ტრამპის კრახი: 5 მიზეზი, რომლის გამოც, რესპუბლიკელებმა არჩევნები წააგეს - BBC
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ, აშშ-ში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით თავის ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „რატომ დამარცხდნენ ესოდენ მძიმედ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში? ხუთი ძირითადი მიზეზი“ (ავტორი - ჯეიკ ლეპემი), რომელშიც დასახელებულია და გაანალიზებულია ის გარემოებები და მიზეზები, რომლებმაც ნეგატიური გავლენა მოახდინეს რესპუბლიკური პარტიის მიერ მიღებულ შედეგებზე, ხოლო დემოკრატებს - წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მისცეს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.
აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა „თავიანთ კონტროლზე აიყვანეს“.
მოქმედი პრეზიდენტის პარტიას შუალედური არჩევნების დროს თითქმის ყოველთვის მკაცრი გამოცდის ჩაბარება უწევს ხოლმე და არცთუ იშვიათად მარცხდება კიდეც, მაგრამ ამჯერად რესპუბლიკელთა მარცხი განსაკუთრებულად მწვავე აღმოჩნდა და მისი მასშტაბი, ამერიკელთა უმრავლესობის აზრით, ასახავს ამომრჩეველთა უაღრესად ნეგატიურ რეაქციას დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველ ორ წელიწადში.
ანალიტიკოსთა აზრით, არსებობს ხუთი ძირითადი მიზეზი, რომელთა შედეგად აშშ-ის ამომრჩეველმა რესპუბლიკურ პარტიას დიდი რაოდენობის მანდატები ჩამოართვა.
1. ფასების ზრდა
ამომრჩევლები მთელ ქვეყანაში, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, ყველაფერზე ფასების ზრდის წინაშე აღმოჩნდნენ. თუ რამდენად გაღიზიანებულები იყვნენ ისინი ამით, აშკარად იგრძნობოდა საარჩევნო უბნებზე, საკვანძო შტატებსა და ოლქებში.
„ბენზინისა და დიზელის საწვავის, პროდუქტების ფასები შეუჩერებლად მატულობს!“, - უთხრა BBC-ის კორესპონდენტს ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ქალბატონმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, სადაც ადრე რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ ახლა შტატის ელექტორატმა ხმა დემოკრატებს მისცა.
ერთი წლის განმავლობაში - 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე, აშშ-ში ფასები საშუალოდ 3,7%-ით გაიზარდა - საწვავის ღირებულების მატების გამო. სექტემბერში ერთი გალონი დიზელის საშუალო ფასმა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რეკორდულ 6 დოლარსა და 52 ცენტს მიაღწია (ანუ ერთ ლიტრი - 1,72 დოლარი). ოქტომბერში ფასმა დაიკლო, მაგრამ - უმნიშვნელოდ.
რვა ამომრჩეველმა ათიდან (ანუ მთლიანობაში 79%-მა) საარჩევნო უბნებიდან გამოსვლისას განაცხადეს, რომ ინფლაციის გამო ისინი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ, თანაც მათი უმრავლესობა ფასების ზრდას სწორედ დონალდ ტრამპს და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას აბრალებს.
2. არაპოპულარული ომი ირანთან
უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც ფასების ზრდა გამოიწვია, გახდა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, ერთობლივად დაწყებული თებერვლის ბოლოს, აშშ-სა და ისრაელის მიერ.
თეირანმა, ფაქტობრივად, გადაკეტა ჰორმუზის სრუტე - საკვანძო სატრანსპორტო არტერია ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მსოფლიო ვაჭრობაში და, შესაბამისად, ენერგომატარებლებზე ფასებმა სწრაფად მოიმატეს. ამერიკელი ამომრჩეველი იძულებული გახდა, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის შესაძენად მეტი ფასი გადაეხადა, რაც ფრიად არასასიამოვნო განწყობა-რეაქციის გამომწვევია.
ამიტომაც ამერიკელთა უმრავლესობა ირანთან ომს მხარს არ უჭერს: არჩევნების დღეს გამოკითხულთა 63% თვლის, რომ საომარი მოქმედებების დაწყებაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცდომა იყო. სამი მეოთხედი ანუ 74% კი მიიჩნევს, რომ ირანთან ომმა მათთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არჩევნის მიღების დროს, თუ რომელი პარტიისათვის მიეცათ თავიანთი ხმა.
გარდა ამისა, პროტრამპისტული მოძრაობა MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მხარდამჭერები თვლიან, რომ პრეზიდენტმა, რომლის ლოზუნგი ორი წლის წინ არჩევნებში „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იყო, თავისი დაპირება, არ დაეწყო ახალი ომი რომელიმე ქვეყანასთან, დაარღვია.
თვითონ დონალდ ტრამპმა არჩევნების მეორე დღეს ტელეარხ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღიარა, რომ ირანთან ომმა არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, თავის გამართლების მიზნით, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - ომი რომ არ დაეწყო, ირანი ბირთვულ იარაღს შექმნიდაო.
3. დემოკრატების ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა
დემოკრატების „ლურჯი ტალღის“ მასშტაბები, რომელმაც საარჩევნო უბნები პირდაპირ „წალეკა“, შესაძლებელი გახდა მათი ძლიერი კანდიდატებით, რომლებმაც ამომრჩეველთა ნდობა დაიმსახურეს - თანაც იმ შტატებშიც და ოლქებშიც, რომლებშიც, ტრადიციულად, რესპუბლიკელები დომინირებენ.
დემოკრატები თავიანთ საარჩევნო კამპანიაში მკაფიოდ და მტკიცედ გამოდიოდნენ ერთი ხაზით და ლაპარაკობდნენ ცხოვრების გაძვირებზე, ჯანდაცვაში შექმნილ პრობლემებზე. გარდა ამისა, ცნობილმა კანდიდატებმა - ყოფილმა მასწავლებელმა ჯეიმს ტალარიკომ და პასტორმა ადამ ჰამილტონმა, რომლებიც რწმენასა და ღმერთზე ლაპარაკობდნენ, შეძლეს ამომრჩეველთა სულში შეხებოდნენ რაღაც ისეთ სიმებს, რომლის შედეგად მათ მტკიცე მხარდაჭერა მიიღეს: გაიმარჯვეს სენატის არჩევნებში, თანაც რესპუბლიკურ შტატებში - ტეხასსა და კანზასში.
სამხრეთ კაროლინაში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა დემოკრატმა ქალბატონმა ენი ენდრიუსმა, ყოფილმა პედიატრმა: მისმა კამპანიამ, ჯანდაცვა ფართო მოსახლეობის მომსახურებაზე რომ უნდა იყოს ორიენტირებული, დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ ქვეყანაში: ბევრი ამერიკელი თვლის, რომ მედიცინის სფერო ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს.
მიჩიგანის შტატში გამარჯვებული აბდულ ელ-საიედი, რომელიც ადრე ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, თავის საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა ლოზუნგით: „ფული შორს უნდა იყოს პოლიტიკისგან, ფულის ადგილია თქვენი ჯიბეები“.
ჯონ ოსოფი, 39 წლის სენატორი-დემოკრატი, რომელიც ხელახლა იქნა არჩეული ჯორჯიის შტატში, თავის საარჩევნო კამპანიაში ძირითად აქცენტს სიძვირესა და კორუფციასთან ბრძოლაზე აკეთებდა. შესაბამისად, მან გაიმარჯვა შტატში, სადაც ადრე ორჯერ გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ჯონ ოსოფი საკუთარ თავს 2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენებს, სულ უფრო გახშირდება.
დემოკრატები შეაქო თვითონ დონალდ ტრამპმაც, რომელმაც „ფოქს ნიუსისადმი“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „მათ საკმაოდ კარგად და შედეგიანად იმუშავეს“.
კაცმა რომ თქვას, ზოგიერთმა კანდიდატმა - რესპუბლიკელმა, მაგალითად, კენ პექსტონმა ტეხასიდან, ძალიან სუსტად ჩაატარა საარჩევნო კამპანია და მან თანაპარტიელთა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა - არასაკმარისად ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც ამომრჩევლებს აღელვებდათ.
4. დონალდ ტრამპის არაპოპულარობა - მძიმე ტვირთი რესპუბლიკელებისათვის
ორი იმ პრობლემებიდან, რომლებიც ამერიკელებს განსაკუთრებით აღელვებთ - მზარდი ფასები და ირანთან ომი - ამომრჩეველთა აზრით, სწორედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ არის შექმნილი.
პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა თვით მის თანაპარტიელებს შორის, რომლის შედეგად რესპუბლიკელთა პოზიციები და ავტორიტეტი შეირყა იმ შტატებშიც კი, რომლებმაც მას ხმა 2024 წელს მტკიცედ მისცეს.
შუალედური არჩევნების წინ დონალდ ტრამპი, ცდილობდა რა ამომრჩეველთა მობილიზებას, მათ მოუწოდებდა - „წარმოიდგინეთ, რომ ბიულეტენებში ჩემი გვარი არის ჩაწერილიო“. ამომრჩევლებმა, როგორც ჩანს, მართლაც „წარმოიდგინეს“ და ტრამპმა ისეთი შედეგები მიიღო, რომელსაც არ ელოდა: „ბრენდმა“, სახელწოდებით „ტრამპი“, რომელიც ათ წელზე მეტი ხნით ბრწყინავდა აშშ-ის პოლიტიკის მწვერვალზე, ქრობა დაიწყო.
პრეზიდენტმა აშკარად მცდარი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, როცა გადაწყვიტა, საკუთარი სახელი რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრში მოექცია. ბუნებრივია, შედეგმაც არ დააყოვნა.
ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამერიკელებს სურდათ, რომ დონალდ ტრამპს მეტი ყურადღება დაეთმო მათთვის ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენციისათვის - ფასების ზრდისათვის.
დონალდ ტრამპი კი თავის საფინალო წინასაარჩევნო სიტყვაში ორშაბათს ვაშინგტონში ყველაზე მეტს თეთრ სახლთან მდებარე „ამრეკლავი აუზის“ რემონტზე ლაპარაკობდა.
ასევე დაგაინტერესებთ: მძიმე პროგნოზი: ევროპა ომით დაიღალა ანუ რა მოხდება 2027 წელს?!
5. ესპანურენოვანი და შავკანიანი ამომრჩევლების დაბრუნება
ორი წლის წინ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ესპანურენოვანმა და შავკანიანმა მოქალაქეებმა, რომლებიც მანამდე თავიანთ ხმას დემოკრატებს აძლევდნენ. ამ შუალედურ არჩევნებში კი ისინი, როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს განუდგნენ და კვლავ დემოკრატებს დაუბრუნდნენ.
დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატის არჩევნები მოიგეს ყველა უმეტესად ესპანურენოვან საარჩევნო ოლქში, ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან.
იმ ანალიზმა, რომელიც გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ მოამზადა, აჩვენა, რომ სენატში 3 ნოემბრის არჩევნებისას უმეტესად ესპანურენოვან ოლქებში რესპუბლიკელთა შედეგები 22 პუნქტით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე - 2024 წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვან ძვრაზე მიანიშნებს, ნებისმიერ სხვა დემოგრაფიულ კატეგორიასთან შედარებით“, - აღნიშნავს მონაცემების ანალიტიკოსი ჯეფ ადელსონი.
ეს ძვრა მოხდა იმ აღშფოთების ფონზე, რომელიც ანტიემიგრაციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ბევრ ამერიკელში: Pew Research Center-ის მონაცემებით, ამერიკელთა უმეტესობა - 56%, ამბობს, რომ ნეგატიურად აფასებს მთავრობის სტრუქტურის - საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მოქმედებას [რომელიც ბოლო ხანებში საკმაოდ მკაცრად და ზოგჯერ - კანონდარღვევით ატარებდა რეიდებს არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ].
იმ ოლქებშიც, სადაც უმეტესად შავკანიანი ამერიკელები ცხოვრობენ, სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მისისიპის შტატში აფროამერიკელების წილი უფრო მეტია, ვიდრე - აშშ-ის სხვა რომელიმე შტატში - დაახლოებით 37%. სენატში ამ შტატიდან დემოკრატები 1982 წლიდან აღარ აურჩევიათ, ახლა კი იქ დემოკრატი სტოკ კოლომი ლიდერობს (ამ მომენტისათვის ხმები ბოლომდე არ არის დათვლილი) და მას შეუძლია, რესპუბლიკელთა ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ