 100-დან 300-მდე რაკეტას ააწყობს, მაშინ 2027 წლის შუახანებამდე მისი სარაკეტო არსენალი 2025 წლის ივნისის დონეს მიაღწევს, ხოლო 2028 წლისათვის თეირანის პოტენციალი გადაულახავ საფრთხედ გადაიქცევა. თუნდაც ბევრად დაბალი ტემპების პირობებში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2-3 წლის განმავლობაში ირანიდან მომდინარე საფრთხე-მუქარებმა ისევ შეიძლება ეგზისტენციალური მასშტაბი შეიძინოს.
ასეთი პერსპექტივა, ალბათ, მთლიანობაში ისრაელის სტრატეგიაზეც გავლენას მოახდენს - ახალი შეტევების განხორციელების აუცილებლობის საკითხში, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორი სიტუაცია იქნება ჰორმუზის სრუტესთან და ბირთვულ თემატიკასთან დაკავშირებით.
ალტერნატივის სახით ისრაელს შეუძლია შეგნებულად დახუჭოს თვალი ირანის რაკეტულ პროგრამაზე იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი ამ საკითხისადმი მაინცდამაინც დიდი დაინტერესებას არ იჩენს და, შესაბამისად, ყურადღების კონცენტრირება ბირთვულ საფრთხეზე გადაიტანოს.
ასევე დაგაინტერესებთ: „საიდუმლო მარშრუტი“, რომლის მეშვეობით რუსეთი და ირანი ერთმანეთს ეხმარებიან“ - The Daily Telegraph
კრეისერ "ედინბურგის" საიდუმლო: როგორ იპოვეს 40 წლის შემდეგ 5 ტონა "სტალინის ოქრო"
„ცახალის“ ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებით, „საომარი მოქმედებების გასევეანმავლობაში, არმიამ ირანის სამხედრო პოტენციალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რითაც შეზღუდა მისი შესაძლებლობა ადრინდელი წარმოების ტემპების აღდგენაში. „ცახალი“ მუდმივად ადევნებს თვალს და უწყვეტად ახორციელებს მონიტორინგს ირანის მცდელობებზე შეიარაღების წარმოებაში. ჩვენი შეფასებები და სიტუაციური მოდელები მუდმივად ახლდება და ხდება მათი შედარება რეალურ პროცესებთან“.
სამხედროებმა ასეთი რეზიუმე გააკეთეს: „ამ თემების სპეციფიკა ჩვენ ნებას არ გვაძლევს ირანის [სარაკეტო პოტენციალის] აღდგენის ტემპების მიმართ კონკრეტული შეფასებები გამოვაქვეყნოთ. მსგავსი მონაცემების განსაჯაროებით შეიძლება „ცახალის“ მოქმედების მეთოდები და წყაროები გამჟღავნდეს. არმია აგრძელებს სიტუაციის ანალიზს და ვითარების პულსს აკონტროლებს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ