ბლოკირება, განადგურება, ზურგში რაკეტებით დარტყმა: როგორ აპირებს გერმანული არმია პუტინის ურდოების შეჩერებას?!
გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბუნდესვერის მეგა-გადაიარაღების პროექტის ანალიზი: რამდენად სწრაფად მზადდება დაკვეთილი იარაღი არმიისათვის და როგორ იგეგმება პუტინის არმიის შეჩერება?“ (ავტორი – ერვინ ხიტცლერი), რომელშიც განხილულია გერმანიის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების პროექტი რუსეთის არმიის სავარაუდო აგრესიის მოსაგერიებლად, ნატოს საერთო თავდაცვითი გეგმის კონსტექტში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბუნდესვერმა აქტიურად დაიწყო თავისი არსენალის შევსება ტანკებით, დრონებით, ავიაციით, ფრთოსანი რაკეტებით... მაგრამ ყიდულობს თუ არა გერმანიის არმია სწორედ იმ იარაღს, რაც საჭიროა? როცა ანალიტიკური ცენტრის EDINA-ს ექსპერტებმა გერმანული თავდაცვითი პროექტები ნატო-ს იმ გეგმას შეადარეს, რომელიც რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაჩერებლად და წინააღმდეგობის გასაწევად არის შემუშავებული, მოულოდნელი შედეგი მიიღეს.
როგორ იგეგმება პუტინის შეჩერება
ნატოს სტრატეგია პუტინის ჯარების წინააღმდეგ სამეტაპიან გეგმას წარმოადგენს:
პირველი - მათი ბლოკირება, დარტყმის შესუსტება და განადგურება. ამისათვის ალიანსს ჭირდება უახლესი მოდელის ტანკები, არტილერია, მნაღმავები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები და დრონი-კამიკაძეები;
მეორე - რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფების მოძებნა, აღმოჩენა და განადგურება, რომლებიც მოქმედი სამხედრო ნაწილების გასაძლიერებლად იქმნება. ამისათვის საჭიროა როგორც მათი პოვნა-აღმოჩენის საშუალებები (რადარული და თანამგზავრული დაზვერვის სისტემები), ასევე დრონები და სარაკეტო არტილერია.
მესამე - პუტინის არმიის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში აუცილებელია დარტყმების განხორციელება რუსეთის ღრმა ზურგში, მომარაგების გზებზე და სამეთაურო პუნქტებზე - ფრთოსანი//ბალისტიკური რაკეტების და იაფფასიანი, მაგრამ შორი რადიუსით მოქმედი დრონების მეშვეობით.
რისკი: აშშ და საჰაერო ბრძოლის ამერიკული სტრატეგია
ჯერ ცუდი ამბავი: ექსპერტების ანალიზის თანახმად, ნატო-ს გეგმა ჯერ-ჯერობით ძალიან არის დამოკიდებული აშშ-ის შესაძლებლობებზე. თუ ამერიკელები ევროპელებს რუსეთის ჯარების შეტევის მოგერიებაში არ დაეხმარებიან, ევროპას საომარი მოქმედებების სხვაგვარად წარმართვა მოუწევს. „ამერიკელები ისწრაფვიან, რომ ომი უპირველესად საჰაერო შეტევებით მოიგონ“, - ამბობს გამოკვლევის თანაავტორი ქრისტიან მელინგი „ბილდთან“ საუბარში, - „ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გადავწყვიტოთ - ვიმოქმედებთ მათ მსგავსად თუ საკუთარ გზას ვიპოვით?“.
მით უმეტეს, რომ არის პრობლემები: ანალიზის თანახმად, ევროპას არ ჰყოფნის ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებები. უფრო მნიშვნელოვანი მომენტი: ბუნდესვერს არასაკმარისად აქვს შორ მანძილზე მოქმედი ერთჯერადი დამრტყმელი დრონები, ნატო კი გეგმის მესამე ეტაპზე სწორედ ასეთი ტიპის დრონების გამოყენებას აპირებს.
და კიდევ ერთი მნიშელოვანი კითხვა რჩება პასუხის გარეშე: ნატოს გეგმა ითვალისწინებს იმდენად ძლიერი დარტყმების მიყენებას შეტევაზე გადმოსულ რუსეთის არმიის მიმართ, რომ საბოლოო ჯამში კრემლი იძულებული უნდა გახდეს წინსვლა შეაჩეროს. მაგრამ რა მოხდება, თუ პუტინი ნატო-ს არ დანებდება რუსული არმიის მომარაგების გზების დანგრევის შემდეგაც კი? ვთქვათ და კრემლმა ალტერნატივა იპოვა? ასეთ შემთხვევაში ნატოს მიერ დაგეგმილი ხანმოკლე თავდაცვითი ომი შეიძლება ხანგრძლივ, გაჭიანურებულ გამოფიტვის ომად გადაიქცეს.
ასევე დაგაინტერესებთ: გერმანელი გენერლის მძიმე პროგნოზი: რა მოხდება უკრაინის ფრონტზე ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამიტის შემდეგ?!
რაზე შეთანხმდნენ ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ანუ სად გააგრძელებს კარიერას ვიქტორ ორბანი?!
"შავი დღის" მეტასტაზები ანუ რა ელის საფრანგეთს?! - Le Figaro
პრინციპში, ყველაფერი გეგმით მიდის, მაგრამ რამდენად სწრაფად?
და მაინც, რისკების მიუხედავად, ანალიზის ავტორები მოულოდნელ დასკვნამდე მიდიან: გერმანული თავდაცვითი პროექტები მთლიანობაში ნატო-ს გეგმას შეესაბამებიან. კერძოდ, ბუნდესვერის 45-ე სატანკო ბრიგადა, რომელიც ლიეტუვაშია დისლოცირებული, უახლესი მოდელის ტანკებით, სადაზვერვო და კამიკაძე-დრონებით იქნება გადაიარაღებული. მიმდინარეობს ავიაგამანადგურებელ Eurofighter-ების მოდიფიცირება რადიოელექტრონული ბრძოლის საწარმოებლად, მალე გამოჩნდება MARS-3 ტიპის ახალი სარაკეტო-საზენიტო დანადგარებიც. მტრის ღრმა ზურგში დარტყმების გასახორციელებლად გერმანია თავის ნატოელ პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ ფრთოსან რაკეტას, სახელწოდებით Taurus Neo, რომელიც მზად უნდა იყოს 2029 წლისათვის.
ქრისტიან მელინგი უარყოფს გავრცელებულ კრიტიკას იმის შესახებ, რომ ფედერალური შეიარაღებული ძალები ყველაფერს მოთხოვნილების გათვალისწინების გარეშე ყიდულობენ. ექსპერტის აზრით, პრობლემა გამოიხატება არა იმაში, თუ რას უკვეთს ბუნდესვერი იარაღის დამამზადებელ კომპანიებს, არამედ იმაში, თუ რამდენად სწრაფად მზადდება იარაღი, ანუ ირღვევა თუ არა შეკვეთილი იარაღის დამზადებისა და არმიისათვის მისი მიწოდების ვადები. „ჩვენ, რა დასამალია და ვადებს მართლაც ჩამოვრჩებით, მაგრამ გეგმები მოთხოვნილებებს ნამდვილად შეესაბამება“, - ამბობს ანალიტიკური ცენტრის EDINA-ს ექსპერტი.
მოამზადა სიმონ კილაძემ