აპოკალიფსური პროგნოზი პუტინისთვის ანუ დაიშლება თუ არა რუსეთი?! - "რუსეთის პრეზიდენტი ბრეჟნევის შეცდომას იმეორებს" - კვირის პალიტრა

აპოკალიფსური პროგნოზი პუტინისთვის ანუ დაიშლება თუ არა რუსეთი?! - "რუსეთის პრეზიდენტი ბრეჟნევის შეცდომას იმეორებს"

„პუტინი ბრეჟნევის ძირითად შეცდომას იმეორებს: კრემლი სამხედრო ხარჯებს მკვეთრად ზრდის, თუმცა სწორედ ასეთმა ხარჯებმა მიიყვანა დაშლამდე საბჭოთა კავშირი“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი კონ კოფლინი, აანალიზებს რა რუსეთის ლიდერის გადაწყვეტილებებს და ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას, ასკვნის: პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თავისი საბჭოთა წინამორბედების მსგავსად, რუსული სახელმწიფო დაშლამდე მიჰყავს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კრემლის გეგმები თავდაცვის ხარჯების მატებაზე, რომლებიც ასევე გაზრდილი გადასახადებით დაფინანსდება, ადასტურებს დასავლელი ლიდერების შეშფოთებულ დამოკიდებულებას ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზნების მიმართ - მოახდინოს უფრო ფართო კონფლიქტის პროვოცირება ნატოს ალიანსთან.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს ნატოს გენმდივანი მარკ რუტე საგანგაშო განცხადებით გამოვიდა - რუსეთმა შეიძლება უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუტიოსო, გაჩნდა მრავალრიცხოვანი გაფრთხილებები და პროგნოზები, რომელთა თანახმად, რუსული აგრესია, ამა თუ იმ ფორმით, შესაძლოა, უფრო ადრეც მოხდეს.

გასულ კვირაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ „მოსკოვი მიმდინარე წლის ბოლომდე რაღაც გრანდიოზულს ამზადებს“. იმავდროულად, ევროპული ქვეყნების დაზვერვის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ რუსეთმა „რამდენიმე თვის განმავლობაში ნატოს თავდაცვას შეიძლება ერთგვარი გამოცდა-ტესტირება ჩაუტაროს“.

ნატოს მიმართ ვლადიმერ პუტინის განზრახვები იმდენად შემაშფოთებელია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა კრემლის გასაფრთხილებლად, იმ რისკების გამო, რომლებიც რუსეთის წინაშე დადგება, თუ მოსკოვი მართლაც მოაწყობს პროვოკაციას ნატოს წინააღმდეგ.

ცნობები, რომ რუსეთი 2027 წლისათვის სამხედრო ხარჯების 27%-იან ზრდას გეგმავს, ადასტურებს თვალსაზრისს იმაზე, რომ უკრაინის ომში წარუმატებლობის მიუხედავად, რუს ლიდერსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უფრო ფართო ევროპული ომის პროვოცირების სურვილი.

მაგრამ პუტინის აგრესია თვითონ რუსეთსაც სულ უფრო ძვირი უჯდება. სამხედრო ხარჯების ზრდა 154 მილიარდი გირვანქა სტერლინგით (ანუ 203 მილიარდი დოლარით) მომავალ წელს - ეს არის ორჯერ მეტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტზე და მოიცავს რუსეთის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 7%-ს. რასაკვირველია, ასეთი მატება ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისათვის პრობლემებს გაამრავლებს - ისინი ხომ ომის ფასს პირადად იხდიან.

ხარჯების ზრდა იმასაც ნიშნავს, რომ კრემლის ბიუჯეტის 35% კონფლიქტს ხმარდება, რომელიც, როგორც ვლადიმერ პუტინს ეგონა, სულ რაღაც რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდა - ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია 4 წელზე მეტია, გრძელდება და ბოლო არ უჩანს.

შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო კამპანია, თავისი საზარელი შედეგებით, ჩიხში შევიდა: 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის შედეგად რუსეთის ჯარებმა, დაღუპულებისა და დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით, 1,5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა (მათგან დაღუპულია 500 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე). ომმა ძალზე ნეგატიურად იმოქმედა ეკონომიკაზეც: ოჯახების შემოსავლებმა მოიკლო, სახელმწიფო ხარჯები კი ჯანდაცვაზე და განათლებაზე მკვეთრად შემცირდა - სამჯერ და უფრო მეტად.

რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითი პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა: დასავლური სანქციები თავის ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ციმბირული ნავთობისა და გაზის ექსპორტი განუხრელად მცირდება - 2027 წლისათვის ევროპა, პირველად 1970-იანი წლების დასაწყისიდან, რუსული ენერგორესურსების გასაღების ბაზარი აღარ იქნება. თვითონ ნავთობით უმდიდრეს რუსეთში, უკრაინული დრონების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო, საწვავის მწვავე ნაკლებობა იგრძნობა და ქვეყანა ბენზინზე და დიზელზე მოთხოვნილებას იმპორტით იკმაყოფილებს.

შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება - კიდევ უფრო მეტი რესურსი დახარჯოს ომის გასაგრძელებლად - კრემლის ისეთ ავანტიურად უნდა ჩავთვალოთ, რომელიც დესპოტურ რეჟიმს საბოლოოდ კრახამდე მიიყვანს.

რუსეთის რეჟიმის გეგმები სამხედრო-საბიუჯეტო ასიგნებების ისეთი გადიდებაზე, რომელიც 1991 წლიდან ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან აღარ მომხდარა, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოიწვევს დიდ პრობლემებს. ეს არის პოტენციური ხაფანგი, რომელშიც ვლადიმერ პუტინი აუცილებლად გაებმება, თუ მისი ანტიუკრაინული ავანტიურა არ გაამართლებს.

საბჭოთა კავშირმა თავისი სამხედრო ხარჯების მკვეთრი გადიდება 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს და შემდგომ პერიოდში პერმანენტულად მატულობდა, განსაკუთრებით მოსკოვის ავღანური ავანტიურის დროს - 1979-1989 წლებში. სხვათა შორის, ავღანეთში ჯარების შეყვანით გამოწვეული ხარჯები იყო ერთ-ერთი ის ძირითადი მიზეზი, რომელმაც საბჭოთა კავშირის საბოლოო დაშლა გამოიწვია: გარდა სერიოზული ეკონომიკური დისპროპორციისა, რომელიც ფართო მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტში გამოიხატა, ავღანეთის ავანტიურამ ასევე აჩვენა საბჭოური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დიდი არაფექტიანობა. უკრაინის ომიც კრემლს ისევე ძვირად უჯდება, როგორც საბჭოეთს - ავღანეთის ომი.

სწორედ ამ მომენტის ხაზგასმა სურდა ჯონ რეტკლიფს რუსეთის ოფიციალური პირებისათვის მოსკოვში „მოულოდნელი ვიზიტის“ დროს. გარდა იმისა, რომ მან პირდაპირ განუცხადა რუს კოლეგებს, რომ „რუსეთი ომს აგებს, იგი შეეცადა გაეხსენებინა მათთვის, რომ რუსეთის ეკონომიკის დღევანდელი მძიმე მდგომარეობა ძალიან ჰგავს სსრ კავშირში 1980-იანი წლების ბოლოს შექმნილ სიტუაციას, რაც საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯონ რეტკლიფი მივიდა დასკვნამდე - „რუსეთის ეკონომიკა ისევე ჩამოიშლება და დაირღვევა, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირში, ცივი ომის დასასრულს“. ამ პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს დასავლური სანქციები.

ასევე დაგაინტერესებთ: საგანგაშო პროგნოზი: ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის წინააღმდეგ აჯანყებისთვის ემზადება?! - The Guardian

"თეთრი სახლის თავზე წითელი დროშა ფრიალებს" ანუ რა ხდებოდა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკებების კულუარებში?! - The Guardian

პრეზიდენტი და "იმპერატორი": გრანდიოზული ვიზიტის დეტალები - რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი?!

"ნუთუ მსოფლიოს დასასრულის მოწმენი გავხდებით?" - რატომ უჩივიან ფსიქიკურ აშლილობას ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დაკავებული სპეციალისტები? - Financial Times

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ემისრებთან საუბრისას ხშირად აცხადებს, რომ მას ომის შეწყვეტა სურს... და თუ მართლაც სურს რუსეთის ლიდერს მშვიდობა, მაშ რატომ ზრდის სამხედრო ბიუჯეტს?

სრულიად შესაძლებელია, რომ ვლადიმერ პუტინი კარგად აცნობიერებს რუსეთის სისუსტეებს, მაგრამ დონალდ ტრამპს აჩვენებს, რომ უკან არ დაიხევს, თუ ომი კრემლის პირობებით არ დასრულდება. იმეორებს რა იმავე შეცდომებს, რომელიც საბჭოთა ლიდერებმა დაუშვეს თავის დროზე, როცა სამხედრო ხარჯების მკვეთრი გადიდება გადაწყვიტეს, რუსეთის ლიდერი, საბოლოო ჯამში, დიდი რისკია იგივე ბედის წინაშე აღმოჩნდეს და იმავე სიტუაციაში ჩავარდეს, როგორშიც მისი საბჭოთა წინაპრები აღმოჩნდნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო