ომი თუ მშვიდობა: ტრამპის საბედისწერო არჩევანი - ვინ ურჩევს ამერიკის პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების განახლებას?! - კვირის პალიტრა

ომი თუ მშვიდობა: ტრამპის საბედისწერო არჩევანი - ვინ ურჩევს ამერიკის პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების განახლებას?!

„დონალდ ტრამპს მრჩევლები ირანთან ომის გაგრძელებისაკენ მოუწოდებენ, ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი და სპარსეთის ყურის მოკავშირეები კი ტრამპს ურჩევენ, ომი დაასრულოს“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული აშშ-ის გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნელში“ (The Wall Street Journal) სტატია, რომლის ავტორები - ალექსანდრე უორდი, ლარა სელიგმანი, ბენუა ფოკონი და ნატალი ენდრიუსი - აშშ-ირანის ომის პერსპექტივაზე მსჯელობენ: გაგრძელდება თუ დასრულდება ვაშინგტონ-თეირანის საომარი დაპირისპირება?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი და სპარსეთის ყურის ქვეყნები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რომ დროა, ირანის წინააღმდეგ ომი დასრულდეს, პრეზიდენტის მრჩევლები კი პირიქით - დაბეჯითებით მოითხოვენ, რომ ომი გაგრძელდეს და ამერიკამ ირანს ახალი დარტყმები მიაყენოს.

კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის მრჩევლები და უცხოელი მოკავშირეები ერთმანეთს ასწრებენ, რომ არჩევნების შედეგებით „დასუსტებულ“ პრეზიდენტზე გავლენა მოახდინონ, არჩევნის გასაკეთებლად: დაასრულოს ომი თუ განაახლოს საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

ამომრჩევლების არჩევანმა - რესპუბლიკელების დამარცხებამ - აჩვენა, რომ ამერიკელი საზოგადოება ძირითადად ერთმნიშვნელოვნად გამოვიდა ომის წინააღმდეგ. ვიცეპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ეჭვი გამოხატა - ღირდა თუ არა ომი არჩევნებში დამარცხებად? ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, ვიცეპრეზიდენტი პრეზიდენტს ჯერ კიდევ საკმაო ხნის წინ ეუბნებოდა, რომ თუ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში დამარცხდებიან, ამის მიზეზი სწორედ ირანთან ომი იქნებოდა.

ჯეიმს ვენსის მომხრეთა ბანაკს თავდაცვის მინისტრის - პიტ ჰეგსეთისა და აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის - ბრედ კუპერის მხარდამჭერთა ბანაკი უპირისპირდება. სწორედ ისინი გამოვიდნენ ომის გაგრძელების მხარდამჭერებად, როცა ამას წინათ დონალდ ტრაპმს მასშტაბური სამხედრო მოქმედებების სცენარი წარუდგინეს. გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპს რამდენიმე „ქორმა“ დაურეკა, რომლებმაც პრეზიდენტს დარწმუნება დაუწყეს - „შენი ადგილი ისტორიაში დამოკიდებულია იმაზე, აიძულებ თუ არა ირანს, უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზეო“. ამ შემთხვევაში, დონალდ ტრამპს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ პოლიტიკურ მსხვერპლშეწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია.

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბერსენტი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და სავაჭრო ემბარგოს შენარჩუნების მოთხოვნებით გამოდიან.

სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ისევე, როგორც ჯეიმს ვენსი, პრეზიდენტს სთხოვენ, ბრძოლა დიპლომატიური გზით გააგრძელოს - დადოს გარიგება, რომლის შემდეგ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. საგარეო პოლიტიკურ მრჩევლებშიც არიან ისეთები, რომლებიც დონალდ ტრამპს ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძველებურად მოითხოვს დარტყმების განახლებას, მაგრამ სპარსეთისყურელი მოკავშირეები მის სურვილს სკეპტიკურად აფასებენ. ყატარი იმედოვნებს, რომ მოწინააღმდეგეთა პოზიციებს ერთმანეთს დაუახლოვებს და ირანის წინააღმდეგ ამერიკული ბლოკადის მოხსნას მიაღწევს. არ არის გამორიცხული, რომ უკვე შაბათისათვის მაგიდაზე განსახილველად დაიდება ახალი სამშვიდობო გარიგების პროექტი, რომლის თანახმად, წინაწარი მოლაპარკების ეტაპის ვადა, ადრინდელი ორი თვის ნაცვლად, 60 დღით იქნება განსაზღვრული და უპირველესად ბირთვული პროგრამის საკითხი იქნება განხილული. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ასეთი გზით დონალდ ტრამპი თანდათან დაასრულებს ომს და სახესაც არ დაკარგავს.

მაგრამ დაეთანხმება თუ არა ირანი ამ პირობებს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც დავა აჩვენებს, დონალდ ტრამპი საბედისწერო არჩევნის წინაშე აღმოჩნდა, რომელზეც მისი პრეზიდენტობის დარჩენილი ვადა იქნება დამოკიდებული. მაგრამ ამჯერად მას საყრდენი არ აქვს - არც მტკიცე შემჭიდროებულ-დარაზმული გუნდი და არც ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია. მართალია, ტრამპმა ჟურნალისტებს გასულ ხუთშაბათს განუცხადა, რომ „ირანთან მიმართებით რაც გავაკეთე იმის გამეორება რომ დამჭირდეს, იგივეს გავაკეთებდი... მე იძულებული ვიყავი. ახლაც მივიღებთ გადაწყვეტილებას... არ მინდა, ირანის დარჩენილი ნაწილიც გავანადგურო, მაგრამ, შესაძლოა მომიწიოს. მოკლედ, ყველაფერს მალე გაიგებთ“. იმავე საღამოს აშშ-ის ავიაციამ ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძული კეშმი დაბომბა, თუმცა ეს წერტილოვან დარტყმებს წარმოადგენდა და არ ნიშნავს სრულმასშტაბიან ომისაკენ დაბრუნებას.

„დემოკრატების წარმატება კონგრესის შუალედურ არჩევნებში აუარესებს პრეზიდენტის ისედაც რთულ მდგომარეობას ირანთან ომში“, - თვლის სიუზან მელონი, ირანის ექსპერტი ბრუკინგის ინსტიტუტიდან. მისი თქმით, დონალდ ტრამპისათვის ხელმისაწვდომი ვარიანტები „ალბათ, კიდევ უფრო გააფართოვებს იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ დანაკარგებს, რომლებიც ამერიკამ უკვე განიცადა“.

ჩინოვნიკებმა დონალდ ტრამპი გააფრთხილეს, რომ რისკის გარეშე ვერცერთი ვარიანტი ვერ განხორციელდება. თუ აშშ ირანს დარტყმას მიაყენებს, ირანის დარტყმითვე უპასუხებს და შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს მიღმაც. თუ აშშ-ის მეთაური თეირანს მიანიშნებს, რომ ომიდან გასვლა სურს, თეირანი მოლაპარაკების დროს ვაშინგტონს ამჟამინდელზე უფრო მეტ დათმობებს მოსთხოვს, ან შეეცდება ჰორმუზის სრუტე სრულ კონტროლზე „აიყვანოს“.

უთანხმოება და წინააღმდეგობრივი რჩევები ირანის საკითხში ისედაც რთულ გადაწყვეტილებას უკიდურესად გამწვალებელს ხდის. ჩინოვნიკების თქმით, ოთხშაბათიდან, როცა უკვე აშკარად გაირკვა შუალედური არჩევნების შედეგები, დონალდ ტრამპი ბორგავს, ბოლთას სცემს - არ იცის, როგორ მოიქცეს: ხან დიპლომატიურ გზაზე ფიქრობს, ხან კი ახალი დარტყმების მიყენებაზე.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტი არ ჩქარობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას: „ირანის ეკონომიკა ბუქსაობს, ნავთობით დატვირთული ტანკერები კი ნელა, მაგრამ მაინც მიცურავენ ჰორმუზის სრუტეში. ბოლოსდაბოლოს, პრეზიდენტი აირჩევს იმას, რომელიც აშშ-სათვის უკეთესი იქნება“.

თავის მხრივ, პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს გაახსენა, რომ სამხედრო უწყების ამოცანაა შეიმუშაოს პრეზიდენტისათვის სამხედრო ოპერაციების სცენარები და და მათი დამტკიცების შემდეგ ისინი პრაქტიკულად განახორციელოს. რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ თუ დონალდ ტრამპი მოუსმენს მათ, ვინც „საქმის ბოლომდე მიყვანას“ ურჩევს, პენტაგონი მზად არის სწრაფად შეასრულოს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებები, თუმცა, როგორც ჩინოვნიკები ამბობენ, ომის განახლების ყველაზე კარგი დრო ნოემბრის მეორე ნახევარია, როცა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი რაოდენობის ამერიკული ტექნიკა გაიგზავნება (მოგროვდება).

ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას ატომური ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ და რომლის ბორტზეც ათობით ავიაგამანადგურებელია, სპარსეთის ყურისკენ წყნარი ოკეანიდან მიცურავს და დანიშნულების ადგილამდე მისვლას ორი კვირა დაჭირდება. გარდა ამისა, ნოემბრის ბოლოს იმ 20-ხომალდიან არმადას, რომელიც უკვე განთავსებულია რეგიონში, საზღვაო ქვეითების კიდევ ერთი მრავალრიცხოვანი საექსპედიციო ქვედანაყოფი შეუერთდება. აშშ-მა ისრაელში უკვე გადაისროლა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ რამდენიმე დამატებითი ბატარეა თავისი ანტირაკეტებით...

პიტ ჰეგსეთი და ბრედ კუპერი რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებიან მასშტაბური საომარი მოქმედებებისათვის. ისინი არწმუნებენ დონალდ ტრამპს, რომ ირანი მხოლოდ მაშინ გახდება იძულებული საბოლოოდ უარი თქვას თავის ბირთვული მარაგებზე, თუ მას აშშ კიდევ ერთხელ მიაყენებს გამანადგურებელ დარტყმებს.ამჯერად სამიზნეები გახდებიან ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები, რაკეტებისა და დრონების არსენალები, სამხედრო ქარხნები.

მაგრამ ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რომ ახალი დარტყმები ირანს გარიგების დადებას აიძულებს, მით უმეტეს, რომ რეჟიმმა უკვე რვათვიან სამხედრო მოქმედებებს გაუძლო. ბეხნამ ბენ-ტალებლუ, რომელიც ანალიტიკური ცენტრის „დემოკრატიის დამცველი ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა უნდა მოითმინოს, რომ სანქციებმა და ბლოკადამ შედეგი მოიტანოს: „ვფიქრობ, პრეზიდენტს ამჟამად მომგებიანი კარტი აქვს. ახლა ჯერი ისლამურ რესპუბლიკაზეა - თეირანმა უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს ესკალაციაზე თუ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ირანმა ჯერ-ჯერობით უკვე დანგრეულის აღდგენა ვერ მოახერხა, შესაბამისად, ომის გაგრძელება მისთვის უარესის მომტანია - როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“.

ღიად რჩება საკითხი, კიდევ რამდენ ხანს შეინარჩუნებს პიტ ჰეგსეთი მინისტრის პოსტს და ადგილს იმ მაგიდასთან სადაც ომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება. „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ მონაცემებით, თეთრი სახლის ჩინოვნიკებმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ირანთან ომის დაწყების საკითხში დამნაშავის ძებნა დაიწყეს და ყველა პიტ ხეგსეთს უყურებს: ამბობენ, სწორედ მან დაარწმუნა დონალდ ტრამპი, რომ ირანის წინააღმდეგ ომი მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდებაო. თუმცა, როგორც პენტაგონის პრესსამსახურში აცხადებენ, მინისტრი იმედოვნებს, რომ თავის პოსტზე ტრამპის ადმინისტრაციის ვადის დასრულებამდე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ "მოერევა" ამერიკაში: დაკარგა თუ არა სინამდვილეში ტრამპმა ძალაუფლების ნაწილი რესპუბლიკელთა მარცხის შემდეგ და რა ბერკეტები რჩება პრეზიდენტს?!

ტრამპის კრახი: 5 მიზეზი, რომლის გამოც, რესპუბლიკელებმა არჩევნები წააგეს - BBC

მძიმე პროგნოზი: ევროპა ომით დაიღალა ანუ რა მოხდება 2027 წელს?!

სვამს თუ არა სწორ დიაგნოზს ხელოვნური ინტელექტი და შეიძლება თუ არა, რომ მან ექიმი შეცდომაში შეიყვანოს?!

თუ დონალდ ტრამპი კურსს სამშვიდობო შეთანხმების დადებისაკენ აიღებს, ირანული მხარე, დიდი ალბათობით, არ მოისურვებს აშშ-სათვის საჭირო რაიმე დათმობას დათანხმდეს: „ვთქვათ და ისე მოხდა, რომ ირანელებმა კომპრომისებზე წამოსვლა გადაწყვიტეს... მაგრამ მათი მხრიდან დათმობის ფასი ძალიან მაღალი იქნება“, - ამბობს გრეგორი ბრიუ, ირანის ექსპერტი კონსალტინგური კომპანიიდან Eurasia Group. მისი თქმით, „თეირანი ცდილობს ზაფხულში მიღებულ „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ დაუბრუნდეს, რომელიც ისლამურ რეჟიმს ნავთობის ღიად გაყიდვის უფლებას მისცემს. გარდა ამისა, ჰორმუზის სრუტე სრულად უნდა გაიხსნას. ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდება ირანი თავისი ბირთვული პროგრამის განხილვას“.

პრეზიდენტისათვის სტატუს-ქვოს ანუ სანქციებისა და ბლოკადის შენარჩუნება შეიძლება მაცდური აღმოჩნდეს - როგორც ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზა. „მაგრამ თუ ასე მოხდება, დონალდ ტრამპს მოუწევს ომი განუსაზღვრელად გააჭიანუროს. ირანის შეტევები სრუტეში ჩვეულებრივი და ყოველდღიური გახდება, ნავთობის ფასი კი ძვირი დარჩება, ან შეიძლება უფრო გაიზარდოს“.

პრეზიდენტი სიმტკიცეს და ურყევობას დემონსტრირებს, მაგრამ ფაქტია, რომ ირანთან ომის ვარიანტებს ყველას თავისი მინუსი აქვს. მათ შესახებ დავა არ წყდება და აშკარაა, რომ დონალდ ტრამპისათვის არცერთი მომგებიანი არ არის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო