ვინ "მოერევა" ამერიკაში: დაკარგა თუ არა სინამდვილეში ტრამპმა ძალაუფლების ნაწილი რესპუბლიკელთა მარცხის შემდეგ და რა ბერკეტები რჩება პრეზიდენტს?! - კვირის პალიტრა

ვინ "მოერევა" ამერიკაში: დაკარგა თუ არა სინამდვილეში ტრამპმა ძალაუფლების ნაწილი რესპუბლიკელთა მარცხის შემდეგ და რა ბერკეტები რჩება პრეზიდენტს?!

„კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა განადგურება დონალდ ტრამპის პოზიციებს ასუსტებს, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ფლობს ძალაუფლებას“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე სტატია, რომლის ავტორია ენტონი ზურკერი, კორესპონდენტი ჩრდილოეთ ამერიკაში.

მასალაში განხილულია არჩევნების შემდგომი სიტუაცია დონალდ ტრამპის სამომავლო პრეზიდენტობის შესახებ - როგორ შეასრულებს თავის უფლებამოსილებას დონალდ ტრამპი, დემოკრატების მიერ კონგრესის კონტროლის დროს?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დემოკრატების ელექტორალური ტრიუმფის ექო, რომელიც მთელ ამერიკას ტარღასავით გადაურა, ჯერ კიდევ არ არის მიყუჩებული, მაგრამ იქს-ქსელში თეთრი სახლის ოფიციალურ აქაუნთზე უკვე ფოტოა გამოქვეყნებული: დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში, თავის სამუშაო მაგიდასთან წამომდგარია, მას ხელებით ეყრდნობა და წარბშეკრული იყურება. სურათზე წარწერაა: „ტრამპი ძველებურად თქვენი პრეზიდენტია“.

დონალდ ტრამპს, უეჭველია, სწორედ ასეთი სახე სურს შექმნას - სახე პრეზიდენტისა, რომელსაც ქვეყნის მართვის საჭე ხელში მტკიცედ უჭირავს და, არჩევნებში დრამატული მარცხის მიუხედავად, ბედს არ ნებდება.

ზედმეტია იმის თქმა, რომ კონგრესზე კონტროლის არარსებობის შემთხვევაშიც კი აშშ-ის პრეზიდენტებს ფართო უფლებამოსილებები აქვთ და მათ გამოყენებას კონგრესი ხელს ვერ შეუშლის. დონალდ ტრამპმა უკვე რამდენჯერმე აჩვენა, რომ მზადაა თავისი აღმასრულებელი უფლებამოსილების საზღვრები კანონმდებლების დაუკითხავად გააფართოვოს

თუმცა ისიც უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დრო იწურება და მისთვის სულ უფრო ძნელი ხდება ისარგებლოს მის განკარგულებაში არსებული უფლებამოსილებებით.

დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განხორციელდა პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების დახმარებით და არა იმ კანონებით, რომლებიც მიღებული იყო რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული კონგრესის მიერ: ბაჟები და ტარიფების შემოღება როგორც მოკავშირეების, ასევე მოწინააღმდეგეების მიმართ, აგრეთვე სამხედრო ოპერაციები ვენესუელაში და ირანში.

ქვეყნის შიგნით დონალდ ტრაპმა ცალმხრივად, ერთპიროვნულად შეამცირა კონგრესის მიერ დამტკიცებული ხარჯები ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ.

დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების უმრავლესობის შემთხვევაშიც კი შეუძლია მსგავსი მოქმედების გაგრძელება და არა მარტო ეს. და თუ დემოკრატები შეეცდებიან მისი უფლებამოსილება კანონმდებლობის მეშვეობით შეზღუდონ, შეერთებული შტატების კონსტიტუცია დონალდ ტრამპს უნიკალურ და ძლიერ საშუალებას აძლევს წინააღმდეგობისათვის - პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების უფლებას, რომლის გაუქმება კონგრესს მხოლოდ ორი მესამედის უმრავლესობით შეუძლია და რაც დემოკრატებს არ აქვთ.

მაგრამ ის, რომ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილებები, არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა შეინარჩუნა პოლიტიკური ნება მათი გამოყენებისათვის. ვაშინგტონში დემოკრატების ლეგიონები მიდიან, რომ ხელი შეუშალონ მის მიერ ყოველი ნაბიჯის გადადგმას... მაგრამ ყველაზე სერიოზული დაბრკოლებები დონალდ ტრამს შეიძლება თავისისვე მომხრეებისგან გაუჩნდეს.

ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტი რესპუბლიკურ პარტიას რკინის ხელით აკონტროლებდა და კონგრესში და მთელ ქვეყანაში თავისი მხარდამჭერები მორჩილებაში ჰყავდა - პოლიტიკური წახალისებებისა და აშკარა მუქარების შეთავსებებით.

მაგრამ ახლა ჩნდება ნიშნები იმისა, რომ მისი კონტროლი ძველებურად მტკიცე აღარ არის.

ზოგიერთი რესპუბლიკელი უკვე მზადყოფნას გამოხატავს გააკრიტიკოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, რასაც ორიოდე თვის წინათ ვერავინ ვერ გაბედავდა. დონალდ ტრამპის მიერ ხელდასმულმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა სოციალურ ქსელში გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რესპუბლიკელთა დამარცხებაში ირანთან მიმდინარე ომი დაადანაშაულა, რომელიც... დონალდ ტრამპმა დაიწყო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად.

„თუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ომის დაწყება ექვსი წლით სენატის დაკარგვად ღირდა, მაშინ ასე გააგრძელეთ“, - დაწერა ჯეიმს ვენსმა, - „მაგრამ ყველასათვის ცნობილია, თუ რატომ წავაგეთ არჩევნები. ნებისმიერი გულახდილი საუბარი იმაზე, თუ საით წავიდეთ, სწორედ ამით უნდა დავიწყოთ - [მარცხის მიზეზების აღიარებით].“.

უკვე ხმები დადის, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო გუნდის წევრებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ტელეარხ CBS News-ის - BBC-ის ამერიკელი პარტნიორის მონაცემებით, პრეზიდენტი თავის უახლოეს მრჩევლებს უკვე ეკითხება, გაათავისუფლოს თუ არა პოსტიდან თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ირანთან ომის ერთ-ერთი არქიტექტორი. თვითონ დონალდ ტრამპი ამ განზრახვას უარყოფს.

ასეთი ნაბიჯი ჯორჯ ბუშ-უმცროსის მოქმედების გამეორება იქნებოდა, რომელმაც მინისტრობიდან დონალდ რამსფელდი გადააყენა, ერაყთან ომის ერთ-ერთი მთავრი ინიციატორი, როცა რესპუბლიკელებმა 2006 წელს გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს - სწორედ იმ წელს დემოკრატებმა უკანასკნელად მოიპოვეს კონგრესში უმრავლესობა ისე, როგორც სამშაბათს გამართულ შუალედურ არჩევნებში.

„რესპუბლიკელები, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის საჭიროა როგორც „ტრამპიზმისაგან“ და MAGA-ს მოძრაობიდან შორს ყოფნა, შეეცდებიან, რომ გარკვეული დისტანცია დაიკავონ დონალდ ტრამპთან ურთიერთობაში“, - თვლის დევიდ მილერი, აშშ-ის უნივერსიტეტის სახელმწიფო მმართველობის კათედრის დოცენტი.

სამშაბათს საღამოს დონალდ ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში, მასობრივი ინფორმაციის რიგ საშუალებებს ინტერვიუ მისცა და ონლაინ-რეჟიმში ჰყვებოდა, თუ როგორ მოიქცევა დემოკრატებთან მიმართებით - მათ ხან თანამშრომლობას პირდებოდა, ხან ვეტოს დადებით ემუქრებოდა ლიბერალური კანონების მიღების შემთხვევაში.

შემდეგ, ოთხშაბათს, როცა თეთრი სახლის სამეჯლისო დარბაზში მშენებლები სამუშაოებს ასრულებდნენ - მიუხედავად მათ შეჩერებაზე საჩივრის აღძვრისა - პრეზიდენტმა რამდენიმე კითხვას უპასუხა თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ: „მე, ალბათ, დემოკრატებთან ურთიერთობას ავაწყობ, თუ ისინი დესტრუქციულად არ იმოქმედებენ“, - თქვა მან, - „მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მე ვეტოს უფლება მაქვს“.

1995 წლის არჩევნებში რესპუბლიკელებმა დემოკრატებს ამჟამინდელის მსგავსი მარცხი მიაყენეს და კონგრესის სრული გაკონტროლება დაიწყეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი იზოლაციაში მყოფი ბილ კლინტონი აცხადებდა, რომ მას კიდევ აქვს ბევრი უფლებამოსილება, რომლითაც ჯერ არ უსარგებლია, მაგრამ დადგება დრო და ისარგებლებს. „გახსოვდეთ, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, ამბობდა იგი დემოკრატების გასაგონად.

ბილ კლინტონმა, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში იყო, მოახერხა თავისი პოლიტიკური პოზიციების აღდგენა და მომდევნო წელს ხელახლა იქნა არჩეული.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის კრახი: 5 მიზეზი, რომლის გამოც, რესპუბლიკელებმა არჩევნები წააგეს - BBC

მძიმე პროგნოზი: ევროპა ომით დაიღალა ანუ რა მოხდება 2027 წელს?!

სვამს თუ არა სწორ დიაგნოზს ხელოვნური ინტელექტი და შეიძლება თუ არა, რომ მან ექიმი შეცდომაში შეიყვანოს?!

ბლოკირება, განადგურება, ზურგში რაკეტებით დარტყმა: როგორ აპირებს გერმანული არმია პუტინის ურდოების შეჩერებას?!

მაგრამ ახლა დრო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მუშაობს.

სანამ რესპუბლიკელები ჭრილობებს იშუშებენ, მას შეუძლია კლინტონისებური არგუმენტით ისარგებლოს ვაშინგტონის გავლენიანი წრეებისა და ამერიკული საზოგადოების წინაშე, მაგრამ იმ ადამიანმა, რომელსაც ძალიან უყვარს ამერიკული პოლიტიკის ცენტრში ყოფნა, შეიძლება სულ უფრო ხშირად, უკვე ყოველდღიურადაც, აღმოაჩინოს, რომ მისი უფლებამოსილება - და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ავტორიტეტი, მას ხელიდან უსხლტება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო