პრეზიდენტი და "იმპერატორი": გრანდიოზული ვიზიტის დეტალები - რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი?!
“დონალდ ტრამპმა სი ძინპინს წითელი ხალიჩები გაუშალა: მასპინძელი სტუმარს პირადად დახვდა თვითმფრინავთან“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები კონორ სტრინგერი და ბენედიქტ სმიტი ყურადღებას ამახვილებენ აშშ-ში ჩინეთის ლიდერის სახელმწიფო ვიზიტის ნიუანსებზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლესთან - მელანია ტრამპთან ერთად მიესალმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს სი ძინპინს და მის მეუღლეს - პენ ლიუანს, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ. დონალდ ტრამპი პირადად გავიდა ენდრიუსის (მერილენდის შტატი) სამხედრო-საჰაერო ბაზის საფრენ მინდორზე და ტაში დაუკრა, როცა ავიაკომპანია Air China-ს თვითმფრინავის კარი გაიღო და სი ძინპინი და მისი მეუღლე ტრაპზე დაეშვნენ.
საკმაოდ თბილი ამინდის მიუხედავად - პლუს 18 გრადუსი - დონალდ ტრამპს თხელი პალტო და ტყავის ხელთათმანები ეცვა. ჩინელი ლიდერისათვის ხელის ჩამორთმევის წინ პრეზიდენტმა ხელმთათმანები გაიხადა.
თვითმფრინავის ტრაპიდან ავტომანქანამდე წითელი ხალიჩები იყო დაგებული. ორივე მხარეს აშშ-ის ჯარების ყველა სახეობის სამხედრო მოსამსახურეების საპატიო ყარაული იყო ჩამწკრივებული, ჩამოკეცილი ხიშტებით. ლიდერებმა მოკლე რეპლიკები გაცვალეს. შემდეგ დონალდ ტრამპმა ანიშნა და ჩინელ პირველ წყვილთან ბავშვები მივიდნენ ყვავილებით. სი ძინპინმა ბიჭუნას ხელი ჩამოართვა, დონალდ ტრამპმა კი მოფერებით მხარზე ხელი მოუთათუნა.
დელეგაციამ წითელ ხალიჩებზე სამხედრო ორკესტრის მუსიკაზე გაიარა, რომლის კიდეებს დროდადრო ქარი აფრიალებდა. აშშ-ის ჰიმნის შესრულების დროს ავიაბაზაზე ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა B-1 Lancer-ებმა გადაიფრინეს. მძიმე თვითმფრინავების ძრავების გრიალით დონალდ ტრამპი შეიშმუშნა, სი ძინპინი კი - აუღელვებლად იდგა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან აეროპორტში მისვლა და უცხოელ სტუმართან დახვედრა საკმაოდ იშვიათად ხდება. ბოლო დროს მსგავსი შემთხვევა იყო ანკორიჯში (ალასკაზე) 2025 წლის აგვისტოში, როცა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, მანამდე კი მსგავსი საპატიო დახვედრა, 2015 წელს, ბარაკ ობამამ რომის პაპს ფრანცისკას მოუწყო. უფრო ადრე კი, 1962 წელს, პრეზიდენტი ჯონ კენედი თვითონ მივიდა აეროპორტში და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს - ჰაროლდ მაკმილანს დახვდა.
სამდღიანი ვიზიტის პროგრამა მოწოდებულია ხაზი გაესვას მის სახელმწიფოებრივ მასშტაბს მოიცავს ოფიციალურ ვახშამს ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლების მონაწილეობით, სამხედრო აღლუმს თეთრ სახლთან, სმიტსონის აზიური ხელოვნების ეროვნული მუზეუმისა და აშშ-ის ეროვნული არქივის მონახულებას, სადაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ამსახველი საინტერესო დოკუმენტები ინახება: დონალდ ტრამპი აშკარად ცდილობს, თავის ჩინელ ვიზავის ასიამოვნოს.
ღრმა უთანხმოების მიუხედავად, ვაშინგტონმა და პეკინმა სრულფასოვანი სახელმწიფო ვიზიტის განხორციელება გადაწყვიტეს - პირველი, ბოლო 10 წლის განმავლობაში. ბოლო დროს სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში 2015 წელს იმყოფებოდა - იგი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო.
დიპლომატიური ფასადის მიღმა ხისტი სტრატეგიული მეტოქეობა იმალება: მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ერთმანეთს ტექნოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად ებრძვიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში და იმავდროულად ცდილობენ თავიანთი პოზიციების განმტკიცებას, გაჭიანურებულ გეოპოლიტიკურ კონფლიქტებში - ირანისა და ტაივანის ჩათვლით.
ის, რომ ვიზიტის დროს სავაჭრო ურთიერთობებში გარღვევა მოხდება, ამის შანსი მინიმალურია. ვაჭრობაში 11-თვიანი ზავი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ნოემბერში იწურება, მაგრამ მხარეები ერთმანეთს ბევრ საკითხში არ ეთანხმებიან - ნარკოვაჭრობით დაწყებული, იშვიათმიწა ელემენტებამდე დამთავრებული.
აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა იმ დროს ხდება, როცა დონალდ ტრამპის რეიტინგი განუხრელად მცირდება, ირანთან ომით გამოწვეული უკმაყოფილების გამო.
თავის მხრივ, სი ძინპინიც შიდაჩინურ გამოწვევების წინაშე დგას (ტაივანთან დაკავშირებით), მაგრამ იგი ვაშინგტონს უფრო ძლიერი პოზიციებით ეწვია - ჩინური ეკონომიკა წინსვლას აგრძელებს.
ხელოვნური ინტელექტის პრობლემა
ამერიკაც და ჩინეთიც ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებაში ყველაზე წინწასულ ქვეყნებს წარმოადგენენ. დონალდ ტრამპს არ სურს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეიზღუდოს, ჩინეთი კი აქცენტს AI-ის რეგულირების გლობალურ წესებზე აკეთებს. სხვათა შორის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინეთის ვიცეპრემიერ ლი ფენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარეები ერთმანეთს ინფორმაციებს გაუცვლიან იმ ინციდენტებზე, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.
ხუთშაბათს თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე სახელმწიფოს მეთაურებმა წინასწარ განცხადება გააკეთეს, რომ იმსჯელებდნენ ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ დარგში ლიდერად აშშ-ის კომპანიები ითვლებიან, მაგრამ ჩინელი კონკურენტები მათ სწრაფად ეწევიან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, შეანელოს ხელოვნური ინტელექტის განვითარება - იმიტომ, რომ ჩინეთის კონკურენციისა ეშინია.
თავის გამოსვლაში თეთრ სახლში სი ძინპინმა ხელოვნური ინტელექტის პრობლემას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ჩვენს ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტი განავითარონ, მაგრამ იმავდროულად ორივე პასუხისმგებელია, რომ ხელოვნური ინტელექტი უმართავი არ იყოს და ისინი კეთილ მიზნებს ემსახურებოდეს. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის ადამიანის კონტროლის ქვეშ დარჩეს“.
ზოგიერთი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლებმა აშშ-ის ადმინისტრაციას ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპების შენელება სთხოვეს იმ არგუმენტით, რომ ის შეიძლება ადამიანის კონტროლიდან გამოვიდეს და კაცობრიობას ზიანი მიაყენოს.
აშშ-ში ვიზიტის დროს ჩინელი ლიდერი ე.წ. პანდა-დიპლომატიით სარგებლობს: ეს არის პრაქტიკა, როცა პეკინი პანდას - ჩინურ დათვს - ჩუქნის სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობის განვითარება სურს. ჩინელმა ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ატლანტის ზოოპარკში ორი ჩინური პანდა „დასახლდება“.
გარდა ამისა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მას განზრახული აქვს ჩინეთში 100 ათასამდე ამერიკელი ახალგაზრდა მიიწვიოს გაცვლის პროგრამით. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ეს შეთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდა და როგორ იმუშავებს პროგრამა, ჯერჯერობით უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ: "ნუთუ მსოფლიოს დასასრულის მოწმენი გავხდებით?" - რატომ უჩივიან ფსიქიკურ აშლილობას ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დაკავებული სპეციალისტები? - Financial Times
"ამერიკა ხელოვნური ინტელექტის ძალებს ქმნის": აყენებს თუ არა საფრთხის ქვეშ ტრამპი მსოფლიოს?! - BBC
"ირანის უჩინარი ლიდერი: რატომ არ ჩნდება მოჯთაბა ხამენეი მოსახლეობის წინაშე?!" - Financial Times
დონალდ ტრამპს სი ძინპინზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს
დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას თეთრ სახლში უჩვეულო მიღება მოუწყო. ამერიკული საპატიო ყარაული თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის მაღლა, სახურავზე განთავსდა, რაც ადრე არასოდეს მომხდარა.
მსგავსი მიღება ასახავს აშშ-ის პრეზიდენტის სურვილს ყველაფერი გააკეთოს სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტის განსადიდებლად.
შესაძლოა ლიდერების სამიტმა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ იმ აჟიოტაჟმა, რომლის ფონზეც სამიტი მიმდინარეობს, უკვე ბევრად გადააჭარბა სხვა ლიდერების ვიზიტებს ვაშინგტონში.
მოამზადა სიმონ კილაძემ