"თეთრი სახლის თავზე წითელი დროშა ფრიალებს" ანუ რა ხდებოდა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკებების კულუარებში?! - The Guardian - კვირის პალიტრა

"თეთრი სახლის თავზე წითელი დროშა ფრიალებს" ანუ რა ხდებოდა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკებების კულუარებში?! - The Guardian

„დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უმასპინძლა: მიიღო, შეხვდა, გაისტუმრა“, - წერს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში სათაურით: „დიპლომატია თუ „დიპლომატიური გართობა?“ სი ძინპინის საპატივცემულოდ დონალდ ტრამპის დიდებულმა დახვედრამ თეთრ სახლში პრაქტიკული შედეგები ვერ გამოიღო“ (ავტორი - მარკ საუნოკონოკო). სტატიაში ჩინელი ლიდერის აშშ-ში ვიზიტის ძირითადი მომენტებია შეფასებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყველა ელოდებოდა, რომ დეტალურად მომზადებული სახელმწიფო ვიზიტის შედეგად (პირველად, ბოლო 10 წლის განმავლობაში!) ლიდერები რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე მოილაპარაკებდნენ - ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტზე, ვაჭრობაზე და გაძლიერებულ სტრატეგიულ მეტოქეობაზე, მაგრამ, როგორც კრიტიკოსების ამბობენ, ვიზიტის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა უფრო მეტად სტილს და ფორმას, ვიდრე - შინაარსს.

აი, რამდენიმე საკვანძო მომენტი სი ძინპინის ვაშინგტონური ვიზიტიდან.

1. დიპლომატია თუ „დიპლომატიური გართობა“?

დემოკრატმა სენატორებმა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა გააკრიტიკეს - განაცხადეს, რომ სამიტის დროს უპირველესი ყურადღება პომპეზურობასა და სანახაობრიობას ეთმობოდა და არა - მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას: არავითარი ნიშნები არ არის იმისა, რომ დახურულ კარსმიღმა მცირეხნიანი საუბრის დროს რაიმე გარღვევა მოხდა ისეთ მწვავე პრობლემებში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ვაჭრობა, ტაივანი და ირანი.

მართალია, სტუმარ-მასპინძელმა სავაჭრო ომში ზავის (პაუზის) 2027 წლის 10 იანვრამდე გაგრძელებაზე მოილაპარაკეს - იმ ზავისა, რომელიც 2025 წლის 10 ნოემბრის „ბუსანის შეთანხმებით“ იქნა მიღწეული, მაგრამ... ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლიდერების რანდევუსაგან სხვა რაიმე საგრძნობი და შესამჩნევი შედეგები ცოტაა და თითქმის - არც არის.

სხვათა შორის, სი ძინპინმა „ფუკიდიდეს ხაფანგი“ გაიხსენა (ასე ეწოდება ამერიკელი პოლიტოლოგის, გრემ ალისონის თეორიას, რომელიც ძველი ბერძენი მეცნიერის - ფუკიდიდეს ნაშრომს ეფუძნება და რომლის თანახმად, ომი გარდაუვალია, როდესაც მზარდი და ძლიერების პიკში მყოფი სახელმწიფო საფრთხეს უქმნის არსებულ დომინანტ სახელმწიფოს). ჩინელი ლიდერის განცხადებით, „ომის რისკი შეიძლება გადაილახოს“ და მან ამერიკის შეერთებულ შტატებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპმა სი ძინპინს თეთრი სახლის მდელოზე აგებული ახალი ვეტროდრომი აჩვენა: „ვიცი, რომ მას გრანიტი უყვარს და ვაჩვენე“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტების გასაგონად.

ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, დენი რასელის თქმით, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, „დიდად სასიამოვნო არ არის, რომ ორმა ლიდერმა სამდღიანი ვიზიტის დროს დიდი დრო დაკარგეს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე და ცერემონიებზე, ვიდრე - უშუალოდ შეხვედრა-მოლაპარაკებაზე, რომელიც, საერთო ჯამში, მხოლოდ 90 წუთამდე გაგრძელდა.

„საოქმო ღონისძიებების ფუფუნება წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. პანდა-დათუნიების ჩუქება, რასაკვირველია, სასიამოვნოა, მაგრამ ამერიკას იშვიათმიწა ელემენტები უფრო მეტად სჭირდება. ჩვენ ახლა ვხედავთ არა იმდენად დიპლომატიას, რამდენადაც დიპლომატიურ „გართობას“, რომელიც აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში არსებული სერიოზული პრობლემების გადაჭრაში ვერ დაგვეხმარება“, - აცხადებს დენი რასელი.

2. უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი

ანალიტიკოსები იძულებულნი იყვნენ „სტრიქონებს შორის წაეკითხათ“, რათა ორი ლიდერის დახურული დისკუსიის შედეგი გაეგოთ, ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიხვდნენ.

ერთადერთი, რაც არის ცნობილი, ისაა, რომ დონალდ ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელში: მხარეებმა „სუპერინტელექტზე“ (ასე უწოდებს პრეზიდენტი ხელოვნურ ინტელექტს) იმსჯელეს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ იგი ახალი ნორმებისა და წესების შემოღების მომხრე არ არის. არადა, სწორედ ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ შეშფოთებით, რომ რაც დრო გადის, უკონტროლო ინტელექტი სულ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ადამიანის არსებობას. თავის მხრივ, სი ძინპინის თქმით, ორივე ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანის კონტროლით ხორციელდებოდეს.

ანალიტიკოსების აზრით, ამ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული მწვავე კონკურენცია სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი იქნება ნებისმიერი საკითხის წარმატებით გადასაწყვეტად.

3. ტაივანისთვის იარაღის მიწოდების „გაყინვა“?

როგორც ჩინური ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“ იუწყება, დისკუსიის დროს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ აშშ ტაივანის „სუვერენიტეტის“ წინააღმდეგ გამოვიდეს. თეთრ სახლს ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია განცხადება, ლიდერების დისკურიის შედეგებზე.

მოსალოდნელი იყო, რომ სი ძინპინი დონალდ ტრამპს მართლაც მოსთხოვდა ტაივანისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომ მზად არის, ტაივანს 14 მილიარდი დოლარის შეიარაღების პაკეტის მიცემა გადაუდოს, რაც „კარგი კოზირი იქნება ჩინეთთან მოსალაპარაკებლად“. ოთხშაბათს კი დემოკრატმა სენატორებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მოუწოდეს დონალდ ტრამპს, დაუყოვნებლივ გადასცეს ტაივანს შეარაღების პაკეტი.

პეკინის მტკიცებით, ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, კუნძულზე არსებულ მმართველ რეჟიმს აშშ იარაღით არ უნდა ეხმარებოდეს. პეკინი არ გამორიცხავს ტაივანის ძალით გაკონტროლებას.

4. უჩვეულო დახვედრა აეროპორტში

სი ძინპინს ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე (ვაშინგტონიდან 16 კილომეტრში) დაშვების დროს პირადად დონალდ ტრამპი დახვდა. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივად, პრეზიდენტი სტუმარს თეთრ სახლში (ან რეზიდენციაში) ელოდება ხოლმე, სადაც მისალმების ოფიციალური ცერემონია ეწყობა.

სხვათა შორის, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მომენტს: დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში დასცინის დემოკრატებს და მათ „კომუნისტებს“ უწოდებს, მაგრამ როცა სი ძინპინი თეთრ სახლში მივიდა, სახურავზე ჩინური წითელი დროშა ფრიალებდა, ამერიკულთან ერთად.

მიუხედავად ასეთი ხაზგასმული დიდებულებისა, ამერიკული ტელეკომპანიები ცერემონიის დროს დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სიტყვებს არ ტრანსლირებდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ტელეარხებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს, ვიზიტის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში გადაეცათ - იმის გამო, რომ თეთრმა სახლმა CNN-ის, MS-ის და Politico-ს ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუზღუდა.

ასევე დაგაინტერესებთ: პრეზიდენტი და "იმპერატორი": გრანდიოზული ვიზიტის დეტალები - რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი?!

"ნუთუ მსოფლიოს დასასრულის მოწმენი გავხდებით?" - რატომ უჩივიან ფსიქიკურ აშლილობას ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დაკავებული სპეციალისტები? - Financial Times

"ამერიკა ხელოვნური ინტელექტის ძალებს ქმნის": აყენებს თუ არა საფრთხის ქვეშ ტრამპი მსოფლიოს?! - BBC

"ირანის უჩინარი ლიდერი: რატომ არ ჩნდება მოჯთაბა ხამენეი მოსახლეობის წინაშე?!" - Financial Times

5. ტექნოლოგი-მილიარდერები სახელმწიფო სადილზე

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სი ძინპინის საპატივცემულოდ მოწყობილ სახელმწიფო სადილზე, ვაშინგტონელ გავლენიან პოლიტიკოსებთან ერთად, მილიარდერების მთელი მწკრივიც ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, Amazon-ის - ჯეფ ბეზოსი, Alphabet-ის - სუნდარ პიჩაი, OpenAI-ის - სემ ალტმანი, ილონ მასკი - Tesla-დან და ჯენსენ ჰუანგი - Nvidia-დან. მენიუს ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ვიტყვით მხოლოდ, რომ აშშ-ისა და ჩინეთის პირველი ლედების მენიუ შედგებოდა გოგრის ველუტესგან, ქუნჟუთში ამოვლებული ზღვის ქორჭილისაგან, ვანილიანი კრემისაგან, ალუბლის კომფიტიურით და სხვა მრავალი ნუგბარისგან.

იმ ტელეარხების რეპორტიორები, რომლებიც თეთრმა სახლმა დასაჯა, ღონისძიებებზე არ მიუწვევიათ. ჭიშკრის მიღმა საპროტესტო აქციის მონაწილეები გაჰყვიროდნენ - „ჩინეთო, გაეთრიე ჰონკონგიდან“! სახელმწიფოს მეთაურებს კი, რომელთაგან ერთს - ჩინელს, მაო ძედუნის მსგავსად, ნახევრად სამხედრო ფრენჩი ემოსა, მეორეს კი - ამერიკელს, კოსტუმი და ბაფთიანი თეთრი პერანგი. საბანკეტო დარბაზში შესვლის წინ, თეთრი სახლის წითელხალიჩიანი კიბის საფეხურებზე ცოლებთან ერთად პოზირებისას, აქციის მონაწილეთა შეძახილები კარგად ესმოდათ, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო