გერმანელი გენერლის მძიმე პროგნოზი: რა მოხდება უკრაინის ფრონტზე ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამიტის შემდეგ?!
გერმანული გაზეთი „ველტი“ (Die Welt) სათაურით „პუტინის ომი: მკაცრი გაფრთხილება უკრაინას: „რუსეთის, აშშ-სა და ჩინეთის მეთაურების სამიტის შემდეგ კიევს დათმობაზე წასვლა მოუწევს“, აქვეყნებს ვიდეოინტერვიუს ბუნდესვერის გადამდგარ გენერალთან როლანდ კატერთან, რომლის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვი ბევრად უფრო მომგებიან მდგომარეობაშია, ვიდრე კიევი. გენერლის თქმით, რუსეთის, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების - ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და სიძინპინის სამიტის გამართვით ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ლიდერი - „მოლაპარაკების ბორტს მიღმა“ აღმოჩნდება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ველტის“ ჟურნალისტი: რამდენად შეიძლება განვიხილოთ უკრაინისადმი აშშ-ის გამაფრთხილებელ სიგნალად ის შეფერხებები, რომლებიც ამას წინათ „სტარლინკის“ სისტემის სარგებლობის დროს მოხდა? არის თუ არა ეს ყველაფერი იმ ზეწოლის მანიშნებელი, რომელსაც აშშ უკრაინაზე ახორციელებს - დათანხმდეს მოლაპარაკების დაწყებას და კრემლის პირობებს? გამოდის, რომ დონალდ ტრამპი ისევ პრორუსუსლ პოზიციას ამჟღავნებს...
როლანდ კატერი: იცით, ბოლო კვირეებში მე მართლაც შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპს მართლაც სურს ომის დასრულება, რომელიც არცერთი მხარისთვის მომგებიანი არ არის, ყველასთვის საზიანოა. მაგრამ ამჟამად სიტუაცია ისეთია, რომ ვლადიმერ პუტინს არანაირი მიზეზი არ აქვს რაიმე დათმობაზე წავიდეს. ამიტომაც, თუ რუსეთის პოზიციას გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ მოსკოვი კიევზე ბევრად უფრო მომგებიან მდგომარეობაშია.
არსებობს სამი მიმართულება, რომლებშიც უკრაინა მთლიანად არის დამოკიდებული აშშ-ზე, მათ შორის სტრატეგიული კავშირგაბმულობა (მათ შორის Starlink-სა და Starshield-ის სისტემები), სტრატეგიული თანამგზავრული დაზვერვა (რუსეთის მიერ რაკეტებისა და დრონების გაშვების დაფიქსირება და მონაცემების უკრაინისათვის გადაცემა) და მესამე - უკრაინისათვის ჰაერივით საჭირო „პეტრიოტის“ ანტირაკეტები (რუსული ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგოდ).
თუ ამ სამი მიმართულებიდან რომელიმე არ იმუშავებს, შეფერხება დაუყონებლივ ახდენს გავლენას უკრაინის არმიის საომარ მოქმედებებზე, რაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად დავინახეთ. ამრიგად, დონალდ ტრამპი ფლობს ინსტრუმენტს, რომლითაც მას სტუაციის მანიპულირება შეუძლია და იგი კიდევაც მანიპულირებს. ანუ კიევი მზად უნდა იყოს, რომ თეთრი სახლი კვლავ ისარგებლებს თავისი ინსტრუმენტით.
ვერ ვიტყვი იმას, რომ დონალდ ტრამპს ომის გაგრძელება და გაჭიანურება აწყობს. ამჟამად მებრძოლი მხარეები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ გადამწყვეტი სამხედრო წარმატების მოპოვება არცერთს არ შეუძლია. ამიტომაც, აშშ-ის თვალსაზრისით, გონივრული იქნებოდა ომის დამთავრება დიპლომატიური გზებით. ვშიშობ, რომ უკრაინას დათმობებზე წასვლა მოუწევს.
„ველტის“ ჟურნალისტი: ჩვენ ახლა საუბრის მომდევნო თემამდე მივედით. როგორც ცნობილია, განიხილება სამმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლებლობა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის მეთაურების მონაწილეობით, მაგრამ უკრაინის ლიდერის გარეშე. ეს გარკვეულწილად გვაგონებს ევროპის მოწყობის წესების შემუშავებას მეორე მსოფლიო ომის დასასრულს - მხედველობაში მაქვს „დიდი სამეულის“ იალტის კონფერენცია 1945 წლის თებერვალში. რამდენად შეიძლება სიტუაცია ანალოგიური სცენარით განვითარდეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება თავისი ქვეყნის ბედის გადაწყვეტას შორიდან უყუროს?
როლანდ კატერი: პირველ რიგში, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ნებას მაძლევს ვთქვა: სანამ სახელმწიფოთა მეთაურები ასეთ სამიტზე შეიკრიბებიან, უნდა მომზადდეს ის საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილების მირება აუცილებელია. რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს იმას, რომ ისინი უბრალოდ, ფინჯან ყავის დასალევად შეიკრიბებიან და იტყვიან - „მოდით, ვისაუბროთ, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია სამომავლოდ“. მათ მზად უნდა ჰქონდეთ თავიანთი გარკვეული წინადადებები, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთს ერ-რიადშიც შეხვდებიან, მაგრამ იბადება კითხვა: მართლაც სერიოზულად არიან განწყობილნი მხარეები დასაზავებლად? მზად არის პუტინი დათმოს თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნები? მზად არის ზელენსკი უარი თქვას თავის პოზიციებზე? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი რაიმეს დათმობენ. მრავალ მსგავს მოლაპარაკებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ამიტომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი...
ასევე დაგაინტერესებთ: რაზე შეთანხმდნენ ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ანუ სად გააგრძელებს კარიერას ვიქტორ ორბანი?!
"შავი დღის" მეტასტაზები ანუ რა ელის საფრანგეთს?! - Le Figaro
ხუთი მიმართულება, რომლითაც ტრამპი პუტინს ეხმარება - Die Welt
და მაინც, თუ სამიტი გაიმართება, ალბათ, გადაწყვეტილება სამ ძირითად საკითხზე იქნება მიღებული: პირველი - ტერიტორიულზე. როგორც ცნობილია, ტერიტორიულ საკითხებს საბოლოოდ მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურები წყვეტენ, სხვა დონე მიუღებელია. მეორე - უკრაინის ბლოკებსგარეშე სტატუსი. ამ მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია ცნობილია: მას არ სურს, რომ ვინმემ უკარნახოს ან აუკრძალოს, თუ რომელი ორგანიზაცია-ალიანსის წევრი გახდეს. მესამე - შეიარაღებული ძალების რაოდენობა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს და ძნელად გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს. და ბოლოს, მეოთხე - უსაფრთხოების გარანტიები. ვფიქრობ, სწორედ უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახდება მოლაპარაკების წინსვლის გასაღები. თუ ჩინეთის ქალაქ შენჟენში სამიტი მართლაც ჩატარდება, მხარეებს მოუწევთ დაადგინონ, თუ როგორი უნდა იყოს ასეთი გარანტიები... მაგრამ არის ერთი პრინციპული მომენტი: მე როგორც პროფესიონალი სამხედრო პირი, შემიძლია ვთქვა: უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი შესრულების რეალური მექანიზმებით. ვთვლი, რომ ეს კიდევ ერთი სერიოზული დაბრკოლებაა, რომელიც „სამეულმა“ უნდა გადალახოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ