ონკოპაციენტის ჩანაწერები - კვირის პალიტრა

ონკოპაციენტის ჩანაწერები

ონკოპაციენტის ჩანაწერები - დასაწყისი

ონკოპაციენტის ჩანაწერები - ნაწილი 1

(გაგრძელება)

ნაწილი 2

სტამბოლი

გქონიათ განცდა, როდესაც თქვენივე სხეული გიუცხოვდებათ, იბზარება და ისეთი უცნობი და საშიში ხდება, როგორც მიწისძვრის შემდეგ დაზიანებული, საყვარელი სახლი, სადაც გაჩერება აღარ გინდათ. სწორედ ამ განცდით დავდიოდი ბოლო რამდენიმე დღე, სტამბოლში წასვლამდე.

წლების განმავლობაში ვგეგმავდი ამ ქალაქში მოგზაურობას. ამისთვის ვემზადებოდი, მაგრამ მუდამ ისე ხდებოდა, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ან უფრო შორეულ მოგზაურობას ვარჩევდი, ანაც რამე სხვა მიზეზი მიშლიდა ხელს. როგორც ჩანს, სწორედ ახლა და ასე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს მე და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური ქალაქი... ის უნდა ქცეულიყო ჩემს კიდევ ერთ თავშესაფრად, მეგაპოლისად, რომელშიც უკვე დადასტურებული დიაგნოზით დავიკარგებოდი ისე, როგორც დამსხვრეულ სარკეში...

მას შემდეგ, რაც რადიოლოგმა გამომიტირა, ჰისტოლოგის რიგში კიდევ კინაღამ არ ამოვიხრჩვე, გადავწყვიტე, რომ ქართული სამედიცინო სისტემისთვის საწყის ეტაპზე მაინც არ შემეწირა ჩემი ენერგია, ნერვები და სტამბოლში წავსულიყავი კვლევებზე დიაგნოზის დასადგენად.

ყველაფერი სწრაფად მოგვარდა - შუამავლის საშუალებით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკას დავუკავშირდი და იქაური ჩემი ვიზიტის ყველა დეტალი დაიგეგმა, რის შემდეგაც მე საქართველოდან და ჩემი და შვედეთიდან გოგჩენის აეროპორტში ერთ დღეს ჩავფრინდით. ერთი საათი დაველოდე ნატას ისე, როგორც თბილისში ველოდები ხოლმე... თვითმფრინავი კოპენჰაგენიდან დროულად ჩამოფრინდა, რის მერეც აეროპორტშივე მოწყობილ კლინიკის ჯიხურთან მივედით, სადაც მალევე მოგვაკითხა მათივე მძღოლმა, რომელმაც სასტუმროში წაგვიყვანა. კლინიკა ქალაქის აზიურ ნაწილში იყო და სასტუმროც იქ დავჯავშნეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ თურმე სტამბოლის ყველაზე მაღალ, ლამის მთიან ადგილას მოგვიწევდა ცხოვრება. გზას კარგა ხანს მოვუნდით, სტამბოლის საცობები თბილისზე ნაკლები კი არ არის... უკვე ბნელდებოდა, სასტუმროში რომ მივედით.

უცხოეთში, როდესაც ძალიან ვიღლები, განსაკუთრებით ხალხმრავლობისას, მაგალითად, აეროპორტებში, უცნაური რამ მემართება, მეჩვენება, რომ ჩემ გარშემო ყველა ქართულად იწყებს ლაპარაკს. ახლაც ეზოში შევდგით ფეხი თუ არა, ქართული ლაპარაკი მომესმა, შესასვლელთან ქალი და მამაკაცი იდგნენ და რაღაცას გაცხოველებით არჩევდნენ, მაგრამ ყურადღება არც მივაქციე, მეგონა, დაღლილობისგან მესმოდა ქართული... მისაღებში შევედით, რეგისტრაციის დროს ისინიც შემოვიდნენ, მე და ნატა ერთმანეთში რაღაცას ქართულად ვლაპარაკობდით...

- გამარჯობა, ეგრევე მივხვდით, რომ ქართველები ხართ. დასასვენებლად თუ სამკურნალოდ? - გვითხრა შუახნის ქალმა.

- კვლევებზე ვართ, ვუპასუხე მოკლედ.

- ჩვენც. ეს ჩემი ქმარია, სიმსივნის დიაგნოზი დაგვისვეს საქართველოში და გადავწყვიტეთ გადავამოწმოთ. თქვენ რომელ კლინიკაში ხართ, ამბობენ, რომ აქაური ექიმები სასწაულებს ახდენენ...

აშკარად უხალისოდ და უკმაყოფილოდ უყურებდა ქმარი ქალს, სახეზე ეწერა, რამდენს ლაპარაკობო...

ამასობაში რეგისტრაციას მოვრჩით და ნომრისკენ ავიღეთ გეზი, ქალი თავს არ გვანებებდა, სასტუმროს მდებარეობით იყო უკმაყოფილო, ახლოს ერთი ნორმალური მარკეტიც არ არის, არც კაფეო...

- შეეშვი, ქალო, დაღლილები არიან, დაასვენე, - ჩაიბურტყუნა კაცმა.

- კი, კი... აბა, მშვიდობიანი ღამე, ხვალ შევხვდებით, მოგვაძახა უკვე ლამის ლიფტში შესულებს.

სუფთა, ნორმალური სასტუმრო იყო, ნომერიც საკმაოდ ფართო აღმოჩნდა და რაც მთავარია, ფანჯრიდან იშლებოდა ულამაზესი ხედი ბოსფორზე, თუმცა ეს დილით აღმოვაჩინეთ... უთენია ვიყავით კლინიკაში დაბარებულები, მე გაფრთხილებული ვიყავი, რომ უზმოდ უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ ნატა ჩავიდა მხოლოდ სასაუზმოდ, მალევე ამობრუნდა და ეზოში ჩასვლა და მანქანისთვის დაცდა იქ გადავწყვიტეთ. ლამაზი, პატარა ეზო ჰქონდა სასტუმროს, ორი მოზრდილი მაგნოლიის ჩრდილი ლამის მთლიანად ფარავდა, მარადმწვანე ბუჩქები ლამაზად გაეკრიჭათ, კიბით ადიოდი ვერანდაზე, სადაც მაგიდები და სკამები იდგა, შუაში პატარა შადრევანიც მოეწყოთ...

წუხელ გაცნობილი ქართველი ცოლ-ქმარიც მალე გამოვიდა, ქალი წუხანდელთან შედარებით უფრო ახალგაზრდა ჩანდა მაკიაჟით, და თან უფრო აქტიურიც, კაცი - ისევ ისე მოღუშული და დაღლილი. მივესალმეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ...

- გადავწყვიტეთ, დღეს აქედან გადავიდეთ, მდებარეობა ამას არ უვარგა, მომსახურე­ბაც დიდი ვერაფერი, საუზმე მოგეწონათ? ჩვენ არა! - მოგვაყარა ქალმა.

ნატამ მხრები აიჩეჩა. ამ ტიპის სასტუმ­როსთვის, ჩემი აზრით, ნორმალურია... მდებარეობას კი დღეს შევისწავლით.

- ეჰ, ამ ცხოვრების დედა რომ ვატირე, თორემ თურქეთში რა მინდოდა, აქ რა ჩამომიყვანდა... ამდენი ხანი ყველაზე ჯანმ­რთელი მეგონა თავი და აჰა... - ჩაილაპარაკა მამაკაცმა... მაშინ პირველად აღმოვაჩინე და შემდგომ კიდევ არაერთ პაციენტთან შეხვედრისას შევნიშნე, რომ ქართველი კაცების ნაწილს საკუთარი ავადმყოფობის რცხვენია, თითქოს თავს იდანაშაულებენ, ეს რომ დაემართათ და ცდილობენ გარშემო მყოფებთან რაღაცით იმართლონ თავი.

ჩვენი მანქანა მალე მოვიდა, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ჯანმრთელობა ვუსურვეთ. როგორც ჩანს, მართლაც გადავიდნენ იმ დღეს, რადგან მეტად აღარ შევხვედრივართ.

სადღაც 5 წუთში უკვე კლინიკაში ვიყავით. გზამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საკმაოდ მაღალ ადგილას იყო ჩვენი სასტუმრო და კაფე-მარკეტების თაობაზეც ჩვენი ახალგაცნობილი ქალი არ ტყუოდა.

ერთი შეხედვით, კლინიკა სამკურნალო დაწესებულებას საერთოდ არ ჰგავდა, გარედან შემინული და გაბდღვრიალებული შენობა შეიძლება საკონცერტო დარბაზი გგონებოდა, შიგნითაც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ირეოდა, საავადმყოფოს შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. შესასვლელთან გრძელი, მაღალჭერიანი მისაღები იყო, სადაც მიგვასწავლეს მეორე მისაღებისკენ გზა, იქ უცხოელ პაციენტებს იღებდნენ. იქვე იყო მოწყობილი ელექტროპანელი, საიდანაც შეგეძლო გამოგეძახა შენთვის სასურველ ენაზე მოლაპარაკე თარჯიმან-კოორდინატორი. ჩვენ ეს არ დაგვჭირვებია, რადგან შუამავლის მიერ უკვე გაფრთხილებული იყვნენ. გვთხოვეს, რომ ცოტა ხანს მოგვეცადა და მოგვაკითხავდნენ... მოპირდაპირე მხარეს რბილ დივანზე დავსხედით...

მალევე 60 წლამდე, ძალიან ლამაზი ქალი მოგვადგა, ქართველები ხართო?

პასუხად ქართულად მივესალმეთ.

ჩემ გვერდით დასკუპდა, ფეხები აათამა­შა და სრულიად უცერემონიოდ გვიბრძანა:

- ახლა მომიყევით თქვენს ამბავს!

ეს ყველაფერი - კლინიკა, ეს უცნაურად ციმციმა ქალი, ისე ირეალურად ჩანდა, გამეცინა და ვუთხარი:

- პაციენტი მე ვარ, ეჭვია ონკოლოგიაზე, კვლევებზე ჩამოვედით.

ჩემკენ გადმოიხარა და შედარებით ხმადაბლა მკითხა: - მკერდი?

- კი...

ტაში შემოჰკრა და ისე ელვისუსწრაფესად წამოხტა, შევხტი, ის კი წინ დამიდგა და მითხრა: - მე 11 წლის წინ მქონდა და არათუ ცოცხალი ვარ, ნახე, რა კარგად გამოვიყურები! ერთი წუთით არ იდარდო მაგაზე, ერთ წელში ყველაფერი მორჩება... და მერე თავის ამბავსაც წვრილად მოგვიყვა, მირჩია, ქიმიები თუ დაგჭირდა, საქართველოში გაიკეთე, მაგრამ ოპერაცია და სხივები - აქ, ესენი მაინც სხვანაირი პროფესიონალები არიანო. გვითხრა, რომ ბათუმიდან იყო და ახლა ქმარს ახლდა კვლევებზე...

- უი, - შესძახა ცოტა ხანში, - მორჩებოდა, ალბათ, ერთი ჩავაკითხო, არსად დაიკარგოს... სიცილით დაგვემშვიდობა, მრავალი კეთილი სურვილი გვისურვა და ისე გაიქცა, ჩვენი საპასუხო სურვილები დიდად არც მოუსმენია... შემდეგ დღეებშიც კლინიკაში რომ მივდიოდი, რაღაცნაირად თვალი სულ ეძებდა, მეტად აღარ გვინახავს...

და ის იყო ჩემი ონკოთავგადასავლის კიდევ ერთი ანგელოზი...

მალევე ჩვენც მოგვაკითხეს - ახალგაზრდა ქალმა, რომელიც თეად გაგვეცნო, მისაღებში რეგისტრაციისთვის მიგვიწვია. სწრაფად გამაფორმა, გვითხრა, რომ კლინიკაში ყველა ჩვენი საკითხის მომგვარებელი ის იქნებოდა... ვოცაპის საკონტაქტო ნომრები გავცვალეთ, ექიმთან ვიზიტი ნახევარ საათში მქონდა უკვე. თეამ გვითხრა, რომ აქვე შეგვეძლო დაგვეცადა და 20 წუთში აგვიყვანდა.

მალევე თეა იქცა არა მხოლოდ უბრალო თარჯიმნად და დამხმარედ, არამედ ჩემი უფლებების ნამდვილ დამცველად, რომელიც ყოველი ვიზიტის, ყოველი კვლევის საფასურზე თავდაუზოგავად ვაჭრობდა, გამუდმებით ტელეფონზე ეკიდა ფინანსური სამსახურის წარმომადგენელ ვინმე ელიფ ჰანიმთან და ვიდრე საწადელს არ მიაღწევდა, არ ეშვებოდა, ბოლოს კი გაბრწყინებული, შესძახებდა, თამამჯანო... ჩვენ კი გადმოგვხედავდა ხალისიანად და ოდნავ მეგრული აქცენტით გვაცნობებდა, დაგვიკლეს, გოგოებოო...

ახლა ჯერ ეს ყველაფერი არ ვიცით, ვსხედვართ მე და ჩემი ნატა უზარმაზარი კლინიკის მისაღებში, გარშემო დროდადრო ქართული ლაპარაკი ისმის და დაძაბულები ველით პირველ ვიზიტს ცნობილ თურქ მამოლოგ-ქირურგთან...

ფათიჰ აიდოგანის თაობაზე უკვე ბევრი რამ ვიცოდი, თავდაპირველი სამედიცინო განათლება თურქეთში ჰქონდა მიღებული, თუმცა შემდგომ სწავლობდა, მუშაობდა და იკვლევდა ძუძუს კიბოს მსოფლიო დონის ისეთ ცენტრებში, როგორებიცაა: Harvard Medical School / Dana-Farber Cancer Center (ბოსტონი), Brigham and Women’s Hospital, MD Anderson Cancer Center (ჰიუსტონი), Memorial Sloan Kettering Cancer Center (ნიუ-იორკი). სწორედ ამ შთამბეჭდავმა დოსიემ მომხიბლა, როდესაც სწორედ მასზე შევაჩერე არჩევანი.

- ზუსტად ვიცი, ნათიას საუკეთესო ხელში ვუშვებ, - მითხრა ჩემმა ქართველმა შუამავალმა, როცა ვაცნობე, რომ მისი გამოგზავნილი ექიმებიდან სწორედ ფათიჰ აიდოგანს ვირჩევდი და გამიმხილა, რომ თვითონაც მისი ყოფილი პაციენტი იყო.

აქვე ვიტყვი, თურქულ კლინიკაში არსად რიგში დგომა არ დაგვჭირვებია, ექიმთან მიღებაზე თუ კვლევაზე შევდიოდით დათქმულ დროს, ეს მაშინ, როდესაც სტამბოლის უზარმაზარი კლინიკები არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს რომელი კუთხიდან ჩასულ პაციენტებს აღარ ემსახურებიან. მოკლედ, ექიმ ფათიჰთან შესვლამდე რეგისტრატურაში დავყოვნდით ცოტა, ვიდრე თეა ექიმის კონსულტაციის გადასახადზე ვაჭრობდა, რასაც მე და ნატა გაოცებული ვადევნებდით თვალს.

მალევე უკვე ექიმის პატარა, თუმცა ნათელ კაბინეტში აღმოვჩნდით. კედლებზე წიგნის გადავსებული თაროები და არაერთი სერტიფიკატი ეკიდა. ექიმი იმაზე ტანმორჩილი აღმოჩნდა, ვიდრე ფოტოებზე ჩანდა, კართანვე შემოგვეგება მორიდებული ღიმილით, სამივეს ხელი ჩამოგვართვა და მაგიდასთან დადგმულ სავარძლებზე მიგვითითა. ერთი შეხედვით კოსტიუმსა და ჰალსტუხში ბირჟის კლერკს უფრო ჰგავდა, ვიდრე დიდი გამოცდილების ონკოლოგ-ქირურგს... მშვიდად საუბრობდა, ძირითადად, თურქულად, და თეა თარგმნიდა, თუმცა დროდადრო ინგლისურადაც გვიმეორებდა გარკვე­ულ ფრაზებს. როცა გაიგო, რომ ნატა შვედეთიდან იყო ჩამოსული, გამოცოცხლდა, უფრო ხალისით შემოგვცინა, გვითხრა, რომ შვედეთი მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ქვეყანა იყო. შემდგომ მიმიწვია გასასინჯ ოთახში, რომელიც იმაზე დიდი და ნათელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი კაბინეტი. კარგა ხანს დელიკატურად, სიფრთხილით, გარკვეულწილად, ზრუნვითაც კი მსინჯავდა...

ამის მერე, რა თქმა უნდა, გამაოგნებელი იყო, საქართველოში დაბრუნებულმა ერთ მამოლოგ-ქირურგს პირდაპირ როგორ ვაიძულე, რომ გავესინჯე, რადგან თურქეთიდან ჩამოტანილი კვლევის პასუხებიც საკმარისად მიიჩნია... მეორემ კი ყოველგვარი ცალკე ოთახის გარეშე, პირდაპირ ჩემი ქმრის თვალწინ, ფეხზე მდგომი გამსინჯა...

ბატონმა ფათიჰმა, კაბინეტში დაბრუნებულს, კვლევების ჩამონათვალი გამაცნო. მკითხა, უზმოდ თუ ვიყავი. ჩემგან დასტურის შემდეგ, ამიხსნა, რომ ჯერ რა კვლევები უნდა გამეკეთებინა, შემდგომ კი აუცილებლად უნდა მეჭამა და ასე გამეგრძელებინა. უცებ იქვე, მაგიდიდან თურქული ტკბილეული გამოიღო და შემომთავაზა ხელსახოცთან ერთად, კვლევებს შორის მიირთვიო. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, დავიბენი... შექმნილ მცირე უხერხულობაზე საბოლოოდ ყველამ გავიცინეთ... ასე დავემშვიდობეთ ბატონ ფათიჰს, რომელმაც ისევ კარის ზღურბლამდე მიგვაცილა.

კვლევების ჩამონათვალი არ იყო მცირე, თუმცა 2 დღეში ყველაფერს მოვრჩი. ექიმი აიდოგანი დაგვპირდა, რომ დააჩქარებდა პასუხებს, თუმცა ეს პარასკევზე ადრე ვერ იქნებოდა, მანამდე კი 2 სრული დღე გვრჩებოდა... ნატა განსაკუთრებით ნერვიულობდა, გამუდმებით კვლევის პასუხებზე ლაპარაკობდა, ღამეც კი არ ეძინა მშვიდად... მე შევთავაზე, ეს დარჩენილი 2 დღე დაგვევიწყებინა, რატომ ვიყავით ჩასული სტამბოლში და გაგვეტარებინა დრო, როგორც ტურისტებს.

როდესაც სამოგზაუროდ მივდივართ, როგორც წესი, ყველა ტურს მე ვგეგმავ, ახლა კი ნატას მოვთხოვე, ეს 2 დღე ნაყოფიერად დაეგეგმა და მისი გაწერილი დღის წესრიგით გვემოქმედა, ჯერ კი გამიძალიანდა, მაგრამ შემდეგ ხათრი აღარ გამიტეხა...

დროდადრო ფიქრი მეც კი გამირბოდა იქითკენ, რა იქნებოდა პარასკევს, თუმცა თავს ავუკრძალე ნერვიულობა, როცა გაირკვევა ყველაფერი, აი, მაშინ ვიფიქრებ და ვინერვიულებ-მეთქი, გადავწყვიტე...

ახლა სტამბოლზე რომ ვფიქრობ, პირველი, რაც თვალწინ მიდგება, ღამის ხედია ბოსფორზე ჩვენი ნომრის ფანჯრიდან - წყლის ზედაპირზე მოელვარე მრავალფერი სინათლეები, რომელიც სიბნელით წაშლილი წყლის სხვადასხვა ტიპის და ზომის ტრანსპორტიდან ირეკლებოდა და გასაოცარ არამიწიერ გარემოს ქმნიდა, ერთი შეხედვით წყალში ჩავარდნილ ვარსკვლავებით მოჭედილ ცასაც რომ ჰგავდა, ფრანების აღლუმსაც... დაბინდებიდან გვიანობამდე ამ ხედისთვის თვალის მოშორება მიჭი­რდა, განსაკუთრებით ბოლო 2 ღამეს, როცა ნატა გაფრინდა და მე მარტო დავრჩი სტამბოლში...

როგორც თანდათან გავარკვიეთ, ჩვენ უსქიუდარის რაიონში, უშუალოდ ბოსფორის სრუტის აღმოსავლეთ ნაპირზე ვცხოვრობდით. მეტიც, ზედ ჩალმიჯას ბორცვზე, ანუ სტამბოლის ყველაზე მაღალ ადგილას (ზღვის დონიდან 268-288 მეტრი), რომელიც პირდაპირ გადაჰყურებს ევროპულ მხარეს - ისტორიულ ნახევარკუნძულ სულთანაჰმეთსა და ბეიოღლუს და საიდანაც ევროპული სტამბოლის ულამაზესი პანორამა იშლება. პირველივე დღეს ჩვენი ყურადღება მიიქცია ანძამ, რომელიც ბორცვის მწვერ­ვალზე იდგა. როგორც გავარკვიეთ, ეს იყო ჩამლიჯას ტელეანძა (Çamlıca Tower), რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდა და რომელიც 369 მეტრის სიმაღლით სტამბოლის ყველაზე მაღალი ნაგებობაა. მოკლედ, ჩვენი მთაწმინდა რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით მაგას ჰგავს ბორცვის მწვერვალზე ანძასთან მოწყობილი პარკი, რომელიც ნატას გაფრენის შემდეგ დავლაშქრე. ნატასთან ერთად კი პირველ რიგში სულთანაჰმეთის ნახევარკუნძულზე წასვლა და აია-სოფიას მონახულება გადავწყვიტეთ. ამისთვის მეტროს მე-5 ხაზით ვისარგებლეთ და სადგურ ალთუნიზადედან მარტივად გავედით უსქიუდარის სანაპიროზე ბორნების სადგურთან, სადაც გავარკვიეთ, უნდა გავყოლოდით წყლის ტრანსპორტს ემინიონიუსკენ (Eminönü). ბორნები საკმაოდ სწრაფად გადიოდა, 15-წუთიანი შუალედით, ძალიან ცხელოდა, ამიტომ უსქიუდარის სანაპიროზე გასეირნება გადავიფიქრეთ, პირდაპირ ბორანზე ავედით და ღია გემბანზე დავსხედით, სადაც ადგილები თითქმის შევსებული იყო.

მგზავრობას ბოსფორის სრუტის გადასაკვეთად სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდა, მაგრამ ეს იყო ულამაზესი სანახაობა. მალე გზად გადაგვეშალა ოქროს რქის ყურე, გალათას კოშკი და ისტორიული ნახევარკუნძულის ულამაზესი სილუეტი. გემბანზე დარბოდნენ ჩაისა და ტკბილეულის დამტარებელი ბიჭები, ისმოდა ბავშვების სიცილ-ტირილი და წყლის გაპობის ხმა... უცებ ისევ ირეალური განცდა დამეუფლა, თითქოს დამსხვრეული სარკის ათასობით ნატეხად ვიყავი ქცეული - რას ვაკეთებდი აქ და ახლა? თითქოს ვიყავი რაღაც სხვა ამბის, სხვა ჯადოსნური თავგადასავლის მონაწილე, სადაც შემთხვევით მოვხვდი, სადაც არ იყო ჩემი ადგილი, მაგრამ მაინც არ ვგრძნობდი უბედურად თავს.

ნატასთვის არაფერი მითქვას ამ ჩემს უცნაურ განცდებზე, ფოტოებს ვიღებდით და ვტკბებოდით ხედებით... ამასობაში დანიშნულების ადგილზეც მივედით.

სანაპიროზე საშინლად ცხელოდა, "გუგლმეპი" კი გვიჩვენებდა, რომ არც ისე შორს ვიყავით აია-სოფიადან, მაგრამ სიცხის გამო ტრამვაით წასვლა გადავწყვიტეთ, რომელმაც ციცაბო აღმართი აიარა და თუ სწორად მახსოვს, მე-3 გაჩერებაზე ჩამოვედით. აშკარად სულის მოთქმა და გაგრილება გვჭირდებოდა, ვიდრე ღირსშესანიშნაობების მოვლას დავიწყებდი, ამიტომაც ერთ ვიწრო, საფეხმავლო ქუჩაზე გადავუხვიეთ, რომელშიც ორმხრივად იყო ჩარიგებული პატარ-პატარა კაფე-რესტორნები, პირდაპირ ქუჩაში იყო გაშლილი ხალიჩები, ზემოთ გამოეფინათ ათასგვარი ლურჯი თვალი თუ ავგაროზი. ერთ-ერთში გავჩე­რდით, მხოლოდ წყლისა და ყავის დალევას ვაპირებდით, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა...

დაჯდომა და 45 წლამდე ბიჭური აღნაგობის მამაკაცი მოვიდა, გაგვეცნო, როგორც რესტორნის მეპატრონე აქსაი და მენიუ მოგვაწოდა. მე და ნატამ მენიუს გარჩევა ქართულად დავიწყეთ, უკვე ჩვენგან წასული მამაკაცი, მობრუნდა და გვკითხა:

df9921b2-4bb3-4a40-8f29-e1edcc4c71b5-1792333224.jpg

- გიურჯუ? - ჩვენც ღიმილით დავუქნიეთ თავი.

- გამარჯაბა, როგორა ჰარ, ტიფლის, მე შენ მივარჰარ... მოკლედ, რაც კი იცოდა ქართულად, ყველაფერი ტყვიასავით მოგვაყარა და მერე ინგლისურად გააგრძელა, საქართველო ძალიან მიყვარს, ადრე ხშირად ვიყავი ხოლმე თბილისშიო და იქვე თვალებმოწკურულმა სიცილით გვკითხა, - აბა, თქვენ რა იცით თურქულადო>? ნატამ საბოდიშოდ აიწურა მხრები, თუმცა მე არ დავიბენი, რაც კი თურქული სერიალებისგან ცოდნა მიმეღო, გადმოვალაგე: მერაბა, აშქ, ანე, აბე, აბლა, თამამ, თაშეგელარერდემ, ჰოშ გელდი, ქოლაი გელსინ...

სამივე გულიანად ვიცინოდით...

- მაჯობე - მითხრა აქსაიმ, რომელმაც აშკარად უკვე შინაურებად მიგვიჩნია და მეზობელ მაგიდასთან, ახალშემოსულ წყვილთან გადაინაცვლა. ახლა იქიდან ისმოდა მისი მხიარული სიცილი...

- სად ისწავლე ამდენი თურქული, შე შეჩვენებულო, - მკითხა ნატამ ღიმილით და გააგრძელა, - ასეთი დასაწყისის მერე მე და შენ მარტო წყალსა და ყავაზე ვეღარ გადავივლით... და ისევ მენიუს მივუტრიალდით.

რაღაც სალათები შევარჩიეთ, მშივრები არ ვიყავით და მსუბუქად გადავწყვიტეთ წახემსება, მაგრამ ვინ გვაცალა... მალე მოქანდა ჩვენი აქსაი ცხელ-ცხელი ლავაშებით - გაბერილი ბალიშა პურებით, თავისი ოთხგვარი მისაყოლებლით - კარაქით, ყველით, პამიდვრისა და წიწაკის სოუსითა და სუზმეს ნივრიან-მწვანილიანი მაწვნის საწებლით, თან პრეზენთ, პრეზენთის ძახილით...

- ეს კომპლიმენტი ჩვენი რესტორნისგან ლამაზ ქალბატონებს მეზობელი საქართველოდან! - გამოგვიცხადა გაჯგიმულმა.

- მეჩვენება, თუ შენ გეფლირტავება, - გადმომილაპარაკა ნატამ სიცილით...

- რატომ მაინცდამაინც მე, ეგ ასე, ალბათ, ყველა კლიენტს ეფლირტავება...

- მე აშკარად არა... შენმა თურქულმა დაუბნელა მზე... გულიანად გავიცინეთ და საბოლოოდ ლუდის დალევა გადავწყვიტეთ.

არ ვიცი, ალკოჰოლის, ამ ხალისიანი და ფერადი გარემოს გავლენა იყო, თუ მართლა ასეთი საოცარი იყო ბალიშა პური, ყველი პირდაპირ პირში დნებოდა, სოუსებს იმდენნაირი გემო მოჰქონდა, რეცეპტორების აჯანყებას ვგრძნობდი... ამასობაში ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს, იმხელა ულუფები იყო, მე და ნატამ შიშით გადავხედეთ ერთმანეთს.

- მგონი, ესეც სპეცშეკვეთით მოამზადებინა შენთვის, - მითხრა ნატამ და კიდევ ერთხელ ავხარხარდით.

აქსაის საჩუქრისთვის დიდი მადლობა გადავუხადეთ, ვაქეთ და ვადიდეთ კერძები... დარბოდა ჩვენ გარშემო ბედნიერი, მხიარული და აშკარად საჭიროზე დიდხანს აჩერებდა ჩემზე მზერას, რამაც მეც დამაეჭვა უკვე ნატას ნათქვამში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ სადილის დასასრულებლად დესერტიც უნდოდა. მე დესერტზე უარი ვთქვი, ნატამ კარგა ხანს არჩია და ბოლოს შეარჩია "წითელი ხავერდი", რომელიც ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. დესერტთან ერთად მოქანდა აქსაიც ხელში ჩაის ჭიქებითა და ფსტის შაქარლამით, რომელიც პირადად მე მომართვა, ისევ პრეზენთის ძახილით. თითქოს იცოდა, რომ ფსტიანი ტკბილეული განსაკუთრებულად მიყვარს.

მე და ნატა მეხსიერებაში შემორჩენილ ბავშვობის სასაცილო ამბებს ვახსენებდით ერთმანეთს და ვერც გავიგეთ, აქსაის რესტორანს 2 საათზე მეტხანს რომ შემოვრჩით. ანგარიში მოვითხოვეთ, დაბზრიალდა ჩვენი მასპინძელი, მოიტანა, ნატამ გადმომხედა, ისეთი ცოტაა, მგონი, ნახევარი ფასი იანგა­რიშაო... აქსაიმ კი გვთხოვა, აგერ არის Qr-კოდი და იქნება "გუგლზე" შეგვაფასოთ და კომენტარი დაგვიტოვოთო. დავტრიალდით, ახლა უკვე წერილობით ვაქეთ, ვადიდეთ... წამოსვლამდე ნატა ტუალეტში გავიდა, აქსაი კი ისევ მომადგა, იქნებ ინსტაგრამ­ზეც დამიწერო რამეო, - უარს როგორ ვეტყოდი, დავაძვრე ტელეფონი, მომაძებნინა თავისი რესტორნის გვერდი და იქაც გავაშანშალე მოზრდილი ტექსტი, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ასე დამტყუა ჩვენმა მხიარულმა მასპინძელმა ინსტაგრამის მისამართი და პირველი მესიჯიც უკვე გზაში დამაწია, ძალიან ლამაზი ხარო... ნატამ გამარჯვებული სახით გადმომხედა, აკი, შენ არ გეფლირტავებოდაო... თუმცა მე წინააღმდეგი სულაც არ ვიყავი, მეტიც, მადლობელი ვარ მისი ჩვენთვის გამეტებული არაერთი დღის საკმარი ხალისისთვის.

ჩემთვის ის კიდევ ერთი ანგელოზია...

ამის შემდეგ შევუდექით მოკირწყლულ ქუჩას სულთან აჰმეთის, იმავე ლურჯი მეჩეთისკენ - სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, დიდებული და ისტორიული სიმბოლოსკენ, რომელიც, ალბათ, უფრო დიდებულად და საოცრებად მომეჩვენებოდა, რომ არ მცოდნოდა, რომ მისი აგება 1609 წელს, ოსმალეთის სულთან აჰმედ I-ის ბრძანებით აია-სოფიას გვერდით, მის დასაჩრდილად და ოსმალეთის იმპერიის ძლიერების წარმოსაჩენად წამოიწყეს. აღმოჩნდა, რომ ლოცვა ახალი დაწყებული იყო, რა დროსაც ტურისტებს შიგნით არ უშვე­ბენ. შესასვლელთან უკვე გრძელი რიგი იდგა, ამიტომ მე და ნატამ გადავწყვიტეთ სხვა მოგზაურობისთვის გადაგვედო მისი დათვალიერება, თუმცა ფანჯრიდან შეჭყეტა მაინც მოვახერხეთ და ამანაც კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, უზარმაზარი სივრცე მართლაც მოცისფრო-მოლურჯო ჩანდა, თითქოს ცის ნაწილი გამოეფინათ... საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეჩეთის შიდა კედლები მოპირკეთებულია ათასობით ხელით მოხატული იზნიქის კერამიკული ფილით, რომლებზეც ჭარბობს ლურჯი, ფირუზისფერი, მწვანე და თეთრი ტონები, რაც აძლევს შიდა სივრცეს ასეთ საოცარ ფერადოვნებას.

გარედან შემოვურბინეთ მეჩეთს, ფოტოები გადავიღეთ და გეზი აია-სოფიასკენ ავიღეთ, რომელიც, ჩვენდა მოულოდნელად, სარემონტოდ დაკეტილი დაგვხვდა, გარედანაც, სულ ხარაჩოებში იყო ჩასმული. ამან ცოტა კი გაგვანაწყენა, მაგრამ რადგან მანამდე შევთანხმდით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით სტამბოლსა და ამ ნახევარკუნძულზე, აია-სოფიას დათვალიერებაც იმ დროისთვის გადავდეთ.

აჰმედ-მეჩეთის მოედნიდან სხვადასხვა მხარეს უამრავი საფეხმავლო და ვიწრო ქუჩა იშლება, სადაც განთავსებულია პატარა კაფეები, რესტორნები და ბარები, გარე მაგიდები პირდაპირ ქვაფენილზეა გაშლილი. ისმის აღმოსავლური მუსიკა, იგრძნობა თურქული ჩაისა და ჩილიმის არომატი. ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად საშაქარლამოებმა და იქ გამოფენილმა ულამაზესმა და უგემრიელესმა ტკბილეულმა მიიქცია. ზოგან ფაჰლავასა და რაჰათ-ლუქუმს პირდაპირ ვიტრინებში ამზადებდნენ... ირგვლივ ისეთი არომატი იფრქვეოდა, ყველაფრის ყიდვა და გასინჯვა გინდებოდა ადამიანს. ძალიან ვეცადეთ, რომ ამ სურვილს გავმკლავებოდით და მცირე ულუფებად გვეყიდა მხოლოდ რამდენიმე სახის ტკბილეული. გარშემო გვარიანი ხალხმრავლობა იყო, ქუჩები სავსე იყო ტურისტებით, ადგილობრივი გიდებითა და ქუჩის მუსიკოსებით... და რაც მთავარია, აქაურობის ბატონ-პატრონებით - როგორც თითქმის ყველგან სტამბოლში, აქაც ყველა კაფესთან, სუვენირების დახლთან თუ დუქანთან ვხვდებოდით მშვიდად წამოწოლილ კატებს, რომლებიც მზის სხივებში არხეინად ნებივრობდნენ, დროდადრო კი ზარმაცი მზერით აცილებდნენ გამვლელებს.

უკვე გვარიანად დასიცხულებმა გადავწყვიტეთ შინ დაბრუნებაზე გვეზრუნა... ამჯერად ტაქსი გამოვიძახეთ და მძღოლს წინასწარ შევუთანხმდით, რომ ბოსფორის წყალქვეშა გვირაბით წაგვიყვანდა, ამან ჩვენი მგზავრობა ცოტათი გააძვირა, თუმცა ღირდა... ეს ევრაზიის გვირაბი და ბოსფო­რის სუპერპროექტი "მარმარაი", რომლებიც ევროპასა და აზიას წყალქვეშ აკავშირებენ, ნამდვილი არქიტექტურული და საინჟინრო საოცრებაა. საავტომობილო გვირაბი დაპროექტებულია ორი დონით - ზედა სართულზე მოძრაობა მიმდინარეობს აზიიდან ევროპის მიმართულებით, ხოლო ქვედა სართულზე - ევროპიდან აზიისკენ. მძღოლი ენაწყლიანი გამოდგა, კარგად იცოდა რუსული და სწორედ მან მოგვახსენა, ვინაიდან სტამბოლი აქტიურ სეისმურ ზონაშია, გვირაბი აღჭურვილია სპეციალური მოქნილი სეისმური შეერთებებით, რაც გათვლილია 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზეც კიო. გვირაბი 2016 წელს გაიხსნა და სპეციალურად მსუბუქი ავტომობილების, მიკროავტობუსებისა და მოტოციკლებისთვის არის განკუთვნილი... ამჯერად წყალქვეშ გადავსერეთ ბოსფორი... სასტუმროში სწრაფად მივედით, მეორე დილით კი ტაქსიმზე წასვლა გვქონდა დაგეგმილი.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)