რატომ დაემორჩილა საფრანგეთი აზერბაიჯანის ზეწოლას?! - Financial Times
ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 5 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროკავშირის ქვეყნები, ანტირუსულ სანქციებზე ვეტოს დადებით საკუთარ თავს აზიანებენ - საფრანგეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯი მაკრონისეულ „სტრატეგიულ ავტონომიას“ ფუჭ იდეად წარმოაჩენს“ (ავტორი - მარტინ სანდბუ, პოლიტიკური კომენტატორი). მასალაში გაანალიზებულია ევროპული კონსენსუსის დარღვევის ფაქტები ანტირუსული სანქციების მიღების დროს: რატომ დაემორჩილა საფრანგეთი აზერბაიჯანის ზეწოლას? რატომ მოსთხოვა ჯიუტად პარიზმა ევროკავშირის სხვა წევრებს, დათანხმებოდნენ მის პრეტენზიას?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
შექმნილი სიტუაცია სასიამოვნო ნამდვილად არ არის: ამას წინათ ქვეყანამ, რომელიც ყველაზე მეტად ითხოვდა სხვებისგან მეტ პრინციპულობას და მათ „სტრატეგიული ავტონომიისკენ“ მოუწოდებდა, მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან მიმართებით, ევროკავშირი იძულებული გახადა, დამორჩილებოდა ერთი ახლოაღმოსავლური საშუალო ავტორიტარული ნავთობ-სახელმწიფოს ზეწოლას.
გასულ თვეში საფრანგეთმა შეაჩერა სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელება იმ ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან - ვლადიმერ პუტინთან არიან დაკავშირებულნი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გატარების ტრადიციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი სანქციების მიღება და უკვე მიღებული სანქციების მოქმედების ვადის გაგრძელება ერთხმად ხდება, მაგრამ პარიზი დაიმუქრა, რომ ყველა სანქციას გააუქმებდა და არც ერთ ახალს მხარს არ დაუჭერდა, თუ მილიარდერ ალიშერ უსმანოვს დასანქცირებულთა სიიდან არ ამოიღებდნენ.
როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო პირობა, რომელიც აზერბაიჯანმა საფრანგეთს წაუყენა, ფრანგი მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. შემდეგ ლუქსემბურგიც გამოვიდა თავისი პრეტენზიით - სიიდან კიდევ ერთი ოლიგარქი ამოღებულიყო. სხვათა შორის, ეს არ არის პირველი ღალატი ევროპული სოლიდარობის მიმართ, სანქციებთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ მიმდინარე წელს საბერძნეთმა განაცხადა, მხარს არ დაუჭერდა სანქციების გაგრძელებას, თუ სიიდან არ ამოიღებდნენ ბერძენ მაგნატს, გაზმზიდი ტანკერების კომპანია Dynagas-ის მფლობელ გეორგიუ პროკოფიუს. კომპანიის გემები რუსულ თხევად გაზს იმ ქვეყნებში ეზიდებიან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ, სამაგიეროდ, საბერძნეთის ხაზინისათვის დიდი შემოსავალი მოაქვთ. სწორედ ამიტომ ათენმა ბერძნული კომპანია და მისი მფლობელი სანქციებისგან დაიცვა. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა ვიქტორ ორბანის პრემიერობისდროინდელი უნგრეთი სანქციების დაწესებასა და მათი მოქმედების ვადების გარძელებას.
მაგრამ საფრანგეთისათვის მსგავსი მოქმედება გარდამტეხ მომენტად უნდა ჩაითვალოს. საფრანგეთი ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება და სიდიდით მის მეორე წევრ ქვეყანას წარმოადგენს (გერმანიის შემდეგ). 2017 წელს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწოდება „სტრატეგიულ ავტონომიაზე“, რომელიც იმ დროს უარყოფილი იქნა, როგორც ფრანგული იდეაფიქსი, მოგვიანებით ბლოკში მეტ-ნაკლებად მიღებული გახდა... თუმცა, როგორც ჩანს, ადრე ეს მხოლოდ სალაპარაკო თემა იყო, დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით, როცა მისი პრაქტიკული რეალიზება ხდება.
საბოლოოდ, საფრანგეთმა ან უფრო ზუსტად - აზერბაიჯანმა თავისას მიაღწია. ბაქომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლა [ჯაშუშობისათვის დაპატიმრებული] ერთი ფრანგი მოქალაქე მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა კომპრომისს მიაღწიეს, რომლის თანახმად, სანქციები სხვა კომპანიების მიმართ, ექვსი თვის ნაცვლად, სამი წლით გაგრძელდა. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში მსგავსი რამ აღარ განმეორდება, მაგრამ რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს ფაქტი მოწმობს: ევროკავშირმა მთლიანობაში თავისი ადრინდელი გეოპოლიტიკური გავლენა დაკარგა.
კაცმა რომ თქვას, პარიზმა, თავისი მოქმედებით, ევროკავშირის სხვა დედაქალაქების პოზიციაც გამოხატა, მესამე ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით: გარდა იმისა, რომ ძირი ეთხრება ევროკავშირის საერთო პოლიტიკას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ეს არის რიგი „გარიყული“ [ავტორიტარული] ქვეყნების წახალისება, - დააკავოს და საპატიმროში ჰყავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რაიმე გამოსასყიდის მიღების მიზნით.
ევროკავშირისათვის კიდევ უფრო დიდ დანაკარგად ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მას აღარ შეუძლია სანქციების სტრატეგიული პოლიტიკის გატარება, რომელიც ამჟამად, რუსეთ-უკრაინის ომის საწყის პერიოდთან შედარებით, ბრიუსელს აღარ შეუძლია. დიახ, ევროკავშირმა დიდი დისკუსიის შემდეგ მაინც მიიღო 21 სანქციის მქონე ანტირუსული პაკეტი, მაგრამ ის უფრო უნდა ცდილობდეს არა საპასუხო, არამედ - წინსმსწრები სანქციების მიღებასაც.
ცხადია, ასეთი მიზნის მიღწევა საეჭვოა იმ დროს, როცა ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს და ხშირად საკუთარი ვიწრო მიზნების მიღწევას ცდილობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, პერსპექტივისათვის აუცილებელი ხდება. არსებობს კარგი გზა ვეტოს თავიდან ასაცილებლად: სანქციების და, ალბათ, სხვა რიგი საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება გადაეცეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას, როგორც ეს ევროკავშირის ხელშეკრულების თანახმად ხდება: მხედველობაში გვაქვს მექანიზმი QMV (Qualified Majority Voting ანუ „ხმის მიცემა კვალიფიციური უმრავლესობით“), რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღონ სრული ერთსულოვნების (კონსენსუსის) გარეშე.
სხვათა შორის, ამ რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა „QMV-ის მეგობარი ქვეყნების“ ჯგუფი, რომელსაც, ბედის ირონიით, საფრანგეთი ყველაზე გვიან შეუერთდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა კვალიფიციური უმრავლესობის შორისაც კი თანხმობის მიღწევა გართულებულია, ამგვარი ნაბიჯის პერსპექტივა საეჭვოა. არადა, როცა არსებული პროცედურა სასურველ შედეგს არ იძლევა, QMV-ის აუცილებლობა ძალიან დიდია.
ასევე დაგაინტერესებთ: აპოკალიფსური პროგნოზი პუტინისთვის ანუ დაიშლება თუ არა რუსეთი?! - "რუსეთის პრეზიდენტი ბრეჟნევის შეცდომას იმეორებს"
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა შიშობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება კვალიფიციური უმრავლესობით მათ სასიცოცხლო ინტერესებს ზიანს მიაყენებს, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მოულოდნელად დასავლეთის ბევრი მოწინააღმდეგე და მტერი არნახულად გააქტიურდა, განცალკევებულად ყოფნა და მოქმედება ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგეები ფსონს დადებენ ევროკავშირის გათიშვასა და მის შიდაუთანხმოებებზე.
ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახსოვდეთ, რომ სწორედ კვალიფიციური უმრავლესობის ხმის მიცემით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა - ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოში - შეუქმნა საფუძველი ბლოკის აყვავებას.
ალბათ, QMV-ის წესით სანქციებისთვის ხმის მიცემა პოლიტიკას თავისთავად არ გააუმჯობესებს: ბრიუსელის სულმოკლეობა და შიში აშშ-ისა და ჩინეთის მიმართაც კარგად ჩანს, მაგრამ ამ მექანიზმის ამუშავება არის აუცილებელი პირობა პროგრესისათვის. ემანუელ მაკრონს შეუძლია, საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოხდინოს, თუ მას აქტიურად მხარს დაუჭერს.
მოამზადა სიმონ კილაძემ